"ვუთხარი, რომ ვაპირებდი დედაჩემის მოკვლას“ - კვირის პალიტრა

"ვუთხარი, რომ ვაპირებდი დედაჩემის მოკვლას“

დედის განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით - ამ შემზარავი ბრალდებით დააპატიმრეს 17 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მოსამართლემ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. სხდომა დახურული იყო, რადგან დამნაშავე არასრულწლოვანია. განსასჯელის სკამზე ნოვრუზ ხალილოვთან ერთად მისი 19 წლის მეგობარი რამილ ნასიბოვი ზის.

საქმის მასალებით ცნობილია, რომ 34 წლის ჟალა ხალილოვას მკვლელობა მთაწმინდაზე დაიგეგმა. სწორედ იქ შეხვდნენ ერთმანეთს მეგობრები ხუთი დღით ადრე. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. დედის სასტიკი მკვლელობის შემდეგ ის მანქანით თავის სოფელში ჩავიდა და იქ მყოფ ოჯახის წევრებს - მამას, ბებიასა და პაპას­ მომხდარი უამბო, მერე კი გარდაბნის პოლიციას ჩაბარდა და გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მომხდარის მთავარ მიზეზი ეჭვიანობა იყო.

"ნოვრუზ ხალილოვს მიაჩნდა, რომ დედის, ჟალა ხალილოვას, ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა კულტურულ, ტრადიციულ ნორმებს და ხელყოფდა მისი და მისი ოჯახის ღირსებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მან განიზრახა ღირსების აღდგენა.­ ნოვრუზი დაუკავშირდა მეგობარს, რამილ ნასიბოვს, და შეთანხმდნენ მოეკლათ ჟალა ხალილოვა. 14 აგვისტოს, 04 საათზე, ნოვრუზ ხალილოვის საცხოვრებელ ბინაში, სამზარეულო ოთახში, რამილ ნასიბოვმა იმის გამო, რომ არ ეყვირა, ჟალა ხალილოვას პირზე ააფარა პირსახოცი და ეს უკანასკნელი შებოჭა, ხოლო ნოვრუზ ხალილოვმა დედას ღირსების აღდგენის მიზნით, გენდერული ნიშნით, ხელთ არსებული დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მრავლობითი, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება მიაყენა. ჟალა ხალილოვა­ ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ," - წერია ბრალდებაში.

გამოძიებით ირკვევა, რომ ამ გადაწყვეტილებამდე 17 წლის ახალგაზრდა მეგობრის მონათხრობმა მიიყვანა. მეგობარმა­ უთხრა, რომ დედამისი მას ურთიერთობას­ აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფულს სთხოვდა. რამილ ნასიბოვი თავის­ ჩვენებაში 120.000 დოლარს ახსენებს, რომლის დაბრუნებას, მისი თქმით, გარდა­ცვლილი სთხოვდა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რა თანხაზეა საუბარი, ან რატომ სთხოვდა ამ ფულს მას ჟალა ხალილოვა. ეს და სხვა დეტალები, ალბათ, მაშინ გაირკვევა, როცა ნასიბოვი ჩვენებას მისცემს. ის ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებისთვის დეტალური ჩვენება არ მიუცია, თუმცა მოკლე განმარტებაში ადასტურებს, რომ ჟალა ხალილოვა მას ემუქრებოდა. მოკლულის ახლობლებს უჭირთ დაჯერება, რომ შვილმა დედა სასიკვდილოდ გაიმეტა. არ გამორიცხავენ, რომ რამილ ნასიბოვმა შვილი დედის წინააღმდეგ განაწყო სწორედ ამ ფულის გამო და მას ისეთი­ რამ უთხრა, რომ მკვლელობა ჩაადენინა.

"მე ჟალა ხალილოვას ხშირად ვნახულო­ბდი ამ ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული ურთიერთობით დავიღალე და მსურდა ურთიერთობის დასრულება. აღნიშნულის შესახებ ვუთხარი, მან მითხრა, რომ ვალი იყო 120.000 დოლარი, ეს ვალი გავისტუმროთ და მერე თავი დამანებეო. თუ არ გადაიხდი, ან მოვკვდები, ან შენს თავს დავაჭერინებო. მე არაერთხელ მითქვამს მისთვის, რომ ეს ფული არ მქონდა და ამ ვალს ვერ გადავიხდიდი. ჟალა ისევ აგრძე­ლებდა შანტაჟს. გადავწყვიტე ყველაფერი მეთქვა ჟალას შვილისთვის", - ამბობს ნასიბოვი.

