ნახევარი წელი ომის დაწყებიდან - მიღწევები და დანაკარგები - კვირის პალიტრა

ნახევარი წელი ომის დაწყებიდან - მიღწევები და დანაკარგები

რუსეთ-უკრაინის ომის თვეობით გაგრძელებას არავინ ელოდა არც მოსკოვში, არც - ვაშინგტონში და არც - თავად კიევში

24 აგვისტოს ექვსი თვე, ანუ ნახევარი წელი ხდება, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და მისი ტერიტორიების დაპყრობა დაიწყო.

სამხედრო პოტენციალის დიდი სხვაობის გამო ყველა როგორც კრემლში, ისე თეთრ სახლში ელოდა, რომ რუსი ოკუპანტების ფართომასშტაბიანი, რამდენიმე მიმართულებით ელვისებური შეტევების შედეგად კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა და პრეზიდენტ ზელენსკის კანონიერ ხელისუფლებას რომელიმე პრორუსი კრემლის მარიონეტი პოლიტიკოსი - იანუკოვიჩი ან მედვედჩუკი - ჩაანაცვლებდა, მაგრამ ეს არ მოხდა. აქტიური საბრძოლო მოქმედებები უკრაინის თითქმის 2000 კმ-ზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე კვლავ გრძელდება და არც დასასრული უჩანს.

რა სამხედრო წარმატებას მიაღწია რუსეთმა უკრაინის ფრონტზე?

საბრძოლო მოქმედებების ექვსი თვის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ასევე - დონეცკისა და ლუგანსკის პრორუსულმა სეპარატისტულმა ფორმირებებმა უმნიშვნელო საბრძოლო ინიციატივა მოიპოვეს ფრონტის ხაზის დონბასის მონაკვეთზე.

მათი პროგრამა-მინიმუმია, ბრძოლით გავიდნენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე, თუმცა არც ამის შემდეგ შეჩერდებიან.

საბრძოლო შეტაკებები არ წყდება ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც: ჩრდილოეთით­ - ხარკოვ-იზიუმის, სამხრეთით - მიკოლაევ-ხერსონის, ხოლო ცენტრში ზაპოროჟიეს მიმართულებით, მაგრამ ისინი უფრო დემონსტრაციული ხასიათისაა და ფართომასშტაბიან შეტევებზე ლაპარაკი არ არის.

კრემლს სურს, ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის მსგავსად, სხვა დაპყრობილ უკრაინულ ტერიტორიებზეც "რეფერენდუმები" ჩაატაროს და იქ ფიქციური ხერსონისა თუ ზაპოროჟიეს "სახალხო რესპუბლიკები" შექმნას, თუმცა რუსეთის საოკუპაციო ძალებს დაეტყოთ გადაღლა და როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური რესურსების ნაკლებობა, რომ დონბასის პარალელურად შეტევები ფრონტის სხვა უბნებზეც წამოიწყონ.

რას მიაღწია უკრაინის არმიამ?

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმია დონბასის მიმართულებით ნელ-ნელა უკან იხევს და ტოვებს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტებს, არ შეიძლება თქმა, რომ ის მარცხდება.

პირიქით, თავდაცვით ბრძოლებში შეინიშნება უკრაინელი სამხედროების პროფესიონალიზმის ზრდა. ისინი ბოლომდე იცავენ პოზიციებს და უკანაც ორგანიზებულად იხევენ, ისე, რომ მოწინააღმდეგეს მათი "ქვაბში" მოქცევის საშუალებას არ აძლევენ.

მაგრამ ერთია თავდაცვითი ბრძოლები და მეორე - შეტევა, რაც გაცილებით მეტ რესურსს მოითხოვს და საბრძოლო დანაკარგიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

უკრაინის არმიას ახლა არ შეუძლია, წარმატებული ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყოს ფრონტის კონკრეტულ უბანზე, მაგალითად, ხერსონის გასათავისუფლებლად, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს კარგა ხანია დაიქადნა.

როგორ შეიცვალა ბრძოლის ტაქტიკა?

ომის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ დონბასის მიმართულების გარდა, ყველგან, ძირითადად, პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს. ამ დროს უპირატესობა ენიჭება მოწინააღმდეგის პოზიციების საარტილერიო და საავიაციო "დამუშავებას".

საარტილერიო ცეცხლის მასშტაბით რუსეთის საოკუპაციო ძალები ათჯერ და მეტჯერ ჯაბნიან უკრაინელებს. თუკი დღე-ღამეში ფრონტის მთელ ხაზზე რუსები 40-იდან 60 ათასამდე სხვადასხვა კალიბრის ნაღმს, ჭურვსა და რაკეტას ესვრიან მოწინააღმდეგეს, უკრაინელი არტილერისტები საპასუხოდ 3-5 ათასს თუ უბრუნებენ.

