„გამოდის, სიტუაციას ვეგუებით და მშვიდობის სურვილით ვნიღბავთ ჩვენს უმოქმედობას“ - კვირის პალიტრა

„გამოდის, სიტუაციას ვეგუებით და მშვიდობის სურვილით ვნიღბავთ ჩვენს უმოქმედობას“

"გურიაში მშვიდობას ყოველთვის დიდი ადგილი ეჭირა. პირველი სადღეგრძელო გურულებს მშვიდობაზე გვაქვს, მაგრამ იმდენად უმნიშვნელო არ ყოფილა, რომ მარტო სადღეგრძელოში ჩარჩენილიყო და გადავიდა ხელოვნებაში, ერთ-ერთი ურთულესი სიმღერა გურულებს "ჩვენ მშვიდობა" გვაქვს. ჩვენთან ყოველთვის კარგად ესმოდათ მშვიდობის ფასი და ასეცაა მანამ, სანამ არ დადგება პრობლემა თავისუფლების, პრობლემა არჩევანის თავისუფლების", - ამბობს მარტოკაცის სახელით ცნობილი დამიანე გორდელაძე. რაში ხედავს პრობლემას გურული მარტოკაცი, როგორ უყურებს ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ამის შესახებ დამიანე გორდელაძესთან საუბრისას შევიტყობთ.

- 14 წლის წინ ჩვენ ჩვენს თავისუფლებას ვიცავდით. ამ ბრძოლაში გმირები ჩვენთვის დაიღუპნენ, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის. 14 წელი გავიდა და ზოგიერთი დღესაც ამბობს, ამ ომის თავიდან არიდება შეგვეძლოო და ვიღაც-ვიღაცებს ადანაშაულებენ. ხალხო, მაშინ ამ ლოგიკით ყველა ქართველი მეფე უნდა გავასამართლოთ, რომელთა დროსაც შემოსევები იყო საქართველოში. როგორ ვერ აირიდე შენ, ერეკლე მეფე, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა?! დავით აღმაშენებელო, თურქ-სელჩუკები რომ შემოდიოდნენ, როგორ დაუშვი, რომ მტერი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულიყო?! რა ლოგიკაა ამაში?! მტერს მიზეზი სჭირდება, რომ დაგიპყროს და დევნილად აქციოს შენი მოქალაქეები?! ვინც ამბობს, რომ 2008 წლის ომი საქართველოს ბრალია, ის საკუთარი ქვეყნის მავნებელია. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა დავიცვათ სახელმწიფო ინტერესები, ჩვენი მიწა, თავისუფლება, თორემ კაპიკი არ იქნება ჩვენი ფასი.

შევეგუეთ, რომ რუსები ყოველთვიურად მიწის ათეულობით მეტრს გვართმევენ, საზღვრისპირა სოფლებიდან ჩვენს თანამემამულეებს იტაცებენ, აწამებენ და ხოცავენ?! ნუთუ თავს იმით ვინუგეშებთ, რომ საქართველოს დანარჩენ ნაწილში ჯერ ვერ ვხედავთ ტანკებს?! ნუთუ კითხვები არ გვებადება, რომ დამპყრობელი ქვეყნიდან ყოველგვარი ფილტრის გარეშე შემოედინება ამდენი ადამიანი?! ვიღაც მეტყვის, ეგენი ტურისტები არიანო, მაგრამ რა ვიცით, რომ მართლა ტურისტები არიან?! გამოდის, სიტუაციას ვეგუებით და მშვიდობის სურვილით ვნიღბავთ ჩვენს უმოქმედობას. იმის ძახილში, აბა, ომი გინდათო, შეიძლება თვალსა და ხელს შუა დავკარგოთ თავისუფლება. თავისუფლებას მხოლოდ მაშინ ხომ არ კარგავ, როდესაც მტერი ცეცხლით და მახვილით შემოიჭრება, სახელმწიფოებრიობას გაგიუქმებს და კისერზე ჯაჭვს დაგკიდებს?! თავისუფლების დაკარგვაა ისიც, რომ ჩემი ქვეყნის ეკონომიკა სხვა ქვეყანაზეა დამოკიდებული. მე, როგორც ერთ მოქალაქეს, ძალიან მაშფოთებს ქვეყანაში რუსული ფქვილის შემოტანის ამბავი. რა გამოდის, ქართველებს პურს რუსები გვაჭმევენ?! თუ მხოლოდ რუსების პურზე, გაზსა და შუქზე ვიქნებით დამოკიდებული, ძალაუნებურად აღმოვჩნდებით მათი გავლენის სფეროში. ერთ დღესაც გავიღვიძებთ და მივხვდებით, რომ ტყუილად გვიბრძოლია 30 წელი. ჩვენი გმირების სისხლიც ფუჭად დაღვრილა, მამა-პაპის სისხლითა და ოფლით მოტანილი ისტორია თვალსა და ხელს შუა გავანიავეთ. აი, ამის გაცნობიერების მერე როგორ უნდა ვიცხოვროთ?!

martokaci-iona-1661076505.jpg

- არსებობს სხვა გზა, გამოსავალი, შესაძლებლობა და ჩვენ ამას არ ვიყენებთ?

- გამოსავალი არის. ჯერ უნდა გავერკვიოთ და შევთანხმდეთ, თუ ვინ არის მტერი და ვინ მეგობარი. მაგალითად, მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ძალიან მაინტერესებს, მტერი სახელმწიფოდან დაუსრულებლად რომ მოედინება ხალხი, ისინი ჩემი მტრები არიან თუ მოკეთეები. მაინტერესებს, მაგრამ არავინ მეუბნება. მეც მინდა ვიცოდე, რა ხდება ჩემს ქვეყანაში, მტერი შემოდის თუ მოყვარე, მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ და მაქვს ამის უფლება. მეტი ფილტრაცია და მეტი გამჭვირვალობაა საჭირო.

