"რუსეთი ყირიმს უკრაინაზე თავდასხმებისთვის, უკრაინის მოქალაქეების ფილტრაციის ბანაკებში დეპორტაციისთვისა და მოპარული საქონლის ტრანსპორტირებისთვის იყენებს" - კვირის პალიტრა

"რუსეთი ყირიმს უკრაინაზე თავდასხმებისთვის, უკრაინის მოქალაქეების ფილტრაციის ბანაკებში დეპორტაციისთვისა და მოპარული საქონლის ტრანსპორტირებისთვის იყენებს"

ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას. უკრაინაზე თავდასხმა თებერვალში არ დაწყებულა, ის 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიით დაიწყო, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა.

მიშელის თქმით, რუსეთის მიერ წამოწყებულმა ომმა მილიონობით უკრაინელ ოჯახს ტანჯვა მოუტანა.

„თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთი იყენებს ყირიმს სტრატეგიულ წერტილად უკრაინაზე თავდასხმების განსახორციელებლად, ის ასევე იყენებს ყირიმს უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციისთვის სამარცხვინო ფილტრაციის ბანაკების მიმართულებით, სადაც წამების შემთხვევების შესახებ არსებობს ინფორმაცია. ყირიმი ასევე გახდა უკრაინის მიწებიდან მოპარული საქონლის სატრანსპორტო ჰაბი. რუსეთის ყირიმში ყოფნამ გამოიწვია უკრაინის პორტების ბლოკადა, რომელმაც მძიმე შედეგები მოუტანა უკრაინის ეკონომიკას და მსოფლიოს მასშტაბით საკვების უსაფრთხოების კრიზისი გამოიწვია.

პირდაპირები ვიყოთ, კრემლის მხრიდან ეს ცინიკური ნაბიