თივის ზვინში დამალული "1.500.000“ ?! - კვირის პალიტრა

თივის ზვინში დამალული "1.500.000“ ?!

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახ­ურის­ ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 16 აგვისტოს რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები თბილისსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თავიანთ საცხოვრებელ ბინებში უკანონოდ ინახავდნენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ გამაგამოსხივების რადიოაქტიურ ნივთიერებებს. სამივე დაკავებულისთვის წაყენებული ბრალი 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატები გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, მაგრამ მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატების თქმით, ბრალდებულები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ. იცოდნენ, რომ უნდა გაეყიდათ ნივთიერება, მაგრამ რა ზიანი შეიძლებოდა მას მოეტანა, გათავისებული არ ჰქონდათ. "აქედან გამომდინარე, არ მიმაჩნია, რომ პატიმრობა სწორია. გირაო იქნებოდა აბსოლუტურად საკმარისი, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზნები დაკმაყოფილებულიყო", - თქვა ერთ-ერთი დაკავებულის, დავით როსტომაშვილის ადვოკატმა მაიზერ ჩანქსელიანმა.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა განაცხადა: "2022 წლის ივლისში დაკავებულებმა უკანონოდ შეიძინეს ხუთი ცალი ცილინდრული ფორმის­ მეტალის კონტეინერში მოთავსებული რადიოაქტიური ნივთიერებები უკანონო გარიგების გზით, მისი განკარგვის მიზნით... 16 აგვისტოს დავით როსტომაშვილი, თამაზ გურგენიშვილი და ბესარიონ ალუღიშვილი­ ცდილობდნენ რადიოაქტიური ნივთიერებების გასაღებას. მათი დანაშაულებრივი ქმედება რადიოაქტიური ნივთიერებების გასაღების ეტაპზე აღკვეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა".”

დაკავებულები ჩვენებებში ამბობენ, რომ მათ არაფერი უყიდიათ, თუმცა ადასტურებენ, რომ მის გაყიდვას აპირებდნენ. ცნობილია იმ პირის ვინაობაც, ვინც რადიოაქტიური ნივთიერება იშოვა. ზურაბ გოდაძ­ისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, მაგრამ საქმეში დევს მისი ჩვენება. ცნობილია ისიც, რომ გამოკითხვის შემდეგ ნერვიულობის ნიადაგზე გოდაძეს ინსულტი დაემართა და კლინიკაშია. ზურაბ გოდაძე ჩვენებაში ამბობს, რომ 10 წლის წინ, 2012 წელს, დიღომში, ჯართის ბაზრობაზე, ორი დალუქული რკინის სეიფი 25 ლარად იყიდა, სახლში გახსნა და ერთ-ერთში 10 სხვადასხვა მომწამლავი ნივთიერება აღმოაჩინა: "ორივე სეიფი "ბარგალკით" გავაღე. ერთ-ერთი ცარიელი იყო, ხოლო მეორეში ჩემთვის უცნობი შხამიანი, მომწამვლელი ნივთიერებები აღმოვაჩინე, კერძოდ, ერთი ცალი თუნუქის­ კოლოფი, ერთი ცალი შპრიცი, ერთი ცალი კოლბა მასში მოთავსებული უცხო სითხით, ხუთი ცალი ცილინდრული ფორმის საგანი და სხვა. მე მათი თვისობრიობის შესახებ მივხვდი ყუთებზე დატანილი წარწერებით... მომწამლავი ნივთიერებები შენახული მქონდა გარკვეული პერიოდი... ვვარაუდობდი, რომ ის ნივთიერებები იყო ძვირად ღირებული, რადგან წარწერები ჰქონდა რუსულ ენაზე. რაც, ჩემი წარმოდგენით, საშიშ ნივთიერებად ითვლებოდა".

tiva2-1661109246.jpg

გოდაძის სახლიდან საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადა­სხვა სახის ნივთიერებები. როგორც საქმის­ მასალებით ირკვევა, ამ ნივთიერებების შესახებ მან 2020 წელს უამბო თავის მეგო­ბარს, ლამბალოს სკოლის დირექტორ დავით როსტომაშვილს და მათი გაყიდვაც შესთავაზა. როსტომაშვილი ადასტურებს, რომ მან ეს ნივთიერებები გოდაძის სახლიდან წამოიღო: "ჩამოვედი თბილისში, ზურაბ გოდაძის სახლში. გოდაძემ გადმომცა­ ერთი ცალი გამჭვირვალე კოლბა, რომელშიც ესხა გამჭვირვალე სითხე,­ ასევე - ხუთი ან ექვსი ცალი შავი ფერის­ მცირე ზომის "ბოჩკის" ფორმის საგანი, რომლებშიც­, არ ვიცი, რა ნივთიერება იყო მოთავსებული. ზურამ მითხრა, რომ ზემოთ ხსენებულ საგანში მოთავსებული იყო ძვირად ღირებული მომწამლავი ნივთიერებები და მითხრა, რომ მათი ღირებულება დაახლოებით 700.000 დოლარს შეადგენს".”