სამაგიეროდ, უკრაინის მხარე უფრო აქტიურად და წარმატებით იყენებს დასავლეთის გაგზავნილი "ჰაიმარსების" მართვად რაკეტებს და 155 მმ კალიბრის მართვად საარტილერიო ჭურვებს.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში, რუსეთ-უკრაინის ომში ხდება ის, რაც დაგეგმილი იყო მე-20 საუკუნის 70-80-იანი წლებისთვის, თუკი პირველი ცივი ომის დროს სადმე ევროპის შუაგულში ერთმანეთს საბჭოთა არმია და ნატო დაუპირისპირდებოდა. მაშინ საბჭოთა სტრატეგებს გათვლილი ჰქონდათ, რომ მოწინააღმდეგე უმართავი რაკეტებისა და ჭურვების უსაზღვრო რაოდენობით მიწასთან გაესწორებინათ, ამერიკელები და ევროპელები კი არა რაოდენობის, არამედ ხარისხის - მართვადი საარტილერიო და სარაკეტო შეიარაღების ეფექტიანად გამოყენების იმედად იყვნენ.

რა შედეგი მოაქვს უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მკვეთრ გააქტიურებას?

samx5-1661110559.jpg
უკრაინასთან ომში რუსული სამხედრო მანქანის ფიასკოს კიდევ ერთი დადასტურება - იზიუმთან ჩამოგდებული 50 მლნ დოლარად შეფასებული რუსული მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავის, „Су-30 СМ“-ის ნარჩენები

რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად იმატა რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობების, შტაბებისა და მართვის პუნქტების აფეთქების შემთხვევებმა არა მარტო ოკუპირებულ დონბასსა და ხერსონში, არამედ ანექსირებულ ყირიმში და თავად რუსეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება.

სადამდეც სწვდება, იქ რუსების იარაღის საწყობებს უკრაინელები "ჰაიმარსის" მართვადი რაკეტებით აფეთქებენ, უფრო შორს კი კომბინირებულ მეთოდს იყენებენ ისევ წერტილოვანი საჰაერო დარტყმით, ოღონდ - უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების შესრულებით.

უკრაინელი დივერსანტები მცირე ზომის კამიკაძე-დრონებს უშვებენ უშუალოდ რუსების სამხედრო საწყობებისა და აეროდრომების სიახლოვიდან და უზუსტესი დარტყმით აფეთქებენ ღია ცის ქვეშ დასაწყობებულ საარტილერიო ჭურვებისა თუ საავიაციო ბომბების შტაბელს, რის შემდეგაც იწყება ჯაჭვური დეტონაცია და აფეთქებების ტალღა მთელ საწყობს მოიცავს.

ასეთი ტაქტიკით მოქმედება უსაქმოდ ტოვებს მრავალრიცხოვან რუსულ ეშელონირებულ საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, რომლებიც შორიდან გამოშვებული უკრაინული რაკეტების მოსაგერიებლად მზად არიან, მაგრამ იქვე აფრენილი კომპაქტური დრონების წინააღმდეგ ვერაფერს აკეთებენ.

უკრაინელი დივერსანტების ტაქტიკა ჯერჯერობით ამართლებს, თუნდაც იმიტომ, რომ გარდა სამხედრო დანაკლისისა, ზიანი ადგება რუსეთის ხელისუფლების იმიჯსაც, უპირველესად, თავისივე მოქალაქეების თვალში - როდესაც რუსული ქალაქების სიახლოვეს საბრძოლო მასალების უზარმაზარი საწყობები ფეთქდება და მათი დეტონაცია რამდენიმე დღე გრძელდება, შეშინებული მოქალაქეები უფრო ხშირად და, რაც მთავარია, უკვე ხმამაღლა სვამენ კითხვას: "სწორი იყო უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება, თუკი საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე ინაცვლებს და რუს სამხედროებს თავიანთი მოქალაქეების დაცვა არ შეუძლიათ?

მოწინააღმდეგე მხარეთა საბრძოლო დანაკარგები

როდესაც ფართომასშტაბიანი ომი ნახევარი წელი გრძელდება და მასში ორივე მხრიდან 300 ათასამდე მებრძოლი, ათასობით ტანკი, საარტილერიო დანადგარი და ასობით თვითმფრინავი თუ შვეულმფრენი მონაწილეობს, ბუნებრივია, საბრძოლო დანაკარგიც დიდი იქნება.