იყო თუ არა ურთიერთობა მოკლულ ქალსა და 19 წლის ახალგაზრდას შორის, ალბათ, გამოძიებით დადგინდება, თუმცა ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც მეგობრისგან­ ეს ამბები გაიგო, ნოვრუზ ხალილოვმა დედის მოკვლა გადაწყვიტა.

ნოვრუზ ხალილოვის ჩვენებიდან: "...მე რამილ ნასიბოვს მოვუყევი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მას ვუთხარი, რომ ვაპირებდი დედაჩემის მოკვლას ფანჯრიდან­ გადმოგდების გზით. მე მას ვთხოვე, რომ წამოსულიყო და ასეთ სიტუაციაში მარტო არ დავეტოვებინე. დამთანხმდა და შემპირდა, რომ დამეხმარებოდა დედაჩემის მკვლელობაში. იმ საღამოს დავგეგმეთ, რომ ჟალა დაგვეთრო, რის შემდეგაც მე ჟალას ფანჯ­რიდან გადავაგდებდი, ხოლო რამილი დამეხმარებოდა მის გადაგდებაში.­ როცა სტუმრები წავიდნენ და დედაჩემმა მაგიდის­ ალაგება და სუფრის სამზარეულოში გატანა დაიწყო, მოქმედებაზე გადავედით. სწორედ სამზარეულო ოთახშია ის ფანჯარა, საიდანაც მე და რამილს გვქონდა დაგეგმილი ჟალას გადაგდება. ვაპირებდი მის გადაგდებას. შევედი ოთახში, ვწვდი­ ფეხებში, ავწიე, მაგრამ წინააღმდეგობას მიწევდა, მე უკვე ისე ვიყავი გამწარებული, ჯიბიდან დანა ამოვიღე და დაახლოებით 6-7 ჭრილობა მივაყენე. რამილი პირსახოცს აფარებდა მას პირზე, რომ არ ეყვირა. როცა დავრწმუნდით, რომ მოვკალით, მერე მისივე­ მანქანაზე დავჯექით და წავედით, შორიახლოს გადავაგდეთ დანა და ჩავედი სოფელში".

მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლული ადრე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო და მისი ქმარი მასზე ძალადობისთვის სასჯელსაც იხდიდა. თავდაპირველად ითქვა, რომ ამ დანაშაულში ქმარიც ერია, მაგრამ მეზობლები ამას კატეგორიულად უარყოფენ. ეს ვერსია არც გამოძიების მასალებშია. ახლობლები არც იმას ადატურებენ, რომ ისინი განქორწინებული იყვნენ. "ქმარი ნარკომანი იყო და ამიტომ ჰქონდათ უთანხმოება, თორემ განქორწინებულები არ არიან, ერთად ცხოვრობდნენ. ცხედარიც ქმრის სახლში მიასვენეს," - გვითხრა მეზობელმა.

ყველას უჭირს დაჯერება, რომ ჟალა ხალილოვას 19 წლის ახალგაზრდასთან ჰქონოდა ურთიერთობა. საქმის გამოძიება გრძელდება.

