„დიახ, პროტესტი მინდა!“ - კვირის პალიტრა

„დიახ, პროტესტი მინდა!“

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი­ აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი­ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე "სამართლიანი­ არჩევნების" დაბლოკვა­ ლუსტრაციაა, რომ "ქართული ოცნების"­ ხელისუფლების სამუშაო პროცესი ილუზიაა. ხელისუფლება არ არის განწყობილი რეკომენდაციების შესასრულებლად და პროცესი იმიტაციისთვის სჭირდება. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში,­ რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში­ 19 აგვისტოს გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებს" მონაწილეობის ნება არ დართეს. ამის შესახებ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა. მისი თქმით, "სამართლიანმა არჩევნებმა" ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პრემიერ-მინისტრის გადაყენების თაობაზე მოთხოვნას შეუერთდა. მიქანაძის განმარტებით, "სამართლიანი არჩევნები" არის ორგანიზაცია,­ "რომელმაც 2020 წლის პარა­ლელური დათვლის შედეგები გააყალბა, 7 კვირის განმავლობაში დამალა და ამით ქვეყნის იმიჯი შელახა".­ უფრო ვრცლად პარლამენტში და მის გარეთ მიმდინარე პროცესებზე, ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ დაანონსებულ საბოტაჟზე, დაუმორჩილებლობასა და პარალიზებაზე­ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი­ გიორგი ვაშაძე გვესაუბრება:

- გამართლდა ის, რასაც ვამბობდი, "ოცნებამ" მხოლოდ იმიტომ შექმნა სამუშაო ჯგუფები პარლამენტში, რომ მუშაობის­ იმიტაცია შეექმნა, თითქოს იმუშავეს და ევროპამ უსამართლოდ უარი გვითხრა კანდიდატის სტატუსზე. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მაშინ, როცა მმართველმა პარტიამ დაბლოკა "სამართლიანი არჩევნების" ჩართვა საარჩევნო საკითხებზე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის­ მოსაპოვებლად ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არის შექმნილი. უკვე ყველასთვის აშკარაა, რომ ხელისუფლება არ არის განწყობილი რეკომენდაციების შესრულებისთვის. უნდათ შექმნან ილუზია, თითქოს იმუშავეს, ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ევროპამ უსამართლოდ გვითხრა უარი კანდიდატის სტატუსზე. ილუზიაა, რომ "ოცნებამ" შეიძლება რამე შეცვალოს და სტატუსის მოპოვება სცადოს.

- თქვენი პოზიცია იმას ხომ არ ნიშნავს,­ "გირჩი" ჯაფარიძის შემოდგომისთვის დაანონსებულ ინიციატივას დაუმორჩილებლობასა­ და საბოტაჟთან დაკავშირებით თქვენც უერთდებით?

- ცალსახაა, რომ საპროტესტო აქციების გარეშე წინ ვერ წავალთ. ახლა მარტივი არჩევანის წინაშე ვდგავართ: ან ევროპული ღირებულებებისა და უკეთესი მომავლისთვის ვერთიანდებით, ან ვრჩებით რუსეთთან. დილემა მარტივია, მაგრამ ამოცანა რთულია. ოლიგარქია მარტივად დასამარცხებელი არ არის. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, იცოდეთ, 2024 წელს საქართველოში არჩევნები არ ჩატარდება.

- რას გულისხმობთ?

- ხალხი ფორმალურად მივა საარჩე­ვნო ურნებთან, ოქმებიც დაიწერება, მაგრამ­ შედეგები იქნება ისეთივე, როგორიც არის რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში. როდესაც მეკითხებიან, პროტესტი გინდაო, მე ვპასუხობ - დიახ, მინდა! ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა! "ოცნებამ" დაამყარა წესრიგი, სადაც კანონს და კონსტიტუციას თავად არღვევს, ჩვენ კი მაშინაც­ გვადანაშაულებს კანონის დარღვევაში, როდესაც ამას არ ვაკეთებთ. გვეუბნება, წესიც, კანონიც და კონსტიტუცი­აც­ მე ვარო. ამას როგორ უნდა შეეწინააღმდეგო,­ თუ არა საპროტესტო აქციებით?­ ოღონდ აქციები უნდა იყოს სისტემური, გათვლილი და ორგანიზებული.

- აქციებს ცალ-ცალკე გამართავთ თუ ერთობლივად?

- ზურა ჯაფარიძესაც­ ვესაუბრე და თქვენც გეუბნებით, სპონტანურობა და უსისტემობა მნიშვნელოვანი საფრთხეა ოპოზიციისთვის,­ რითაც სარგებლობს ივანიშვილი. ყველას შეგვიძლია ქუჩაში გამოსვლა და ძახილი, არ გემორჩილებითო. ჩვენ გვჭირდება­ კონკრეტული მოქმედებები, რომელიც კონკ­რეტულ შედეგს მოგვიტანს. შენობების წინ მანქანების დამსხვრევა შედეგს არ მოიტანს.

- ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ სასურველ შედეგს საპროტესტო აქციები­ კი არა, პარლამენტში მუშაობა მოიტანს, თქვენ ამბობთ, რომ აქციების გარეშე არაფერი გამოვა, მაგრამ საბოტაჟს და დაუმორჩილებლობას არ ემხრობით, ნაწილი კი მხოლოდ ამაში ხედავს გამოსავალს. როგორ გგონიათ, შეძლებს ოპოზიცია რესურსის გამონახვას თანამშრომლობისთვის?

- სხვა გზა არა გვაქვს, მარტო ოპოზიცია კი არა, სამოქალაქო საზოგადოებაც უნდა გავერთიანდეთ. ვინც გაერთიანებაზე უარს იტყვის, ესე იგი არ სურს დეოლიგარქიზაცია და ევროპული მომავალი.

- თქვენი წარმოდგენით, არის თუ არა ლოგიკა პარტია "მოქალაქეების" მოსაზრებაში,­ რომ ოპოზიციის რადიკალიზმს "ქართული ოცნება" ყოველთვის სათავისოდ იყენებს?

- ვერაფერს ვერ გამოიყენებს, თუ ჩვენი მოქმედება ორგანიზებული იქნება. "ოცნება" ყველაზე კარგად იმით სარგებლობს,­ რომ ოპოზიციას ოპოზიციაში უდგას ოპოზიცია. ყველა ოპოზიციონერს ვურჩევ, სხვა ოპოზიციონერებზე თავდასხმებს თავი დაანებონ. ხომ შევიდნენ "ოცნების" სამუშაო ჯგუფებში და ხომ გადაახიეს თავზე ყველაფე­რი?! შეგახსენებთ, ოხანაშვილი როგორ დაემუქრა მათ, არც გაბედოთ ამ სამუშაო ჯგუფებიდან გასვლაო. სანამ სხვას­ დაარიგებენ ჭკუას, თავიანთ შედეგებზე გვესაუბრონ. ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთადერთ საქმიანობად ოპოზიციის კრიტიკა გაიხადა. არ მესმის, როგორი ოპოზიცია ხარ, თუ ისევ ოპოზიციას აკრიტიკებ?!

- თქვენც ხომ აკრიტიკებდით "ნაციონალურ მოძრაობას", თანაც საკმაოდ მწვავედ.

- მე პასუხს ვცემდი მათ თავდასხმებს. პირველები არასდროს დავსხმივართ თავს, თუმცა ჩვენ მაინც გამოვიტანეთ ამ გაკვეთილიდან დასკვნა, მივხვდით, ამან შედეგი არ მოიტანა.

- ახლა რა შედეგს ელით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 20 და 24 ივნისს, შემდეგ კი 3 ივლისს ოპოზიციამ ვერ შეძლო გარეთ გამოსული საპროტესტო მუხტის მართვა?

- მე სულ სხვაგვარად ვუყურებდი მაშინ მოვლენების განვითარებას, მაგრამ რაც იყო, იყო. ახლა მაინც უნდა გავითვალისწინოთ ყველა შეცდომა, რაც დავუშვით.

- რა იყო მთავარი შეცდომა?

- პირველი ნაბიჯის გადადგმის წინ უკვე უნდა ვიცოდეთ, რა იქნება მეორე და მესამე ნაბიჯი. როგორი შეიძლება იყოს ოპონენტის პასუხი ამა თუ იმ შემთხვევაში.

- დასავლელ პარტნიორებთან თუ აგრძელებთ მუშაობას და აქციების შემთხვევაში მათი მხარდაჭერის იმედი თუ გაქვთ?

- დასავლელმა პარტნიორებმა უკვე ცხადად დაინახეს "ოცნების" რეალური სახე. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი თავად უნდა გავაკეთოთ, ამერიკელები და ევროპელები ჩვენ მაგივრად ვერ იმუშავებენ. დანარჩენზე საუბარი ნაადრევია, ამის დროც მოვა.

- როგორც ვიცი, უკრაინაში ხართ, როგორი ვითარებაა ახლა?

- ალბათ, იცით, რომ სერიოზული შეიარაღება­ მიიღეს, განსაკუთრებით "ჰაიმარსები" და შედეგიც სახეზეა - უკვე ყირიმსა და რუსეთში ბომბავენ ლოჯისტიკურ­ ცენტრებს. ძალიან მკაფიო სტრატეგიით მიდის უკრაინის ჯარი და გამარჯვება გარდაუვალია. ახლა რუსეთს ძალიან უნდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, ოღონდ იმ პირობით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიტოვებს. ამაზე უკრაინა უარს ამბობს. სწორედ ამ საკითხზე სალაპარაკოდ იყო ჩამოსული ერდოღანი. თუმცა უკრაინა, ამხელა მსხვერპლის გაღების შემდეგ ნამდვილად არ აპირებს ამხელა ტერიტორიების დათმობას რუსეთისთვის.

- ხომ შეიძლება ამასობაში დასავლეთი დაიღალოს ამ ომით?

- კი, შეიძლება, მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებულია უკრაინელებზე, ახალი და კარგი ამბები დასავლეთს აუცილებლად გაამხნევებს, ასეთ ამბებს კი სექტემბრიდან ლენდ-ლიზის ამოქმედებისთანავე ველით...

ხათუნა ბახტურიძე