როგორი საფარი დაგიცავთ ტყვიებისგან... - კვირის პალიტრა

როგორი საფარი დაგიცავთ ტყვიებისგან...

რუბრიკაში "სამოქალაქო­ თავდაცვა" სიამოვნებით ვუპასუხებთ მკითხველის კითხვებს, რომელთა გამოგზავნა "კვირის პალიტრის" საიტზე www.kvirispalitra.ge გამოქვეყნებული სტატიების კომენტარებში შეიძლება.

მასობრივი განადგურების - ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის მეოთხე, არაოფიციალურ წევრად შეიძლება... ცეცხლსასროლი იარაღიც ჩაითვალოს. მართალია, მისმა ერთმა ტყვიამ შეიძლება მხოლოდ ერთი ადამიანი იმსხვერპლოს, მაგრამ ასეთი იარაღი ხომ რამდენიმე მილიარდია ჩვენს პლანეტაზე, ამიტომ მოსალოდნელია, თითოეული მათგანი დედამიწის ყველა მცხოვრებისთვის იქცეს პოტენციურ საფრთხედ.

"მასობრივი განადგურების" ცეცხლსასროლ იარაღად მიჩნეულია "კალაშნიკოვის" ავტომატი, რომლის 100 მლნ ეგზემპლარზე მეტი ათასნაირი ქარხნული თუ კუსტარული მოდიფიკაცია გავრცელდა მთელ მსოფლიოში ბოლო 75 წლის განმავლობაში და დღესაც "კალაშნიკოვის" ტყვიების ჯერით დედამიწაზე ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანი იღუპება, განსაკუთრებით - რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიან ომში.

ამერიკული ავტომატური შაშხანა "მ16" და მისი დამოკლებულლულიანი ვარიანტი ავტომატური კარაბინი "მ4" დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის შემცირების სპონტანურ თუ დაგეგმილ პროცესში "საპატიო" მეორე ადგილს იკავებენ "კალაშნიკოვის" შემდეგ, მაგრამ იმის გამო, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას მაინც, ძირითადად, სწორედ "კალაშნიკოვისა" და სხვა საბჭოთა სტანდარტის იარაღის ტყვია ემუქრებოდა (მიზაზი ის გახლავთ, რომ რუსეთის მიერ წაქეზებული და მხარდაჭერილი "ჩვენებური" სეპარატისტები და, რა თქმა უნდა, თავად ოკუპანტი რუსი სამხედროები სწორედ საბჭოთა წარმოების ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ და არიან შეიარაღებულნი), ამ სტატიაშიც ყურადღებას სწორედ იმაზე გავამახვილებთ, როგორი საფარი უნდა აირჩიოს ჩვეულებრივმა მოქალაქემ, თუკი მას "მაკაროვის" პისტოლეტის, "კალაშნიკოვის" ავტომატისა თუ ტყვიამფრქვევის ცეცხლი გაუხსნეს და დაიცავს თუ არა ეს საფარი სხვადასხვა კალიბრისა და დანიშნულების ტყვიებისგან.

პირველი და მთავარი "ოქროს წესი": თუ თქვენი მიმართულებით სროლის ხმა გაიგონეთ, დაუყოვნებლივ დაწექით, თუნდაც ტალახში და თავი არც კი წამოსწიოთ. ადამიანის სხეულის მდგომარეობის სწრაფი შეცვლა ტყვიის მოხვედრის ალბათობას შეამცირებს. სამწუხაროდ, საფრთხის შეგრძნებისას ადამიანი ინსტინქტურად თავშესაფარს ეძებს და ექსტრემალურ სიტუაციაში შეიძლება მუყაოს ყუთსაც კი ამოეფაროს იმ იმედით, რომ თუ თვითონ ვერ ხედავს საფრთხეს, ვერც საფრთხე "დაინახავს" მას, მაგრამ ცეცხლსასროლი, განსაკუთრებით - საბრძოლო იარაღის ტყვიას ისეთი საწყისი სიჩქარე და ენერგია აქვს, ბევრ საფარსა თუ ნივთს, რომელიც თქვენ საიმედოდ მიგაჩნიათ, იოლად გახვრეტს და იმხელა ენერგია დარჩება, რომ ადამიანი სასიკვდილოდაც კი დააზიანოს.

