"საერთაშორისო საზოგადოებას და მათ შორის ამერიკას, სურთ თუ არა, რუსეთთან რაღაც-რაღაცებზე მოუწევთ ლაპარაკი“ - კვირის პალიტრა

"საერთაშორისო საზოგადოებას და მათ შორის ამერიკას, სურთ თუ არა, რუსეთთან რაღაც-რაღაცებზე მოუწევთ ლაპარაკი“

მაშინ, როცა რუსეთის სამხედრო ბაზები ყოველდღიურად ფეთქდება და ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში, როგორც ISW (ომის შემსწავლელი ინსტიტუტი) იტყობინება, რუსეთმა პირველად არ გამოაცხადა წინსვლის შესახებ, უკრაინაში ზელენსკის გაეროს გენმდივანი და თურქეთის პრეზიდენტი შეხვდნენ, მაკრონმა კი დიდი ხნის შესვენების შემდეგ პუტინს ისევ დაურეკა.­ მართალია, რუსეთი განაგრძობს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას­, ბუნებრივია, არის მსხვერპლი, მაგრამ ბოლო დღეებში გასაგები მიზეზების გამო საერთა­შორისო საზოგადოების ყურადღება­ მაინც ხორბალსა და ზაპოროჟიეს ატომ­ურ ელექტროსადგურზეა გადატანილი. განა­ხლდა ზელენსკი-პუტინის შეხვედრის საკითხიც.

ხორბალი

უკრაინა, რუსეთთან ერთად, მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მსოფლიოსთვის ხორბლის მიწოდება გახდა, რადგან რუსეთს შავ ზღვაში დაბლოკილი აქვს ოდესის, ნიკოლაევისა­ და სხვა პორტები, აზოვის ზღვის პორტებს­ კი თავად აკონტროლებს. ივნისის მონაცემებით,­ უკრაინის შავი ზღვის პორტებში გაჩერებული იყო 20-25 მილიონი ტონა ხორბალი,­ მაშინ, როცა მსოფ­ლიოში უკვე "სასურსათო ომზე" ლაპარაკობენ, რაც განსაკუთრებით მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს აზარალებს. უკრაინიდან ხმელეთით და მდინარე დუნაის მეშვეობით ხორბლის ძალიან მცირე ნაწილის გატანა ხერხდებოდა. სწორედ ამის გამო თურქეთმა­ დაიწყო შუამავლობა რუსეთთან, რათა უკრაინული ხორბლის შავი ზღვით გატანის საშუალება მიეცა. ოფიციალური მოლაპარაკება სტამბოლში ივლისის შუა რიცხვებში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით დაიწყო, 22 აგვისტოს კი უკრაინამ და რუსეთმა სტამბოლში ხელი მოაწერეს ორ ცალკეულ შეთანხმებას შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განახლების შესახებ. ერთ შეთანხმებას ხელი მოაწერეს­ უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ, მეორეს - რუსეთმა, თურქეთმა­ და გაერომ. ამ დოკუმენტების მოქმედების ვადა 120 დღეა. მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ სატვირთო გემებს­ არ შეუტევდნენ. გარდა ამისა, დაგეგმილი იყო უსაფრთხო დერეფნების შექმნა ოდესიდან, ასევე ჩერნომორსკიდან და იუჟნიდან. თუმცა რუსეთმა შეთანხმება მეორე დღესვე დაარღვია და ოდესის პორტის სავაჭრო ნაწილი დაბომბა. მას შემდეგ ხორბლის გატანა, ასე თუ ისე, ხერხდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში რუსეთის გამო შეფერხდა. ზელენსკისა და გუტიერეშის შეხვედრაზე, როგორც ზელენსკიმ განაცხადა, შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ კოორდინაციას მარცვლეულის ინიციატივის ხორცშესხმაზე. ამავე დღეს, თურქეთ-უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, ითქვა, რომ განიხილეს მარცვლეულის მსოფლიოში გატანის ინიციატივა და მისი სრულყოფის შესაძლებლობა, უსაფრთხოების დაცვა და ექსპორტის მოცულობის გაზრდა. ზელენსკიმ და ერდოღანმა ისაუბრეს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის მიერ მარცვლეულის მიტაცების შესახებ - რუსეთმა ნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული მიითვისა.

