მეტრ-ნახევარი, რომელიც არ გვყოფნის ქართული "მიმინოების“ საიმედოდ დასაცავად - კვირის პალიტრა

მეტრ-ნახევარი, რომელიც არ გვყოფნის ქართული "მიმინოების“ საიმედოდ დასაცავად

მარნეულის, სენაკისა და ვაზიანის აეროდრომებზე შეიძლება ქართული საბრძოლო თვითმფრინავების საიმედოდ დაბინავება ისე, რომ არც მოულოდნელი დაბომბვის გვეშინოდეს და არც - კამიკაძე-დრონის „სტუმრობის“...

რაც უფრო ლაღად დაფრინავს ცაში თვითმფრინავი, მით უფრო ტლანქად მოძრაობს ის აეროდრომზე, შესაბამისად, საჰაერო ბაზის მოულოდნელად დაბომბვის­ შედეგად მოწინააღმდეგეს მწყობრიდან მეტი თვითმფრინავის გამოყვანა შეუძლია.

აეროდრომებზე საჰაერო შეტევის უამრ­ავი ფაქტი არსებობს პირველი და მეორე მსოფლიო ომების პერიოდში და მათ შემდეგაც, მაგრამ განსაკუთრებულად შთამბეჭდავი მაინც ბოლო შემთხვევებია, როდესაც უკრაინული კამიკაძე-დრონები ანექსირებული ყირიმის აეროდრომებზე წარმატებით აფეთქებენ რუსი ოკუპანტების ორმოცდაათმილიონიან საბრძოლო თვითმფრინავებს.

სამიოდე წლის წინ საქართველოსთვის ეს ნაკლებად აქტუალური პრობლემა იყო, რადგან თავდაცვის ძალების კუთვნილი 12-ივე Су-25 მოიერიშე თვითმფრინავი, ფაქტობრივად, გამოსული იყო მწყობრ­იდან და მათ გასაყიდად თუ ჯართში ჩასაბ­არებლად ამზადებდნენ. მოგვიანებით ამ მოიერი­შე­ების, მათ შორის, "მიმინოს" მოდიფ­იკაციების კაპიტალური რემონტი გადაწყვიტეს და დღეს მათი საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი ისევ დაფრინავს. შესაბამისად, ისევ წამოი­ჭრა აეროდრომებზე„"მიმინოების" საიმედოდ დაცვის საკითხი. აეროდრომზე მდგარი ძვირად ღირებული საფრენი აპარატის საჰაერო თავდასხმის ან საარტილერიო დაბომბვისგან დაცვა, ძირითადად, ორი ტექნიკური საშუალებით შეიძლება. პირველი არის კაპონირი, მაღალი მიწაყრილი, რომელიც სამი მხრიდან ეკვრის თვითმფრინავისა თუ შვეულმფრენის სადგომს და მოშორებით აფეთქებული საავიაციო ბომბის ნამსხვრევებისგან იცავს, მაგრამ თუკი კასეტური ბომბის საბრძოლო ელემენტი ან ნაღმსატყორცნის ნაღმი ზუსტად ამ კაპონირის შიგნით ჩავარდა და აფეთქდა, მაშინ თვითმფრინავი დაზიანებას და შეიძლება განადგურებასაც ვერ გადაურჩეს. ასე მოხდება კამიკაძე-დრონის ზემოდან შეტევისასაც. თვითმფრინავების მეორე, უფრო საიმედო სააეროდრომო თავშეს­აფარი მთლიანად გადახურული თაღოვანი კონსტრუქციის ანგარია, რომელიც ზემტკიცე რკინაბეტონის მასალით არის დამზადებული და დამონტაჟების შემდეგ ზემოდან და გვერდებზე რამდენიმემეტრიანი სისქის მიწის ფენით იფარება, რამაც 250 კგ კალიბრის ფუგასურ-მსხვრევადი საავიაციო ბომბის პირდაპირ ანგარზე დაცემასაც კი შეიძლება გაუძლოს. ასეთი დაცული ანგარი წინა მხრიდან აღჭურვილია ორფრთიანი შეჯავშნული დიდი კარით, ანგარის ბოლოში კი დატანებულია სპეციალური ჰაერგამტარები იმ შემთხვევისთვის, თუ პილოტი, დროის მოგების მიზნით, ძრავებს ანგარშივე აამუშავებს - რეაქტიული ძრავებიდან გამოტყორცნილი აირების ნაკადი ამ ჰაერგამტარებიდან გარეთ გადის.

