ვინ განახორციელა ტერორისტული თავდასხმა დუგინებზე? - კვირის პალიტრა

ვინ განახორციელა ტერორისტული თავდასხმა დუგინებზე?

20 აგვისტოს საღამოს, დაახლოებით საღამოს ათის ნახევარზე მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელთან მოჟაისკოეს გზატკეცილზე მოძრავი ავტომობილი Toyota Land Cruiser Prado აფეთქდა, რომელშიც ცნობილი რუსი "დერჟავნიკის" ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი, 29 წლის დარია დუგინა იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით დარია დუგინა ფესტივალ "ტრადიციიდან" ბრუნდებოდა, სადაც ლექცია "ტრადიცია და ისტორია" წაიკითხა. ზოგიერთი ინფორმაციით ავტომობილში მამამისი, ალექსანდრე დუგინიც უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლო მომენტში სხვა ავტომობილით გაემგზავრა. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის განაცხადებით უკვე დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მძღოლის მხარეს, ავტომობილის ქვეშ იყო მიმაგრებული და დარია დუგინა ადგილზე გარდაიცვალა.

რა შეიძლება ითქვას ამ ტერორისტულ აქტზე? ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მცირე დეტალსაც კი. არსებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მძღოლის სავარძლის მიმართულებით, Toyota -ს ძარაზე იყო დამაგრებული. რა სიმძლავრის იყო ასაფეთქებელი? თუ საჭესთან რეგულარულად ალექსანდრე დუგინი იმყოფებოდა და მხოლოდ მისი ლიკვიდაცია იგეგემებოდა მაშინ ასაფეთქებელი მოწყობილობა მცირე ან საშუალო სიმძლავრის, ხოლო თუ ყველა მგზავრის ლიკვიდაცია იყო ჩაფიქრებული - მაშინ უფრო მძლავრი იქნებოდა. ეს ავტომობილის კორპუსის დაზიანებებმა უნდა აჩვენონ. ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა პრინციპით ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობილობა: დისტანციურად თუ საათის მექანიზმით. ამის მიხედვით შეიძლება საგზაო ვიდეოკამერებით იმის დადგენა მიჰყვებოდა (ან ელოდა), თუ არა ტერაქტის ორგანიზატორი მსხვერპლს სხვა ავტომობილით. თუ საათის მექანიზმით ამოქმედდა, მაშინ გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ამ Toyota -ს მოძრაობის და პარკირების მთელი დღის მარშრუტი. კრიმინალისტებს პრობლემას ისიც შეუქმნის, რომ ავტომობილს აფეთქების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ეს გარემოება ძალზე მნიშვნელოვანია და მასზე ქვემოთ ვისაუბროთ. ახლა კი მივედით მთავართან: ვინ შეიძლება იდგეს დუგინებზე ტერორისტული თავდასხმის უკან? ვინ რა "სარგებელს" მოელოდა მათი ლიკვიდაციით? "საინფორმაციო ომში" ვინ ისარგებლებს ყველაზე მეტად ამ ტერაქტით?

ძირითადი ვერსია შეიძლება ამგვარი იყოს: ტერაქტის შემკვეთი და შემსრულებელი შეიძლება იყოს, როგორც რუსეთის ფარგლებს გარედან, ასევე თავად რუსეთშიც.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტერაქტიდან რამდენიმე საათში უკვე დასდო ბრალი უკრაინას და განაცხადა, რომ უკრაინის სპეცსამსახურების მონაწილეობის ვარაუდის ლეგიტიმურობის დამადასტურებელი საკმარისი ფაქტებიაო და "მტკიცებულებად" მოიყვანა... უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელობის პოლიტიკური მოწოდებები. ამასთან ერთად, რუსეთის დიპლომატიის "ვარსკვლავ-გოგონამ" დაამატა: თუ დადასტურდება დარია დუგინას მკვლელობაში "უკრაინული კვალის" ვერსია, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზეო. ანუ რისი დამტკიცებაც ჩვენ გვინდაო!

