"ამერიკული პენსიის მერე საქართველოში ფეხს ფეხზე გადავიდებ და მშვიდად ვიცხოვრებ!" - კვირის პალიტრა

"ამერიკული პენსიის მერე საქართველოში ფეხს ფეხზე გადავიდებ და მშვიდად ვიცხოვრებ!"

"...ძალიან საინტერესოდ ვიცხოვრეთ... თხუთმეტი წლის განმავლობაში მსოფლიოს წრე თხუთმეტჯერ დავარტყით... წიგნი საინტერესო იქნებოდა, მაგრამ არ მიყვარს, ვიჯდე და ვწერო... თუ ვინმე დაინტერესდება, მოვუყვე და დაწეროს - დიდი სიამოვნებით!" - ამბობს ყველასთვის საყვარელი მსახიობი ცუცა კაპანაძე, რომელიც ნიუ-იორკიდან გვესაუბრა.

- საქართველოში ჩამოსვლას ძალიან მოკლე ვიზიტებით ვახერხებ და ადამიანების მაქსიმალურად მოფერებას ვცდილობ... ხალხის დიდ სიყვარულს ვგრძნობ, "პა-სეანსის" მაყურებელს ისევ ვახსოვარ. მეც ჩემს ქვეყანაში ყველა და ყველაფერი მიყვარს! კარგიც ბევრი გვაქვს და ნაკლიც, მაგრამ უპირველესად თავად უნდა გამოვსწორდეთ. პოლიტიკის გამო ერთმანეთი არ უნდა ვლანძღოთ.

- დღეს რუსეთის გამოა ყველაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობა... თქვენ რუსეთზე არასოდეს გილაპარაკიათ...

- პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ რუსეთი ჩემთვის ოკუპანტი მანამ იქნება,­ სანამ ჩვენს ტერიტორიებს არ დააბრუნებს! რომ ვთქვა, მთელი რუსეთი მეზიზღება და ადამიანებს­ პატივს არ ვცემ-მეთქი, ძალიან ცუდი ნათქვამი იქნება, რადგან ძალიან ბევრი რუსი მეგობარი მყავს, მათ შორის ისინი, ვინც საქართველოში ცხოვრობენ. მათ უყვართ საქართველო და ამისთვის უდიდეს პატივს ვცემ! პოლიტიკის გამო ადამიანები ერთმანეთს ვერ შევიძულებთ. მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ყოველდღე ვლოცულობ, ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს. აფხაზეთსა და სამაჩაბლოს აუცილებლად დავიბრუნებთ, ის ჩატეხილი ხიდიც აღდგება, რაც არსებობს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს შორის...

- უკრაინელ ხალხზე რას იტყვით?

- ნიუ-იორკში ახლა ძალიან ბევრი უკრაინელია, მეზობლებიც მყავს... რა თქმა უნდა, ძალიან მეცოდებიან. ვიცი, საქართველოში რამდენი უკრაინელი ლტოლვილი ჩამოვიდა. ისინი გულთბილად მიიღეს და უდიდესი დახმარებაც გაუწიეს, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის სიტყვ­ებმა კი ძალიან გული მატკინა - გვადანაშაულებს, რომ თურმე ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. მადლობა უფალს, ჩვენმა ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა და ჩვენთან მეორე ფრონტი არ გაიხსნა... ომში ჩართვა უკიდურესად დაგვაზარალებდა და ვეღარც გადავრჩებოდით, ამხელა ვეშაპი ქვეყანა ჩაგვყლაპავდა. უმადურობა ყველაზე დიდი ცოდვაა! ელჩის მოვალეობის შემსრულებლის სიტყვები სწორედ რომ უმადურობა და დაუნახაობა იყო და ძალიან მიკვირს, რომ არ პასუხობენ... მე ვერავის გულისთვის ჩემს ოჯახს ვერ გავწირავ და ჩემი ქვეყანა იგივე ჩემი ოჯახია... როცა რუსეთ-საქართველოს­ ომი იყო, უკრაინამ ჩვენთვის რა გააკეთა?­ უკრაინის პრეზიდენტი ჩამოვიდაო და წასულიყო საქართველოს პრეზიდენტი, ვინმემ დაუშალა?­ ქალბატონი სალომე ყველგან დადის... ახლაც არ დამორჩილებოდა პარლამენტს და წასულიყო! უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ევროკავშირის წარმომადგენლების თანდასწრებით რომ ასეთ შეურაცხყოფას გვაყენებს, ჩემთვის ძალიან მტკივნეული და მიუღებელია!.. ამერიკიდან ქართველი ემიგრანტებისგან უკრაინაში ტონობით ტვირთი გაიგზავნა. მე რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც ამერიკაში ვიყავი და უკრაინულ ემიგრაციას იგივე არ გაუკეთებია... მადლობა გვეკუთვნოდა ამ ერთ ციდა, გაჭირვებულ ქვეყანას! ელჩი რომ გაიწვიეს, ეს ისევ მათი ძალიან დიდი სირცხვილი იყო! ელჩი კი არა, თუნდაც ყველა გაიწვიონ! ვისაც არ უნდა ჩვენთან ახლობლობა, დაიხუროს ქუდი და წავიდეს! რა თქმა უნდა, ძალიან მეცოდებიან, ამდენი ხალხი რომ გაუბედურდა და ქვეყანა სასაკლაოს დაემსგავსა. ეს ცოდვები რუსეთს მკაცრად მოეკითხება! არის რუსეთში მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც თავისი ხელისუფლების გამო რცხვენია. რუსეთი სადაც შედის, ყველას ტერიტორიას იტაცებს...

