როგორ ცხოვრობს ავღანეთი "თალიბანის“ დაბრუნებიდან ერთი წლის შემდეგ - კვირის პალიტრა

როგორ ცხოვრობს ავღანეთი "თალიბანის“ დაბრუნებიდან ერთი წლის შემდეგ

ავღანეთიდან ამერიკისა და ნატოს ჯარები გასულ წელს გავიდნენ და ქვეყანაზე კონტროლი ექსტრემისტულმა დაჯგუფება "თალიბანმა" დაიბრუნა. როგორც კი ავღანეთიდან საერთაშორისო კოალიციური ძალების გასვლა გადაწყდა, ექსტრემისტები გააქტიურდნენ, მოგვიანებით კი სამთავრობო ძალებს ინტენსიურად შეუტიეს და რამდენიმე დღეში რამდენიმე ქალაქი, ხოლო ზოგიერთი პროვინცია რამდენიმე საათში აიღეს. მალე რადიკალურმა დაჯგუფებამ დედაქალაქიც დაიკავა. ქაბულში მათ შესვლას ქაოსი და პანიკა მოჰყვა. ავღანელებისა და უცხოელების დიდი ნაწილი აეროპორტისკენ დაიძრა, ისინი ოჯახების სამშვიდობოს გაყვანას ცდილობდნენ. განსაკუთრებით დიდი საფრთხე შეექმნათ იმ ავღანელებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებში იყვნენ დასაქმებული, ამიტომ სასწრაფოდ გარბოდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში ქაბულში შედარებით უსაფრთხო ადგილი აეროპორტი იყო, სადაც ათასობით კაცმა მოიყარა თავი. ნაწილმა ქვეყნიდან წასვლა მოახერხა, უმრავლესობა კი "თალიბანის" რეჟიმის პირისპირ დარჩა. როგორც ავღანელი აბდულა აფზალი­ ამბობს, ამ ერთი წლის განმავლობაში ათასობით ავღანელმა სცადა ინდოეთში, პაკისტანში, ირანსა და სხვა ქვეყნებში გადასვლა. ზოგს გაუმართლა, ბევრი კი უკან დააბრუნეს. ამ ერთი წლის განმავლობაში ავღანეთში ეკონომიკურმა, ფინანსურმა და ჰუმანიტარულმა კრიზისმა უკიდურეს ზღვარს მიაღწია. ფაქტობრივად, არ არსებობს სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტების მარაგი ამოიწურა. ქალებსა და მოზარდ გოგონებს სამედიცინო მომსახურების მიღება მალულად, ხშირად ჯანმრთელობის დაკარგვის ფასად უწევთ, რადგან "თალიბანის" კანონის თანახმად, ქალს მამაკაც ექიმთან ვიზიტი ეკრძალება, ექიმი ქალი კი ძნელი საპოვნელია - მათ ან მუშაობა აუკრძალეს, ან ქვეყნიდან გაიქცნენ. კატასტროფულად იმატა ბავშვების სიკვდილიანობამ. მოქალაქეთა დიდი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა, მძიმეა მათი უფლებრივი მდგომარეობა.

