"ვუხსნი, ხალხი იმიტომ არ ცხოვრობს, რომ ელექტროენერგია არ არის-მეთქი, ხალხი თუ არ ცხოვრობს, მაშინ რა საჭიროა ელექტროენერგიაო? ვერაფერი გავაგებინეთ ერთმანეთს" - კვირის პალიტრა

"ვუხსნი, ხალხი იმიტომ არ ცხოვრობს, რომ ელექტროენერგია არ არის-მეთქი, ხალხი თუ არ ცხოვრობს, მაშინ რა საჭიროა ელექტროენერგიაო? ვერაფერი გავაგებინეთ ერთმანეთს"

"აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,

აღარც ფარ-შუბების ჭახანია,

მშველელს ელოდება რა ხანია

ბეჭებგაბზარული მუცო".

გელა დაიაური

პოეზიის მოყვარულები მას იცნობენ ლექსებით, ხალხური სიმღერის მოყვარულები - სიმღერებით, მთის მოყვარულები­ - ქართველობით, მუცოზე, შატილისა და ხევსურეთის სკოლებზე ზრუნვით, მაგრამ მის თავზე დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელ საქართველოს უფრო ახლოს გააცნო. მიუხედავად ყველაფრისა, გელა დაიაურს არც ლექსი მიუტოვებია, არც სიმღერა და არც მშობლიური მთები. ის დღესაც ამქვეყნიური საქართველოსთვის ისევე ცხოვრობს და ზრუნავს, როგორც იმ ქვეყნად გადასახლებული მისი პატარა ოჯახისთვის.…

- მე პირიქითა ხევსურეთიდან ვარ. დათვისჯვრის უღელტეხილზე როცა გადავდივართ, იქიდან იწყება პირიქითა ხევსურეთი, ჩრდილოეთი კავკასია. პირველი სოფელია ლებაისკარი, მეორე - კისტანი, მესამე და მეოთხე - გურო და გიორგიწმინდა. ყველა დაცლილია. მერე გვხვდება­ შატილი, პირიქითა ხევსურეთის ცენტრად აღიარებული, იმიტომ, რომ შატილში არის სკოლა, მედპუნქტი, სატელეფონო კავშირი...­ამჟამად შატილში დაახლოებით 10 კომლი ცხოვრობს, მუცოში - მკვიდრი სამი კომლი. შემდეგ მოდის ხონისჭალა. ზამთარში იქაც 2-3 კომლი თუ რჩება. მარჯვენა მხარეს არდოტია, 3-4 კომლით. გზას თუ პირდაპირ გავაგრძელებთ, გვხვდება ორი სოფელი, ანდაქი და არჭილო, სადაც აღარავინ ცხოვრობს. ხახაბოში კარგა ხანს ცხოვრობდა ერთი ბიჭი, მაგრამ ისიც წამოვიდა, იმიტომ, რომ წყალდიდობამ გზები და ხიდები­ დაანგრია... რომ გააყოლო­ თვალი სიგრძეზე, საზღვრის ახლოს, 40-45 კილომეტრზე, 20-25 ოჯახი ცხოვრობს. 11 სოფლიდან - ლებაისკარი, კისტანი, გიორგიწმინდა, გურო, შატილი, მუცო, ხონისჭალა, არდოტი, არჭილო, ანდაქი, ხახაბო - ნახევარი დაცლილია. მეშინია, როგორც სამაჩაბლოში, აქაც არ გადმოგვიწიონ საზღვარი.

ყველაზე მეტი ხალხი 1991-92 წლებში­ ცხოვრობდა. ამ წლებში ბარში ცხოვრება გაჭირდა და ხალხი მთაში ამოვიდა. როგორც კი გაიოლდა ბარში ცხოვრება, ისევ აიყარა ხალხი მთიდან. მაგრამ ეს იმათი კი არა, პირობების ბრალია. მაგალითად, მუცოში ჰესის დადგმაზე იყო საუბარი ხელმძღვანელობასთან და მიპასუხეს, სადაც დიდი სოფელია, მიკროჰესი იქ უნდა დაიდგას, აქ ხალხი არ ცხოვრობსო. მე ვუხსნი, ხალხი იმიტომ არ ცხოვრობს, რომ ელექტროენერგია არ არის-მეთქი, ხალხი თუ არ ცხოვრობს, მაშინ რა საჭიროა ელექტროენერგიაო. ვერაფერი გავაგებინეთ ერთმანეთს. მაგალითად, ხახაბოში, ანდაქსა და არჭილოში სამანქანო გზა არასოდეს ყოფილა, ელექტროენერგიაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. დღესაც ბილიკებით ადის იქ ხალხი. ძალიან დიდი საქმეა მუცოს რეაბილიტაცია, მაგრამ არანაკლები ძეგლებია არდოტსა და ხახაბოში.

muco2-1661083969.jpg

- რომელ სოფელს გამოყოფდით?

