ჩვენი პრობლემების გამო ვერ შევიძულეთ რუსები, სხვის გამო კი ერთმანეთს ვაბულინგებთ - კვირის პალიტრა

ჩვენი პრობლემების გამო ვერ შევიძულეთ რუსები, სხვის გამო კი ერთმანეთს ვაბულინგებთ

რუსების ხსენებაზე, უპირველესად, ჩემი ღრმა ბავშვობა მახსენდება, როგორ ხდებოდა ბულინგის მსხვერპლი ყველა ადამიანი, ვინც რუსულ ენას სათანადოდ არ ფლობდა. რუსულს, როგორც ერთ-ერთ მშობლიურ ენას, ისე ითხოვდნენ. გჭირდებოდა თუ არ გჭირდებოდა, დიდი იყავი თუ ბავშვი, არავის აინტერესებდა.

ჩემი ინგლისში ცხოვრების პერიოდში არც ერთ ლტოლვილად ჩაბარებულ რუსსაც კი პუტინის პოლიტიკა არ გაუმტყუნებია. რუსი კაცი ეკლესიის ეზოში ხმამაღლა მიყვიროდა - რომ არა ჩვენ, თქვენ ვერ იარსებებდითო... დღესაც, განათლებული რუსიც კი არ საუბრობს თავის ნაკლოვანებებზე. თავი ისე უჭირავს, თითქოს საკუთარ ტერიტორიაზეა და მას ეს ეკუთვნის. ხანდახან გვაქებენ, რადგან იციან ჩვენი სისუსტეები, ეგრევე აჟიტირებულები რომ ვხდებით.

მოკლედ, ერთი ქართველი ექიმი გამახსენდა, წლების მანძილზე რუსეთში მუშაობდა და ამ ერზე დაკვირვების შემდეგ განაცხადა: „თითქოს არც ერთ რუსს აგრესიის საბაბი არ მოუცია, მაგრამ ზოგადად ხალხია უმადური, მათ ჰგონიათ, რომ მთელი ცივილიზაცია მხოლოდ მათზე გადის...“ მაშინ სხვა რამეებიც თქვა, მაგრამ ჩემთვის ამ წინადადებამ ყველაზე მკაფიოდ დაახასიათა რუსი ხალხი. ისინი ხომ ვიცით, რაც არიან, მაგრამ ჩვენ საერთოდ სად ვართ და რა გვინდა, ვერ გავიგე.

რა შუაშია სტუმარ-მასპინძლობის თემა რუსებთან მიმართებაში? სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, ეს საკითხი ზოგადად არასწორად გვაქვს გაგებული. რუსი იქით იყოს და არ არის, ხალხო, სტუმარ-მასპინძლობა ის, რომ ყველა უცხოელს სულში ჩაუძვრე, ყველგან „ათრიო“ და აქეიფო, მის მაგივრად შენ გადაიხადო და ყანწებით ღვინო ასხა პირში, რომ გამოხატო შენი კარგი მასპინძლობა. რატომ აკეთებთ ამას? იმიტომ, რომ ის ვიღაც უცხოელი წავიდეს და თქვას - რა მაგარი ხალხი იყოო. ხომ ასეა? ეს ამპარტავნებაა! კომპლექსი და ამპარტავნება, რაც ჩვენს ხალხს სჭირს და არა - კარგი სტუმარ-მასპინძლობა.

ფაქტია, რომ რუსებს საქართველო თავიანთი საკუთრება ჰგონიათ და ისე იქცევიან, როგორც უნდათ, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს? ჩვენ ერთმანეთს ვებრძვით და ვამცირებთ. ჩვენ, ერთმანეთს ვაგდებთ სამსახურიდან, ერთმანეთს შეურაცხვყოფთ... თუ მაგარი ხარ, როცა ხედავ რუსი ქუჩაში თუ კაფეში გამომწვევად იქცევა, გვედიდგულება, არ სცემს პატივს ჩვენს ქვეყანას, მიდი და პირადად ჰკითხე რატომ აკეთებს ასე? რატომ ავალდებულებ სხვას მოიქცეს ისე, როგორც შენ ფიქრობ?

