პუტინი კიევს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს "ისკანდერებით" "მიულოცავს"? - კვირის პალიტრა

პუტინი კიევს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს "ისკანდერებით" "მიულოცავს"?

პუტინი კიევს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს "ისკანდერებით" "მიულოცავს"?

ხვალ, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა.

ხვალვე სრულდება ნახევარი წელი 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი დაესხა თავს უკრაინას.

რას მოიმოქმედებს ხვალ, ომის ექვსი თვის თავზე ის პუტინი, რომელიც ექვს დღეში აპირებდა კიევის აღებას და მთლინად უკრაინის დაჩოქებას?

პროგნოზი ბევრია - ზოგი აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის დღეს კრემლი შეეცდება, სამაგალითოდ დასაჯოს ურჩი უკრაინელები, ზოგიც თვლის, რომ ბევრი არაფერი მოხდება და როგორც აქამდე ესროდა რუსეთი რაკეტებს უკრაინულ მშვიდობიან ქალაქებს, 24 აგვისტოსაც ასევე გაგრძელდება...

მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს სპეციალურ, ოფიციალურ მიმართვას თავისი მოქალაქეებისადმი, რომ მათ ამ დღეებში დატოვონ კიევი და, საერთოდ, უკრაინა ცოტა ხნით მაინც, რადგან მოსალოდნელია უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და სახელმწიფო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმები...

უკრაინის მთავრობამაც ამ დღეებში სახლებში გაუშვა ის სახელმწიფო მოხელეები, ვისი ოფისებიც კიევის ცენტრალურ უბნებშია...

3-k-1661246448.jpg
რუსეთის ბრიანსის ოლქიდან კიევამდე მხოლოდ ორასიოდე კმ-ია, რის დასაფარავადაც რუსულ „ისკანდერებს“ მხოლოდ რამდენიმე წუთი თუ დასჭირდებათ...

ნუთუ 24 აგვისტოს, უკრაინელებისთვის დამოუკიდებლობის დღის ჩასაშხამებლად, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მართლაც გასცემს ბრძანებას, რომ კიევის ცენტრი, სადაც უკრაინის ყველა ძირითადი სახელისუფლებო სტრუქტურების შენობებია განთავსებული, "კალიბრის" ფრთოსანი და "ისკანდერის" აერობალისტიკური რაკეტებით მასობრივად დაიბომბოს?

რატომაც არა, განა პუტინი არ იყო, რომელმაც ნახევარი წლის წინ უკრაინაზე თავდასხმის ბრძანება გასცა? ანდა პუტინი არ ხელმძღვანელობდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის არმიის შემოჭრას საქართველოს ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მხოლოდ პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა?

თავად პუტინი და მისი ქვეშევრდომები არა ერთხელ დამუქრებიან უკრაინას, რომ გაუნადგურებენ "გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებს", თუკი უკრაინა "წითელ ხაზებს" გადაკვეთსო...

მაგრამ უკრაინის არმიამ ხომ უკვე ასჯერ და ათასჯერ გადაუკვეთა რუს ოკუპანტებს მათ მიერვე გავლებული ე.წ. წითელი ხაზი - ყოველდღიურად უნადგურებს საბრძოლო მასალების საწყობებს, შტაბებს, კამიკაძე-დრონებით უტევს ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს და ბომბავს რუსულ სამხედრო ობიექტებს, თვით რუსეთის იმ ტერიტორიაზეც, რომელიც უკრაინას უშუალოდ ესაზღვრება...

ამიტომაც, დიდი ალბათობით, მართლაც არის მოსალოდნელი, რომ ჯერ კიდევ დღევანდელი, 23 აგვისტოს საღამოდან და განსაკუთრებით კი 24 აგვისტოს, რუსეთმა განახორციელოს მასობრივი სარაკეტო შეტევები უკრაინის დედაქალაქის - კიევის იმ ნაწილზე, სადაც უკრაინის პოლიტიკური, ეკონომიკური და, რაც მთავარია, სამხედრო გადაწყვეტილებების მიმღები და განმახორციელებელი ცენტრებია განთავსებული...

პ.ს. რუსეთის ხელისუფლებამ ამგვარად დამოუკიდებლობის დღე ერთხელ უკვე "მიულოცა" უკრაინას, როდესაც 2014 წლის 24 აგვისტოს, როდესაც უკრაინის არმია კიევის ცენტრში, კრეშატიკზე სამხედრო აღლუმს ატარებდა, დონეცკის ოლქში, ილოვაისკთან ბრძოლებში რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების დანაყოფები ჯავშენტექნიკითურთ ფარულად ჩაებნენ ბრძოლებში და უკრაინელ სამხედროებს "ილოვაისკის ქვაბი" მოუწყვეს...

2-k-1661246415.png
კიეველები კრეშატიკზე პუტინის არმიის აფეთქებული და დამწვარი ჯავშანტექნიკით ტკბებიან...

პ.ს.ს. ისე კი, პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრეზიდენტ პუტინს ერთგვარად "აუსრულა" სურვილი და რუსული ტანკები და ჯავშანმანქანები კიევის ცენტრში მართლაც "შეუშვა", ოღონდ აფეთქებულ და დამწვარ მდგომარეობაში...

მოწინააღმდეგის განადგურებული ტექნიკის გამოფენა საკუთარი დედაქალაქის ცენტრში ომის დათავრებამდე უცხო ხილი არ არის. მაგალითად, სტალინმა ნაალაფარი ჰიტლერის არმიის თვითმფრინავები, ტანკები და ქვემეხები მოსკოვის ცენტრში გამოაფენინა, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელები ჯერ კიდევ სტალინგრადთან იდგნენ.

პუტინმა სტალინს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიბაძა, როდესაც ქართული არმიისგან წაღებული დაზიანებული საბრძოლო ტექნიკის რამდენიმე ეგზემპლარი მოსკოვთან, კუბინკაში გამოფინეს.

2020 წლის ყარაბაღის ბოლო ომში გამარჯვების შემდეგ, პრეზიდენტმა ალიევმა ბაქოს ერთ უბანში სპეციალური მუზეუმიც კი მოაწყობინა, სადაც სომხეთის არმიის განადგურებული ტანკებისა თუ "გრადების" ეგზემპლარები განათავსეს.