- მე ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობდი და "თალიბანის"­ შემოსვლის შემდეგ ჩემი იქ დარჩენა სიკვდილს ნიშნავდა. როდესაც განსაცდელი ჩნდება, ადამიანები გამოსავლის ძიებას, გადარჩენისთვის ბრძოლას ვიწყებთ, მით უფრო, რომ უკვე საუკუნეზე მეტია, ავღანელები გაჩენის დღიდან გადარჩენისთვის იბრძვიან. მას შემდეგ, რაც ამერიკისა და ნატოს ჯარები გავიდნენ, ხალხმა პაკისტანში დაიწყო გადასვლა. ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა არასდროს ყოფილა, მაგრამ შარშან ერთბაშად ათასობით ავღანელმა სახლ-კარი და სამსახური დაკარგა. "თალიბანი" უკვე ყველგან იყო. მათი ლიდერები ვითომ შედარებით ჰუმანურ დამოკიდებულებას იჩენდნენ, ვიდრე ადრე, მაგრამ მათი მეომრებისგან, რომლებისთვისაც ცივილიზაცია "კალაშნიკოვით" იწყება და მთავრდება, ჰუმანიზმი, ადამიანის უფლებები, სხვისი საკუთრება ფუჭი სიტყვებია. შეცვივდნენ ყველგან, სადაც მოასწრეს. ბევრს სააბაზანო, ტუალეტი და მსგავსი რამეები ნანახიც არ ჰქონია და რამდენიმე დღეში ყველა დაწესებულება, სადაც კი შევიდნენ, გააპარტახეს. მანამდე ბავშვებსა და მოზარდებს დაერივნენ. თითოს სამი, ოთხი ან ხუთი "ცოლი" ჰყავდა. ამ მხრივ ვითარება არც ახლა შეცვლილა. ბევრი ბავშვს ღარიბი ოჯახისგან ყიდულობს.

- თქვენი ოჯახის წევრები იქ დარჩნენ?

- და და ნათესავები. ზოგი "თალიბანს" უჭერდა მხარს, მიაჩნდა, რომ დასავლეთმა ქვეყანას კარგი არაფერი მოუტანა, რადგან ქალები თავს გავიდნენ. აღიზიანებდათ საჭესთან მჯდომი, საქმიანი, სატელევიზიო გადაცემებში ან თანამდებობაზე მომუშავე ქალები. მათი აზრით, ქალის საქმეა შვილის გაჩენა, გაზრდა და კაცის მომსახურება. ასე აღზარდეს, ეს ჩაუნერგეს და ასწავლეს. ავღანელი ქალი ყოველთვის უუფლებო იყო, ის მამაკაცს, მამას, ძმებს, ნათესავებს და შემდეგ ქმარს ეკუთვნის.

იმ პერიოდში, ჩემს დას ქმარი ახალი გარდაცვლილი ჰყავდა. ორივე ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო ცენტრში მასწავლებლებად მუშაობდნენ. ჩემი და ინგლისურს ასწავლიდა, სიძე - ისტორია-გეოგრაფიას. ის "თალიბანის" შემოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე სიმსივნით გარდაიცვალა. ჩემს დას მკლავზე ქმრის სახე და პუშტუს ენაზე მისი სახელი ჰქონდა ამოტვიფრული. შარშან, როგორც ყველგან, მათ ცენტრშიც შეცვივდნენ და იქაურობა მიანგრ-მოანგრიეს. პროექტორი საიდუმლო მოწყობილობად ჩაუთვლიათ, ესე იგი, ამერიკას და ნატოს ინფორმაციას გადასცემთო და დაწესებულების დირექტორი დახვრიტეს. რამდენიმე თანამშრომელი ჯერ ციხეში დაამწყვდიეს, შემდეგ აწამეს და ინფორმაციის დამალვისთვის დახვრიტეს. 15-ზე მეტი კაცი პროექტორის გულისთვის მოკლეს. ჩემს დას მკლავზე ტატუ უპოვეს და დასავლური მოდის მიმდევრობისთვის მკლავი მოაჭრეს. სხეულის მოხატვა ავღანეთში მიღებულია, მაგრამ ადამიანის­ სახის დახატვა დაუშვებელია. დიდხანს იბრძოდა სიცოცხლისთვის, რადგან ინფექცია შეეჭრა. ექიმბაშები უვლიდნენ, რადგან თალიბებმა ქაბულის საავადმყოფოში, უფრო სწორად, მისგან დარჩენილ დაწესებულებაში მისვლისა და მკურნალობის უფლება არ მისცეს...

- დასავლური მედია წერს, რომ 2001 წელთან შედარებით განსხვავებული ვითარებაა.

- არ ვიცი, რას გულისხმობენ... მაზარი-შარიფში მობილური ტელეფონის ქონისთვის 16 წლის გოგონა მოკლეს, მამამისი კი იმის გამო, რომ თავისი ქალები ვერ "გააკონტროლა", გაამათრახეს.

