"ვიწყებ ბრძოლას... ვისაც სურვილი აქვს, შემომიერთდეს. თუ დაჭერა მოუნდებათ, დამიჭერენ, მაგრამ ამის შიშით გაჩერებას არ ვაპირებ!" - კვირის პალიტრა

"ვიწყებ ბრძოლას... ვისაც სურვილი აქვს, შემომიერთდეს. თუ დაჭერა მოუნდებათ, დამიჭერენ, მაგრამ ამის შიშით გაჩერებას არ ვაპირებ!"

“მე ვიქნები მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელმაც იცის, რომ მას თავზე ასხედან”...

“დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით” - ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელსაც “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სთავაზობს საზოგადოებას. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, მუშაობას თანამოაზრეებთან ერთად სექტემბრიდან დაიწყებს, სანამ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს.

ამ განცხადების შემდეგ მმართველი გუნდის ლიდერებმა ზურა ჯაფარიძე სამოქალაქო ომის გაღვივების მცდელობაში დაადანაშაულეს. როგორც გაირკვა, მისი ინიციატივა არც ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის არის მისაღები. პარტია “გირჩის” ლიდერმა განაცხადა, რომ ზურა ჯაფარიძის არჩეული გზა არის “ოცნების” დახმარება - ახალი მტრის ხატის შექმნისთვის, ან პოლიტიკიდან სააკაშვილის ჰოპოთეზური გასვლით, ნიშის დაკავება. გახარიას გუნდში თქვეს, პოლიტიკოსი, რომელიც პოლარიზების გაღრმავებისკენ მოგვიწოდებს, მისაღები არ არისო... ელენე ხოშტარია ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ზურა (გირჩი) ჯაფარიძის იდეა მოიწონა და განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და დაუმორჩილებლობის გარდა სხვა გზა არ დატოვა.

რატომ გადაწყვიტა ჯაფარიძემ პროტესტის უკიდურესი ფორმებისთვის მიემართა, რას ფიქრობს ოპოზიციონერი კოლეგების განწყობაზე და როგორ აპირებს სხვა ოპოზიციონერი ლიდერების მხარდაჭერის გარეშე საპროტესტო მუხტის მართვას - ამ ყველაფერს თავად ზურა ჯაფარიძესთან საუბრისას შევიტყობთ.

- სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის, ერთადერთი გზა, რამაც შესაძლოა, “ქართულ ოცნებას” ძალაუფლება დაათმობინოს, ქუჩის პროტესტია. პროცესები უნდა გადავიდეს ქუჩაში და ისეთი ტიპის პროტესტი იყოს, რაც ხელისუფლებას ხელს შეუშლის ქვეყნის მართვაში. არა “შევიკრიბეთ და დავიშალეთ”, არამედ ისეთი პროტესტი, რომელიც გათვლილი იქნება საბოტაჟსა და პარალიზებაზე. რაც შეეხება ოპოზიციას: მოდი, ვაღიაროთ, ოპოზიცია მოგებისთვის კი არა, გადარჩენისთვის თამაშობს. მათ ეშინიათ, რომ ცვლილებების შემთხვევაში არსებულ სტატუსს და ბენეფიტებს ისევ ვერ შეინარჩუნებს. ეს სიმართლეა. ჯამში, ოპოზიცია მოგებისთვის არ თამაშობს, უმეტესობა თამაშობს გადარჩენისთვის და ეს იცის ივანიშვილმაც. გამოდის, რომ ოპოზიციად წოდებული პარტიების წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი და, რიგ შემთხვევებში, მთლიანად პარტიები სისტემის ნაწილად არიან ქცეული და ისევე არიან დაინტერესებული, არ დაკარგონ საპარლამენტო სკამი, კაბინეტი, მივლინებები, ბიუჯეტის ფული, საარჩევნო კომისიებში ადგილები, უფასო სატელევიზიო სარეკლამო დრო, მედიის ყურადღება, საზოგადოებრივი სტატუსი თუ სხვა რაღაცები, როგორც “ოცნების” მხარდამჭერი სსიპ-ის რიგითი უსაქმური თანამშრომელია დაინტერესებული, არ დარჩეს უმუშევარი, შემოსავლის გარეშე. ერთი და იმავე მოტივით მოძრაობენ.

- რატომ შეიძლება არ აძლევდეთ ხელს სტატუს-კვო თქვენ მიერ ნახსენებ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, თუკი ფიქრობენ, რომ ამ ფორმით რაღაცის გაკეთება შეუძლიათ?