რა ვალდებულია „რიგითი“ მოქალაქე, რომელიც ზღვაზე ისვენებს უპირობოდ აჰყვეს შენს „თავქარიანობას"? წეღან წავიკითხე სოც. ქსელში მსგავსი რამ. შეიძლება მას დასვენება უნდა და ეს საკითხი საერთოდ არ აინტერესებს. რატომ ილანძღება ის, თუ პოლიტიკაში არ უნდა გარევა? ამ მიდგომით თუ ვიცხოვრეთ, ერი სრულ ფსიქოზამდე მივა.

მე იმის თქმა მინდა, რასაც აქამდე ვამბობდი ყოველთვის. სახელმწიფო პოლიტიკით უნდა განისაზღვროს, რა და როგორ გაკეთდეს, როგორია ქვეყნის მიდგომა ამ საკითხისადმი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადგილობრივადაც ბევრი გვყავს რუსულენოვანი მოქალაქე.

ამ პროცესებს ხელისუფლება უნდა არეგულირებდეს, რასაც სიტუაციიდან გამომდინარე, კომპლექსური ქმედებები მოსდევდეს. შემოსვლის წინასწარი კონტროლი გვქონდეს და ასე შემდეგ. მე ამ საკითხის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ვამბობ იმას, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ მაგალითი გადმოვიღოთ, ოქრუაშვილის მსგავსი ვაი პოლიტიკოსებისგან რუსების მკვლელობის იდეაც კი მოვისმინეთ. ეს ნიშნავს, რომ ხალხს აკისრებ პასუხისმგებლობას და აღრმავებ ქაოსს.

რატომ უნდა აძლევდეს ხელს ხელისუფლებას უმართავი პროცესი? მე, როგორც ქართველს და ამ ქვეყნის მოქალაქეს, უფლება მაქვს დაცული ვიყო და ხელისუფლება აკონტროლებდეს მიგრაციულ პროცესს, რუსი იქნება ეს, თუ - სხვა.

ადგილობრივებს არანაკლებ ეზიზღებოდათ რუსები ინგლისში, მაგრამ ენდობოდნენ ქვეყნის პოლიტიკას. ცხოვრობს „ის“ ჩემს გვერდით? ესე იგი, არ არის საშიში. მინდა მეზიზღებოდეს რუსები? არც ამას გიშლის ვინმე, გეზიზღებოდეს და იყავი და არც იმის გამო დაგცინებენ, თუკი ეთნიკურად რუსს დაუმეგობრდები, მაგრამ პოლიტიკა პოლიტიკაა.

ჩემთვის ყველაზე დიდი შეცდომაა ერთმანეთზე გადაკიდება, აგრესია და ბულინგი. რუსების მიერ ჩვენთვის შექმნილი უამრავი პრობლემის გამო, რომლის ჩამოსათვლელად დრო არ მეყოფა, არ ან ვერ შევიძულეთ ისინი და სხვისთვის ერთმანეთს თავ-ყბას ვახევთ. მოღალატეებსა და არაპატრიოტებს ვეძახით. ესეც ხომ არასწორია? ჰოდა, ჯერ მიზანმიმართული თუ გაუაზრებელი შიდა მტრები უნდა დამარცხდნენ ქვეყნის შიგნით და მერე ვიფიქროთ, რა გვინდა.

ის პროცესები კი რაც ამჟამად მსოფლიოში მიდის, სხვა რამეს გვკარნახობს. რუსეთი აუცილებლად დამარცხდება უკრაინასთან ომში. ამ დამარცხების გაფორმებას დრო სჭირდება და ამის შემდეგ მთელი მსოფლიო სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ სად ვიქნებით ამ დროს და რის თქმა შეგვეძლება სამყაროსთვის. ამის ნაცვლად კი აბსოლუტურად არასწორი პოლიტიკით და შიდა ქაოსური ქმედებებით „ვერთობით.“