ჩვენ ვერ დავუჯერებთ ვერც უკრაინის და, მით უმეტეს, ვერც რუსეთის ოფიციალური წყაროების მიერ მოწინააღმდეგის დანაკარგის შესახებ ყოველდღიურად გამოქვეყნებულ მონაცემებს, რადგან მათგან აშკარად გამოსჭვივის პროპაგანდისტული სულისკვეთება - სიტყვიერად შეამცირონ საკუთარი დანაკარგი და რაც შეიძლება გააზვიადონ მოწინააღმდეგის მსხვერპლის რაოდენობა.

ნდობა მხოლოდ საკუთარი თვალით ნანახისა შეიძლება, ასეთი კი გახლავთ დამოუკიდებელი ინტერნეტრესურსის, "ორიქსის", მიერ შეგროვებული და დახარისხებული ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს დაზიანებულ, მიტოვებულ, ალაფად აღებულ თუ განადგურებულ სამხედრო და საბრძოლო ტექნიკას: ტანკებს, ჯავშანმანქანებს, საარტილერიო და საზენიტო დანადგარებს, რადიოლოკატორებს, თვითმფრინავებს, შვეულმფრენებს, უპილოტო საფრენ აპარატებსა თუ სამხედრო ხომალდებსა და კატარღებს.

ყველა აფეთქებული ტანკი თუ ჩამოგდებული შვეულმფრენი, ალბათ, ჯერ ვერ მოხვდა თვითმხილველთა მობილური ტელეფონების ფოტო-ვიდეო გალერეაში ან ინტერნეტით არ გავრცელდა, ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ტექნიკის დანაკარგის რეალური მაჩვენებელი გაცილებით დიდია.

"ორიქსის" მონაცემების თანახმად, 20 აგვისტოსთვის (როდესაც ეს სტატია იწერებოდა) რუსეთის შეიარაღებული ძალების, "როსგვარდიის", სასაზღვრო ჯარების, კერძო სამხედრო კომპანიების (მაგალითად, "ვაგნერის") და დონბასელი სეპარატისტების საერთო საბრძოლო დანაკარგი შეადგენს 5 241 ერთეულ სამხედრო ტექნიკას, საიდანაც 969 ტანკია,1 934 - ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი და ჯავშანავტომობილი, 341 - საარტილერიო დანადგარი, 51 - თვითმფრინავი და ამდენივე შვეულმფრენი, 111 - დრონი, 11 - სამხედრო ხომალდი და კატარღა.

უკრაინული მხარის სამხედრო ტექნიკის საბრძოლო დანაკარგი (რისი დაფიქსირებაც მოხერხდა) გაცილებით მოკრძალებულია - სულ 1 508 ერთეული, მათ შორის: 239 ტანკი, 571 სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა, 124 საარტილერიო დანადგარი, 41 თვითმფრინავი, 12 შვეულმფრენი, 32 დრონი, 19 სამხედრო ხომალდი და კატარღა.

რაც შეეხება პირადი შემადგენლობის საბრძოლო დანაკარგს, ის გამოითვლება დაუბრუნებელი (დაღუპულები) და სანიტარული (დაჭრილები, დაშავებულები, კონტუზირებულები ანუ ვინც მკურნალობის შემდეგ შეიძლება დაბრუნდეს ფრონტის ხაზზე) დანაკარგის გათვალისწინებით.

რუსეთმა დონბასელ სეპარატისტებთან ერთად ექვსთვიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად, სავარაუდოდ, დაკარგა 20 ათასზე მეტი მებრძოლი, სამჯერ მეტი კი დაიჭრა და დაშავდა, ანუ ფრონტის ხაზზე დააკლდა თითქმის ასი ათასამდე ადამიანი.

უკრაინის არმიისა და მის გვერდით მებრძოლი სხვა ქვეყნების დაღუპულ მოქალაქეთა საერთო რიცხვი 15 ათასს უნდა უახლოვდებოდეს. მათ შორის, სამწუხაროდ, 18 ქართველია.რაც შეეხება სამხედრო ტყვეთა რაოდენობას, ეს მონაცემები გამუდმებით იცვლება, რადგან მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლის პროცესი, რაც ხშირად არ ხმაურდება არც უკრაინული და არც რუსული მხარეების მიერ, თუმცა რუს ოკუპანტებს გაცილებით მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე ჰყავთ, განსაკუთრებით - "აზოვსტალის" გმირულად დამცველი ბატალიონის, "აზოვის", ათასზე მეტი მებრძოლის ტყვედ იძულებით ჩაბარების შემდეგ.