არსებობს რაიმე დოკუმენტი, წერილობითი პირობა, რომ აგრესორი ქვეყნიდან შემოსული ადამიანი არ იზიარებს საკუთარი ხელისუფლების პოლიტიკას და საქართველოს რუსეთის ვასალად არ განიხილავს? მაგალითად, ვიცი, რომ ერთ-ერთი ბანკი რუს ტურისტს არ მოემსახურება, თუ ის ხელს არ მოაწერს განაცხადს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებული. მსგავს პირობას საზღვარზეც რომ აწერდნენ ხელს, კარგი იქნებოდა. მე მინდა ვიცოდე, რომ რუსეთიდან შემოსული მოქალაქე ნამდვილად ტურისტია, დაათვალიერებს ჩემს ქვეყანას, დაისვენებს და წავა.

- ფიქრობთ, რომ თუ რუსეთიდან დივერსანტი შემოვიდა ის ასეთ დოკუმენტზე ხელს არ მოაწერს?

- საქმე ისაა, რომ ეს ხელწერილი ძირითადად იმპერიალისტური იდეების მატარებელი რუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. დივერსია და დივერსანტები სპეცსამსახურების სამუშაოა და მსგავსი დოკუმენტით მათ ვერ გავაჩერებთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველი მეორე რუსი მენტორული ტონით და მედიდური იერით არ მელაპარაკებოდეს და არ მარწმუნებდეს, რომ რუსეთი კარგია და თურმე საქართველო გადაარჩინა. ბოლოს და ბოლოს, აქ შემომავალი რუსების უმრავლესობას ხომ ვაღიარებინეთ, რომ რუსეთი ოკუპანტია?!

- გურულების განწყობა როგორია, რას ფიქრობენ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე?

- გურია, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონები, თითქმის დაცლილია ახალგაზრდებისგან. უმთავრესად შუახნისა და შუახანს გადაცილებულები დარჩნენ. არიან ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირი ენატრებათ და ისევ ძველი სტერეოტიპებით ცხოვრობენ. ჰგონიათ, რუსეთი მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფოა, რომ უნდოდეს 5 წუთში დაიპყრობს საქართველოს, ამიტომ ლეკვივით ფეხქვეშ უნდა გავეგოთ, არ გავაღიზიანოთო. მთავარი პრობლემა ობიექტური ინფორმაციის ნაკლებობაა.

- თქვენი შეხედულებით, ენის მოჩლექის პოლიტიკას ალტერნატივა აქვს?

- ალბათ, უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები, რისი დათმობა შეიძლება რუსებისთვის და რისი არა. თუ რუსეთის გაღიზიანებისა და ომის შიშით ყველაფერს დავთმობთ, ქვეყანას დავკარგავთ, მტვრად ვიქცევით. ბოლოს და ბოლოს, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, დიპლომატები და პოლიტიკოსები გვყავს, იმუშაონ და აგვარიდონ რუსული საფრთხე. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთმანეთს რუსეთის აგენტები და უსამშობლოები კი არ უნდა უძახონ, უნდა დაილაპარაკონ, ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენონ პარტიულ და პირად ინტერესებზე წინ, სახელმწიფოებრივი შეგნებით მიუდგნენ საქმეს და გამოსავალს აუცილებლად იპოვიან. ხელისუფლებას სალაპარაკო აქვს როგორც ხალხთან, ასევე ოპოზიციასთან.

- გასულ თვეებში თბილისში ერთიმეორის მიყოლებით რამდენიმე დიდი აქცია გაიმართა­ - 20 ივნისს, 24 ივნისსა და 3 ივლისს. თქვენ თუ მონაწილეობდით რომელიმე აქციაში?

- რა თქმა, უნდა. აქციაზე ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მივედი.

- როგორ ახსნით იმას, რომ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გამოსული ხალხი ოპოზიციამ ვერ მართა?

- უნდობლობით. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ იმდენი ლანძღეს ერთმანეთი, ისე ამოსვარეს ლაფში და ორივემ იმდენი შეცდომა დაუშვა, ხალხი აღარც ერთს ენდობა და აღარც მეორეს. ეს ძალიან ცუდია.

- როდესაც არც ხელისუფლება და არც არსებული რეალობა მოგწონთ, როგორ წარმოგიდგენიათ მისი შეცვლა, თუ არც ოპოზიციას ენდობით?

- ძნელია თქმა, ჩიხში ვართ.

- ოპოზიციის ერთი ნაწილი სექტემბრიდან დაუმორჩილებლობას აანონსებს. თქვენ თუ მიიღებთ მონაწილეობას?

- მე ასე ვცხოვრობ - ვაკეთებ იმას, რასაც გული მიკარნახებს. როცა რამე მაწუხებს, შინ დარჩენა არ შემიძლია. 20 ივლისს აქციაზე იმიტომ მივედი, რომ ჩემი შვილებისთვის ევროპული ცივილიზაცია, ევროპული განათლება და ევროპული მომავალი მინდა. მე მეგობრები ხელისუფლებაშიც მყავს და ოპოზიციაშიც, თუ რამე შემაწუხებს, ვერც ხელისუფლებაში მყოფი მეგობრების გამო დავრჩები შინ და ვერც ოპოზიციონერი მეგობრების გამო გამოვალ აქციაზე. შევხედავ, თუ იტყვიან რაიმე კონკრეტულს, გულზე მოსახვედრს, გავალ. მეგობრებისა და ავტორიტეტების გამო ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, როდესაც საქმე ჩემს ქვეყანას და ჩემი შვილების მომავალს ეხება.

ხათუნა ბახტურიძე