სხვათა შორის, აირსოფტისა თუ სხვა საბრძოლო თამაშების (რომლებშიც არალეტალური ტყვიები გამოიყენება) პროფესიონალებსაც კი რეალურ საბრძოლო ვითარებაში შეიძლება ახალწვეულ ჯარისკაცებზე მეტი საფრთხე დაემუქროთ, რადგან ჯარისკაცი ინსტინქტურად უფრო საიმედო საფარს აირჩევს, აირსოფტის "ბრძოლებში გამობრძმედილებს" კი ჰგონიათ, რომ მოწინააღმდეგის ტყვიებისგან ფანერის კედელიც კი დაიცავთ.

iaragi2-1661109784.jpg

ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების ანალიზი გვაჩვენებს, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისგან საფრთხე მაშინ ემუქრებოდათ, როდესაც მოწინააღმდეგის შეიარაღებული დანაყოფები უშუალოდ შედიოდნენ სოფლებისა და ქალაქების საცხოვრებელ უბნებში და ინტენსიურ სროლას იწყებდნენ, ხშირად ისე, რომ სამიზნეს ვერც ხედავდნენ. სახლების ფანჯრებისა თუ სარდაფებისკენ გაშვებული ტყვიების ჯერი მსროლელებს უფრო ამშვიდებდა, რადგან ეშინოდათ, ჩასაფრებაში არ მოხვედრილიყვნენ, თუმცა ძალიან ხშირად უიარაღო­ მშვიდობიან მოსახლეობას მიზან­მი­მართულადაც უხსნიდნენ ცეცხლს, რაც უკვე ომის დანაშაულია.

მარტივად რომ ავხსნათ, ცეცხლსასროლ იარაღში გამოიყენება ვაზნა, რომელიც შედგება ცილინდრული ფორმის ჰილზისგან. ჰილზის ფსკერზე ჩამონტაჟებულია კაფსულა, თავში მოთავსებულია ტყვია, მათ შორის სივრცე კი ავსებულია დენთით. მსროლელის მიერ სასხლეტის ბოლომდე გამოწევის შემდეგ ნემსა ეცემა ვაზნის კაფსულას, აალებს მას, რის შემდეგაც იწყება დენთის უსწრაფესი წვა და წარმოქმნილი აირის წნევა ტყვიას დიდი სიჩქარით გატყორცნის ლულიდან, რომელიც სპეციალურად არის დახრახნილი ტყვიის ფრენისას მისთვის თავისი ცენტრის გარშემო ბრუნვის უნარის მისანიჭებლად. ხრახნლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის მოქმედების ეს პრინციპი, ორი საუკუნეა, უცვლელია, რადგან გამოირჩევა ტყვიის მიზანში მოხვედრის დიდი სიზუსტით (გლუვლულიანი იარაღისგან განსხვავებით).

ხრახნლულიან საბრძოლო ცეცხლსასროლ იარაღში გამოიყენება რევოლვერის, პისტოლეტის, შუალედური, შაშხანისა და მსხვილკალიბრიანი ვაზნები, მაგრამ მათი დეტალური გარჩევა ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ შევჩერდებით იმ კონკრეტული პისტოლეტის, ავტომატის, სნაიპერული შაშხანისა და ტყვიამფრქვევის საბრძოლო შესაძლებლობებზე, რომლებიც განვლილ ომებში ემუქრებოდა საქართველოს მოსახლეობას, კვლავ არის რუსეთის არმიისა და მის მიერ მხარდაჭერილი პრორუსი სეპარატისტების შეიარაღებაში და ვერავინ გამორიცხავს, ახლო მომავალში კვლავ გააქტიურდეს მათგან მომდინარე საფრთხე.

