"რადიკალური დღის წესრიგით ოპოზიციამ უკვე 8 არჩევნები წააგო“ - კვირის პალიტრა

"რადიკალური დღის წესრიგით ოპოზიციამ უკვე 8 არჩევნები წააგო“

"უნდა წაგლეკო, უნდა გადაგაგდო, უნდა დაგამხო... - როდესაც ოპოზიცია ასეთ მოწოდებებს უპირისპირებს "ქართულ ოცნებას", ის ამ რადიკალიზმზე ყოველთვის ახერხებს გამარჯვებას. ამიტომ ჯობს ოპოზიციამ გადახედოს თავის სტრატეგიას", - ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი.

- ის, რასაც ოპოზიციის ნაწილი მოი­თხოვს,­ არა მარტო რადიკალური, კანონსაწინააღმდეგოცაა. ყურში ძალიან ცუდად მომხვდა დივერსია, დაუმორჩილებლობა, დამხობა... ეს ყველაფერი "ოცნებას" ხალხის­ შეშინების საშუალებას მისცემს, გამოვლენ და იტყვიან, გინდათ ეს ხალხი მოვიდეს ხელისუფლებაშიო?! ასეთ შემთხვევაში მმართველი გუნდი ყოველთვის­ იგებს.­ რადიკალური დღის წესრიგით ოპოზიციამ უკვე 8 არჩევნები წააგო. აი, ამის გამო არა მაქვს მათთან თანხვედრა, თორემ რომ ვხედავდე, რაღაც გეგმა აქვთ და გადაწყვეტილებებს სპონტანურად არ იღებენ, მაშინ ჩემი პოზიცია სხვაგვარი იქნებოდა.

- რატომ არ ცვლიან სტრატეგიას?

- ამომრჩეველი რომ არ დაკარგონ.­ ამომრჩეველი ელოდება კონკრეტულ შედ­ეგებს, როდესაც გეგმა არა გაქვს, შედეგის მიღწევა რთულია. რჩება ერთადერთი გზა, ამომრჩეველს უნდა უთხრა, რომ შემოდგომაზე დაამხობ, ზამთარში ამოატრიალებ...

- როდესაც მმართველმა გუნდმა ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე სამუშაო ჯგუფები შექმნა, თქვენ თქვით, რომ ხელისუფლებისთვის საბაბი არ უნდა მიგეცათ და ჩაერთეთ პროცესში. დღეს რისი თქმა შეგიძლიათ, თქვენმა მცდელობამ ნაყოფი თუ გამოიღო?

- ვფიქრობ, "ნაცმოძრაობა" და მისი მეგობარი პარტიები ძალიან ცუდ საქმეს­ უკეთებენ ოპოზიციას და "ოცნებას" აძლიერებენ, ვინაიდან ყოველდღიურად ქმნიან­ იმის საფუძველს, რომ თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, ეს ოპოზიციას გადაბრალდეს. სწორედ ამას აკეთებენ, როდესაც ჩვენი ევროპელი მეგობრების ხან თხოვნის, ხან მოთხოვნის მიუხედავად, არ მონაწილეობენ სამუშაო ჯგუფებში. არ მესმის, რატომ იღებს ოპოზიცია ხელფასს და რატომ სარგებლობს სხვა სიკეთეებით, თუ პარლამენტის ნაცვლად თავიანთ ოფისებში მუშაობენ? თუ ფიქრობენ, რომ პარლამენტში მუშაობას აზრი არა აქვს, წავიდნენ­ მაშინ, იქნებ გარედან უფრო მიაღწიონ მიზანს.­ ის, რასაც ეს ოპოზიცია აკეთებს, ყველაფერი "ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.

- მათი აზრით კი თქვენ აძლევთ მმართველ გუნდს საშუალებას, შექმნას ილუზია, რომ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ევროპამ უსამართლოდ გვითხრა უარი კანდიდატის სტატუსზე.

- პარლამენტში ექვსი პარტიის ნაცვ­ლად სამი ვმუშაობთ, კიდევ კარგად ვახერხებთ მუშაობას. თუ ასე გააგრძელებენ, "ქართული ოცნება" ილუზიებსაც შექმნის და სხვა რამესაც გააკეთებს.

- პარლამენტში 6 პარტიას რომ გემუშავათ, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში "სამართლიანი არჩევნების" დაბლოკვას მაინც შეძლებდნენ?

- გადაწყვეტილება, რომ „სამართლიანი­ არჩევნები" სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე არ დაუშვეს, უსამართლოა. კონკრეტული პირის პოლიტიკური შეხედულება ორგანიზაციაზე არ უნდა აისახოს. "სამართლიანი­ არჩევნები" ყოველთვის მონაწილეობდა საარჩევნო საკითხებში და მისი ჩართულობა ახლა უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო. არანაირი პოლიტიკური განცხადება რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, ან მმართველი პარტიის ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება მათი მხრიდან არ ყოფილა. მართლა გაუგებარია, რა დგას ამის უკან. გასაგებია, რომ სამის ნაცვლად ექვსი პარტია რომ ყოფილიყო, "ისფედს" მაინც დაბლოკავდნენ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ მთელი დღის განმავლობაში სამი პარტიის ნაცვლად ექვს პარტიას დაეცვა ამ ორგანიზაციის ინტერესები. კი, ზაფხულია, ცხელა და დასვენება სასიამოვნოა, მაგრამ საკუთარ განცხრომას არ უნდა გადააყოლო ქვეყნის ინტერესები.

- ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მთავრობას და პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწოდა ეროვნული გაერთიანებისა და დეპოლარიზაციისკენ­. როგორ წარმოგიდგენიათ, არის კიდევ ამის რესურსი დარჩენილი?

- ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ "ოცნება" ვერ იქნება. ამას სხვა აქტორების­ თანხმობა სჭირდება. მე ვაფასებ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას. დიდი ხანია ცდილობს ეს პროცესი დაძრას, თავი მოუყაროს განსხვავებული შეხედულების ადამიანებს, პარტიებს, მაგრამ ჯერჯერობით ხელშესახები ნაყოფი ვერ გამოიღო. ვფიქრობ, თუ ოპოზიციას ექნება სწორი სტრატეგია, რომელიც მთლიანად აგებული იქნება ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვაზე, 12 პუნქტის შესრულებასა და ამით შედეგის მიღებაზე, ამის ირგვლივ შესაძლებელია ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გაერთიანდეს. ოღონდ ამას არ უნდა დაუპირისპირო ისეთი დღის წესრიგი, რომელიც "ოცნებას" აძლევს არგუმენტს, რომ თქვას, ამათ რევოლუციის მეტი არაფერი უნდათ, მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვიან და არა ევროპული პერსპექტივისთვისო...

ხათუნა ბახტურიძე