"საქმეს ისე ეტყობა,­ ნეაპოლურ პიცას მალე ხაჭაპური ჩაანა­ცვლებსო" - ბიჭი დიეგოს ნაკვალევზე - კვირის პალიტრა

"საქმეს ისე ეტყობა,­ ნეაპოლურ პიცას მალე ხაჭაპური ჩაანა­ცვლებსო" - ბიჭი დიეგოს ნაკვალევზე

ხვიჩაზე აქამდე არაფერი დამიწერია. სათქმელის მეტი რა იყო?! ბევრი რაღაცის დაწერა შეიძლებოდა რუსეთიდან წამოსვლაზე, ბათუმში გატარებულ თვეებზე, ეროვნული ჩემპიონატისკენ მიბრუნებულ ქომაგზე... მით უმეტეს, "ნაპოლიში"­ გადასვლის შემდეგ! სამხრეთ იტალიის ეს ქალაქი ხომ დღემდე ფეხბურთით ცხოვრობს.­ ნეაპოლში დღემდე მარადონაზე აკეთებენ სწორებას... სათაური კი... სანამ მეტისმეტად ხმამაღალ ნათქვამად მოგეჩვენებათ, აქვე განვმარტავ: ხვიჩა კვარაცხელიას არც ინსინიეს ვადარებ და მით უმეტეს, არც ლეგენდარულ­ არგენტინელს. უბრალოდ, მიხარია, რომ ჩვენი ბიჭი სწორედ დიეგოს ნაკვალევზე ითამაშებს, მისი სახელობის სტადიონზე, და თქვენთან­ ერთად მეც ძალიან მინდა ადგილობრივ ტიფოზებს ლეგენდარული არგენტინელივით შეაყვაროს თავი...

ხვიჩაზე აქამდე არ დამიწერია, რადგან... "მეც იმათ ჯოგიდამა ვარ", ვინც მიიჩნევს, რომ უნდა "ვაცალოთ ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში", რომ არ შეიძლება 21 წლის ახალგაზრდას ამხელა წნეხი ავკიდოთ და ყველგან მისი სახელი ისმოდეს, მაგრამ... დღეს აღარ მეშინია! დღეს მეც ვილაპარაკებ ბიჭზე,­ რომელმაც ხმაურიანად შეაბიჯა­ იტალიურ ფეხბურთში. ხვიჩამ უკვე იმდენს გაუძლო, რაღამ უნდა შეცვალოს?! უკეთესობისკენ თუ შეიცვლება, თორემ რაც უკვე მოისმინა, სუსტი ფსიქიკის პატრონზე აქამდეც აუცილებლად იმოქმედებდა.

20 წლის დავით ნინიაშვილმა მითხრა ინტერვიუში, თუ რომელიმე ახალგაზრდა სპორტსმენს პოპულარობა "თავში აუვარდა", მცირედით დაკმაყოფილებულაო!

მოდი და, ნუ დაეთანხმები! ბედნიერებაა, როცა ახალგაზრდები ასე აზროვნებენ! და კიდევ უფრო დიდი ბედნიერება, როცა ეს ახალგაზრდები ისეთი ნიჭიერები არიან, როგორიც დათუნაა, ხვიჩა და სხვები...

დიახ, უამრავი ნიჭიერი სპორტსმენი გვინახავს, პოპულარობას უკან რომ დაუხევია. საბედნიეროდ, ხვიჩას მსგავსი არაფერი­ ეტყობა.

"ნაპოლიში" არავის შემცვლელად არ მოვსულვარ. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემი ფეხბურთი ვითამაშო და შესაძლებლობების­ მაქსიმუმი გამოვავლინოო, თქვა ხვიჩამ ახალ კლუბში ოფიციალურად წარდგენისას.­

დაიწყო კიდეც! სამხრეთელ ტიფოზებს პირველივე მატჩის შემდეგ ათქმევინა, "ეს ახალგაზრდა ზეიმს მთელი სეზონის განმავლობაში არ მოგვაკლებს!"

დიეგო? დიდი ეგო.