პისტოლეტი "მაკაროვი"

ეს საბჭოთა დროინდელი ნახევრად ავტომატური (ანუ როდესაც ყოველი გასროლისთვის სასხლეტის გამოკვრაა საჭირო, ხოლო გადატენვა ავტომატურად ხორციელდება) პისტოლეტი ვაზნების გარეშე 730 გრამს იწონის და მის მჭიდში 9X18 მმ კალიბრის რვა ვაზნა ეტევა, რის შემდეგაც მისი მასა 810 გრამამდე იზრდება.

გასროლისას 6,1-გრამიანი ტყვია 93 მმ სიგრძის ლულას 315 მ/წმ საწყისი სიჩქარითა და 302 ჯოული ენერგიით ტოვებს. პისტოლეტის ეს ტყვია დღეისათვის ძალზე მოძველებულად და ნაკლებად სახიფათოდ ითვლება თანამედროვე ჯავშანჟილეტით აღჭურვილი მებრძოლისთვის, მაგრამ აბსოლუტურად დაუცველი მოქალაქისთვის კვლავ სასიკვდილო საფრთხედ რჩება, თუკი დამიზნებითი გასროლა ახლო მანძილიდან განხორციელდა.

ითვლება, რომ "მაკაროვის" გასროლის ეფექტიანობა 50 მ დისტანციამდეა, თუმცა თავად ტყვია მომაკვდინებელ ძალას თითქმის 350 მ-მდე ინარჩუნებს (ბევრს გაახსენდება რამდენიმე წლის წინ თბილისში მომხდარი ტრაგედია, როდესაც მთვრალმა მამაკაცმა თავისი სახლის აივნიდან პისტოლეტით უმისამართო სროლა ატეხა და 400 მ-ზე შორს, კორპუსში, ოთახში მყოფი ქალი იმსხვერპლა ბრმა ტყვიით, რომელიც "მაკაროვისაზე" ძლიერი, "ლუგერის" იყო).

ავტომატი "კალაშნიკოვი"

პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტებში გამოიყენებოდა ორი - 5,45 მმ და 7,62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის ავტომატები.

"კალაშნიკოვიდან" გასროლილი 5,45X39 მმ კალიბრის ვაზნის 3,43-გრამიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე 880 მ/წმ-ია, ხოლო ენერგია ლულის დატოვების მომენტში - 1 328 ჯოული, 7,62X39 მმ კალიბრის ვაზნის რვაგრამიანი ტყვია კი ლულიდან 710 მ/წმ სიჩქარითა და 2 010 ჯოული ენერგიით "გამოვარდება".

"კალაშნიკოვის" მცირეკალიბრიან, 5,45 მმ-იან ტყვიაზე ლეგენდები დადის, თითქოს მას სპეციალურად შეუცვალეს "სიმძიმის ცენტრი", რომ ადამიანის სხეულზე მოხვედრისას ფრენის მიმართულება შეიცვალოს და მთელი ორგანიზმი "დაგლიჯოს". სინამდვილეში მცირე მასისა და შედარებით გრძელი ფორმის ეს ტყვია ფრენისას ჰიროსკოპული წონასწორობის ზღვარზეა და მცირე წინააღმდეგობის, მაგალითად, ხის წვრილ ტოტზე მოხვედრის დროსაც კი იცვლის ფრენის მიმართულებას.

თავის დროზე საბჭოთა კავშირმა "კალაშნიკოვის" მცირეკალიბრიან ვაზნაზე გადაყვანა ამერიკელების ავტომატური შაშხანის, "მ16"-ის 5,56 მმ-იანი ვაზნის მიბაძვით გადაწყვიტა, თუმცა ახლა კვლავ აქტუალური ხდება 7,62 მმ-იანი "კალაშნიკოვები", მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მებრძოლი მხარეები თითქმის მთლიანად თანამედროვე ჯავშანჟილეტებით შეიმოსნენ.

