"ჩეჩნები საშინელებებს სჩადიოდნენ, აფხაზებსაც კი შიშის ზარს სცემდა მათი გამოჩენა“ - კვირის პალიტრა

"ჩეჩნები საშინელებებს სჩადიოდნენ, აფხაზებსაც კი შიშის ზარს სცემდა მათი გამოჩენა“

"უაზრო ომი" - ასე უწოდებენ 90-იანი წლების აფხაზეთის ომს ოცდაათი წლის შემდეგ როგორც ქართველები, ასევე აფხაზების ნაწილიც. არიან ისეთებიც, ვინც ომის დასრულებისთანავე ქართველების სახლსა და ბინებში შესახლდნენ, მაგრამ ბევრს სანანებელი გაუხდა... აფხაზეთიდან დევნილი ელენე ქარჩავა­ გაგრაში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე,­ სომხების გარემოცვაში ცხოვრობდა. ომამდე რამდენიმე ხნით ადრე არაერთმა მეზობელმა მიანიშნა, რომ ძალიან მალე იქაურობა­ მათი გახდებოდა...

- დაძაბულობა 80-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. აფხაზები ამბობდნენ, დამოუკიდებლობა გვინდა, 1925-1931 წლებში­ ცალკე სახელმწიფოდ ვარსებობდითო... მახსოვს, ჯერ კიდევ 70-იან წლებში ჩემმა მშობლებმა მოსკოვიდან ავეჯი გამოიწერეს­. მეზობელი აფხაზი ქალი შემოვიდა მოსალოცად, მერე კი სხვათა შორის მოაყოლა,­ მშვიდობაში მოიხმარეთ, მაგრამ ჭკვიანი ადამიანი ოქროს იყიდდა, რამე რომ მოხდეს, ჯიბეში ჩაიდებ და წაიღებო­. რა უნდა მოხდეს, სად უნდა წავიდეთო, გაგვიკვირდა. წლების შემდეგ, როდესაც გაგრა დაეცა და იქაურობის დატოვება გვიწევდა, შუა სახლში ვიდექი და ვფიქრობდი, რისი წაღება შემეძლო, მაშინ გამახსენდა მისი სიტყვები...

1989 წლის მარტში აფხაზმა ნაციონალისტებმა ლიხნის დეკლარაციით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ცალკე საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსის­ მინიჭება მოითხოვეს, დაძაბულობამ იმატა, თუმცა ყველა აფხაზი არ იყო ქართველებთან დაპირისპირების მომხრე. სოხუმის­ უნივერსიტეტში ქართველმა სტუდენტობამ საპროტესტო დემონსტრაცია რომ გამართა, აფხაზმა ახლობლებმა გვითხრეს, ჩვენს საწინააღმდეგოდ გამოდიხართ, თან გწყინთ, რომ თქვენთან ცხოვრება არ გვინდაო. შემდეგ, როდესაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება­ აიკრძალა, ვითარება­ ცოტა დამშვიდდა. თუმცა სტუდენტების აქციები გრძელდებოდა და საბოლოოდ, აფხაზი ნაციონალისტების ერთი ჯგუფი­ მათ თავს დაესხა. ამ დროს უკვე დაძაბულობა მთელ მოსახლეობაში იგრძნობოდა­. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ვითარება მხოლოდ ერთი შეხედვით იყო მშვიდი. იმ პერიოდში ნათესავი გოგონა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავის მომავალ მეჯვარესთან ერთად. 1-ელ აპრილს უნდა დაგვეკრძალა და მისი ჯგუფელები­ ავტობუსით­ მოდიოდნენ. გზად აფხაზები­ დახვედრიან, სად მიდიხართო. ამდენი ახალგაზრდის დანახვაზე ეჭვი გაუჩნდათ, რაღაც ხომ არ მზადდებაო. სანამ გაგრის პოლიციაში არ გაარკვიეს, ნამდვილად მოხდა თუ არა ეს ამბავი გაგრაში, სტუდენტები არ გამოუშვიათ. ვითომ წლების განმავლობაში ნაშენებ ურთიერთობას ბზარი ყოველდღე უჩნდებოდა, მაგრამ მაინც არ გვჯეროდა, რომ ის აფხაზები და სომხებიც, რომლებთან ერთადაც ბავშვობა გაგვიტარებია, ტყვიას გვესროდნენ...

