ორი საკურორტო რომანი 27 წლის შუალედით - კვირის პალიტრა

ორი საკურორტო რომანი 27 წლის შუალედით

პუტჩი, აფხაზეთ-სამაჩაბლოს ომები და ათასი უბედურება ახალგადატანილი იყო, თუმცა ქვეყანაში შავ-თეთრი დღეები უსასრულოდ გაგრძელდა და როდის დასრულდებოდა, არავინ უწყოდა. ხალხი ხელისუფლებისგან გამოცხადებულ გვირაბის ბოლოს გამოჩენილ სინათლეს ეძებდა, მაგრამ ვერ პოულობდა, თუმცა მაინც არსებობდა იმედი, რომ ადრე თუ გვიან დასრულდებოდა უგაზობის, უშუქობის, უწყლობის რთული პერიოდი და პროდუქტებზე ტალონებიც აღარ იარსებებდა. აი, ასეთ, ერთი შეხედვით, უპერსპექტივო დროს გაიცნეს ერთმანეთი გურულმა დიტომ და ზაპოროჟიელმა ოქსანამ. დიტოს ფეხი აწუხებდა. აფხაზეთის ომში რომ წავი­და­ (უფრო სწორად, გაიპარა), 21 წლისა იყო. იქ დაიჭრა და ორი ოპერაციის მერეც­ გამუდმებით სტკიოდა. ექიმებმა ურჩიეს, ყურისძირში გაქვს ურეკის გასაოცარი ქვიშა, წადი და იქ დაისვენეო... 1995 წელი იყო. ოქსანა 10 წლის წინ საქართველოში გათხოვილ დეიდაშვილს ესტუმრა, მასპინძლებმა კი სტუმარი ზღვაზე წაიყვანეს და ურეკში დიტოსა და ოქსანას გზებიც გადაიკვეთა.

ამბობენ, საკურორტო რომანები ხანმოკლეაო, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. ქვიშაში კისრამდე ჩაფლულმა დიტომ წყლიდან ამოსული ოქსანა რომ დაინახა, თვალთ დაუბნელდა. 19 წლის ზაპოროჟიელი გოგონა საოცრად ლამაზი იყო - ტანწერწეტა, ქერა და მწვანეთვალება, თუმცა არც დიტო გახლდათ ურიგო ბიჭი. რაღა ბევრი გავაგრძელო - გულწრფელი ემოციებისა და ყურადღების შემდეგ მათ შორის მალევე გაიბა უხილავი სიმები. ოქსანა ისეთი აღტაცებული იყო ნაომარი ქართველი ვაჟკაცით, რომ ახლობლების შეგონებისთვის, კარგად დაფიქრდი, ჩვენს ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და გაგიჭირდებაო, ყურადღება არ მიუქცევია.