- ანატორი ძალიან საინტერესოა. მას "მკვდართა ქალაქი" შეარქვეს. ვარაუდობენ, რომ იყო ეპიდემია (ქოლერა ან შავი ჭირი, ხევსურულად, ჟამიანობა), რომლის დროსაც დაავადებულები­ გადიოდნენ სოფლიდან და თავიანთი ხელით აშენებულ აკლდამებში შედიოდნენ, რადგან, ერთი მხრივ, სოფელი მიცვალებულების დამარხვას ვეღარ აუდიოდა, მეორე მხრივ, სხვებისგან გასარიდებლად. ანატორის აკლდა­მაზე ასეთი­ თქმულებაა: ერთ დღეს 60 ხმლიანი გავიდა სისაურების სოფლიდან. ეს გვარი სამ ჩამომავლობად იყოფოდა. თითოდან აარჩიეს თითო კაცი, თითო მეთოფე. თუ სოფლიდან­ ვინმე დააპირებდა გასვლას, მაშინვე უნდა ესროლათ მისთვის, რათა ეპიდემია ერთი სოფლიდან მეორეში არ გასულიყო. თვითონვე გააკეთეს კარანტინი და საამაყო აქვთ დღესაც სისაურებს, ანატორელებს, რომ თოფი არ გასროლილა, ანუ სოფლიდან არავინ გაქცეულა. როცა იგებდნენ, რომ ავად იყვნენ, ფანდური, საგზალი, არაყი მიჰქონდათ და სიკვდილს სიმღერით ხვდებოდნენ. მხოლოდ ერთი ბავშვი ამოურჩევიათ და გვარი რომ არ გადაშენებულიყო, გაუგზავნით თუშეთში. იმ ბავშვს სულ ახსოვდა და ამბობდა, მე იქიდან ვარ, სადაც მზე ორჯერ ამოდისო. ანატორში, სადაც სალოცავი დგას, იქიდან მზე ამ მთაზე გადადის და მეორედ მთიდან ახლიდან ამოდის - ანუ ორჯერ ამოდის.

- ძეგლებზე რას გვეტყვით?

- ყველა სოფელშია აკლდამები, ციხე-კოშკები. პირიქითა ხევსურეთი სასაზღვრე ზოლია, რომელიც გამაგრებული იყო ციხესიმაგრეებით, და ჩვენთვის საამაყოა, რომ იქიდან საქართველოში მტერი არასოდეს შემოსულა­. ბოლო ბრძოლა შატილში შამილის ნაიბთან იყო. 70-მა შატილიონმა­ შატილიდან დაღესტნისკენ შეატრიალა 3000-კაციანი ლეკების ლაშქარი. ასეთი პატარა ისტორიაცაა: ბრძოლის დროს ციხესიმაგრეში ცოლი ქმარს უტენიდა და აწვდიდა თოფს. ამ დროს სარკმლიდან შემოვარდნილმა ტყვიამ აკვანში ბავშვი მოკლა. დედამ აკვანში­ ბავშვს ზეწარი გადააფარა, რომ ქმარს არ დაენახა და ხელი არ აჰკანკალებოდა, და გააგრძელა ტყვია-წამლის მიწოდება. როცა ბრძოლა დამთავრდა, მხოლოდ შემდეგ უთხრა, შვილი მოგიკვდაო. არც არის გასაკვირი, აქ რომ მტერი ვერ შემოდიოდა, რადგან ასეთი ხალხი ცხოვრობდა.

- დღეს რა მდგომარეობაა ხეობაში?

- დღეს ერთადერთი სოფელი, სადაც ყველა პირობაა იმისთვის, რომ იცხოვრო, შატილია. არის დამოუკიდებელი ჰიდროელექტროსადგური და გადასახადი არ არის დენზე, სოფელი თავის დენს თვითონ მოიხმარს. სამწუხაროდ, არ არის სამანქანო გზები სოფლებისკენ.

- ელემენტარული პირობები რომ იყოს, ხალხი დაბრუნდება?

- აუცილებლად. მაგალითად, არდოტში ახლა ძირითადად მესაზღვრეები არიან, ოჯახებით ამოდიან ზაფხულში. სახლები ააშენეს, იმიტომ, რომ სამანქანე გზა გაიყვანეს. იქ ჰესი და სხვა პირობებიც რომ იყოს, ვიცი, დაბრუნდება ხალხი. როგორც გითხარით, ერთმა ბიჭმა ხახაბოში ზამთარი­ მარტომ გაატარა. როცა ავაკითხეთ, თქვა, ერთი თვეა კაცი არ მინახავს თვალითო. ბიჭმა მთელი ზამთარი იქ გაატარა და, წარმოიდგინეთ, ახლა იქ რომ სამანქანო გზა იყოს, ელექტროენერგია, აქ ჩამოვა? გულიანი­ და მგელი ბიჭია, მაგრამ წამოვიდა, არ იყო ელემენტარული პირობები.

- ცნობილია, რომ ამ კუთხეში ძალიან შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობდა.