"კალაშნიკოვის" 5,45 მმ-იანი ტყვია 3 150 მ-მდე მიფრინავს და მომაკვდინებელ ძალას 1 350 მ-მდე ("აკმ"-იდან გასროლილ 7,62 მმ-იან ტყვიას მომაკვდინებელი ძალა 1 500 მ-მდე აქვს) ინარჩუნებს, თუმცა მისი დამიზნებით სროლის მანძილი მხოლოდ ათას მეტრამდეა.

სნაიპერული შაშხანა "სვდ" და ტყვიამფრქვევი "პკმ"

ამ საბჭოთა სნაიპერულ შაშხანასა და ერთიან ტყვიამფრქვევს 7,62X54 მმ კალიბრის ვაზნა აერთიანებს, რომლის 9,56-გრამიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე 820 მ/წმ-ია, ხოლო ენერგია - 3 214 ჯოული. ის მომაკვდინებელ ძალას 3 800 მ-მდე ინარჩუნებს.

თავის დროზე კახეთში, თელავთან მოქმედ სასროლეთზე "პკმ"-ის ტყვიამფრქვევების სროლისას ერთმა ბრმა ტყვიამ ადგილობრივი მცხოვრები იმსხვერპლა, რომელიც სასროლეთიდან საკმაოდ შორს იყო.

როგორი საფარი დაგიცავთ და როგორ?

როგორც ხედავთ, პისტოლეტის, ავტომატისა და ტყვიამფრქვევის ტყვიების სიჩქარე და ენერგია სხვადასხვაა და, შესაბამისად, მათ სხვადასხვა სისქისა და მასალის საფარის გახვრეტა შეუძლია, თუმცა ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სროლის მანძილსა და ტყვიის საფარზე მოხვედრის კუთხეს. რაც უფრო შორიდან არის ნასროლი ტყვია და მცირე კუთხით ხვდება საფარს, მით ნაკლები შანსია მისი გახვრეტის, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს სპეციალური, ჯავშანგამტანი ტყვიებიც, ასევე - ექსპანსიური ტყვიები, რომლებსაც მეტი შემაჩერებელი ძალა აქვს.

საფარი, რომელსაც თქვენ ამოეფარებით, ჯობს იყოს მტკიცე ხის, ბეტონის, რკინის, ან უმჯობესია - გრანიტის. მაგალითად, სახლში თავდაცვისას ისეთი ადგილი აირჩიეთ, რომ მსროლელისგან ორი კედელი მაინც გყოფდეთ (ოღონდ ევრორემონტებისას ასე მოდური თაბაშირმუყაოს კედლით თავდაცვის იმედი ნუ გექნებათ). უკეთესია, თუკი ბეტონის კოლონას ამოეფარებით. არ დაუჯეროთ ჰოლივუდისა თუ სხვა უფრო დაბალი დონის მძაფრსიუჟეტიან ფილმებს - ავტომობილის კარები "კალაშნიკოვის" ტყვიებისგან ვერ დაგიცავთ, თუმცა თუკი მანქანის ძრავის ნაკვეთურთან "მოიკალათებთ", დიდი შანსი გაქვთ, ჯავშანგამტან ტყვიებსაც კი გადაურჩეთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ტყვიას, განსაკუთრებით - ავტომატის მცირეკალიბრიანს, ახასიათებს ხშირი რიკოშეტი, რომლის ტრაექტორიის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, ტყვიებისგან უკეთ დაცვის საშუალება ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები - ჯავშანჟილეტი და ჯავშანჩაფხუტია, მაგრამ ამ ვრცელ თემას ჩვენი რუბრიკის შემდეგ მასალაში განვიხილავთ და ერთად განვსაჯოთ, რატომ არის საქართველოში კანონით აკრძალული ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ჯავშანჟილეტების მიყიდვა.