"უკვე დიდები არიან, ვერ ეტევიან ერთ საწოლში, მაგრამ მაინც ერთად უფრო კარგად გრძნობენ თავს“ - კვირის პალიტრა

"უკვე დიდები არიან, ვერ ეტევიან ერთ საწოლში, მაგრამ მაინც ერთად უფრო კარგად გრძნობენ თავს“

ექიმები ამბობენ, რომ ოთხი ტყუპის დაბადება ძალიან იშვიათი მოვლენაა და ბათუმში მცხოვრები დიმა კოღუაშვილის ოჯახში 10 წლის წინ სწორედ ასეთი იშვიათი შემთხვევა მოხდა - მის მეუღლეს, ტყუპისცალ ნონა ვარშანიძეს, ოთხი შვილი­ შეეძინა: ანდრია, დემეტრე, ბარბარე და მაიკო. ტყუპს 21 წლის და ნინი და 8 წლის ძმა ალექსანდრე ჰყავთ. "ნათქვამია, ტყუპს ტყუპი არ ეყოლებაო. არ ეყოლება­ კი არა, მშობლების რეკორდი გავაორმაგე",­ - ღიმილით ამბობს ნონა ვარშანიძე. "კვირის პალიტრა" თვალს ადევნებს, როგორ იზრდება ტყუპი და წლებთან ერთად რა პრობლემების წინაშე დგებიან მათი მშობლები.

- ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგე, რომ ტყუპის დედა უნდა გავმხდარიყავი, მაგრამ არ მეგონა, რომ ოთხის ერთდროულად! საკეისრო კვეთით ვიმშობიარე.­ ბიჭები უფრო დიდი წონის დაიბადნენ: ერთი - 2 200, მეორე - 2 კგ, გოგონები კი - 1900-1900. უფროსი ქალიშვილი უკვე 21 წლისაა, ტყუპი ცოტა ხნის წინ 10-ის გახდა, ალექსანდრე კი მეხუთე ტყუპისცალს უდრის, რადგან ყველაფერში მათ ბაძავს... ინტერესები განსხვავებული აქვთ. ანდრია კარგად თამაშობს ფეხბურთს. დემეტრეც თამაშობს, მაგრამ ანდრიას უფრო გამოსდის. დემეტრეს ენები აინტერესებს. ალექსანდრეს მამამისის სამუშაო იარაღები იზიდავს, ნებისმიერ სამშენებლო ნარჩენს უპოვის ადგილს და გამოიყენებს. ძალიან კარგი ეზო გვაქვს, სადაც სხვა ეზოებიდანაც მოდიან ბავშვები სათამაშოდ და იქ თავისი ხელით გააკეთა ე.წ. ბაზა. დაამონტაჟა ხელის დასაბანი, თოკით შემოსაზღვრა ადგილი, სადაც მეგობრებს ეპატიჟებ\ა. უყვარს ჩაქუჩის კაკუნი... ძალიან უყვართ შინაური ცხოველები. ახლა ეზოში იპოვეს კატა და მთელი დღე დაატარებენ. გვყავს პატარა კუ კუსანა. ამ ზაფხულს დიდ დროს ატარებენ ეზოში. მეზობლებმა გავაკეთეთ ჩოგბურთის მაგიდა და ბავშვებს მოსწონთ. წრეზეც დადიან და უკვე ლამის პროფესიონალურ დონეზე დაიწყეს თამაში. ეზოში ფეხბურთსაც თამაშობენ...

- გოგონებს რა აინტერესებთ?