რას ჰყვება მეზობელი ქალი, რომელიც მკვლელობის ღამეს იმ ბინაში იმყოფებოდა

შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიცი­ელებს გარდაცვლილი სამზარეულოს იატა­კზე­ დახვდათ. ბინაში ასევე იყო მოკლულის­ მეგობარი ქალი, რომელსაც ეძინა­ და განა­ცხადა, რომ არაფერი გაუგია: "ხმაურის შემდეგ ავდექი საწოლიდან და გავედი დიდ ოთახში, სადაც დავინახე სამზარეულო ოთახის იატაკზე უგონო მდგომარეობაში მყოფი ჟალა, რომელსაც თავთან ჰქონდა სისხლის კვალი", - წერს იგი ჩვენებაში. ჟალას მეგობარი ქალი იმავე კორპუსში­ ცხოვრობს. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ იმ ღამით იქ მეგობრის თხოვნით მივიდა. გრძნობდა თუ არა ხალილოვა საფრთხეს, არ იცის და ირწმუნება, რომ საეჭვო არაფერი შეუმჩნევია. თუმცა არის ვარაუდი, რომ მეგობრის სახლში მიყვანამდე­ დედა-შვილს შორის კონფლიქტი მოხდა, რადგან, მოწმის თქმით, ჟალა ცდილობდა თავის შვილზე თბილად ელაპარაკა... როგორც ჩანს, დამნაშავეების გეგმა არ ითვალი­სწ­ინე­ბდა იმ ღამით იქ უცხო ადამიანის­ ყოფ­ნას, ამიტომ არის ვარაუდი,­ რომ ლ.დ.-ს მათთვის ხელი რომ არ შეეშალა, მისი დაძინება გადაწყვიტეს. ლ.დ. ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ იმ ღამით ნოვრუზი ცოტა ხნით სახლიდან გავიდა - ლუდის მოტანა მოიმიზეზა, მაგრამ, სავარაუდოდ, სწორედ მაშინ შეიძინა საძილე აბები, დაბრუნების შემდეგ კი ლ.დ-ს ლუდში წამალი ჩაუყარეს და დააძინეს.

- ნოვრუზი გავიდა სახლიდან, მერე უკან ლუდით დაბრუნდა. არ ვიცი, არის თუ არა დადასტურებული, რომ აფთიაქში­ იყიდა საძილე აბები. მაღაზია ახლოს იყო და ამდენი დრო არ უნდა დასჭირვებოდა ლუდის მოტანას. ჩემს ჭიქაში ჩაყარეს თუ არა რამე, არ დამინახავს, ვინ იფიქრებდა ამას. ჩემი შვილიც იქ იყო, ის უფრო ადრე წავიდა სახლში, მე დავრჩი, ბავშვმა­ გასაღები დამიტოვა, რომ ამოხვალ, კაკუნი რომ არ დაგჭირდესო. ნოვრუზის დაბრუნებიდან­ სადღაც 20 წუთი იქნებოდა გასული, მე თვალები დამენისლა, ვეღარ ვიყავი კარგად, ძალიან ცუდად ვარ, მეძინება-თქო, ვთქვი... ის ვერ ამიხსნია, რატომ არ გადადეს ეს მკვლელობა, როცა იქ უცხო ადამიანი ვიყავი. მე რომ მივედი მაინცდამაინც იმ ღამეს­ რატომ უნდა მოეკლათ? მეორე დღესაც ხომ შეეძლოთ გაეკეთებინათ? არ ვიცი, ვერ ამიხსნია. ბედნიერი და გახარებული იყო ჟალა, იქ საეჭვო არაფერი შემინიშნავს. ნოვრუზზე სულ კარგებს ლაპარაკობდა. არ ვიცი, თუ ფიქრობდა, შვილზე კარგს თუ ილაპარაკებდა, დაალაგებდა ამით მასთან ურთიერთობას. რა მოხდა, არ ვიცი... ჟალამ ჩამიყვანა ძალით, ჩემზე მოწებებული იყო. იქნებ მაგათთვის ჟალა იყო რაიმე საფრთხე უკვე მეორე დღეს და ამიტომ ჩაიდინეს ეს. არ ვიცი, რა ვიფიქრო. დიდი ხნის უნახავი მყავდა, სახლში ამოვიდა.­ შემოდი, ჩაი დავლიოთ-მეთქი... უარი მითხრა, წამოდი სახლში და იქ ვილაპარაკოთ, მომენატრეო. გაჭირვების დროს რომ ჩემთან მოვიდა, ესეც არ მიკვირს. რამე რომ ეთქვა, პოლიციაში დავრეკავდი და გადავარჩენდი. თავისი შვილი რომ ამას იზამდა, ამას როგორ წარმოიდგენდა? ...მიჭირს გააზრება იმის, რაც მოხდა. უმძიმესი ტრაგედიაა. არანაირი კონფლიქტი დედა-შვილს შორის არ შემინიშნავს. რამე საეჭვო რომ შემემჩნია, აუცილებლად პოლიციას გამოვუძახებდი. პირიქით, ჟალა გახარებული იყო იმით, რომ შვილთან ურთიერთობა გაუმჯობესებული ჰქონდა. ვფიქრობ, გარდატეხის ასაკის გამო იყო კონფლიქტი მათ შორის, მაგრამ სერიოზული რამე არ ყოფილა. ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე მითხრა, ძალიან ბედნიერი ვარ, მე და ნოვრუზი ძალიან მეგობრულად ვართო. ამ სიხარულს გამოხატავდა, ამას რომ მელაპარაკებოდა. ეს მის შვილსაც ესმოდა. ოთახში იჯდა ისიც. ხმა არ ამოუღია. მათ შორის ადრეც არ ყოფილა სერიოზული კონფლიქტები. იყო ასეთი ფაქტები, რომ მანქანა წაიყვანა ნოვრუზმა­ და გააფუჭა, ასეთ რამეზე ბრაზდებოდა დედა, თორემ სერიოზული არაფერი მსმენია. იმ დღეს მითხრა, ახლა უფრო კარგად მიჯერებსო და უხაროდა. ბიჭი და გოგო ჰყავს.­ გოგონა 15 წლის არის. არაჩვეულებრივი დედა იყო. მისი ქმარი და გოგონა­ ამ დროს სოფელში იყვნენ... დიდი ხანი ნანახი არ მყავდა... ტელეფონზე საუბარი არ უყვარდა, ამიტომ ბოლო დროს რამე პრობლემა ჰქონდა თუ არა, არ ვიცი. მისი მშობლები რუსთავში ცხოვრობდნენ. მამა შარშან დაეღუპა, წელს - დედა. ამას ძალიან განიცდიდა. მშობლები არ მყავს, ხომ იცი, ჩემთვის ჩემი შვილები არიან ყველაზე მთავარიო... მის ბინაში დამხვდნენ ნოვრუზი და მისი მეგობარი ბიჭი... არანაირი საეჭვო არ შემიმჩნევია, არც აღელვება­, არც რაიმე საშიშროება. ჩუმად, წყნარად იყო ნოვრუზიც, თითქმის არც კი საუბრო­ბდნენ.