ამის შემდეგ როსტომაშვილი დაუკავშირდა სოფელ ბადიაურში მცხოვრებ მევენახეს, 75 წლის თამაზ გურგენიშვილს, რომელსაც შესთავაზა ამ ნივთიერებების შენახვა და შემდეგ ხელსაყრელ ფასად გაყიდვა. ბრალდებული გურგენიშვილი აღიარებს, რომ ის თივის ზვინში მართლაც ინახავდა რაღაც ნივთიერებას და მის გაყიდვასაც აპირებდა, თუმცა ირწმუნება, რომ არ იცოდა, თუ ეს რადიოაქტიური ნივთიერება იყო. თამაზ გურგენიშვილის შვილი ამტკიცებს, რომ ნივთიერება, რომელიც მამამისს ლამბალოს სკოლის დირექტორმა გადასცა, ოქროს საწმენდად გამოიყენება.

საქმის მასალებით ჩანს, რომ ამ ნივთიერების შესახებ გაიგო კიდევ ერთმა პირმა, ავტობუსის მძღოლმა ბესარიონ ალუღიშვილმა. მან უთხრა თანასოფლელებს, რომ მისი გაყიდვა 1.500.000 დოლარად შეიძლებოდა.

"ბესო ალუღიშვილმა მითხრა, რომ შე­ეცდებოდა მოეძებნა ისეთი კლიენტი, რომელიც ხსენებულ ნივთიერებაში, ციანიდში, გადაიხდიდა გაცილებით მეტს, 1.500.000 აშშ დოლარს, რადგან რეალიზაცი­ის შედეგად მიგვეღო მეტი სარგებელი",” - აღნიშნავს ჩვენებაში როსტომაშვილი.

ბესარიონ ალუღიშვილმა მართლაც იპოვა მყიდველი - ეთნიკურად აზერბაიჯანელი ოკტაი ბაირამოვი, რომელიც ვირთხის საწამლავს ეძებდა. მას ბრალდებულებმა ციანიდი შესთავაზეს და საფასურად 1.200.000 დოლარი უთხრეს. ადვოკატები ფიქრობენ, რომ სწორედ ეს აზერბაიჯანელი მამაკაცია სუს-ის აგენტი. მან ნივთიერებებს ვიდეო და ფოტოსურათები გადაუღო, შემდეგ კი პოლიციას მიმართა. ოფიციალურად გამოძიებაც მისი განცხადების საფუძველზე დაიწყო. ყველა დაკავებული ბრალს აღიარებს, მაგრამ უარყოფენ, რომ რადიოაქტიურ ნივთიერებას ყიდდნენ.

მართალია, ძალოვნებს ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ თივის ზვინებიდან ამოღებულ კონტეინერებში ციანიდი ინახებოდა, მაგრამ რვა კონტეინერიდან შვიდში თხევადი ნივთიერება აღმოჩნდა. ჩატარდა ამოღებული ნივთიერებების ექსპერტიზა და გაირკვა, რომ ერთ კოლბაში გლიცერინი ინახებოდა, რაც ტოქსიკური ნივთიერება არ არის, თუმცა სიცოცხლისთვის სახიფათოა ხუთ კონტეინერში აღმოჩენილი თხევადი ალფა-ბეტა გამოსხივების რადიოაქტიური ნივთიერება. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ნივთიერებებთან ხანგრძლივი უშუალო კონტაქტი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