samx3-1661110558.jpg
რუსი ოკუპანტები უკრაინული კამიკაძე-დრონების შიშით მხოლოდ სანახევროდ მალავენ Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენს, რადგან ის გადახურულ და დაცულ ანგარში მთლიანად არ ეტევა

საბჭოთა გენერალიტეტი, იმის მიუხედავად, რომ ათასობით ახალი საბრძოლო თვითმფრინავის შესაძენად ტრილიონები იხარჯებოდა, ნაკლებ ყურადღებას აქცევდა­ აეროდრომებზე მათ საიმედო დაცვას და მთელი პოლკის თვითმფრინავები ერთ რიგად­ იყო ჩამწკრივებული ბილიკზე. საბჭოთა გენერლები მხოლოდ მას შემდეგ შეფუცხუნდნენ, რაც ისრაელმა ექვსდღიანი ომის დაწყების პირველივე საათებში ეგვიპტელებს მასტერ-კლასი ჩაუტარა და ასე ჩამწკრივებული ათობით საბჭოთა­ "მიგი" აეროდრომებზევე გაუნადგურა. საბჭოთა სამხედრო აეროდრომებზე თავდაპირველად კაპონირების აგება დაიწყეს, მაგრამ მოგვიანებით უფრო დაცული თაღოვანი ანგარების აშენებასაც შეუდგნენ, რომელთაც თვითმფრინავი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით აფეთქებული ბირთვული­ ბომბის დამრტყმელი ტალღისგანაც უნდა დაეცვა. საბჭოთა პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე შვიდი სამხედრო აეროდრომი ფუნქციონირებდა (ვაზიანი, მარნეული, დიდი შირაქი, მერია, სენაკი, კოპიტნარი, გუდაუთა), სადაც საბრძოლო თვითმფრინავები იდგნენ. ამ შვიდი სამხედრო აეროდრომიდან ხუთზე - გუდაუთაში, სენაკში, ვაზიანში, მარნეულსა და დიდ შირაქში, აშენდა რკინაბეტონის თაღოვანი ანგარები, რაც გასაგები იყო, რადგან საბჭოთა კავშირში შემავალი საქართველოს ტერიტორია უშუალოდ ესაზღვრებოდა ნატოს წევრ თურქეთს და თურქული აეროდრომიდან აფრენილ ამერიკულ „ფანტომს საზღვრის ხაზიდან სენაკის, მაშინდელი ცხაკაიას სამხედრო აეროდრომამდე მისაღწევად 8 წუთიც არ სჭირდებოდა.­ საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ მისმა მემკვიდრემ, უფრო აგრესიულმა რუსეთმა აგვისტოს ომის დროს თითქმის ყველა აერო­დრომი - ვაზიანის, საავიაციო ქარხნის, მარნეულის, დიდი შირაქის, კოპიტნარისა და სენაკის - დაგვიბომბა და ძლივს გადავრჩით, რომ ამ აეროდრომებზე გადამალული მოიერიშე თვითმფრინავები არ აგვიფეთქა, თუმცა სენაკის აეროდრომზე - სამი შვეულმფრენი, მარნეულში კი სამი ბიპლანი-თვითმფრინავი დავკარგეთ, რასაც, სამწუხაროდ, მსხვერპლიც მოჰყვა.