განვიხილოთ უკრაინის სპეცსამსახურების მონაწილეობის ვერსია. ყველა მოქმედებას თავისი მიზანი აქვს და ის გარკვეულ შედეგზეა გათვლილი. თავიდანვე ვიტყვი, რომ ნებისმიერი ტერორისტული აქტი რუსეთის იმ სამოქალაქო პირების მიმართ, რომლებიც უშუალოდ არ არიან ჩართული სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში ან თუ დამტკიცებული არ არის მათი უშუალო მონაწილეობა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდში, უკრაინელი სამხედროების წამებაში და ა.შ. დაუშვებელია და გამართლება არ აქვს. არც 60 წლის ალექსანდრე დუგინი და მით უმეტეს, არც მისი ახალგაზრდა ქალიშვილი დარია არ იყვნენ უკრაინის სპეცსამსახურებისთვის ის "განსაკუთრებული მნიშვნელობის სამიზნეები", რომელთა ლიკვიდაციის ოპერაციაც უნდა დაეგეგმათ და განეხორციელებინათ რუსეთის ცენტრში. ჩემი აზრით, უკრაინის ხელისუფლება საღად აზროვნებს და მისთვის კარგადაა ცნობილი, რომ დუგინების ლიკვიდაცია არანაირ რეალურ სამხედრო-პოლიტიკურ დივიდენდს არ მოუტანდა მათ. პირიქით, პირველივე ეჭვი, სწორედ უკრაინისკენ წარიმართებოდა და ზელენსკის, ასე ძნელად შეკრებილ მხარდამჭერებს დააკარგვინებდა მთელ მსოფლიოში. ეს ლოგიკა და რაციონალური აზროვნებაა. ნამდვილად მჯერა, რომ რუსეთის ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ უკრაინელ მეგობრებს აქვთ რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარი.

2b-1661153202.jpg

"კრემლი" უკვე ცდილობს გარდაცვლილი დარია დუგინა უკრაინის #1 მტრად წარმოაჩინოს და ასე შექმნას "უკრაინული კვალის" მტკიცებულებებისთვის ფსიქოლოგიური ბაზა. რუსულენოვანი მედია განსაკუთრებით აღნიშნავს. რომ: "დარია დუგინა ცნობილი იყო უკრაინაში რუსული სპეცოპერაციის აქტიური მხარდაჭერით. ის ივნისში დონეცკსა და მარიუპოლში გაემგზავრა, სადაც ეწვია "აზოვსტალს". დუგინამ დანგრეული ქარხნიდან ფოტოები გამოაქვეყნა თავის ტელეგრამ -არხზე" და ა.შ. რამდენმა რუსეთის მოქალაქემაც უკრაინის კანონების მსგავსი დარღვევა ჩაიდინა ყველას ტერაქტი უნდა მოუწყოს უკრაინის სპეცსამსახურებმა? ვითომ უფრო მნიშვნელოვანი ამოცანები და სამიზნეები არ აქვთ?

ასევე იმეორებენ, რომ დარია დუგინა, როგორც უკრაინის შესახებ დეზინფორმაციის ხშირი და ცნობილი ავტორი დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში მოათავსა. კი ბატონო. თუმცა, არც დეზინფორმაციის გავრცელებაა ის მიზეზი, რომ უკრაინის სპეცსამსახურებს რუსეთის ტერიტორიაზე ამგვარი, დიდად სარისკო სპეცოპერაცია-ტერაქტი დაეგეგმათ. რუსეთის "პროპაგანდისტული მანქანა" აცხადებს, რომ დარია იყო მამის, ალექსანდრე დუგინის, იდეოლოგიური მემკვიდრე და "რუსული სამყაროს" კონცეფციის გამგრძელებელი. არც ესაა არგუმენტი ტერაქტისთვის. "ევრაზიული" და "რუსული სამყაროს" თეორიები დღეს, უკრაინაში ურთულესი საომარი მდგომარეობის დროს, არაა იმდენად აქტუალური, რომ მათი "ავტორის", ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციისთვის კიევმა მსოფლიო დონის სკანდალში გაჰყოს თავი.