ატომური ელექტროსადგური

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე, მარტში დაიკავა და მაშინვე გაჩნდა ატომური დაბინძურების საფრთხე, რომელიც პერიოდულად აქტუალური ხდება. ობიექტი ფრონტის ხაზის ახლოს არის და უკანასკნელი კვირების განმავლობაში არაერთხელ მოხვდა საარტილერიო ცეცხლში, რაც ბირთვული კატასტროფის საშიშროებას ქმნის. 14 აგვისტოს 42-მა ქვეყანამ დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა და განაცხადა, რომ ზაპოროჟიეში რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა უკრაინის ხელისუფლებას ხელს უშლის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

რუსეთი არ უარყოფს, რომ ჯარები ჰყავს განლაგებული ელექტროსადგურში, მაგრამ აცხადებს, რომ ცეცხლი არ დაუშენია ობიექტისთვის. პირიქით, მოსკოვი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სდებს ბრალს საარტილერიო ცეცხლის გახსნაში, რასაც კიევი უარყოფს.

18 აგვისტოს ლვოვში გამართულ შეხვედრებზე ეს საკითხი ყველაზე აქტუალური იყო. როგორც გაეროს გენმდივანთან შეხვედრის შემდეგ­ ზელენსკიმ განაცხადა, "თითოეული ქვეყნის მისია და მოვალეობა უნდა იყოს, მკაცრი და თანამიმდევრული პასუხი გასცეს ბირთვული შანტაჟის ნებისმიერ გამოვლინებას. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები ელექტროსადგურიდან". ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის პარამეტრებს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის შესახებ.

შეხვედრის შემდეგ ანტონიუ გუტიერეში­ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის მოწოდებით გამოვიდა. ის უკიდურესად შეშფოთებულია სადგურში და მის შემოგარენში არსებული ვითარებით. "ობიექტი არ უნდა იყოს სამხედრო ოპერაციის ნაწილი. სასწრაფოდაა საჭირო შეთანხმება ზაპოროჟიეს სადგურის, როგორც წმინდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - თქვა მან. თუმცა მისი მოწოდება იმ დღესვე უარყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

თურქეთში დაბრუნებულმა ერდოღანმა 19 აგვისტოს ჟურნალისტებთან შეხვედრისას "მსოფლიოსათვის საფრთხე" უწოდა ევროპის უდიდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში შექმნილ ვითარებას. "არ გვინდა ახალი ჩერნობილის გამოცდილება",­ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ლვოვში.

ამავე დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინს დაურეკა. ელისეს სასახლის თანახმად, მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში შექმნილი ვითარების გამო და მხარი დაუჭირა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს საექსპერტო მისიის სასწრაფო გაგზავნას ობიექტზე. როგორც ოფიციალური პარიზი იუწყება, პუტინმა თანხმობა განაცხადა და ორი პრეზიდენტი ამ საკითხს უახლოეს დღეებში კვლავ განიხილავს...

პუტინ-ზელენსკის შეხვედრა

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის საკითხი არაერთხელ დამდგარა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი­ იყო, შედეგი არ მოჰყოლია. ეს საკითხი აქტუალური იყო ლვოვში ზელენსკი-ერდოღანის შეხვედრის დროსაც და როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ჯარები დატოვებენ უკრაინის უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიას. თურქეთის პრეზიდენტი ინარჩუნებს­ რწმენას, რომ ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. ერდოღანის თქმით, სტამბოლის შეთანხმების დადებითი შედეგები არა მარტო უკრაინამ, არამედ მთელმა მსოფლიომ იგრძნო.

