დაჭრილი პატიმრის დედის განცხადებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და „ცუდისთვის შეამზადეს“ - კვირის პალიტრა

დაჭრილი პატიმრის დედის განცხადებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და „ცუდისთვის შეამზადეს“

დაჭრილი პატიმრის გურამ სვანიძის დედა, ნათია შენგელია აცხადებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და „ცუდისთვის შეამზადეს“.

„სასწაული თუ გადამირჩენს, თორემ რეალობა რაც არის ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ძალიან მძიმედაა, კრიტიკულია და ცუდისთვის შემამზადეს“, - აცხადებს ნათია შენგელია „რუსთვის 2“-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გურამ სვანიძემ, რომელიც მკურნალობისთვის გლდანის ციხიდან ფიქიატრიულ კლინიკაში იყო გადაყვანილი, 20 აგვისტოს კლინიკაში გასროლა განახორციელა. სპეციალური საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 20 აგვისტოს დილის საათებში, სმენის გადაბარების დროს, ბრალდებული პატიმარი უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ, იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება. მიღებული დაზიანების შემდეგ დაზარალებული კავკასიის მედიცინის ცენტრში იქნა გადაყვანილი, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

მომხადრთან დაკავშირებით უწყებამ გაასაჯაროვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები, სადაც მათივე მტკიცებით, ჩანს რომ პატიმარმა ესკორტის ოფიცერს ე.წ. კაბურიდან იარაღი ამოაცალა და გაისროლა.

IPN