მხოლოდ რამდენიმე ექიმი ქალი მუშაობს სამედიცინო დაწესებულებაში, ისიც მხოლოდ სამშობიაროში, იმიტომ, რომ ავღანელ ქალს მამაკაც ექიმთან ვიზიტის უფლება არა აქვს. "თალიბანის" დაბრუნების პირველ დღეებში ასობით მშობიარე ქალი და ჩვილი დაიხოცა მხოლოდ იმიტომ, რომ დროულად ვერ მიიღეს სამედიცინო დახმარება. რამდენი ქალი მოკვდა სხვადასხვა დაავადებით, ბევრი იმიტომ მოკლეს, რომ ექიმის დახმარებას ან დასავლური მედიისთვის ხმის მიწვდენას ითხოვდა. რადიკალების დაბრუნებამ ყველაზე მეტად ქალები დაჩაგრა. მათგან ითხოვენ, რომ მოსიარულე გვამები იყვნენ, უუფლებო ტყვეები. მე ორი ქალიშვილი და ორი ვაჟი მყავს. ჩემი უცხოელი მეგობრების დახმარებით იმიტომაც წამოვედი ავღანეთიდან, რომ ვიცოდი, ან ყველას დაგვხოცავდნენ, ან შიმშილით სიკვდილი გველოდა.

ავღანეთში დარჩენილები ამბობენ, რომ შიმშილით სიკვდილი მუდმივ სროლაზე უარესია. ასე რომ, ვერ ვხვდები, რას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, ახლა "თალიბანი" შედარებით ჰუმანურიაო. რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია თანახმაა მედიკამენტებით დაეხმაროს ქვეყანას, მაგრამ არა, შარიათის კანონი თურმე ყველაფერზე ძვირფასია. მოლა, რომელიც დასავლეთის ძალებსა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკებას აწარმოებდა, სასტიკად აწამეს, ჯერ ცხვირი მოაჭრეს, შემდეგ კი ენა, გაპარსეს და ბოლოს მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობდა მშობლებისთვის ბავშვების განათლების მნიშვნელობა აეხსნა. რამდენიმე სასულიერო პირი ემუქრებოდა, შარიათის კანონებს ნუ არღვევო, სინამდვილეში გავლენის დაკარგვას ვერ ეგუებოდნენ. "თალიბანსა" და აი-სი-სი-სთან, რომელიც ამ ბოლო დროს ბევრად დასუსტდა, მალულად თანამშრომლობდნენ და ტერაქტებსაც ერთად გეგმავდნენ. შესაბამისად, რადიკალების დაბრუნების შემდეგ პროგრესულად მოაზროვნე მოლებს დაესხნენ თავს, ზოგი მაშინვე მოკლეს, ზოგი სამაგალითოდ დასაჯეს. ეს დღემდე გრძელდება.