"ქართველი, რომელსაც ბრაზილიელივით დრიბლინგი აქვს", - ასე ახასიათებენ ხვიჩას იტალიელები. საქმეს ისე ეტყობა,­ ნეაპოლურ პიცას მალე ხაჭაპური ჩაანა­ცვლებსო, ვარაუდობენ სხვები... კვარამ კი პირველივე ოფიციალურ მატჩში დაამტკიცა,­ რომ ზღაპრული პასებიც დრიბლინგზე არანაკლებ ეხერხება და რაც მთავარია, ნეაპოლში პიცის საჭმელად არ ჩასულა! სხვათა შორის, ნეაპოლი ძველმა ბერძნებმა დააარსეს და "ნეა პოლის" (ახალი ქალაქი) უწოდეს.

kvara2-1661084784.jpg

ხვიჩა ჯერ ახალი ბიჭია ახალ ქალაქში. ახალია, მაგრამ უკვე იპყრობს სამხრეთიტალიელების მხურვალე გულებს, ფეხბურთი­ კი, განსაკუთრებით ლამაზი, ტექნიკური, შემტევი ფეხბურთი ნეაპოლში ფანატიკურად უყვართ. ამის დასტურად "ნაპოლის" მთავარი სტადიონის სახელიც კმარა - "სტადიო დიეგო არმანდო მარადონა"! დიახ, "ფეხბურთის ღმერთს" ნეაპოლში დღემდე ისევე აღმერთებენ, როგორც 1990 წელს!

ჩვენი ბიჭი სწორედ დიეგოს ნაკვალევზე ითამაშებს... მისი სახელობის სტადიონზე­. და ძალიან გვინდა ადგილობრივ ტიფოზებს ლეგენდარული არგენტინელივით შეაყვაროს თავი...

ვიცი, რომ ხვიჩა ნეაპოლში "არავის შემცვლელად არ ჩასულა". არც მარადონასთან მის მსგავსებაზე გიარაკებთ. დიეგო­ ერთი იყო და ნეაპოლის მთავარ სტადიონსაც სულ "სტადიო დიეგო არმანდო მარადონა" ერქმევა.

ვინმესთან შედარება არც თვითონ ხვიჩას უყვარს (რამხელა პატივიც უნდა იყოს!). სამხრეთ იტალიაში ფეხბურთის სათამაშოდ ჩავიდა. თამაშობს და თამაშით სიამოვნებას იღებს თვითონაც და მაყურებელიც. სწორედ ეს არის ფეხბურთის მთავარი მიზანი - ითამაშე სიამოვნებისთვის! ჩვენ კი ორმაგად გვიხარია, რომ წლების შემდეგ ისევ გვყავს "ჩვენი კაცი" დიდ ფეხბურთში. ფეხბურთელი, რომელსაც მხოლოდ მეტოქ(ეებ)ის მოტყუება კი არა, ისეთი­ ზღაპრული გადაცემების შესრულებაც შეუძლია, სერია "ა"-ს პირველივე ტურში რომ ვნახეთ. 21 წლის ბიჭი, რომელიც მოედანზე არავის ამჩნევს და იმჩნევს - ბურთის გარდა!

ხვიჩა კვარაცხელიამ ხმაურით შეაბიჯა იტალიის ჩემპიონატში. ბუნებრივია, ყველა მატჩში ერთნაირი წარმატებით ვერ ითამაშებს, შეცდომებიც ექნება და წარუმატებელი დღეებიც, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ახალგაზრდა ქართველმა იტალიური თავგადასავლის პირველივე დღეებში დააგზავნა შეტყობინება - მოედანზე არავისი ეშინია და რომ "ნაპოლის" ქომაგებს ზეიმი სეზონის ბოლომდე არ მოაკლდებათ!

იციან, უკვე შეიყვარეს კიდეც, ენაც ბევრჯერ მოიტეხეს მისი გვარ-სახელის გამოთქმისას და კომპლიმენტებსაც ვეზუვის ფერფლივით აყრიან.

მეტისმეტია? შესაძლოა, მაგრამ, აღარ გვეშინია: ხვიჩა კვარაცხელიამ უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ფსიქიკაც მუხლივით მაგარი აქვს!

ნეაპოლის მფარველ წმინდანად მიიჩნევა­ წმინდა იანუარიუსი, რომლის ხსენების დღე (და ქალაქის დღესასწაული) 19 სექტემბერს იმართება. კვარამ თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა 19 სექტემბრამდე უკვე მისი სახელობის დღეც არსებობდეს!

