ლისის ტბა უცხოელების სიმცირეს არ უჩივის - კვირის პალიტრა

ლისის ტბა უცხოელების სიმცირეს არ უჩივის

დედაქალაქში მყოფთათვის განტვირთვისა და დასვენების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ლისის ტბაა. ალბათ, გაინტერესებთ, ვინ სტუმრობენ მას და როგორ ისვენებენ...

ლისის ტბაზე დაახლოებით საღამოს ექვს საათზე ავედი. მანქანის გასაჩერებელ ადგილზე დამხმარე პერსონალმა მითხრა, რომ უმრავლესობა სწორედ ამ დროს იწყებს­ მოსვლას, მერე კი, რაც უფრო აგრილდება, ხალხიც უფრო იმატებს. ღამით მხიარულება და ჟივილ-ხივილი პიკს აღწევს. მოდიან ბავშვების გასასეირნებლად, გასართობად, ტბაში საბანაოდ, სავარჯიშოდ, შინაური ცხოველების გასასეირნებლად, ნაყინის მისართმევად. აქაურობა უცხოელების სიმცირეს არასდროს უჩიოდა, მაგრამ წელს მათი უჩვეულო სიმრავლეა.

მკითხველს მინდა გამოვუტყდე, რომ ბავშვები განსაკუთრებულად მიყვარს და თუ ჩემს ფოტოობიექტივში ყველაზე მეტი სწორედ ბავშვი მოხვდა, მჯერა, გამიგებენ.

როგორც კი სამანქანო ზონას გავცდი, პირველი თანამოსაუბრეებიც ვიპოვე - დედა-შვილი იულია და ნიკიტა.

- ჩვენ უკრაინიდან, ხერსონიდან ვართ. უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოში ჩამოვედით. აქაურობა მოგვწონს - ვერთობით და ვცურავთ, წყალი სუფთაა და თბილი. მოგვწონს აქაური კლიმატი და ხალხი - მომღიმარი და თბილი...

eka7-1661079467.jpg

- რა არ მოგწონთ?

- უფრო გულმოდგინედ მივალაგებდი აქაურობას...

დედა-შვილს დავემშვიდობე და გეზი ბავშვების გასართობი სივრცისკენ ავიღე. ხტოდნენ, სრიალებდნენ, კისკისებდნენ... თვალს, ყურსა და გულს უხაროდა მათი დანახვა, მაგრამ რატომღაც უცხოელები უფრო იოლად დამთანხმდნენ ფოტოების გადაღებაზე, ვიდრე აქაურები.

ჩემ წინ ახალგაზრდა წყვილი შევნიშნე, ძაღლს მიასეირნებდნენ.

- ბელგოროდიდან ვარ, - მითხრა გოგონამ, - როგორ შეიძლება ლისზე გასეირნება არ მოგეწონოს?! აქაურობა მშვენიერია: ბუნება, წყალი, მზე... საქართველოში ყველაზე მეტად მომწონს აქაური პოლიცია. კეთილგანწყობილები, ხალხს არ ავიწროებენ, ყველას კარგად ექცევიან, თავაზიანები და ყურადღებიანები არიან. კიდევ აქაური ავტობუსები მომწონს და ისიც, ტრანსპორტში ადგილს რომ უთმობენ მოხუცებს.

eka6-1661079467.jpg

ანიტა და მატეო ტყუპია. ეს ნამცეცები გადაღებაზე ყაბულს იყვნენ, თუმცა დედას ხელი არაფრით გაუშვეს.

მათი დედიკო ანი: - ლისი გასასეირნებლად შესანიშნავი ადგილია. წელს აქ უცხოელების განსაკუთრებული სიმრავლეა, თუმცა მარტო აქ არა. ბათუმიდან ახლახან ჩამოვედით და იქ რუსული ლაპარაკი უფრო ხშირად ისმის, ვიდრე ქართული... აქ სეირნობა ძალიან მოგვწონს. უცხოელიც და აქაურიც კარგად გრძნობს თავს. კარგი გარემოა, სიგრილეა, სიცოცხლე ჩქეფს...

