„არც კი ვიცი, რა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ჩემზე ბოროტ ხმებს ავრცელებს, მე მათ დიდი ხანია ვაპატიე...“ - კვირის პალიტრა

„არც კი ვიცი, რა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ჩემზე ბოროტ ხმებს ავრცელებს, მე მათ დიდი ხანია ვაპატიე...“

"ვნატრობ იმ დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა­ უფრო კეთილი და მიმტევებელი გახდება, როცა ადამიანები ერთმანეთს არ განიკითხავენ და არ შეურაცხყოფენ!" - გვითხრა მუსიკოსმა ზურა ხაჩიძემ, რომელიც რამდენიმე წელია, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილეა. მას არაერთ მტკივნეულ საკითხზე ვესაუბრეთ.

- საუბარი მნიშვნელოვანი­ თემით დავიწყოთ: რუსი ტურისტების ნაწილი პროვოკაციულად და გამომწვევად იქცევა. თქვენ რას ფიქრობთ ამ პრობლემაზე?

- არ ვიცი, სხვა ქალაქებში რა ხდება,­ მაგრამ ბოლო თვეებში ხშირად ჩავდივარ ბათუმში და ჩემს ირგვლივ მსგავს ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, გამომწვევი მოქცევა და საქართველოში რუსული დროშის აფრიალება დაუშვებელია, სტუმარმა პატივი უნდა სცეს იმ ქვეყანას, სადაც ისვენებს, მაგრამ მე მსგავსი არაფერი მინახავს. საქართველოში არიან ტურისტები სხვა ქვეყნებიდანაც და ჩემთვის სულერთია, პროვოკაციულად ვინ მოიქცევა - რუსი, თურქი, არაბი თუ ირანელი. ყველას ვეტყვი, რომ საქართველო, უპირველესად, ქართველებისაა; მობრძანდნენ, დაისვენონ და მერე თავიანთ სამშობლოში დაბრუნდნენ. ამას შოვინიზმის გამო არ ვამბობ, ქართველებს ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ სტუმარი ღვთისაა, ოღონდ სტუმარმაც თავისი ადგილი უნდა იცოდეს.

- ლოგიკურია შიში, რომ რუსებს შორის შეიძლება პროვოკატორებიც იყვნენ?

- მე მომღერალი ვარ, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან პასუხსაგებ თანამდებობაზე­ ვმუშაობ, ამიტომ ზუსტად ვიცი, როგორ მკაცრად კონტროლდება საქართველოს საზღვრები, როგორ შრომობენ ჩვენი­ სპეცსამსახურები, რომ ქვეყანაში საეჭვო ხალხი არ შემოვიდეს. ის ხალხი, ვინც დღეს ამ საკითხით სპეკულირებს, ხელისუფლებაში­ ყოფნისას გვიმტკიცებდა, ფულს სუნი არ ასდისო. ისინი რუს ტურისტებს საქართველოს­ საზღვართან ღიმილით ხვდებოდნენ და ეპატიჟებოდნენ, ახლა კი მათგან მოსალოდნელ საფრთხეზე ყველაზე მეტს ლაპარაკობენ. მე ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები არავითარ შემთხვევაში­ არ შემოუშვებენ აქ მტრულად განწყობილ ხალხს. იმათ, ვინც პროვოკაციულად იქცევა, საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი, რომ დაპირისპირება არ მოხდეს. მათ შორის ისეთი­ ხალხიცაა, ვინც რეჟიმს დაუპირისპირდა და თავის ქვეყანაში აღარ დაედგომება. ამ დღეებში საოცარი სიუჟეტი ვნახე "ტიკ-ტოკზე": ასეულობით რუსეთის მოქალაქე იდგა თბილისში, პირველი სკოლის წინ და რუსულ ოკუპაციას გმობდა. ასეთი ხალხი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც აღიარებს და ჩვენც პატივს გვცემს.

- თუმცა ახლა ტურისტული სეზონია და რთულია გარჩევა, ვინ არის მათ შორის ნამდვილი ტურისტი, ვინ - პროვოკატორი და ვინ გამოექცა პუტინის რეჟიმს...

- საეჭვო ადამიანებს სპეცსამსახურები მიხედავენ. გეთანხმებით, რომ ახლა ტურისტული სეზონია და ამ სეზონზე არაერთი ქართული­ ოჯახის ბედია დამოკიდებული. ალბათ, ყველას გვინდა, რომ ქართველი კაცი დაპურებული იყოს. ტურიზმი გადამწყვეტი სფეროა არა მხოლოდ ამ სფეროს მუშაკებისთვის, არამედ ხელოვანებისთვისაც. გავიხსენოთ, როგორ მდგომარეობაში ვიყავით კოვიდის დროს, რა დღეში იყო ის ხალხი, ვისაც მუსიკის გარდა შემოსავალი არსაიდან აქვს! ალბათ, ისიც გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ როგორი დაძაბული ურთიერთობა იყო რუსეთსა და თურქეთს შორის. მაშინ რუსეთმა თავის მოქალაქეებს თურქეთის კურორტებზე წასვლა აუკრძალა და თურქებს ტურისტული სეზონი ჩაუვარდათ. მათი პროდუქცია აღარ იყიდებოდა და ერდოღანი იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა. ჩვენც, თუ გვინდა, რომ საქართველო ტურისტული ქვეყანა იყოს, სერიოზულ აკრძალვებს ვერ დავაწესებთ. მე მგონი, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, ჩამოვიდეს და ჩვენს კურორტებზე დაისვენოს. მე ნებისმიერი შოვინისტური და ფაშისტური გამოხდომის წინააღმდეგი ვარ. მაშინ არც გერმანელები შემოვუშვათ, რადგან ჩვენს პაპებს ეომებოდნენ...