- რისი გაკეთება შეუძლიათ, აკეთებენ რამეს?! ჩემი აზრით, როდესაც პოლიტიკაში ხარ, იდეალების უნდა გჯეროდეს და მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის არ უნდა ირჯებოდე. ახლა, როდესაც ქვეყანა ნადგურდება, ახალგაზრდა პერსპექტიული ადამიანები ჯგუფ-ჯგუფად გარბიან აქედან, თანაც ისეთები, რომლებსაც ბოლო დრომდე არც კი უფიქრიათ ამაზე, შენი პირადი მიღწევებით ტკბობიდან უნდა გამოხვიდე და გვერდზე გაიხედო. ჰო, ვიცი, ზოგიერთები კმაყოფილები იყურებიან სარკეში და საკუთარ თავს ეუბნებიან - აი, რამდენს მივაღწიეო!.. ეს არ არის სწორი, ეს არ არის პოლიტიკოსის ამბიცია. ახლა, როდესაც ევროკავშირი გვეუბნება, მაჩანჩალები ხართო, წლის ბოლოსაც იმავეს გვეტყვიან და უკრაინას და მოლდოვას კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წასწევენ, როდესაც ჩვენ ქვეყნის შინ და გარეთ დედა გვაქვს ნატირები, ახლა გინდოდეს სტატუს-კვოს შენარჩუნება, ეს თავხედობაც არის და უნამუსობაც. ასეთი ადამიანები პოლიტიკიდან არიან გასაშვები. წესით, ოპოზიცია ახლა პარლამენტიდან გამოსული უნდა იყოს. მაშინ უნდა გამოსულიყვნენ, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის დოკუმენტზე თქვა, ანულირებულიაო, და თავზე გადაგვახია. მე მაშინ გამოვედი, იმიტომ, რომ პარლამენტში ოპოზიციონერები სწორედ მაგ დოკუმენტის გამო შევედით. საერთოდ არ მესმის, რატომ დარჩნენ სხვები. ეს პრინციპის და თავმოყვარეობის საქმე იყო.

- თქვენი ხედვით, ახლა რა არის მთავარი პრობლემა, რის გამოც ქუჩაში გამოდიხართ?

- ახლა მთავარია, დავამარცხოთ სისტემა, ოღონდ სისტემის დამარცხება პატრონის გამოცვლას კი არა, სისტემის დაშლასა და შემდეგ რეფორმების გატარებას ნიშნავს. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ გვაქვს ქვეყანაში რუსული მმართველობის სისტემა ანუ მთელი ძალაუფლება ერთი კაცის ხელშია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვერ მოვახერხეთ ისეთი სისტემის შექმნა, რომლის პირობებშიც ერთი კაცის ხელში მთელი ძალაუფლების თავმოყრა შეუძლებელი გახდებოდა.

- რატომ ვერ აიყოლიეთ დანარჩენი ოპოზიცია და როგორ გგონიათ, სექტემბერში ხალხის აყოლიებას შეძლებთ?

- იმიტომ, რომ შინაარსსა და საერთო მიზნებზე ვერ ვთანხმდებით. მათ მიზნებზე უკვე გესაუბრეთ - ოპოზიცია სტატუს-კვოს შენარჩუნებით არის დაინტერესებული; რაც შეეხება შინაარსს, მათ ახლა არ აინტერესებთ ქვეყნის მოწყობის ხედვები და იდეები, ოპოზიცია და, სხვათა შორის, ჩემი ამომრჩეველიც, ეძებს ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელიც შეძლებს ივანიშვილის დამარცხებას. მე მგონია, ქუჩაში რომ გახვიდე, ადამიანებს დაელაპარაკო, გაგიჭირდება ივანიშვილის ცოცხალი მხარდამჭერის მოძებნა. ადამიანები ხედავენ პრობლემას და ამ პრობლემის არსსაც ხვდებიან, უბრალოდ, თავიანთ არჩევანს არ აკეთებენ იმის მიხედვით, თუ რა იქნება ქვეყნისთვის კარგი ან ცუდი. არა, ადამიანები თავიანთ პოლიტიკურ არჩევანს განსაზღვრავენ იმის მიხედვით, თუ სად არიან დასაქმებულნი, გაფორმებულნი, ანუ წინ მაინც ყოველდღიურ ყოფით საკითხს აყენებენ. ხალხი მატრიცაზეა მიერთებული, მეორე ნაწილი შანტაჟის და მუქარის მსხვერპლია. ეს ხალხი ოპოზიციის ერთობას რომ ხედავდეს, საქმე ბევრად უფრო კარგად იქნებოდა.