- დიახ, დასვენება მთაში არ არსებობს,­ ერთადერთი - კვირაა. მხოლოდ შაბათ-კვირას თუ გავიპარებოდით სანადიროდ. დღე-ღამეში, ალბათ, 17-18 საათს ვმუშაობდით. სტუდენტობისას თბილისში რომ ჩამოვდიოდი, კაი რუჯი მქონდა და რომ მეკითხებოდნენ, ვეხუმრებოდი, ზღვაზე ვისვენებდი-მეთქი. რა დასვენება, რის დასვენება, სად მეცალა?! იქ დასვენება არ არსებობს, იმიტომაა, რომ ხმელი და ჯანმრთელი ხალხია, საოცრად შრომისმოყვარე. რა ქნან, რომ ხედავენ, ბარში უფრო იოლია­ ცხოვრება, მოდიან... ჩემი ოჯახი ავიღოთ. ამიტომ წამოვიდნენ ჩემი მშობლებიც. ჩემს ძმას აპენდიციტის პრობლემა ჰქონდა. იმ დღეს შემთხვევით გამოიდარა და როგორც იქნა, რომ ჩამოვიყვანეთ, პერიტონიტი იყო უკვე დაწყებული. ამინდი რომ არ გამოსულიყო, ალბათ, დღეს ჩემი ძმა ცოცხალი არ იქნებოდა. მაშინ მამამ თქვა, რაზე ვკლავ ოჯახსო და წამოვიდა.

- ტრადიციებითაც გამორჩეულები ხართ...

- ბოლო ტრადიცია, რაც მე მახსოვს და გადავიდა, არის "მოკითხვა". შეიძლება მოგეკითხა დედმამიშვილი, მოგეკითხა ნათელ-მირონი, ძმადნაფიცი და ეს ყველაფერი ხდებოდა არყით. ვთქვათ, 10 ლიტრ არაყს ჩაასხამდი ჭურჭელში და მიგქონდა. გზადაგზა, სოფლიდან სოფელში ვინც შეგხვდებოდა, გააჩერებდი და დაალევინებდი. ეს ზამთრობით ხდებოდა, რადგან ამ დროს მთაში იმდენი საქმე არ არის, ძირითადად საქონელს უვლი. მძიმე ზამთრის გადასაგორებლად კი "მოკითხვა" კარგი საშუალება იყო ურთიერთობისთვის. მაშინ უფრო მეტი სიყვარული იყო, ახლა კი აღარ არის მისვლა-მოსვლა, საქართველოში გაცივდა სტუმარმასპინძლობა. ამ მხარეში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა­ იყო და არის, ძირითადად, ხელოვანები,­ ხევსურები სულიერი ხალხია, უყვართ პოეზია, სიმღერა. გულიანები და უღალატოები არიან. თუ მიგიღეს და დაინახეს შენში ადამიანი, გამორიცხულია, გიღალატონ.

- რას ეტყოდით მათ, ვინც მთიდან ბარში დასახლდა?

- პირველ რიგში ჩემს თავს ვეტყოდი. მე წლებია, რაც წამოსული ვარ. შეიძლება ჩემთვის ცოტა რთულიც იყოს იქ დაბრუნება ჩემი დიდი ტრაგედიის გამო, მაგრამ ეს არ არის გასამართლებელი მიზეზი. ძალიან ბევრი სოფელია დაცლილი, მაგრამ ჩვენი მხარე სასაზღვრო რეგიონია, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იყოს დატვირთული ხალხითაც, თანამედროვე ტექნოლოგიებითაც, ელექტროენერგიითაც და ყველაზე მეტადაც უნდა იყოს გამაგრებული. ჩვენ კი, პირიქით, იმას ვუწყობთ ხელს, რომ ხალხი წამოვიდეს იქიდან. მე ასე ვფიქრობ - ერთი პატარა დაბერვა უნდა და, დათვისჯვრის უღელტეხილს იქით რუსები დაიკავებენ. პატარა ამოსუნთქვა და, ჩაგვიკეტავენ გზას... და დავკარგავთ რას? ძეგლებს, ისტორიულ, მამაპაპისეულ ადგილებს, საფლავებს, სალოცავებს და მერე დავიწყებთ თავში ხელის ცემას, როგორც ახალგორში მოგვივიდა. ასე რომ, ჯობს, აქ გაკეთდეს ყველაფერი დროულად. ხალხის დაბრუნებაა ყველაზე მთავარი. ეს არის საქართველოს მთლიანობის შენარჩუნება. პირველ რიგში მთავარია, მყარი ღობე გააკეთო სახლის გარშემო, დაცული რომ იყო. მე როგორ ვუთხრა თუნდაც იმ ბიჭს, რომელმაც ერთი თვე მარტომ იცხოვრა ხახაბოში, ადი და დარჩი ისე, რომ ერთი თვე კაცი ვერ დაინახო-მეთქი? კი ბატონო, ის ბიჭი ჩემთვის გმირია, მაგრამ ახალგაზრდაა, მასაც ხომ უნდა ცხოვრება?

ამდენი ძეგლი არც ერთ კუთხეში არ არის... გაუქმებულ სოფელზე მოფიქრალი არ დაელიოს ჩვენს მამულს. უფროსებისგან გამიგონია, ადგილის დედას რომ მოშორდები, მფარველი ანგელოზი ცრემლობსო. ნუ ავატირებთ სოფლის მფარველ ანგელოზებს.

რუსუდან შაიშმელაშვილი