"ერდოღანი ძალიან კარგად მანევრირებს - პუტინს ხვდება და ხელს ისე ართმევს, ვითომც არაფერი, მეორე მხრივ კი, უკრაინას აწვდის იარაღს"

საერთაშორისო ურთიერთობების დოქ­ტორი, GIPA-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე:­ - ზელენსკი-პუტინის შეხვე­დრისთვის სიტუაცია არ არის მზად და ჩემი აზრით, არც გაიმართება. თუმცა ეს ინიციატივა თურქეთის რეიტინგს და მისი ლიდერის პოლიტი­კურ წონას ზრდის­. რაც შეეხება სხვა საკითხებს, როგორც ჩანს, ხორბლის გატანის საკითხი დაიძრა. რუსეთმა გაატარა ხორბლით დატვირთული გემები, მაგრამ, სავარაუდოდ, ამისთვის­ რაღაც­ მიიღო - რუსეთს რაღაც-რაღაცებზე ემბარგოს მოუხსნიან იმის სანაცვლოდ, რომ უკრაინული ხორბალი გაატარა. რაც შეეხება ატომურ სადგურს, სიტუაცია საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ უნდა გაარკვიოს, ალბათ, ამის მიხედვით იქნება შესაძლებელი პერსპექტივაზე საუბარი.

- რამდენიმე დღის წინ "პოლიტიკო" წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ შტატები რუსეთისთვის ტერორიზმის დამფინანსებლის სტატუსის მინიჭებაზე თავს სწორედ ხორბლის გატარების გამო იკავებს. რამდენად არის შესაძლებელი ამაზე შეთანხმება?

- არა მარტო ხორბლის გამო. საერთაშორისო საზოგადოებას და მათ შორის ამერიკას, სურთ თუ არა, რუსეთთან რაღაც-რაღაცებზე მოუწევთ ლაპარაკი.

- ახლა რაზე შეიძლება ლაპარაკი?

- ჯერჯერობით არაფერი შეიცვლება­ - ყველაფერი გადაწყდება ფრონტზე. შესაბამისად, ორივე მხარეს მოწინააღმდეგის­ გამოფიტვის იმედი აქვს. შეიძლება ითქვას, ნერვების თამაშია. დასავლეთს თავისი სისუსტეები აქვს, მისი მოსახლეობა მიჩვეულია კომფორტს. ახლა იქ ინფლაციაა, ამასთან, ზამთარში სახლში გაყინვა ძალიან­ ცუდი პერსპექტივაა. ამ ეტაპზე ეს არის, ალბათ, დასავლეთის მთავარი სისუსტე...

სანქციებმა, ცხადია, რუსეთის ეკონომი­კას დაარტყა და ფრონტზეც ზარალს ნახულობს.

„ორივე მხარე­ დამარცხებამდე იომებს და ეს როდის და როგორ მოხდება, ამაზე ფიქრისაც კი მეშინია...“

- რუსეთიდან გაქცეული პასტუხოვი ამბობს, რომ რუსი საზოგადოება ამ ომს საკუთარ ომად არ აღიქვამს­ და ამას ხელს ხელი­სუფ­ლებაც უწყობს, როდესაც ოპერაციას უწოდებს.­ შესაბამისად, როგორც კი ხალხი საკუთარ ომად ჩათვლის და ეს ლოგიკურად­ მოხდება­ რესურსების შემცირების კვალდაკვალ­, ის დაუპირისპირდება ხელისუფლებას...

- კრემლში პრობლემის შემქმნელი ვინც იყო, უმეტესობა ქვეყნიდან გაიქცა და დარჩნენ პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერები. ამას ადასტურებს ის, რომ პუტინის რეიტინგი გაიზარდა ომის დაწყების შემდეგ. შესაბამისად, ეს თეორიები, რომელთაც რუსეთიდან გაქცეული პოლიტოლოგები და ეკონომისტები ავითარებენ, როგორც წესი, არ მართლდება. ლამის ოცი წელია გაიძახიან, რუსეთი იშლებაო და ფაქტია, ჯერ ისევ დგას. რუსულმა პროპაგანდამ მოსახლეობის დიდი ნაწილის ზომბირება ძალიან კარგად მოახერხა და ეს ხალხი ომს უჭერს მხარს.

- საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის დაშლისთვის არის მზად?