- რა შეიძლება გაკეთდეს ამ ერთობის შესაქმნელად, რა მოლოდინი გაქვთ, როგორ აპირებთ სექტემბერში ხალხის აყოლიებას?

- მე ვამბობ, რომ ამ ქვეყანაში, ვისაც სინდისი აქვს, ყველა აღიარებს, რომ “ქართულ ოცნებას” არჩევნები არ მოუგია და ხელისუფლება აქვს უზურპირებული. ეს გოგაშვილის ათასობით ფაილმაც დაადასტურა. ის ძალიან კარგად ჰყვება, როგორ აშანტაჟებდნენ და აშინებდნენ ხალხს იმისთვის, რომ “ქართული ოცნებისთვის” არა მარტო თავად მიეცათ ხმა, არამედ სხვების ხმებიც მათ ყულაბაში მიეტანათ. მე არ ვამბობ, რომ მე ვიქნები წინამძღოლი და ყველანი ჩემ გარშემო უნდა დაირაზმონ, არა. მე გეუბნებით, რომ ვიწყებ ბრძოლას, ჩემი პერსონალური გადაწყვეტილება მივიღე, ახლა ვისაც სურვილი აქვს, შემომიერთდეს, ვისაც არა, ნუ შემომიერთდება.

- პერსონალურად ერთი ადამიანი ან თუნდაც ადამიანთა მცირე ჯგუფი საბოტაჟს ვერ მოაწყობს.

- მე ვიქნები მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელმაც იცის, რომ მას თავზე ასხედან, რომ ფულს ართმევენ. მე არ ვარ იმ შიშის ქვეშ, რომ ვაითუ, ხალხი არ ამყვეს. პოლიტიკოსებს აქვთ შიშები, ვაითუ, ხალხი არ აგვყვეს, ასე ხომ თავი მოგვეჭრება, ჩავფლავდებით და ჩვენი პოლიტიკური კარიერა დასრულდებაო. მე საერთოდ არ მანერვიულებს ასეთი წვრილმანები. ისიც ფეხებზე მკიდია, დასრულდება თუ არა ჩემი პოლიტიკური კარიერა. გამოვა-არგამოვაზე არ მაქვს აგებული ჩემი გეგმა. მე ვმოქმედებ ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე. არ მომწონს, თავზე რომ მაზის ვიღაც “ჩათლახი”, “მწველის”, ამით ინარჩუნებს ძალაუფლებას და ჩემს შვილებს უფუჭებს მომავალს. მე არ ვემორჩილები ამას, დიახ, საბოტაჟსაც მოვაწყობ და კიდევ სხვა რამესაც მოვიფიქრებ.

- მმართველი გუნდის ლიდერებმა უკვე აღნიშნეს - საბოტაჟის მოწყობა კანონდარღვევააო...

- საბოტაჟს გააჩნია. საბოტაჟი არ იყო, სუს-ის შესასვლელში ნაგავი რომ დავყარე და ჩავხერგე?!. თუ დაჭერა მოუნდათ, კი დამიჭერენ, მაგრამ ამის შიშით გაჩერებას არ ვაპირებ. რასაც ვაპირებ, ეს არის ბუნებრივი პასუხი დამცირებასა და შეურაცხყოფაზე. მე რა ვიცი ახლა, რამდენ ადამიანს აღმოაჩნდება სექტემბერში თავმოყვარეობა?! ამას დრო გვიჩვენებს. მე ის ვიცი, 20 წლის შემდეგ ამ ამბავს გავიხსენებ და ვიტყვი, რომ მაშინ, როდესაც წუმპე იყო და გარშემო ყველა შეშინებული იყო, მე ჩემი სათქმელი ვთქვი და ვალი მოვიხადე. მე არც ბუღალტერი ვარ და არც იურისტი, ჩემს შვილებს 10 წლის შემდეგ რომ ვუთხრა, - მაშინ, შვილო, “დიდი რუსობა” რომ იყო, მე ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული-მეთქი. პოლიტიკოსი ვარ, ამ მოცემულობის შეცვლა მინდა. არ ვიცი, გამომივა თუ არ გამომივა, მაგრამ შვილებს იმას ვეტყვი, რომ ვცადე მაინც. აი, სხვები როგორ იმართლებენ თავს საკუთარ შვილებთან, არ ვიცი.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი "გზა"