იმ მეგობარმა ბიჭმა რამდენიმე სიტყვა თქვა და გაჩუმდა. ჟალა არაჩვეულებრივი გოგო იყო, განსაკუთრებული ადამიანი, ყველას გვერდში მდგომი, კეთილი, მხიარული, სიცოცხლით სავსე. თავდაუზოგავად შრომობდა 15 წლიდან. თავისი მაღაზია ჰქონდა ლილოს ბაზრობაზე... ნოვრუზიც ჩემ თვალწინ გაიზარდა. ჩვეულებრივი ბავშვი იყო. ბოლოს გახდა რაღაცნაირი, რომ თამამდებიან ბიჭები, ისეთი. მოუნდებოდა, მანქანაზე დაჯდებოდა, წავიდოდა, თორემ რაიმე ჩხუბში, ხულიგნობაში გარეული არ ყოფილა. ან წამალი გაეკეთებინოს, ასეთი არ ვიცი. წარმოუდგენელია, რომ მან დედა მოკლა!.. ჟალა და მისი ქმარი გაშორებულები არ იყვნენ, უბრალოდ, ქმარი უფრო მეტად სოფელში იყო. ამ ტრაგედიის შემდეგ პირადად ვნახე. კანკალებდა, ტიროდა, განადგურებული იყო. მის პირადში რა ხდებოდა, არ ვიცი. რაც ითქვა, იმის დაჯერება წარმოუდგენელია. ქმრის ოჯახს ვიცნობ. [ჟალა] 20 წელი ცხოვრობდა იმ სახლში, 14 წლის გათხოვდა. ერთადერთი ეს შემიძლია გითხრათ: იმ ბიჭს რომ შევხედე სახეზე, არ მომეწონა...

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილის ტოლია, რაღაც არ მესიამოვნა. ჩემს შესვლაზე მათ რეაქცია არ ჰქონიათ... იმ ღამით დიდხანს ვისაუბრეთ, უფრო მეგობრულ რაღაცებზე, ვიხსენებდით ძველ ამბებს. მითხრა რაღაცეების თქმა მინდა და უნდა მოგიყვე, რამდენი რამე მაქვს გულში და გიამბობო. იმ წუთში არ მოუყოლია, მეორე დღეს ვაპირებდით დავმჯდარიყავით და გვესაუბრა. შეიძლება სიტუაციიდან გამომდინარე ვერ თქვა. არ ვიცი, რისი თქმა უნდოდა... არც მთვრალი ყოფილა ნოვრუზი... ახლა იმას განვიცდი, რომ წინა დღეებში არ ვნახე. რისი თქმა უნდოდა ნეტა, რა უჭირდა, არ ვიცი...