"დარწმუნებული ვარ, სასამართლო რეფორმას ბოლომდე არ მიიყვანენ და ისე არ გააკეთებენ, როგორც ევროკავშირი ითხოვს“ - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვარ, სასამართლო რეფორმას ბოლომდე არ მიიყვანენ და ისე არ გააკეთებენ, როგორც ევროკავშირი ითხოვს“

2 თვე გავიდა, რაც ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი რეკომენდაცია მისცა, რომელიც დეპოლარიზაციის ვალდებულებით იწყება. ორი თვე ისე გავიდა, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ერთი ერთობლივი შეხვედრის გამართვაც ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, ზუსტად ორი თვის თავზე მმართველი გუნდი სამუშაო შეხვედრებზე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს უკრძალავს დასწრებას, რომლებიც არ მოსწონს და ამას საჯაროდ ამბობს კიდეც: "არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესში შეიძლება ჩაერთონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ. "სამართლიანმა არჩევნებმა" ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც ბოლო შეკრების დროს შეუერთდა მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის გადაყენების თაობაზე. შესაბამისად, მის ნეიტრალიტეტზე საუბარი შეუძლებელია", - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ.

სამუშაო ჯგუფში სამუშაოდ არ უშვებენ არც "საქართველოს სასამართლოს გუშაგს", რომლის ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი წლებია, სასამართლოს რეფორმისთვის იბრძვის.

პარალელურად გამოქვეყნდა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა ევროკავშირის შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები (მათ შორის სასამართლო სისტემა). ამასთანავე, ხაზგასმულია, რომ არსებითი უკუსვლაა ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს, ილახებოდა კანონის უზენაესობაც. ანგარიშში პრობლემატურ საკითხებს შორის გამოყოფილია: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში; ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაში ხარვეზები; 2021 წლის ივლისის ძალადობა ჟურნალისტებსა და ლესბოსელებზე, გეებზე, ბისექსუალებზე, ტრანსგენდერებზე, ინტერსექს და ქვირ-პირებე (LGBTIQ) შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე; ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ; პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეები; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება; გაუარესებული მედიაგარემო; სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობის შერყევისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობა; გენდერული თანასწორობა და სხვ. ევროკავშირის აზრით, გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა­ შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. ამასთან, ხაზგასმულია, რომ პარლამენტმა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კანონი დაჩქარებული წესით მიიღო ევროკავშირის ან ევროსაბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ აუცილებელი კონსულტაციებისა და ანალიზის გარეშე. ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ეს კანონები მოიცავდა სასამართლო სისტემის ფუნქციონირების, დანიშვნების საკვანძო და ფარული თვალთვალის პროცედურებს, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლას. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარი 19 აპრილის შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს მთავრობამ რუსეთსა და ბელარუსს სანქციები არ დაუწესა, მაგრამ მიიღო ზომები ევროკავშირის ზოგიერთი სანქციის პრაქტიკაში დასანერგავად და სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად.რას ნიშნავს ასეთი შეფასება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რამდენად მოახდენს გავლენას სტატუსის მიღებაზე,­ მით უმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლება უკვე არასამთავრობო ორგანიზაციების დიფერენცირებას პოლიტიკური ნიშნით ახდენს, ამ საკითხებზე რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს კახა გოგოლაშვილს ვესაუბრეთ.

- რა თქმა უნდა, არ არის სწორი მიდგომა. რას ჰქვია პოლიტიკური ნიშნით­ მიკერძოებული? თუ დეპოლარიზაციაზე საუბრობ, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, პოლიტიკურად მიკერძოებულია თუ არა. დეპოლარიზაცია ხომ ზუსტად პოლიტიკურ დეპოლარიზაციას გულისხმობს. ამიტომ მაინცდამაინც ჭკვიანური არგუმენტი არ არის. მით უმეტეს, რომ სხვა ორგანიზაციების არდაშვების პრობლემაც არის.

- მმართველი პარტიის ასეთ დამოკიდებულებას, გადაწყვეტილებებს, ალბათ, საბოლოო შეფასებაზე გავლენა ექნება?

- რა თქმა უნდა, მაგრამ გადამწყვეტი­ მაინც ის იქნება, თუ რას გააკეთებენ, რა კანონებს მიიღებენ და როგორ გარემოს ჩამოაყალიბებენ. თუ ასეთი მიდგომა ექნებათ,­ ეჭ­ვი მეპარება, ისეთი კანონები­ მიიღონ, ევ­როკავშირს რომ მოეწონება. მათთვის არასასურველი არასამთავრობო ორგანიზა­ციების სამუშაო ჯგუფებიდან განდევნას ძალიან უარყოფითი გავლენა ექნება. ევროკავშირის რეკომენდაციებში ხომ მითითებუ­ლია, რომ მუშაობაში ჩართული უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი და თუ ეს და სხვა მითითებები არ შესრულდა, მაშინ ზედმეტია ლაპარაკი 12 პუნქტის შესრულებაზე.

- 12 პუნქტზე მუშაობის პროცესი ამ ვალდებულებების შესრულების ადეკვატურად მიგაჩნიათ?