1989 წლის 16-17 ივლისს სოხუმში­ ქართველი და აფხაზი მოსახლეობის ნაწ­ილს­ შორის პირველი შეიარაღებული შეტაკება მოხდა, 14 აგვისტოს კი საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონა შემოვიდა, რკინიგზა უნდა დავიცვათო. 15 აგვისტოს დაბადების დღე მაქვს და უმძიმესად მახსოვს ის დღე... პირველი გასროლა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან გაისმა და ნელ-ნელა ყველგან აზუზუნდა ტყვიები, მაგრამ ხალხს მაინც გვჯეროდა, ყველაფერი მალე დასრულდებოდა. ერთხელ ერთმა აფხაზმა ქალმა მომაძახა, რითაც ახლა თავს იწონებთ, ყველაფერი ჩვენ დაგვრჩებაო...

- ომის დროს სანატორიუმში დაჭრილებთან მუშაობდით, არა?..

- დიახ... ერთხელ ქართველმა სამხედრომ აფხაზი ტყვე მოიყვანა, პრაქტიკულად შოკურ მდგომარეობაში და დაჭრილი.­ 17-18 წლის იქნებოდა. ქართველმა სამხე­დრომ ჩამილაპარაკა, რამე დაალევინეთ, რომ სტრესი მოეხსნასო.­ ისე კი დედა ქართველი ჰყავსო. მეც ვითომ დასამშვიდებლად ქართულად გადავულაპარაკე, პასუხი არ გამცა. წამლები რომ მივაწოდე, სახეში მომაყარა, შენი ხელიდან წამალს არ დავლევო. ეჰ, შვილო, როგორ აურევიათ შენთვის ტვინი-მეთქი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, რომ შესძლებოდა, იქვე მომკლავდა. თუმცა უამრავი შემთხვევა მახსოვს, როდესაც აფხაზი გადაფარებია ქართველს. თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავდნენ შეფარებულ ქართველებს. გაგრის ბრძოლებში ერთი ქართველი, რომელიც ომამდე აფხაზებთან ძალიან ახლობლობდა, ორმხრივი სროლისას მოუკლავთ. აფხაზებს მოკლული უცნიათ და გაოცებულან, ეს ჩვენს წინააღმდეგ როგორ იბრძოდაო. ისე გაბრაზებულან, ოჯახის წევრებს ბრძოლის ადგილიდან მისი წასვენებისა და დაკრძალვის უფლებაც არ მისცეს და ცხედარი რამდენიმე დღე მზის გულზე იყო თურმე. შემდეგ გაგრის საავადმყოფოს აფხაზი მთავარი ექიმი ვალენტინა ჩაჩბა, რომელიც ომის დროს ძალიან ბევრ ქართველს პატრონობდა, იმ ადგილას ვითომ დაჭრილების მისახედად შეიპარა და სასწრაფოს მანქანით გადმოასვენა იმ ქართველის ცხედარიც. მისი სახლში მისვენების ხმა მაინც გავარდა. ცოტა ხანში აფხაზები მივიდნენ და ოჯახი გააფრთხილეს, არ გკადრებთ უკან წაღებას, მაგრამ დატირების უფლებას არ გაძლევთო. ჭირისუფალი იძულებული გახდა, მეომარი საღამოს დაემარხათ.

- აფხაზ ექიმს აპატიეს?