გელა ნიკოლაიშვილი, თამაზ გურგენიშვილის ადვოკატი: - სამი პირია დაკავებული. მე ვიცავ თამაზ გურგენიშვილს.­ გლეხი კაცია, რომელსაც სკოლის დირექტო­რმა დავით როსტომაშვილმა უთხრა, რომ არსებობს ციანიდი, რომელიც გამოიყენება­ სხვადასხვა მიზნით, მათ შორის - ოქროს გასაწმენდად, წამლისთვის, შხამისთვის, შეიძლება მისგან ბომბიც კი დამზადდეს, საკმაოდ ძვირი ღირს, ის გაიყიდება 700.000 დოლარად და შენც გექნება სარგებელიო. გურგენიშვილმა წამოიღო სახლში ეს ნივთიერებები და შეინახა თივის ზვინში, მერე კი უთხრა თავის ნაცნობებს, რომ ამას ყიდდა. კიდევ ერთი დაკავებული ბესო ალუღიშვილია. მან რომ გაიგო, გურგენიშვილს ჰქონდა გასაყიდი ციანიდი, უთხრა, რომ ის გაიყიდებოდა 1.500.000 დოლარად. ბესო ალუღიშვილთან მიასწავლეს აზერბაიჯანელ ბაირამოვს, რომელმაც ამ კონტეინერების ყიდვა მოინდომა. შესაძლოა ის აგენტიც იყოს. მან დაწერა განცხადება და დაიწყო გამოძიება. მას შემდეგ, რაც ბაირამოვმა ნახა ეს ნივთიერებები, გურგენიშვილის სახლში მიაგზავნა ორი პირი, ვითომ ექსპერტებად, რომ შეეფასებინათ ეს ნივთიერებები. სინამდვილეში ისინი პოლიციელები იყვნენ. საქმის მასალებში დევს ფარული ჩანაწერები, სადაც ამბობენ, რომ ეს ციანიდია. ჩემი დასაცავიც ამბობს, ვიცოდი,­ რომ ეს ციანიდი იყოო. ეტყობა, ასე ეგონათ ძალოვნებსაც, მაგრამ ექსპერტიზა რომ ჩაატარეს, გლიცერინი და დარიშხანი აღმოჩნდა. იქვე იყო ხუთი ცალი პატარა კონტეინერი, რომლებზეც ექსპერტი ამბობს, რომ მათში არის რადიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანს. ეს კონტეინერები­ ინახებოდა ამ კაცის ეზოში, თივის ზვინში­ და არავინ დაუზიანებია. შეისწავლეს ის ადგილიც, სადაც კონტეინერები ეწყო და გამოსხივება არ აღმოჩნდა, რადგან დახურულ ჭურჭელში ეს ნივთიერება სახიფათო არ არის. ჩვენ ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩავატარებთ, რომ მეტი გავარკვიოთ. 1.200.000-ს რასაც აფასებდნენ და რაც ციანიდი ეგონათ, ის, ფაქტობრივად, წყალი აღმოჩნდა. ამას ამბობს ექსპერტიზის დასკვნაც. იმ ხუთ ცალ კონტეინერს, რომლებშიც, ექსპერტიზის მტკიცებით, რადიოაქტიური ნივთიერებაა, აფასებდნენ 300.000 დოლარად. გურგენიშვილმა მისცა პირველივე დღეს ჩვენება და ყველაფერი თქვა, ბრალსაც დაეთანხმა, ოღონდ არ ვიცოდი, რომ ეს რადიოაქტიური ნივთიერება იყო, ეს რომ მცოდნოდა, სახლში როგორ მივიტანდიო. ჩვენ ვითხოვდით გირაოს, მაგრამ მოსამართლემ პატიმრობა გადაწყვიტა. ვფიქრობ, საბოლოოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას შევძლებთ. ახლანდელი საბრალდებო მუხლი 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სავარაუდოდ, ეს ნივთიერებები დარჩენილია რუსების სამხედრო ბაზებიდან...

თამაზ გურგენიშვილისგან განსხვავებით,­ ბრალს არ აღიარებს სკოლის დირექტორი. მომხდარზე საუბარი არც დავით როსტომაშვილის ოჯახის წევრებს სურთ.

სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ გამოძიება კიდევ ერთი მიმართულებით მუშაობს და არ არის გამორიცხული, გურგენიშვილს სხვა ბრალდებაც წაუყენონ. ბევრისთვის მოულოდნელი იყო, როცა რადიოაქტიურ ნივთიერებებთან ერთად პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა ფიროსმანის ნახატის ასლიც ახსენა. პროცესის შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა: "ეს ნახატი ჯერ აღმოჩენილი არ არის... ინახავენ კონკრეტულ ადგილას, რომელიც გამოძიების დასადგენია. არსებობს შესაბამისი მტკიცებულებითი საფუძველი, რომ ბრალდებულების თანამონაწილე ერთ-ერთ პირთან, ან რომელიმე მათ ნაცნობთან ინახება. ერთ-ერთ დაკავებულზე მეტი მტკიცებულება არსებობს..."

პროკურორის თქმით, ვარაუდია, რომ შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთ მუზეუმში დაცული ორიგინალის ასლი, თუმცა ხუნაშვილმა არც ნახატის სახელი დაასახელა და არც მუზეუმის. პროკურატურის ინფორმაციით გურგენიშვილი აპირებდა, ნახატი შავ ბაზარზე გაეყიდა...