დიტოს დედამ, ცისანამ, თავდაპირველად გურული ქალის ჩვეული მანერით შეიცხადა უკრაინელი სარძლო: ტიტუუ, რად მინდა უკრაინელი და მისი კარგი აღნაგობა,­ რაის გამკეთებელია მაგი ოჯახში, კერია მაქვს თუ სამოდელო სახლიო, მაგრამ დიტომ კატეგორიულად განაცხადა, ან ოქსანა იქნება ჩემი ცოლი, ან არავის შევირთავო და დაყარა ფარ-ხმალი სადედამთილომ, მერე კი ერთადერთი ძვირფასი სამკაულიც - ლალისთვლიანი ოქროს ბეჭედი, რომელიც თავის დროზე დედამთილმა აჩუქა, სარძლოს გადაულოცა. ოქსანამ ისეთი ფხა გამოიჩინა, ბევრი განაცვიფრა: ძროხასაც წველიდა, ყველიც ამოჰყავდა, გურული კერძების კეთებაც ისწავლა, სახლ-კარიც მუდამ დაწკრიალებული ჰქონდა. დედამთილისა და მთელი სანათესაოსთვის საფიცარი რძალი გახდა. დიტომ სამშენებლო ბიზნესი წამოიწყო და გაუმართლა, ოქსანა­ კი საოჯახო საქმეში იყო ჩაფლული და სულაც არ აწუხებდა, რომ თავისი ოცნება, გამხდარიყო ექიმი, ვერ აიხდინა, თუმცა მოგვიანებით სამედიცინო სასწავლებელი მაინც დაამთავრა და როცა სამივე შვილი წამოზარდა (ერთი ვაჟი და ორი გოგონა), საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა. გავიდა წლები. ოქსანა არაჩვეულებრივი დედაც იყო და პროფესიონალი მედდაც. სოფლად ვისაც კი რამე გაუჭირდებოდა, ყველა იმ გახმაურებული საკურორტო რომანის მთავარ გმირს უხმობდა. ისეთი კეთილი და დაუზარელი იყო, რა დროც უნდა ყოფილიყო, მაშინვე გაჭირვებულის დასახმარებლად მიდიოდა. მთელ რაიონში იცნობდნენ და პატივს სცემდნენ უკრაინელ რძალს. 27 წლის შემდეგ ოქსანა გურული უფრო იყო, ვიდრე - ზაპოროჟიელი. ზაპოროჟიეში დავიბადე და 19 წელი ვიცხოვრე, საქართველოში კი 27 წელია ვცხოვრობ და აქ ჩამომიკალიბდა ხასიათიც და თვისებებიცო, ამბობდა. დიახ, ჩამომიკალიბდაო, რადგან ყ-ს წარმოთქმა ვერა და ვერ შეძლო, რის გამოც მთელი ოჯახი ძალიან მხიარულობდა და გამუდმებით ამეორებინებდნენ ფრთიან სავარჯიშოს: "ბაყაყი წყალში ყიყინებს". მის მოსმენას არაფერი სჯობდა, როცა დავაჟკაცებულ თორნიკეს მოძღვრავდა: მომისმინე, ნენა... აქეთ-იქით რომ აცეცებ თვალებს აბორიალებული მოზვერივით, იცოდე, სხვა ჯიშის ქალი არ მეიკვანო ცოლად. ქართველი მინდა რძალი და არ დამაღალატო. ამ ჩვენს კურორტებზე უამრავი რუსია ჩამოსული და არ გამომჭრა კელიო... კი, მაგრამ შენ და მამამაც ხომ კურორტზე გაიცანით ერთმანეთი, შენ რაის ქართველი ხარო? - იცინოდა 25 წლის თორნიკე, მაგრამ ოქსანა ბრაზობდა, მე აღარ ვარ უკრაინელი, გურული ვარ, გეიგეო?.. მაგრამ როდის იყო, სიყვარული ნორმებსა და წესებს ცნობდა ან ემორჩილებოდა? მეგობრებთან ერთად ბათუმში წასულმა­ თორნიკემ, მამამისის მსგავსად, უკრაინიდან ჩამოსული გოგონები გაიცნო და მათგან ერთ-ერთს, ლვოველ ვეროჩკას დაადგა თვალი. სულ ერთი კვირა საკმარისი აღმოჩნდა, რომ თოკოს და ვეროჩკას შორის სიყვარულის კოცონი აგიზგიზებულიყო. ბიჭმა იცოდა, რომ მისი უკრაინელი დედა მხოლოდ ქართველ სარძლოს მიიღებდა, ამიტომ მეგობრები მიუგზავნა ოქსანას. იმანაც ისე შეიცხადა თავისი თანამემამულე სარძლო­, გურული ქალები ჩამოიტოვა. ერთი თმა არ გაუშლია, თორემ არაფერი დააკლო: ვაი, ნენააა, რამდენს გეჩიჩინებოდი, უცხო არ მეიკვანო-თქვა და მაინც მოგკავს... რა ვქნათ ახლა, რავა შეეგუება ის ლვოველი ქართულ ადათ-წესებსო?.. რომ აღარ დაამთავრა მოთქმა-გოდება,­ ნათესავებს შორის ერთ-ერთი მართლა გურულად გაკუჭდა: კაი ახლა, ოქსანა, ნუ გამეიდე თავი, რომელი აქაური შენ მყავხარ? ან თავიდან შენ რა იცოდი? ხარს და ძროხას ვერ არჩევდი ერთმანეთისგან, მარა ხომ ისწავლე ყოლიფერი, რომ დაგჭირდა? ასთე იქნება ისიც... ნათქვამია, კვიცი გვარზე ხტისო და მაგ შენს თოკოსაც ისევე შეუყვარდა ის უკრაინელი ბაღანა, როგორც დიტოიემ შეგიყვარა შენ. მორჩი ახლა და გაშალე სუფრა, დააცხვე შენი გემრიელი ხაჭაპურები, ახალგაზრდებს უნდა დავხვდეთ, როგორც წესიაო.

გაისუსა ოქსანა. ჰოდა, სხვა გზა რომ აღარ დარჩა, სუფრაც კარგი გაუშალა ლვოველ პატარძალს, გულშიც თბილად ჩაიკრა და ის ლალისთვლიანი ბეჭედიც, ესტაფეტასავით რომ გადაეცემოდა თაობიდან თაობას, იმ დღესვე წამოაცვა თითზე.

27 წლის წინანდელი საკურორტო რომანის შესახებ ჩემი გურული ნათესავებისგან ვიცოდი, დიტოსა და ოქსანასაც ვიცნობ, მეორე საკურორტო რომანის თაობაზე კი, რომელიც ამ ერთი თვის წინ დაგვირგვინდა დაოჯახებით, სულ ახლახან გავიგე და თქვენც გიამბეთ. ახლა დედამთილი­ ოქსანა აცხადებს, სულაც არ მინდა რძლის დახმარება, კოლიფერს მე გავაკე­თებ, ოღონდ ისთე უკვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე და ჩემს დიტოს. ბაღნები რომ ეკოლებათ, იმათ გაზრდაშიც დავეხმარები, გურულ ადათ-წესებს კი შევაჩვევ და შევაკვარებო... აი, ასე! ორი საკურორტო რომანი 27 წლის შუალედით ოჯახების შექმნით დაგვირგვინდა. მართლაც და, სიყვარულს რას გაუგებ?!