- რუსეთის დაშლა იოლი არ არის: გავიხსენოთ ატომური იარაღის სენსიტიური თემა, ტერორიზმი, ჩრდილოეთ კავკასიას ვგულისხმობ, და ყველაზე პრობლემატური - მსოფლიოში ბალანსის ნგრევა. არ იქნება იოლი გადაწყობა იმ სისტემაზე, სადაც რუსეთი აღარ იქნება.

- ომის დაწყების შემდეგ ერდოღანი ძალიან აქტიურობს. თქვენი აზრით, ის საერთაშორისო ლიდერობას ცდილობს? არის შანსი, რომ თურქეთი გახდეს საერთაშორისო სისტემაში ერთ-ერთი წამყვანი?

- ერდოღანი ძალიან კარგად მანევრირებს. პუტინს ხვდება და ხელს ისე ართმევს, ვითომც არაფერი, მეორე მხრივ კი, უკრაინას აწვდის იარაღს. მოკლედ, ძალიან კარგად თამაშობს. რა თქმა უნდა, ერდოღანს პოლიტიკური რეიტინგი რომ არ ჰქონდეს, ამდენს ვერ იზამდა. რაც შეეხება ლიდერობას, ცხადია, ის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მის უკან არ დგას ზესახელმწიფო, მაქსიმუმზე მეტს თამაშობს. თუმცა ეს რამდენ ხანს გამოუვა, ძნელი სათქმელია, რადგან თურქეთი არ არის ისეთი დონის მოთამაშე, როგორიც ვთქვათ რუსეთი.

- ერდოღანის ლვოვში ვიზიტის შემდეგ მაკრონმა ისევ დაურეკა პუტინს და გაავრცელეს განცხადება, რომ პუტინისგან ზაპოროჟიეს საკითხზე დაპირებები მიიღო. მისი მაინცდამაინც ამ დროს აქტიურობა ხომ არ ნიშნავს, რომ თურქეთს გზას უღობავს?

- ზაპოროჟიეს საკითხი მსოფლიოს პრობლემაა და აუცილებლად აღმოსაფხვრელი. ღმერთმა დაგვიფაროს და, იქ რამე რომ მოხდეს, ჩერნობილზე უარეს შედეგს მივიღებთ. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მაკრონი პუტინს ურეკავს. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ლიდერობის ხელიდან გაშვება არ სურს. ის ამბიციური ადამიანია და მიჩვეულია ლიდერობას და როგორც ჩანს, არ მოსწონს, ინიციატივა რომ თურქეთმა აიღო ხელში. როგორც წესი, შუამავლობის ინიციატორი ის იყო ხოლმე.

- როგორ ფიქრობთ, უკრაინაში მოლაპარაკებები რომ დაიწყოს, რა არის საჭირო?

- ძნელი სათქმელია. თავიდანვე ომი ისე წარიმართა, როგორც რუსეთს არ აწყობდა. ამის გამო სერიოზული შოკი მიიღო, მაგრამ თანდათან მოვიდა გონს, გადა­ვიდა შეტევაზე და ლუგანსკი დაიკავა. სამაგიეროდ, ბოლო პერიოდში რუსეთს ძალიან­ გაუჭირდა, უკრაინა ბომბავს რუსეთის პოზიციებს და უწყობს დივერსიებს. ინიც­იატივა ახლა უკრაინის მხარესაა, მაგრამ უკრაინას ტერიტორიები ჯერ არ დაუბრუნებია. ალბათ, ხერსონს მალე დაიბრუნებს და ვნახოთ მერე რა მოხდება. რაც შეეხება­ მოლაპარაკებას, ჩემი აზრით, გამორიცხულია. არც ერთი ლიდერი არ წავა ამაზე და ვერც წავა, რადგან პროცესი ისეთ ფაზაშია შესული, რომ მოლაპარაკება შეუძლებელია. ორივე მხარე­ დამარცხებამდე იომებს და ეს როდის და როგორ მოხდება, ამაზე ფიქრისაც კი მეშინია. ვინ იცის, რა მსხვერპლი შეიძლება მოჰყვეს ამას.

რუსა მაჩაიძე