ცხადია, ვხუმრობ. ნეაპოლის "სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე" კი ჩვენი ბიჭის დებიუტი გასულ კვირას "მონცასთან" მატჩში შედგა. სამწუხაროდ, ჩვენი გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, სეზონის პირველი საშინაო მატჩის ამბები "კვირის პალიტრის" ამ ნომერში ვერ მოხვდა­ და შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რამდენი ათასი ნეაპოლელი მივიდა საყვარელი კლუბის და მისი ახალი ვარსკვლავის სანახავად. ისევ ზედმეტი მომდის? ვცდილობ მეც შევიტანო წვლილი მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟში, მაგრამ როგორ გინდა მოთოკო კალამი ან ფიქრი?! "მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს!" კვარა თვითონ "გვაიძულებს" მასზე ვილაპარაკოთ!

მერე კიდევ, კვარა უკვე ისედაც არის გადამეტებული ყურადღების ქვეშ (მინიმუმ, რამდენიმე მილიონი ტიფოზის) და რამდენიმე­ ათასი ქართველის რეაქცია ზღვაში წვეთი უნდა იყოს, მაგრამ... მშობ­ლიური ყველაფერი ორმაგად ტკბილ-მწარეა და გამონაკლისი ვერც ხვიჩა იქნება­ - მისიანების ქებაც, კრიტიკაც და ყურადღებაც 21 წლის ბიჭზე განსაკუთრებულად იმოქმედებს.

მეტოქე გუნდის მცველებს შორის მონავარდე კვარაცხელიას ყურებისას ბრიტანული "გარდიანის" ჟურნალისტის სიტყვები მახსენდება, "ლივერპულის" რბევის შემდეგ რომ მიუძღვნა დავით ყიფიანს: "ინტელიგენტური, ელეგანტური დავით ყიფიანი, რომელიც ძალიან მოგვაგონებს ლევ ტოლსტოის დროის არისტოკრატს, საოც­რად მრავალფეროვანი და დახვეწილი ტექნიკის წყალობით ისე თავისუფლად დანავარდობდა "ლივერპულის" ნაცად მებრძოლებს შორის, თითქოს საფეხბურთო მინდორზე კი არ იბრძვის, თავის საგვარეულო მამულში სეირნობსო".

ცხადია, კვარაცხელიას ყიფიანს არ ვატოლებ. ყიფო სხვა სტილისა და მასშტაბის­ ფეხბურთელი იყო (ყველას ძალიან გვინდა­ ხვიჩა რაც შეიძლება მოკლე დროში დაე­წიოს!), მაგრამ ნავარდი... კვარაცხელიას თამაშში ყველაზე მეტად სწორედ ის მომწონს, რომ არც მოწინააღმდეგეს დაგიდევთ და არც მოედანს - ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ისე უშიშრად, თავდაჯერებით თამაშობს, თითქოს სერია "ა"-ში ჰქონდეს ჭიპი მოჭრილი. ამხანაგურ მატჩებში კი "იფრინა", მაგრამ იტალიის ჩემპიონატს სხვა სპეციფიკა აქვს და მაინც ერთგვარი შიშით ველოდით ხვიჩას დებიუტს. სულ ტყუილად! "ვერონასთან" სასტარტო შემადგენლობაში დაწყებულ არასრულ მატჩში­ (68-ე წუთზე შეცვალეს) კვარაცხელიამ თავადაც გაიტანა და დიდებული საგოლე გადაცემითაც ისახელა თავი!

ზელინსკისთვის გაკეთებული გადაცემა ცალკე თემაა - ერთი შეხებით, იდეალური ტრაექტორიით გაშვებული ბურთი, რომელსაც ნებისმიერი მასშტაბის ვარსკვლავი უსიტყვოდ მოაწერდა ხელს!

და ხვიჩას გოლის შემდეგ ნაჩვენები მოძრაობაც, რომელიც მაშინვე აიტაცა მედიამ და სოციალურმა ქსელმა: NBA-ს ვარსკვლავის - სტეფ კარის ჟესტი, რომელიც ასე უნდა გავიგოთ, შენ მშვიდად იძინე, საქმეს აქ მე მივხედავო!

მშვიდად იძინეო?! რა დაგვაძინებს? როგო­რც უნდა ჰგავდეს, სიზმარი სულაც არ არის: მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ­ მორიგი ქართველი ფეხბურთელი სერია "ა"-ს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში!

...არ დაიძინო, როცა მე მოედანზე ვარ. შოუ არ უნდა გამოტოვო!

რა დაგვაძინებს, როცა კვარა მოედანზეა?!