- ოდესმე შემოუთავაზებიათ პოლიტიკაში მონაწილეობა?

- არასოდეს და არც სურვილი მქონია... ძალიან ბევრ პოლიტიკოსს უთქვამს, მათთვის რეკლამა გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უარს ვამბობდით. პოლიტიკოსებთან ვმეგობრობდით, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ჩვენს პრინციპებს არ ვღალატობდით... როდესაც ედუარდ შევარდნაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, საარჩევნო კამპანიაში­ "პა-სეანსიც" იყო, მაგრამ ჩვენ ბატონი ედუარდისგან მითითება გვქონდა, რომ მისი სახელი და გვარი არ უნდა გვეხსენებინა. მხოლოდ უნდა გვეთქვა, რომ ხალხი არჩევნებზე მოსულიყო. ხმას ვის მისცემდნენ, მათი გადასაწყვეტი იყო.

- თქვენ თვითონ თავისუფლად არჩევის საშუალება გქონდათ?

- რა თქმა უნდა! ჩვენს გადაცემას არასოდეს არავინ შეხებია... 16 წლის წინ ამერიკაში რომ ექსტრაორდინარი გავაკეთე, იმის დამსახურებაა, რომ შევარდნაძისგან ღირსების ორდენი მივიღე - ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარმადგინა. როდესაც ექსტრაორდინარის საბუთებს ავსებ, ამერიკისთვის საჭირო ადამიანი უნდა იყო. მე მეწერა, რომ ქვეყნის პირველი პირისგან­ უმაღლესი ჯილდო მქონდა მიღებული და ეს ჯილდო ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის.

- კრიტიკაც ისმოდა ამის გამო...

- დიახ, და რამდენიმე მსახიობმა ღირსების ორდენი უკან დააბრუნა, მაგალითად, ცხონებულმა ნოდარ მგალობლიშვილმა... ვისაც არ უნდოდა, არც მიიღო, ჩემთვის კი ეს ძალიან საამაყოა... ვინც უნდა იყოს, იგი იმიტომ გაჯილდოებს, რომ შენი საქმიანობით შენს ხალხს სიამოვნება მიანიჭე და შენი საქმე დაფასდა! ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე 35 წელი ვიდექი... წელს ტექნიკური უნივერსიტეტის - 100, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდიის 70 წლის საიუბილეო თარიღია და აუცილებლად ჩამოვალ!

- სამშობლოში როდის დაბრუნდებით?

- ხუთ წელიწადში... მინდა ამერიკაში ჩემი შრომით დამსახურებული პენსია ავიღო, მერე კი ფეხს ფეხზე გადავიდებ და ჩემს უსაყვარლეს ქვეყანაში მშვიდად ვიცხოვრებ!

თეატრ-სტუდიაში­ 1977 წლიდან ვიყავი. ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძე იყო. მისი დამსახურებაა, რომ სპექტაკლებით მთელი მსოფლიო მოვიარეთ. მხოლოდ ამერიკაში ოთხჯერ ვიყავით, პირველად - 1988 წელს, მერე კი იყო იაპონია, ინგლისი, ფინეთი, გერმანია...­ თითქმის მთელი ევროპა... არაჩვეულებრივი სპექტაკლები გვქონდა: რეზო გაბრიაძის­ "უცხო ჩიტი", ლაშა თაბუკაშვილის "ათვინიერებენ მიმინოს", რომელიც იაპონიაში­ წავიღეთ და გრან-პრი აიღო... მერე გერმანიაში დაიდგა და იქაც გრან-პრი მოიპოვა... სპექტაკლში "ხანუმა" ჩვენთან ერთად ელენე­ ყიფშიძე თამაშობდა. ბედნიერება იყო ამხელა მსახიობთან ერთად სცენაზე დგომა... მოსკოვის უნივერსიტეტში ტარდებოდა თეატრალური ფესტივალი, სადაც სპექტაკლი "ფიროსმანი" წარვადგინეთ და გრან-პრი ავიღეთ, უნივერსიტეტს ვაჯობეთ! ასევე იყო სხვა სპექტაკლებიც, მაგალითად, ჯოვანინის "ღმერთმა შექმნა ადამიანი", სადაც მე ბებიას ვთამაშობდი და თეატრალურ ფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის დამაჯილდოეს; ამ სპექტაკლს თავად ავტორი ჯოვანინი ესწრებოდა, რომელიც აღფრთოვანებას ვერ მალავდა. შემდეგ დაიდგა რეზო კლდიაშვილის "იადონას თეატრი", ლაშა თაბუკაშვილის "დარაბებს მიღმა გაზაფხულია". ძალიან საინტერესოდ ვიცხოვრეთ. თხუთმეტი წლის განმავლობაში მსოფლიოს წრე თხუთმეტჯერ დავარტყით...