"ზელენსკი მზად უნდა იყოს როგორც "ტკბილი" სიტყვების მოსასმენად, ასევე - ღალატისთვისაც" - კვირის პალიტრა

"ზელენსკი მზად უნდა იყოს როგორც "ტკბილი" სიტყვების მოსასმენად, ასევე - ღალატისთვისაც"

ბრიტანულ "დეილი ექსპრესში" (The Daily Express) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ზელენსკი მზად უნდა იყოს როგორც "ტკბილი" სიტყვების მოსასმენად, ასევე - ღალატისთვისაც", რომელშიც კომენტირებულია რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა და გარკვეული პროგნოზებიც არის მოცემული.

როგორც პუბლიკაციის ავტორი რიჩარდ მედლი აღნიშნავს, თითქმის ყველა პროგნოზი რუსეთ-უკრაინის ომზე, რომელიც თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში გამოითქმებოდა, მცდარი აღმოჩნდა.

"ექსპერტ-პოლიტოლოგთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც იმ დროს თავიანთ აზრებს გამოთქვამდნენ, ამბობდნენ, რომ ყველაფერი 72 საათში დასრულდებოდა: ვლადიმერ პუტინის ტანკები უკრაინაში შეჭრიდან კიევს მესამე დღეს აიღებდნენ, გამარჯვებული რუსი გენერლები კი მარიონეტულ მთავრობას შექმნიდნენ... მაგრამ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელსაც დასავლეთმა [კიევიდან] უსაფრთხო გადაფრენა შესთავაზა "მაშველი რგოლის" სახით, აჩვენა, რომ სიტუაცია "ექსპერტების" ვარაუდებისგან განსხვავებული იქნებოდა.

ახლა, როცა ექვსი თვის ბრძოლები უკან დარჩა, როცა კიევი ფართო კონტრშეტევისათვის ემზადება, როცა ყურადღებით ვაკვირდებით მოსკოვისა და კიევის მოქმედებებს და ბრძოლის ველზე შექმნილ სიტუაციას, უკვე შეიძლება, უფრო საიმედო და შედარებით ზუსტი პროგნოზების გაკეთება.

პირველი - ბირთვული იარაღით სარგებლობის ალბათობა. მე, პირადად, ერთი წუთითაც კი ვერ დავიჯერებ, კრემლიდან გავრცელებული სახიფათო და მუქარისშემცველი განცხადებების მიუხედავად, რომ ვლადიმერ პუტინს თუნდაც გულში აქვს გავლებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბრძოლის ველზე გამოყენება. თუნდაც ის, რომ ტაქტიკური ატომური იარაღი ბევრად უფრო სუსტია საკონტინენტთაშორისო სტრატეგიულ ბირთვულ იარაღზე, ერთი მცირე სიმძლავრის ატომური ბომბის აფეთქებაც კი იმდენად მკვეთრად და ნეგატიურად შეცვლის საერთაშორისო სიტუაციას [რუსეთის წინააღმდეგ], რომ ასეთი რისკიანი ნაბიჯის გადადმა არ ღირს.

რასაკვირველია, ისეთი ვირტუალურ-ფანტასტიკური სცენარის დროს, როცა, ვთქვათ, ძლიერი მტერი რუსეთის დედაქალაქის - მოსკოვის მისადგომებს მიუახლოვდება, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი მის შესაჩერებლად ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მაგრამ - უკრაინის წინააღმდეგ? ეს სცენარი რუსი ლიდერისათვის სამოქმედო ვარიანტად არ გამოდგება.

დღემდე დასავლეთი მზად იყო და არის ვოლოდიმირ ზელენსკისათვის თანამედროვე პირველხარისხოვანი იარაღის მისაწოდებლად. მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე? რა მოხდება, როცა, ვთქვათ, (როგორც ზოგიერთი გამჭრიახი" დამკვირვებელი ვარაუდობს), ვლადიმერ პუტინი უეცრად თავისი "სპეცოპერაციით" დასახული მიზნების მიღწევას - გამარჯვებას გამოაცხადებს, მონიშნავს "ცეცხლის შეწყვეტის ხაზს" რუსეთ-უკრაინის ახალ დე-ფაქტო საზღვრების გასწვრივ და ამით ყველას ჩიხში შეიყვანს?

როგორი მაცდური იქნებოდა ევროპისა და ამერიკისათვის ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლის განხორციელება, რომ მან საომარი მოქმედებები შეწყვიტოს და მოლაპარაკება დაიწყოს... გერმანია ეკონომიკურ ჩიხში შედის რუსეთიდან ენერგომატარებლების მიწოდების შემცირების გამო. გერმანელების ნაწილს სურს, რომ გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი-2" რაც შეიძლება მალე იქნეს გაშვებული და სრული სიმძლავრით ამუშავდეს. მათი სურვილი გასაგებია - ზამთარი ახლოვდება.

ამასობაში, დანარჩენი ევროპა "ფრჩხილებს იკვნეტს" და უიმედოდ უყურებს, როგორ ინგრევა [რუსეთ-უკრაინის ომის გამო] კორონავირუსით ისედაც დასუსტებული მათი ეკონომიკა. მთავრობები დაიღალნენ ორმაგი დარტყმების მოგერიებით, რეცესიებით და ინფლაციებით, რომელსაც უკრაინის კონფლიქტი ხელს უწყობს. სხვათა შორის, ამერიკისათვის ევროპაში მიმდინარე ომი ტრადიციულად არასასურველია.

ნუ მიაქცევთ ყურადღებას თეთრი სახლიდან მომდინარე ჯო ბაიდენის ანტიპუტინურ რიტორიკას. შეიძლება ფსონიც კი დაიდოს იმაზე, რომ აშშ მზად იქნება, დააკმაყოფილოს რუსი ლიდერის გრძელვადიანი ამბიციები, ცეცხლის შეწყვეტას მიზნით, იმის საფუძველზე, რომ კონფლიქტის დარეგულირება, ვითომდა, "ყველასთან შეთანხმებულია".

მშვიდობა ნებისმიერ ფასად? ეს საკმარისი არ არის. მაგრამ თუ პუტინი ისეთი ჭკვიანია, როგორც ამას ბევრი ფიქრობს, მაშინ იგი მზად იქნება, დასავლეთის სისუსტით, ევროპელთა შიდაუთანხმოებით და [იქაური პოლიტიკოსების] პირადი ინტერესებით ისარგებლოს.

მოკლედ, ზელენსკი მზად უნდა იყოს ["ტკბილი"] სიტყვებისთვის... და ღალატისათვის.