- ძნელი სათქმელია. დიდი ხანია, დიალოგი უნდა დაეწყოთ და პოლიტიკური პარტიები სრულად ჩართულიყვნენ პროცესში. ინტენსიური მრავალპარტიული დისკუსიები უნდა იმართებოდეს, ახლა კი გამოდის, რომ ცალ-ცალკე მუშაობენ. დაველოდოთ სექტემბერს, ვნახოთ, რას შეიმუშავებენ და უფრო ადვილი იქნება შეფასება. თუ "ოცნებას" ექნება ოპოზიციური პარტიებისთვის მისაღები პროგრამა, შესაძლოა დასხდნენ და მოილაპარაკონ. თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდო მგონია. მე მაინც ვფიქრობ, რომ მიიღებენ ისეთ ცვლილებებს, რაც, მათი აზრით, მომავალი არჩევნებისთვის პრობლემას არ შეუქმნის, ხოლო სხვა საკითხებს ისევე დატოვებენ, როგორც არის. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, სასამართლო რეფორმას ბოლომდე არ მიიყვანენ და ისე არ გააკეთებენ, როგორც ევროკავშირი ითხოვს. ომბუდსმენის საკითხზე ისეთი რიტორიკა აქვთ, აშკარად ეტყობათ, სურთ ლოიალური პირი დანიშნონ და ცხადია, ამაზეც ვერ მოახერხებენ დალაპარაკებას პოლიტიკურ პარტიებთან. მთავარი ის არის, რომ ამ 12 პუნქტიდან თუ 12-ვე არ შესრულდა, არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს და უნდა ველოდოთ და ველოდოთ, ამასობაში კი შესაძლოა ევროკავშირმა ახალი მოთხოვნები წამოგვიყენოს.

- ევროკავშირმა გამოაქვეყნა საქართველ­ოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში, სადაც არსებით პრობლემებზეა საუბარი, მათ შორის კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ალბათ, ასეთი შეფასება დადებითად არ აისახება სტატუსის მიღებაზე?

- ანგარიში კრიტიკულია, კარგად გამოჩნდა, რომ მზად არ ვიყავით კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მომავალში ვნახავთ, ამ მიმართულებით რა გაკეთდება.

- ხელისუფლება მუდმივად ამბობს, რომ ჩვენ უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვართ და ასე შემდეგ... ასეთი განცხადებები­ ამ ანგარიშის შემდეგ რამდენად საფუძვლიანია?

- თქმა, რომ ვიღაცაზე წინ ვართ, საერთოდ მიუღებელია. შენ სხვაზე წინ ხარ თუ უკან, ამას ევროკავშირი გადაწყვეტს. ეს ხომ არ არის ტენდერი, რომ მე უკეთესი პირობები წარმოვადგინე და მე მომეცითო. ევროკავშირში გაწევრება დაკავშირებულია ძალიან ბევრ ფაქტორთან და მათ შორის, წევრი ქვეყნების განწყობასთან. განწყობა კი იქმნება ძალიან ბევრი რაღაცით და მათ შორის იმ რეკომენდაციების შესრულებით, რომლებიც ჩამოთვლილია 12 პუნქტში. არავინაა ვალდებული კანდიდატის სტატუსი მოგცეს, იდეალურიც რომ იყო.

- რა აბრკოლებს საქართველოს, წლების განმავლობაში რატომ ვერ ხერხდება რეფორმების გატარება?

- რა აფერხებს და, პოლიტიკური ნება. არაფერია პრობლემა, გარდა ნებისა.

- ანუ საქართველოს ხელისუფლების ნება არ არის ევროკავშირში გაწევრება?

- წინააღმდეგობრივი სურვილები აქვთ. ერთი მხრივ, შესაძლოა ძალიანაც უნდოდეთ სტატუსის მიღება, მეორე მხრივ კი, უფრო ძალიან არ უნდათ იმის გაკეთება, რასაც ეუბნებიან. როდესაც შენი უპირველესი პრიორიტეტია, როგორმე შეინარჩუნო ძალაუფლება, ცხადია, ამაზე აკეთებ აქცენტს. ესე იგი, გამოდის, პოლიტიკური ნება არ არის. მმართველი გუნდი ამაში რატომღაც თავისთვის იმხელა საფრთხეებს­ ხედავს, რომ ევროკავშირის თუ აშშ-ის ელჩების კრიტიკა და რაღაცების გადაბრალება დაიწყეს.

- როგორ ფიქრობთ, 12 პუნქტის მიღებიდან დღემდე სიტუაცია გაუარესებულია?

- ამის თქმა ახლა ძნელია, რადგან მას შემდეგ დიდი დროც არ გასულა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზაფხულია და პოლიტიკური პროცესები შენელებულია, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ რაღაც გაუმჯობესდა ან გაუარესდა. ცხადია, პრობლემაა, რომ ჯერ არანაირი პროგრესი არ არის. თუ ასე გაგრძელდა, დავრჩებით ისე, როგორც ვართ, ეს კი ძალიან ცუდი იქნება.

რუსა მაჩაიძე