აფეთქებები ახლაც ხდება. უბრალოდ, ახლა სტატისტიკას არავინ აწარმოებს. გოგონებს სკოლაში სიარული აუკრძალეს, ბურკის ჩაცმას აიძულებენ. ურჩებს სცემენ ან კლავენ. ასე იქცეოდნენ 1996-2001 წლებშიც, თუმცა ახლა განსხვავება ის არის, რომ ყველანაირი საერთაშორისო ფინანსური, ჰუმანიტარული დახმარებები შეწყვეტილია და "თალიბანის" ლიდერებს თავისიანებიც აუჯანყდნენ. ნაწილი ითხოვს, ადამიანის უფლებების დაცვაზე იზრუნონ და ამით მსოფლიოს მხარდაჭერა მოიპოვონ. სხვები ფიქრობენ, რომ ეს შარიათის კანონებს ეწინააღმდეგება და ქალები წამოყოფენ თავს. გამათრახების შიშითა და ავტომატის ლულის პირისპირაც კი ისინი ცდილობენ იბრძოლონ განათლებისა და მუშაობის უფლების ხელახლა მოსაპოვებლად.მათ ქუჩაში მარტო გასვლა არ შეუძლიათ. საკმარისია გოგონა ან ქალი მამაკაცის გარეშე შენიშნონ და შეუძლიათ გაუფრთხილებლად ესროლონ შარიათის კანონის დარღვევისთვის. მაისიდან გამოვიდა ბრძანება, რომ ქალმა მთლიანად უნდა დაიფაროს სახე. ახლახან ქალებმა ქაბულის ცენტრში აქცია გამართეს, საკვებს, სამუშაოსა და თავისუფლებას ითხოვდნენ. რამდენიმე მათგანს პროტესტის ნიშნად ჩადრიც არ ჰქონდა. "თალიბანის" "ხელისუფლებამ" მათ დასაშლელად გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი კონდახებით სცემეს და ფეხებში ტყვიებიც მიაყოლეს... ახლა ავღანეთში ყველაზე დიდი პრობლემა შიმშილია. ავღანეთის ე.წ. დემოკრატიულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას 2000-იანი წლების დამდეგიდან მართავდა,­ ეკონომიკის განსავითარებლად არაფერი გაუკეთებია. როდესაც ყველაფერი დაიხურა, რამდენიმე კვირაში ქვეყანა კატასტროფამდე მივიდა. მაღაზიები ან არ მუშაობს, ან ცარიელია. ჰიგიენის ნივთებზე ნადირობაა გამოცხადებული. ქაბულშიც კი, რომელშიც სხვა ქალაქებსა და პროვინციებთან შედარებით განსხვავებული ვითარება იყო, სტაბილურად დენი და წყალიც კი არ არის, არადა, "თალიბანის" დაბრუნების შემდეგ პროვინციების მოსახლეობის დიდი ნაწილი დედაქალაქს მიაწყდა, რადგან მეზობელი ქვეყნებიდან რაღაც გზებით მაინც შემოდის ცოტაოდენი მედიკამენტი, სურსათი და ჰიგიენის ნივთები, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. პროვინციებში ბავშვები იხოცებიან. ბევრ ოჯახს უმცროსი შვილების გაყიდვა უწევს 300-500 ავღანად, რათა დანარჩენი ბავშვები გამოკვებონ.

- გაყიდულ ბავშვებს რა ბედი ეწევათ?

- უმეტესად მოსამსახურეებად ზრდიან. ყოველდღე უამრავი საცოდაობის შესახებ ვიგებთ და ვრწმუნდებით, რომ ასეთ პირობებში ავღანელებს მომავალი არა აქვთ.

"თალიბანის" ლიდერები და მათი რეჟიმის­ მომხრეები ისევ ოპიუმისა და ჰეროინის ბიზნესზე არიან ორიენტირებული. ჩემი ნათესავი, რომელიც მათი რეჟიმის­ მომხრე იყო, ელექტრიკოსად მუშაობდა და წუწუნებდა, დაბალი ხელფასის გამო ოჯახს ვერ ვარჩენო. შარშანდელს მერე სულ უმუშევარი დარჩა. სამბორბლიანი მოტოციკლი ჰყავდა, რითაც თავისუფალ დღეებში ტაქსაობდა, ახლახან გაყიდა, რომ ოჯახთან ერთად სადმე წასულიყო. ირანში ჩამოვიდა, მაგრამ ახლა აქაც კრიზისია და ვერაფერი იშოვა. "თალიბანის" მოსვლიდან მალევე აქ უამრავი ავღანელია ჩამოსული. მე ჩემი და ვერ ჩამოვიყვანე, არ არის პირობები და შესაძლებლობა, თან ჯანმრთელობაც არ უწყობს ხელს. სამი შვილი ჰყავს და არ ვიცი, რას აკეთებს იმისთვის, რომ შიმშილით არ დაიხოცონ. ვიცი, რომ უფროსი ბიჭები ტკბილეულს ამზადებენ და ქუჩაში ყიდიან. შარშან ამას 12-13 წლის ბავშვებს ძალიან მძიმე შრომად ჩავუთვლიდი, ახლა კი შეღავათია, რადგან დღის ბოლოს პურის ყიდვას შეძლებენ.