- როგორ ახერხებთ თქვენი თანამდებობის შეთავსებას მუსიკასთან?

- ძალიან იოლად: "ქუჩის ბიჭებისთვის"­ ყველაზე დატვირთული ივლის-აგვისტოა და არ მიჭირს, სამსახურის შემდეგ ბათუმში ჩავიდე, სადაც კონცერტები გვიან ღამით იწყება, თანაც შვებულების უფლება ყველას გვაქვს. სამცხე-ჯავახეთის ბედი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბორჯომში გავიზარდე. ძალიან ბევრი ტურისტია ჩამოსული. ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. მაქსიმალურად ვცდილობთ, იმ დაფინანსებით, რაც ცენტრალური ხელისუფლებიდან გვაქვს, ყველაფერი გავაკეთოთ. მეამაყება, რომ ახლახან ბორჯომში გავხსენით სკვერი, რომელსაც ჩემი მეგობრის - ზურა დოიჯაშვილის სახელი ჰქვია. ის ნახევრად ბორჯომელი იყო და ეს გადაწყვეტილება ბორჯომის მუნიციპალიტეტმა მიიღო­. ზურა დოიჯაშვილი და მამუკა ონაშვილი ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, ორივეს გარდაცვალება ძალიან განვიცადე და ორივე ძალიან დამაკლდა. მათგან ბევრი რამ ვისწავლე...

- ალბათ, ბევრი ოპონენტი გყავთ. როგორ იღებთ მათ კრიტიკას?

- ჩემი ოპონენტები ხშირად მაკრიტიკებენ, მაგრამ კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ. როცა რაღაცას სამართლიანად­ შეგისწორებენ, ეს მისაღებია, მაგრამ უსა­ფუძვლო შეურაცხყოფას და დამცირებას კრიტიკას ვერ ვუწოდებ. ადრეული ასაკიდან შევეჩვიე, რომ ასეთ ხალხს ყურადღება­ არ უნდა მივაქციო. ჩადით ბორჯომში, ნახეთ ახალციხე, აბასთუმანი, ახალქალაქს­ და ადიგენსაც ესტუმრეთ და ნახავთ, რამდენი რამ გაკეთდა და ახლაც კეთდება. დანარჩენი ხალხმა განსაჯოს, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით. ვიღაც არაფრის გამო შეურაცხყოფას რომ მაყენებს, რატომ უნდა მივაქციო ყურადღება და ვუპასუხო?!

- აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენს მეუღლეზე - ხათუნა ჟორდანიაზე, რომელმაც რთული დაავადება დაამარცხა. თქვენს ოჯახს თითქმის მთელი საქართველო გულშემატკივრობდა! როგორ გაუძელით ამ დიდ განსაცდელს?

- ჩემი ოჯახი ყურადღების ცენტრში მაშინვე მოექცა, როგორც კი დავქორწინდით. აბსურდულ რაღაცებს მაბრალებდნენ, ავრცელებდნენ ხმებს, რომ ის ცოლად ანგარების მიზნით მოვიყვანე... ამის გახსენება არ ღირს, მაგრამ ვისაც ხათუნა იმ წლებში ახსოვს, დამიდასტურებს, რომ ულამაზესი იყო! ახლაც ძალიან ლამაზია... მერე ჩვენი ანასტასია გაჩნდა, მაგრამ მაინც უკვირდათ, რომ ერთად ვიყავით. ათი წლის შემდეგ სატელევიზიო გადაცემა "სიმართლის დროში" მივიღე მონაწილეობა. სიცრუის დეტექტორმაც კი დამიდასტურა, რომ ის ცოლად სიყვარულით მოვიყვანე. უკვე 20 წელია ერთად ვართ და ვიღაცებს მაინც უკვირთ, რატომ... რამ გადაგვარჩინა? უპირველესად, ერთმანეთისა და ჩვენი შვილების სიყვარულმა, ამავე­ დროს - სრულიად უცხო ადამიანების თანადგომამ და მათმა ლოცვამ! სწორედ ამას ვუმადლი, რომ ხათუნა ახლა კარგად არის - ეს არის ჩემი პასუხი თქვენს შეკითხვაზე. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი სიხარული გველოდება, მაგრამ არც კი ვიცი, რა უნდა ვუთხრა მათ, ვინც ჩვენზე ბოროტ ხმებს ავრცელებდა და დღესაც ავრცელებს. ჩემი აზრით, ეს სიყვარულისა და მორალის არმქონე ხალხია. მე მათ დიდი ხანია ვაპატიე, მეტიც - ვლოცულობ, ღმერთმა გონება გაუხსნას და სიყვარულის ნიჭი მისცეს.

ხათუნა ჩიგოგიძე