უახლესი ინფორმაცია ბორჯომის ტყიდან, სადაც ხანძარს 250-მდე მეხანძრე-მაშველი და 3 ვერტმფრენი ებრძვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები გაძლიერებული ძალებით ხორციელდება.
უწყების ცნობით, ცეცხლის ქრობის ამოცანები განაახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა.
"დამატებით მობილიზებულია 30-მდე სახანძრო ავტოტექნიკა. უწყვეტ მუშაობას განაგრძობს 250-მდე მეხანძრე-მაშველი.
ადგილზე ხანძრის ქრობის სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ხანძარის რამდენიმე კერა 20 აგვისტოს, სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში გაჩნდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორჯომის ტყეში, ცეცხლის ახალი კერა სოფელ დვირის მახლობლადაც ნახეს.
მეხანძრე-მაშველების თქმით, ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი უშლიდა ხელს.