მარნეულის აეროდრომის დაბომბვისას­ კარგად შენიღბულ ჩვენს მოიერიშეს ბომბის ნამსხვრევიც მოხვდა, მაგრამ­ მაინცდამაინც არ დაზიანებულა; სამაგიეროდ, იმ შესანიღბავ კამუფლირებულ ბადეს, რომელიც თვითმფრინავს ჰქონდა გადაფარებული, ცეცხლი წაეკიდა და რომ არა ქართველი სამხედროების გმირობა, ვინ იცის, რა მოხდებოდა - აფეთქების საფრთხის მიუხედავად, მათ მოიერიშეს ცეცხლწაკიდებული ბადე მოაშორეს და ძვირად ღირებული­ საბრძოლო თვითმფრინავი ხელების დაწვის ფასად გადაარჩინეს... მკითხველი იკითხავს, თუკი მარნეულის­ აეროდრომზე საბჭოთა პერიოდიდან შე­მო­რ­ჩენილი ისეთი ბეტონირებული და გადახ­ურული ანგარები გვაქვს, რომ ბირთვულ აფეთქებასაც კი უძლებს, მაშ, რატომ არ შეაგორეს იქ ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავებიო? გიპასუხებთ­, რადგან თავადაც მიმიღია მონაწილეობა ამ ექსპერიმენტში: საქმე­ ის გახლავთ, რომ ჩვენი "მიმინო" ამ ანგარში არ ეტევა! საბ­ჭოთა დროინდელი სააეროდრომო თაღოვანი ტიპის ანგარის სიგანე 12,9 მ-ია, Су-25 მოიერიშე თვითმფრინავის ფრთაგაშლილობა კი - 14,36 მ, ანუ ზუსტად 1 მეტრით და 46 სმ-ით მეტი, არადა ამ ტიპურ ანგარში ჩვენს "მიმინოზე" გაცილებით დიდი, Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენი ადვილად შედიოდა, რადგან მას ფრთების ისრისებრი კუთხე ეცვლებოდა და ფრთების „დაკეცვის შემდეგ ათიოდე მეტრში ეტეოდა.

აგვისტოს ომის შემდეგ მუშავდებოდა პროექტი ქართულ აეროდრომებზე დარჩენილი ასზე მეტი გადახურული ანგარიდან რამდენიმეს ისე გადასაკეთებლად, რომ ჩვენს "მიმინოებს" იქ თავი უსაფრთხოდ ეგრძნოთ. ეს პროექტი არ განხორციე­ლებულა, თუმცა დღეს ამის აუცილებლობა უფრო მწვავედ დგას. თუკი ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავების გარემონტება დავიწყეთ და ისინი ჰაერში ავწიეთ, მაშინ კეთილი ვინებოთ და უშუალოდ აეროდრომებზე მათ უსაფრთხოებაზეც ვიფიქროთ - დღევანდელი ომები ხომ აეროდრომებზე­ მოულოდნელი საჰაერო თავდასხმებით იწყება!

samx4-1661110558.jpg
ტიპური საბჭოთა დროინდელი დაცული ანგარი ქართულ აეროდრომებზე, რომელშიც შესატევად ჩვენს "მიმინოს"... მეტრ-ნახევარი აკლდება

P.S. ვინმე შეიძლება შემოგვედაოს, მარნეულის აეროდრომზე ჩვენი მოიერიშეები­ ხომ ისედაც საფარქვეშ დგანანო. დიახ, მათი სადგომები მართლაც გადახურულია თურქეთის ფინანსური დახმარებით, მაგრამ ეს თვითმფრინავებს მხოლოდ მზის სხივებისა და წვიმისგან თუ დაიცავს.

P.P.S. იგივე პრობლემა გაუჩნდათ რუსებს ანექსირებული ყირიმის აეროდრომე­ბზე, რადგან Су-25 -ებსა და Су-30СМ-ებს ტიპურ დაცულ ანგარებში ვერ უმალავენ უკრაინელთა კამიკაძე-დრონების ოპერატორებს.მოამზადა ირაკლი ალადაშვილმა