როგორ იღებენ უცხოელები საქართველოში ცხოვრების უფლებას და რა სჭირდებათ მათ ამისთვის? - კვირის პალიტრა

როგორ იღებენ უცხოელები საქართველოში ცხოვრების უფლებას და რა სჭირდებათ მათ ამისთვის?

საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. საინტერესოა, რატომ სურთ უცხოელებს საქართველოში დამკვიდრება მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედი უცხოეთშია? უმრავლესობა საქართველოში ცხოვრების მიზეზად ქვეყნის სტაბილურობას, ზომიერ კლიმატსა და თავისუფალ მეწარმეობას ასახელებს, თუმცა უცხოელთა უმეტესობა იმ მიწის ნაკვეთებზე შრომობს, რომლებიც ქართველებმა გაყიდეს, დანარჩენი კი, ძირითადად, წვრილ ბიზნესში, კერძოდ, ვაჭრობაშია დასაქმებული. ინდოეთიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან ჩამოსულებს ხშირად შეხვდებით თბილისის მეტროს, მიწისქვეშა გადასასვლელებისა თუ ბაზრობების ტერიტორიაზე, სადაც ისინი ე.წ. ლილოს პროდუქციით ვაჭრობენ და საქართველოში მცხოვრებ თავიანთ ოჯახებს არჩენენ, მათი შვილები კი ქართულ სკოლებში სწავლობენ. ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, მიგრაციის ზრდას არასტაბილურობა და ომები განაპირობებს. მაგალითად, 2015 წელს, სირიის კრიზისის პერიოდში, საქართველოში თავშესაფრის საძიებლად მასობრივად დაიძრნენ სირიის მოქალაქეები, დღეს კი თავშესაფრის მაძიებელთა უდიდესი ნაწილი უკრაინელია. გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელი რუსი მოქალაქეების რაოდენობაც, თუმცა მათგან ჯერჯერობით არც ერთს რაიმე სტატუსი არ მიუღია. საქართველოს მოქალაქის სტატუსის მიღების გართულებული კანონმდებლობა 2015 წელს შემუშავდა, რის მიზეზადაც ქვეყანამ ლტოლვილების შენახვის მწირი რესურსი დაასახელა. საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად უცხოელი საქართველოში 10 წელი უნდა ცხოვრობდეს, ან ხუთი წლის დაქორწინებული იყოს საქართველოს მოქალაქეზე. საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელებს სამი დროებითი სტატუსი ენიჭებათ: ლტოლვილის, ჰუმანიტარული და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფის. რომელიმე ამ სტატუსის მიღება რამდენიმე თვისა და შესაბამისი პროცედურების შემდეგ შეიძლება.Eექსპერტების აზრით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ხელს უწყობს შუამავალთა აგიტაციაც, რომლებიც საკუთარი ქვეყნებიდან მძიმე პირობების გამო წასვლის მსურველებს საქართველოში კეთილდღეობასა და ამოსუნთქვას, ან საქართველოდან ევროპაში იოლად ჩასვლას ჰპირდებიან. მართალია, ეს ასეთი ადვილი არ არის და ამაში უცხოელებიც რწმუნდებიან, მაგრამ, ამის მიუხედავად, საქართველოში მოხვედრის შემდეგ მაინც აქ ცხოვრებას ირჩევენ. ზოგიერთი ორგანიზაცია სახელმწიფოს სტატუსის გაცემის დაყოვნებაში ადანაშაულებს. მათი თქმით: "სახელმწიფო ცდილობს, ხელოვნური ბარიერებით გაცხრილოს საქმეები, რასაც ხშირად დისკრიმინაციამდე მივყავართ: საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემაზე უარი, მაშინ როცა კანონი ამის უფლებას იძლევა, უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე საქმეების დაბლოკვა, საქმის განხილვის ვადების გაჭიანურება და ა.შ. მსგავსი რამ თავშესაფრის მაძიებელ პირებთან დაკავშირებით ხშირად ხდება". ამის მიუხედავად, საქართველოში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა მაინც იზრდება.

როგორ იღებენ უცხოელები საქართველოში ცხოვრების უფლებას და რა სჭირდებათ მათ ამისთვის? გვესაუბრება სსიპ "საქართველოს იურიდიული სამსახურის" დირექტორის მოადგილე ნინო მელაძე:

- ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი­ უცხოეთში მიემგზავრება, საქართველოში­ თავ­შესაფრის საძიებლად ჩამოსულ უცხოე­ლთა რაოდენობა კი იმატებს, რაც დამაფიქრებელია. რა პროცედურების გავლა სჭირდებათ უცხოელ მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში დასამკვიდრებლად?

- უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართონ და მოითხოვონ ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფის სტატუსი. მიმართვის მიზეზი სხვადასხვაგვარია. ძირითადად, ეს არის საფუძვლიანი შიში, რომ შესაძლოა მშობლიურ ქვეყანაში დევნის მსხვერპლი გახდნენ რელიგიური თუ ეროვნული მიკუთვნებულობის, პოლიტიკური შეხედულების, შეიარაღებული კონფლიქტის გამო. მიმართვის განაცხადი დაუყოვნებლივ რეგისტრირდება და პირს ეძლევა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა, რის შემდეგაც, 10 სამუშაო დღეში, თავშესაფრის მაძიებელსა და მისი ოჯახის სრულწლოვან წევრებთან ინდივიდუალური გასაუბრება ინიშნება. საერთაშორისო დაცვის მინიჭების შესახებ განაცხადი ექვსი თვის მანძილზე განიხილება, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს ვადა შეიძლება 21 თვემდეც გაგრძელდეს. ყველა დოკუმენტისა და მტკიცებულების შეგროვებისა და შესწავლის შემდეგ შსს იღებს გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების ან უარის თაობაზე.