თუმცა ჩასაფრებული და კარგად დაგეშილი რუსეთის მეხოტბე, "უსამშობლო" მარგარიტა სიმონიანი პირდაპირ მიანიშნებს, რომ დაშა დუგინას მკვლელობის გამო, მალე კიევში უნდა შეზანზარდეს პრეზიდენტის ოფისის, თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროს შენობებიო - ანუ აუცილებელია სარაკეტო დარტყმები განხორციელდეს კიევზეო. ამის სურვილი პუტინს მართლაც დიდი ხანია, რაც აქვს. ის საბაბს ეძებდა და ახლა უკვე მძლავრი პროპაგანდისტული ფონი სჭირდება, რათა "ტერაქტის გამო" შური იძიოს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა შემდეგი კომენტარი გააკეთა მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით: "ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია ამ საქმესთან, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია, და მითუმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო".

მაგრამ გამოძიებას რუსეთი აწარმოებს და ისეთ დასკვნას დადებს, როგორც პუტინს სურს. თუნდაც 2010 წელს სმოლენსკთან პოლონეთის სამთავრობო ავიალაინერის კატასტროფა გავიხსენოთ, როდესაც პოლონეთის სამხედრო-პოლიტიკური ელიტა დაიღუპა. დღესაც, ამდენი წლის შემდეგ, რუსეთი სხვადასხვა მიზეზით არ უბრუნებს პოლონეთს თვითმფრინავის ნამსხვრევებს და ე.წ. "შავი ყუთის" ჩანაწერებს, რაც ობიექტურ გამოძიებას შეუძლებელს ხდის.

ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ ტერაქტს რუსეთის ხელისუფლება გამოიყენებს საკუთარი მიზნებისთვის, კერძოდ შეეცდება მსოფლიოს აჩვენოს, რომ "ტერორისტული სახელმწიფო" რუსეთი კი არაა, როგორც დასავლეთში საუბრობენ, არამედ უკრაინაა, რომელიც ახალგაზრდა გოგოსაც არ ინდობს და აფეთქებს.

შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ტერაქტი თავად რუსეთის ხელისუფლების დაგეგმილ-ჩატარებულია? სავსებით შესაძლებელია: გავიხსენოთ 1998-2000 წლები, განა საზარელი ტერაქტების, ჩეჩნეთის მეორე ომის პროვოცირების და რუსეთის მოქალაქეების სიკვდილის ფონზე არ გახდა ყველასთვის უცნობი პოდპოლკოვნიკი ვოვა პუტინი ჯერ ეფ-ეს-ბეს დირექტორი, შემდეგ პრემიერ-მინისტრი და ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი? დასავლეთში მიაჩნიათ, რომ პუტინ-პატრუშევის დუეტს ამგვარი საშინელი დანაშაულის ორგანიზება და შემდეგ სხვისთვის გადაბრალება, დღესაც არ გუჭირდებათ.

პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი კატეგორიულად ახადებს:.

"დარია დუგინას სასტიკი მკვლელობა არის პუტინის ძალოვანების გაფრთხილება ულტრაფაშისტური პარტიის სულიერი ლიდერისთვის (იგულისხმება ალექსანდრე დუგინი - ბ.ა.), რომელიც ზოგჯერ აკრიტიკებს პუტინს, როგორც არასაკმარისად პრინციპულ კორუმპირებულ ფაშისტს". სრულიად შესაძლებელია მთავარი სამიზნე არა ალექსანდრე დუგინი, არამედ მისი ქალიშვილი დარია იყო - ასე უფრო რეზონანსული გახდებოდა ტერაქტის შემდგომი უკრაინის საწინააღმდეგო რადიკალური მოქმედებების გამართლება. აფეთქების შემდეგ ავტომობილს ხანძარი გაუჩნდა, ეს კი რუს კრიმინალისტებს, რომლებიც ისედაც ყოველთვის გამოირჩეოდნენ "საქმის გაფუჭების" და "საქმის შეკერვის" ნიჭით, კარგ შანსს აძლევს ისეთი "დასკნა დადონ", როგორც მათ დიქტატორს სურს. ამის შემდეგ მოსალოდნელია უახლოეს დღეებში დააკავონ "ტერაქტის შემსრულებლები", რომლებიც "შემკვეთად" უკრაინის სპეცსამსახურებს დაასახელებენ. რუსეთის ხელისუფლებას ამგვარი "საჭირო ოპერაციების" წინ უკვე ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული აქვთ და "ტერორისტებიც" შერჩეული ჰყავთ.