სვლა განვაგრძე. ზოგი პინგ-პონგს თამაშობს, ზოგი ველოსიპედით სეირნობს, ზოგი ყავას მიირთმევს ფერად-ფერად კაფეებში, ზოგი ტრენაჟორებზე ებრძვის კალორიებს, ზოგი ჰამაკში ნებივრობს თვალებმილულული, ზოგიც კმაყოფილი სახით მოაბიჯებს ნაყინით ხელში... ჩემგან მარცხნივ მდელოა, სადაც პიკნიკის მოყვარულები სხედან და საღამოს მოახლოებასთან ერთად მათი რიცხვიც იზრდება. მათ შორის არიან ვიკა, ნაზი, მარი, სტელა.

eka5-1661079467.jpg

- თბილისელები ვართ, - ამბობს ვიკა, - ხშირად ვერ ამოვდივართ, მაგრამ ახლა თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა და გამოვისეირნეთ. განვითარებულა აქაურობა, ინფრასტრუქტურა, ბილიკები - ყველაფერი კარგად მოუწყვიათ, პატარ-პატარა რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები გახსნილა. წელს ბევრი სტუმარი ჰყავს ლისის ტბას, როგორც აქაური, ისე რუსი, არაბი, უკრაინელი... უკრაინის დროშებიც არის გამოფენილი... გადავწყვიტეთ, უფრო ხშირად ამოვიდეთ.

ამ გოგონებისგან მოშორებით, მწვანე­ მოლზე, მარიამი და მისი მეგობრები სხედან, იქვე ულამაზესი ჰასკი დარბის.

- აქ წელიწადის ყველა დროს მიყვარს ამოსვლა, ძაღლს ვასეირნებ... ჩვენი და უცხოელების გემოვნება ემთხვევა. ნახეთ, რამდენი სტუმარია! აშკარაა, რომ მათაც მოსწონთ აქ დასვენება, - ამბობს მარიამი.

გეზი სანაპიროსკენ ავიღე. ჩემ წინ ბაბუა შვილიშვილს მიასეირნებს. პატარას­ ეტყობა, რომ სეირნობა მოსწონს. ნაპი­რზეც ხალხმრავლობაა, ზოგი ცურავს, ზოგი შეზლონგზეა წამოკოტრიალებული და მზის ჩასვლას გასცქერის. ვლადი, ნასტია და მათი ორი მეგობარიც აქ არიან.

eka2-1661079466.jpg

ნასტია: - მოსკოვიდან ვართ. პირველად­ ამოვედით ლისზე. კარგი გარემოა. ახალი ჩამოსულები ვართ. მომეწონა საქართველო. ცხოვრების დონე არც ისე დაბალია.

- უფრო დაბალ დონეს ელოდით?

- ჩვენ საქართველოში სომხეთიდან ჩამოვედით და იქ, საქართველოსთან შედარებით, გაცილებით დაბალი დონეა.

ვლადი: - კარგი ბუნება, ღვინო, საკვები... მოგვწონს აქაურობა. არქიტექტურამ­ აღტაცებაში მოგვიყვანა... საქართველოში სტუმრობა ძალიან სასიამოვნოა.

- ამას წინათ რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ვესაუბრე, რომლებიც ადრეც ყოფილან აქ. წელს შვილიშვილი­ რატომ არ ჩამოიყვანეთ-მეთქი, ვკითხე და მიპასუხეს, ჩვენს ქალიშვილს შეეშინდა, ბავშვი­ მტრულად განწყობილ სახელმწიფოში­ გამოეტანებინაო. არ მომეცა საშუალება, მეკითხა, რატომ ფიქრობენ ასე. თქვენ რას ფიქრობთ?

eka3-1661079467.jpg

ნასტია: - ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, რადგან ამის საბაბი არ გვაქვს. აქ სამოქალაქო პოზიციის გამოხატვაც შეიძლება და ეს კარგია. ირგვლივ უკრაინული დროშებიც გვხვდება, რუსული წარწერებიც, სტუმართმოყვარეობა კი ყველას მიმართ ერთნაირია.

აბდულა და მისი მეუღლე არაბები არიან: - საქართველო ლამაზი ქვეყანაა. ხალხი თბილია, ყურადღებიანი, უფროსების პატივისმცემელი, ტრადიციების მიმდევარი, კეთილგანწყობილი. მომწონს აქაური ფასები, საკვები, მთები. საქართველო მართლაც სამოთხის ნაწილია დედამიწაზე...

eka4-1661079467.jpg

ჩემ წინ კისკისით მიმავალი გოგონები შევნიშნე. სამსახურის შემდეგ თავს განტვირთვის უფლება მივეცითო, მითხრეს და ლამაზთვალება პატარას გაეთამაშნენ, რომელიც საწოვარას არაფრით ელეოდა.

მზე ტბაში ჩასაშვებად მოემზადა, აქაურობა კი, როგორც ერთმა გამვლელმა მითხრა, მხოლოდ ახლა დაიწყებს გუგუნს.