რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი, ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ქალი - ვინ იყო და რას საქმიანობდა დარია დუგინა?
მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და "რუსული სამყაროს“ იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა იჯდა. რუსული მედიის ცნობით, ქალი გარდაიცვალა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანას დარია მართავდა. მათივე ცნობით, აფეთქდა ავტომობილის ქვედა ნაწილი, რის შემდეგაც ცეცხლis ალში მთლიანი ავტომობილი გაეხვა. ის გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გზატკეცილთან ახლომდებარე შენობას დაეჯახა.
ბოლო ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, დარია ადგილზე გარდაიცვალა. ქალის ნაცნობმა ანდრეი კრასნოვმა დაადასტურა, რომ მანქანა მამამისს, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნოდა.
რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მომხდარში დამნაშავეები უკრაინელი "ნაციონალისტები“ არიან. ისინი აცხადებენ, რომ თავდასხმის სამიზნე შესაძლოა ყოფილიყო, როგორც ქალი, ასევე მისი მამა.
დარია დუგინა (პლატონოვა) მოსკოვში 1992 წლის 15 დეკემბერს დაიბადა. 2015 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ასპირანტურა. სწავლის შემდეგ დარია ცდილობდა გაეგრძელებინა მამის საქმე და ხშირად კითხულობდა ლექციებს.
დარია დუგინა იყო საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური დამკვირვებელი, რომელსაც მამამისი ალექსანდრ დუგინი ხელმძღვანელობდა.პოლიტიკური მეცნიერებისა და ფილოსოფიის გარდა, ის დაინტერესებული იყო ჟურნალისტიკით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში უძღვებოდა გადაცემას სერგეი მარდანთან ერთად რადიო "კომსომოლსკაია პრავდაში“.
დარია დუგინა ასევე ცნობილი იყო, როგორც ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, პოლიტიკური სატელევიზიო გადაცემების მონაწილე. მან კარგად იცოდა ფრანგული ენა და ამის გამო, ხშირად იწვევდნენ ტელევიზიებში როგორც ექსპერტს საფრანგეთის პოლიტიკის თემაზე.
დარიას კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო ბერძენი ფილოსოფოსის პლატონის იდეების გავლენის შესწავლა ძველ სამყაროზე. შესაძლებელია, რომ სწორედ მისი გავლენით დაუმატა საკუთარ გვარს პლატონოვა.დარია დუგინა ასევე ცნობილი იყო როგორც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის აქტიური მხარდამჭერი. 2022 წლის ივლისში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დარია დუგინა (პლატონოვა) სანქციების სიაში შეიყვანა, უკრაინაში კონფლიქტის შესახებ "დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“. იხილეთ სრულად