- თავისი საქმის პროფესიონალი იყო და სხვა გზა არ ჰქონდათ. უთქვამს, ჩემთვის პაციენტს, მით უფრო ცხედარს ეროვნება არ გააჩნია და ცოტა ადამიანობა გამოიჩინეთ, ძალიან მალე მოვა დრო და ამ უაზრო ომს ორივე მხარე ინანებსო. სჭირდებოდათ და არაფერი დაუშავეს, თორემ იქ მხოლოდ აფხაზები ხომ არ იყვნენ, ჩრდილოკავკასიელები და სომხები ასეთ ადამიანებზე ნადირობდნენ. ეს იცოდნენ აფხაზებმა და ასეთებს თავადაც გაურბოდნენ, ან მალულად გვეხმარებოდნენ. ერთხელ რუსი ქალი შეუგზავნიათ აფხაზი ბიჭისთვის, რომელმაც არაერთი­ ქართველი გაიყვანა სამშვიდობოს. იმ ქალმა­ ისეთ დროს მისცა ნიშანი მისიანებს, როდესაც იმ ბიჭს ქართველები სახლიდან უნდა გაეყვანა. ბიჭი მიუხვდა და იქვე მოუკლავს. ცხედრის დამალვის დრო არ ჰქონდა, გარისკა და წაიყვანა. კი გაასწრო, მაგრამ შინ დაბრუნებულს სახლი ცეცხლწაკიდებული დახვდა. შტაბში წაუთრევიათ, უნდა დაგხვრიტოთო, თუმცა ქართველების გაყვანა ვერ დაუმტკიცეს, მაგრამ რუს ქალზე დაუკითხავთ. გასროლის ხმაზე გამოვედი და მკვდარი ვნახეო, უთქვამს. მერე ავტორიტეტული აფხაზები დაუდგნენ გვერდში და გააძვრინეს, მაგრამ შემდეგაც სულ ეჭვის თვალით უყურებდნენ და მის მოკვლას ცდილობდნენ. აფხაზეთი ომამდე დაუტოვებია... გაგრის რაიონის სოფელ განთიადში ძმები დბარები ცხოვრობდნენ და უთქვამთ, ქართველებს ვერ ვესვრითო. მამამისს მიუცვივდნენ სომხები, შვილები ვერ გაგიზრდიაო, მოხუცმა სანადირო თოფს წამოავლო თურმე ხელი... როდესაც აფხაზებზე აუგს ვამბობთ, კარგიც არ უნდა დაგვავიწყდეს. იმ ჩვენი ნათესავის გოგოს საფლავს, რომელიც ომამდე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, წლების განმავლობაში აფხაზები უვლიდნენ ისე, რომ ამაზე ერთმანეთს არც ეუბნებოდნენ. ახლახან დედამ, რომელიც დევნილია და უკვე ასაკშია შესული, მოისურვა­ შვილის აქეთ გადმოსვენება და ამაში აფხაზები დაეხმარნენ. როდესაც მისი ნეშტი ამოუთხრიათ, ყველა ძვირფასი სამკაული, რაც მაშინდელი ადათის თანახმად ჩაატანეს, პარკში ჩალაგებული გამოატანეს ნეშტს.

მესამე ძალამ ყველაფერი გააკეთა და ჩვენც, ორივე მხარე ავყევით...

ომი იყო და არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ქართველი მეომრები ქურდავდნენ დაკეტილ სახლებს, დაწესებულებებს... თუმცა გულანთებული ბიჭებიც მახსოვს. ერთი თბილისელი ბიჭი იყო, "სპილოს" ეძახდნენ, ორ მეტრზე მეტის იქნებოდა. სულ გვამხნევებდა. ყველა რომ წავიდა გაგრიდან, ლამის მარტო ებრძოდა მთელ დაჯგუფებას. სულ ცალი ხელით რომ დავრჩე, ამათ პირისპირ მაინც არ მიგატოვებთო. მართლაც ბოლომდე დარჩა...

- აფხაზეთი როგორ დატოვეთ?

- აფხაზების გარდა, ჩეჩნებიც საშინელებებს სჩადიოდნენ. აფხაზებსაც კი შიშის ზარს სცემდა მათი გამოჩენა. ამიტომ ახლობელი აფხაზები გვაფრთხილებდნენ, უკვე ისე აირია ყველაფერი, ჩვენ ვერ დაგიცავთ და აქედან უნდა წახვიდეთო. ჩეჩნები ისეთი გავეშებული იყვნენ, ყველგან თავიანთ კვალს ტოვებდნენ. ქართველ ტყვეებს ე.წ. კოლუმბიურ ჰალსტუხს უკეთებდნენ. ამბობდნენ, რომ მათ და აფხაზ მეომრებს ერთმანეთში დაპირისპირება ჰქონდათ. ჩემი ქმარი იბრძოდა, მე კი მედპერსონალი ვიყავი. ამიტომ ორივე "შავ სიაში" ვყავდით შეყვანილი. იქ დარჩენა პირდაპირ სიკვდილს ნიშნავდა. ერთი სიტყვით, სასეირნო გემით ფოთისკენ წამოვედით. ისეთი დატვირთული იყო, ძლივს მოცურავდა. გუდაუთის ახლოს აფხაზებმა შეგვნიშნეს და ცეცხლი გაგვიხსნეს, მაგრამ კაპიტანმა იმარჯვა და გამოგვაძვრინა. ჩვენთან ერთად, ახალგაზრდა ქალი მოდიოდა, შვილი გაგრაში დარჩენია და მთელი გზა ტიროდა. ფოთში რომ ჩამოვედით, იქ დახვდა შვილი - ახლობელს უცნია ბავშვი, არ დატოვა და მანქანით წამოიყვანა თურმე. საცოდავი დედა არაადამიანურ ხმებს გამოსცემდა, სიცილ-ტირილი ჰქონდა. სიგიჟის ზღვარზე იყო...

