"ჰაიმარსმა" "ჩვენებურ" სეპარატისტებსაც მიაგნო ოკუპირებულ დონეცკში? - კვირის პალიტრა

"ჰაიმარსმა" "ჩვენებურ" სეპარატისტებსაც მიაგნო ოკუპირებულ დონეცკში?

ამერიკელების მიერ გადაცემული "ჰაიმარსებით" უკრაინელმა არტილერისტებმა ბოლო ორ თვეში რუსი ოკუპანტებისა და მათი მხარდამჭერი ადგილობრივი სეპარატისტების საბრძოლო მასალების ასამდე დიდი თუ პატარა საწყობი რომ "დაადუღეს", უკვე თავად პრორუსი პროპაგანდისტებიც ვეღარ უარყოფენ.

დღეს, 22 აგვისტოს, გამთენიისას, დროებით ოკუპირებული დონეცკის წრიული ავტოსტრადის სიახლოვეს სარაკეტო დარტყმა განხორციელდა შენობაზე, სადაც 2014 წლის გაზაფხულამდე, კრემლის მიერ დონბასში შეიარაღებული არეულობის შეტანამდე, განთავსებული იყო "აშანის" ჰიპერმარკეტი და ის არა მარტო დონეცკელთა სასურველ სავაჭრო და გასართობ ცენტრს წარმოადგენდა.

2-ashani-1661169273.png
ასე გამოიყურებოდა ჰიპერმარკეტი „აშანი“ დონეცკის პრორუსი სეპარატისტების მიერ დაპყრობამდე...

დონბასის ოკუპაციის შემდეგ "აშანის" ჰიპერმარკეტის შენობებისა და საწყობების სრული გაძარცვის შემდეგ, მისი გამოყენება დონეცკელმა პრორუსმა სეპარატისტებმა თავიანთი მიზნებისთვის დაიწყეს და იქ საბრძოლო მასალებსა და სამხედრო ტექნიკას ინახავდნენ.

ალბათ, ამიტომაც მოხდა, რომ "ჰაიმარსიდან" გაშვებული რაკეტის ზუსტი მოხვედრის შემდეგ, ყოფილი "აშანის" სუპერმარკეტის ტერიტორიაზე რამდენიმე საათი გრძელდება აფეთქებები - ეს იქ შენახული რაკეტები განიცდიან დეტონაციას და მათ ახლოს ვერავინ მიუხლოვდება, სანამ ბოლო საბრძოლო მასალაც არ დეტონირდება ადგილზე...

ეს შეიძლება უკრაინელი მზვერავებისა და არტილერისტების მორიგ საბრძოლო წარმატებად ჩაგვეთვალა, თუმცა ამ კონკრეტულ სარაკეტო დარტყმას, წესით, საქართველოშიც უნდა ჰქონდეს გამოძახილი, რადგან ყოფილი "აშანის" ჰიპერმარკეტის ბაზაზე განთავსებული იყო პრორუსული "ინტერნაციონალური ბრიგადის - "პიატნაშკას" შტაბი, ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა, სწორედ იმ "პიატნაშკასი", რომელშიც ბევრი "ჩვენებური" სეპარატისტიც იბრძვის ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან...

სეპარატისტული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" შეიარაღებული ფორმირებების რიგებში მე-15 ინტერნაციონალური ბატალიონი "პიატნაშკა" 2014 წლიდან ყალიბდებოდა და მისი ერთ-ერთი პირველი მეთაური გახლდათ ახრა (ახრიკ) ავიძბა, სახმისით "აფხაზი".

2016 წელს საკუთარი სახლის ლიფტში დონეცკელი სეპატარატისტების კიდევ ერთი ოდიოზური საველე მეთაურის ("გივის" შემდეგ) - "მოტოროლას" აფეთქების შემდეგ ავიძბა დონეცკიდან სასწრაფოდ გაქრა და თავის მშობლიურ გუდაუთას შეაფარა თავი, რადგან "მოტოროლას" თანამებრძოლები მასაც განიხილავდნენ თავიანთი მეთაურის აფეთქების სავარაუდო მომწყობად...

სანამ ავიძბა აფხაზეთს აფარებდა თავს, "პიატნაშკას" მეთაური ოსი ეროვნების ოლეგ მამიევი, სახმისით "მამაი", გახდა, რომელიც აგვისტოს ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა ცხინვალში.

მამიევის მეთაურობა 2018 წელს დასრულდა, როდესაც ავდიევკასთან ბრძოლაში ყუმბარსატყორცნის ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა.

3-ashani-1661169303.png
„პიატნაშკას“ სამხედრო ბაზად გადაკეთებულ დონეცკის „აშანზე“ უკრაინელების „ჰაიმარსის“ დარტყმის მომენტი...

"პიატნაშკას" ბატალიონი (სიტყვა "ბატალიონი" ნამდვილად არ შეესაბამებოდა პირადი შემადგენლობის იმ მცირე რაოდენობას, რაც ამ სეპარატისტულ შეიარაღებულ რაზმში იყო გაწევრებული) შემდგომ გაერთიანებული იქნა "დონეცკის სახალხო რეპუბლიკის" ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში და მის მეთაურად ისევ "აფხაზი" - ახრიკ ავიძბა დაბრუნდა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში 2021 წლის ზაფხულში დააკავეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ეტყობა, მოსკოვიდან ბრძანებით ჩუმად გამოუშვეს...

ყოფილი "აშანის" ჰიპერმარკეტზე უკრაინული "ჰაიმარსის" წარმატებული "დაშვების" შემდეგ დაწყებულ აფეთქებათა სერიას, სავარაუდოდ, "პიატნაშკას" არა ერთი მებრძოლი შეეწირა და დაიჭრა, რომლებიც იმ მომენტში თავის ბაზაზე იმყოფებოდნენ.

მათ შორის იქნებიან ისინიც, ვინც იარაღით ხელში არა მარტო უკრაინის, არამედ - ჩვენი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ებრძოდა...