- გოგონებიც ამ საერთო გუნდის წევრები არიან. თქვენ წარმოიდგინეთ, მაიკოსაც კარგად გამოსდის ფეხბურთის თამაში. ერთი პერიოდი გოგონების ფეხბურთზე სიარულიც უნდოდა. ბარბარესაც აინტერესებს, მაგრამ მაიკოსავით - არა. თითოეული ბავშვი მეორეს ზრდის. რაიმე საინტერესო თუ აქვს რომელიმეს, მაშინვე სხვებიც გადაიღებენ. წელს აღმოვაჩინეთ, რომ ყველა ტყუპისცალმა ცურვა ისწავლა, დამოუკიდებლად. აქამდე ფეხქვეშ თუ მიწას ვერ გრძნობდნენ, ეშინოდათ, ახლა კი სიღრმეში შემოდიან, თუმცა მაინც ვფრთხილობთ...

tyupi6-1661080373.jpg

- ერთმანეთზე თუ ეჭვიანობენ?

- ძირითადად, ტყუპები ეჭვიანობენ, ალექსანდრესგან მსგავსი რამ არ მახსოვს. არ მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ ისეთ სიტუაციაში ვვარდები, ჩემს ტელეფონს ვათხოვებ ხოლმე­. სანამ ონლაინგაკვეთილები დაიწყებოდა, ტელეფონს არ მიჰკარებიან, მაგრამ მერე სხვა გზა არ იყო და ახლა ძლივს ელევიან, მერე კი იწყებენ წუწუნს, იმას უფრო მეტ ხანს ათხოვე, ვიდრე მეო... ერთხელ მე და ჩემი მეუღლე ადრიანად, 7 საათზე წავედით ზღვაზე. კი ვნერვიულობდი, მარტო რომ დავტოვე, მაგრამ შინ რომ მივედი­, თვალებს არ დავუჯერე: ხუთივეს გადაუნაწილებია ოთახები, საქმეები და სახლს ალაგებდნენ დიდი გულმოდგინებით. ერთს მტვერსასრუტი ჰქონდა ჩართული, მეორე იატაკს წმენდდა, მესამე ავეჯიდან მტვერს... ისე შეხმატკბილებულად და გუნდურად ალაგებდნენ, გავოცდით ორივე.

- ადრე მითხარით, როგორც უნდა დავაწვინო, ბოლოს საწოლში ერთად აღმოვაჩენო...

- ახლაც ასეა. შეიძლება დღე იდავონ, რაღაც ვერ გაინაწილონ, მაგრამ საღამოს მაინც ერთად უნდათ დაძინება. ცალ-ცალკე დააწვენ, მაგრამ რომელიღაც ადგება და გადაწვება. ამას ყველაზე ხშირად ანდრია აკეთებს, მერე კი დანარჩენებიც უბამენ მხარს. უკვე დიდები არიან, ვერ ეტევიან ერთ საწოლში, ზოგჯერ ხერხემალსაც ვერ ასწორებენ ნორმალურად, მაგრამ მაინც ერთად უფრო კარგად გრძნობენ თავს.

- სკოლაში როგორ არიან?

- ოთხივე ერთ კლასში სწავლობს. ანდრიას განსაკუ­თრებულად ეხერხება მათემა­ტიკა. რაღაცას რომ უხსნი, ბოლომდე არ გათქმევინებს­, ამოხსნის მეთოდებსაც თვითონ პოულობს. დანარჩენებს ვაკვირდებით, რა აინტერესებთ, თანდათან გამოავლენენ.

tyupi1-1661080372.jpg

- უფროს დაიკოსთან როგორი ურთიერთობა აქვთ?

- განსაკუთრებულად უყვართ. ნინი თითოეულის ფავორიტია.

- დაბადების დღე როგორ აღნიშნეს?

- ყველას თავისი პატარა ტორტი გამოვუცხვეთ და წავედით ჩაქვის "ოაზისში". არ გვინდოდა ძალიან ჩვეულებრივი დაბადების დღე გვქონოდა, ბუშტებით და ასეთი რაღაცებით, გვინდოდა ბავშვებს კარგად ემხიარულათ. ვიყავით აკვაპარკშიც და საღამოს ძალიან ბედნიერები დავბრუნდით.

- მოსწონთ, ტყუპი რომ არიან?

- ძალიან და ამბობენ, გვინდა, რომ გავიზრდებით ჩვენც ტყუპი გვყავდესო.