ჩემი დედამთილი და მამაჩემი არ წამოვიდნენ... თვეები ისე გადიოდა, იმ პატარა ქალაქში ერთმანეთს ვერ ნახულობდნენ, რადგან სახლიდან ვერ გამოდიოდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ ახლობელი აფხაზების დახმარებით ჩემი დედამთილი გადმოიყვანეს. ბევრ რამეს არ ჰყვებოდა, რაც ნიშნავდა­, რომ ახლობლად რომ მიგვაჩნდა,­ იმათაც წაუცდათ ხელი, მათ შორის ქართველებს... ომი ხომ ადამიანებს აშიშვლებს და მათ ნამდვილ სახეებს გვანახებს.

როდესაც მოვდიოდით, ვემუდარე მამასაც, წამოდი-მეთქი. სად უნდა წავიდე, მე აქ ვინ რას მერჩისო... აიბგის სატყეოს უფროსი იყო. 40 ნათლული ჰყავდა, უმეტესობა აფხაზები. ჩვენი წამოსვლის შემდეგაც ნახულობდნენ მამაჩემს, მაგრამ როგორც ვთქვი, იქაც აირია სიტუაცია. მთიდან ჩამოსული აფხაზები ქალაქის ცენტრში­ ქართველების სახლებზე ნადირობდნენ. დღემდე აქვთ დაპირისპირება უძრავი ქონების გამო და ზოგჯერ შეტაკება სისხლიან გარჩევებშიც გადადის. შეიძლება ჩემს მამისეულ სახლსაც ვერ იყოფდნენ. მათგანვე ვიცი, რომ ვინც ჩვენს სახლში შესახლდა, ვერ გაიხარა. სხვათა შორის, ამას იმითაც ხსნიან, რომ უსამართლოდ მოგვექცნენ... მამაჩემს იქ ახლობელი აფხაზები­ მფარველობდნენ. რამდენჯერმე მაინც გასცა ვიღაცამ, შვიდჯერ გაიყვანეს დასახვრეტად, მაგრამ ყოველთვის გადაარჩინეს. აფხაზეთის ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გავიგე, რომ მაინც დაუხვრეტიათ. რამდენიმე ვერსია გავრცელდა, ერთ-ერთი აფხაზი ნათლული ჰპირდებოდა გადმოყვანას, მისულა კიდეც, მაგრამ მისიანებმა უღალატეს, მოატყუეს და ერთად დახვრიტეს. კიდევ ერთი ვერსიით, მამას აიბგის ტყის რუკას სთხოვდნენ, საომარი მოქმედებებისთვის სჭირდებოდათ, მან კი არ მისცა... ერთი სიტყვით, თავის სომეხ თანამშრომელს უპოვია, ყოველთვის მეტყევის ფორმით დადიოდა და უცნია. ნიჩბის მოსატანად წასულა, მაგრამ უკან დაბრუნებულს გვამი იქ არ დახვედრია... ახლახან გვითხრეს, რამდენიმე დღე ქუჩაში უპატრონოდ ეგდო, შემდეგ ისევ აფხაზებს უპოვიათ, უცნიათ, ეს კარგი კაცი იყო და ვინ გაიმეტაო და, სადღაც გზის პირას დაუმარხავთო. მისი საფლავის საპოვნელად საქმეში "წითელი ჯვარიც" ჩაერთო და აფხაზური მხარეც, მაგრამ ჯერ ვერაფერი გაარკვიეს. იმ ხალხის მიკვირდა, ვინც თავის დაღუპულებს სახლის სარდაფებში მარხავდა, ახლა კი მშურს.