- უარს როდის ვეუბნებით?

- როდესაც განმცხადებლის მითითებუ­ლი ფაქტები არ დასტურდება მტკიცებულებებით. მაგალითად, თუ ვერ დადგინდა­ რელიგიური კუთვნილების ნამდვილობა, თუ თავშესაფრის მაძიებლის ანკეტირება-გასაუბრების დროს მიწოდებული ინფორმაცია ურთიერთსაწინააღმდეგოა და ა.შ. თავშესაფრის მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სახელმწიფო უსაფრთხოების გამო და ა.შ.

- უარის შემთხვევაში უცხოელი მოქალაქის დეპორტაცია რამდენ ხანში ხდება?

- სტატუსის მაძიებელ პირს შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილება ერთი თვის მანძილზე გაასაჩივროს იურიდიულ სამსახურში. მათ ამის უფლებას საქართველოს­ კანონმდებლობა ანიჭებს. მიუხედავად იმისა,­ არიან თუ არა გადახდისუნარიანი, ისინი­ საქართველოს სახელმწიფოს ხარჯით აგროვებენ შესაბამის დოკუმენტებს, იღებენ­ იურიდიულ კონსულტაციასა და ადვოკატის მომსახურებას, თუ თავად არ სურთ ადვოკატის ზოგადი წესით არჩევა.

- უარის გამო ყველაზე ხშირად რომელი ქვეყნის მოქალაქეები მიმართავენ სასამართლოს?

- ძირითადად, ერაყის, ირანის, ინდო­ეთის, ბანგლადეშის, პაკისტანის, კონგოს, შრი-ლანკის და ა.შ. მოქალაქეები. მაგალითად, 2021 წელს იურიდიული დახმარებისთვის 320-მა პირმა მოგვმართა, 2022 წლის ექვსი თვის მონაცემებით კი - უკვე 175-მა.

- ლტოლვილის სტატუსის შესახებ საზოგადოებამ ასე თუ ისე იცის. რას ნიშნავს ჰუმანიტარული სტატუსი?

- ეს საერთაშორისო დაცვის სტატუსია­ და იმ პირს ენიჭება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სატატუსის პირობებს, თუმცა სამშობლოში დაბრუნებისას რეალური საფრთხე ემუქრება. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები ჩვენს ქვეყანაში სამწლიან საიდენტიფიკაციო მოწმობას იღებენ, რომელიც ავტომატურად გრძელდება, ჰუმანიტარული სტატუსი კი ყოველწლიურად ხელახლა განიხილება და აუცილებლობის შემთხვევაში გრძელდება.

- რამდენ ხანში ან როგორ ხდება საქართველოდან იმ უცხოელთა დეპორტაცია, რომლებსაც სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ?

- გაძევების გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, 10 სამუშაო­ დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა­ სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას­ უცხოე­ლის საქართველოდან გაძევების ან გაძევების გადავადების თაობაზე. გაძევების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პირს საქართველოს დასატოვებლად ეძლევა ვადა 10-დან 30 დღემდე. მან ჩვენი სახელმწიფო­ ბიუჯეტის ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს. თუკი პირი ქვეყანას ნებაყოფლობით არ დატოვებს, გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებას აღასრულებს მიგრაციის დეპარტამენტი.

- მაშინაც კი, თუ პირს სამშობლოში საფრთხე ემუქრება?

- არა, რა თქმა უნდა! დაუშვებელია პირის იმ სახელმწიფოში გაძევება, სადაც მას სდევნიან, ან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

რეკორდული მაჩვენებელი

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა უახლოესი სამი თვის (მარტი, აპრილი, მაისი) მონაცემები გაავრცელა. ამ სამ თვეში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უცხოეთის 441 მოქალაქე დარეგისტრირდა, რაც დროის ამ მონაკვეთისთვის­ რეკორდული მაჩვენებელია. მათგან 242 უკრაინის მოქალაქეა, 34 - რუსეთის, 48 - ირანის, 44 - თურქეთის, 11 - ეგვი­პტის­. 441-დან ლტოლვილის სტატუსი რვა უცხოელმა მიიღო. მათ შორის ოთხი ავღანეთის მოქალაქეა, ერთი - ეგვიპტის, ერთი - სირიის, ორი კი - დაუდგენელი­ მოქალაქეობის. ჰუმანიტარული სტატუსი მიაკუთვნეს­ 201 უცხოელს, მათ შორის, უმეტესობა - 185 უკრაინის მოქალაქეა, შვიდი­ - ავღანეთის,­ სამი - იემენის, სამი - სირიის.სტატუსზე უარი ეთქვა 238 მოქალაქეს. მათგან 13 - რუსეთის, 97 - ირანის,­ 38 - იორდანიის, 20 - ერაყის და 19 თურქეთის მოქალაქეა. ამავე პერიოდში საქართველოდან გააძევს უცხოეთის 53 მოქალაქე.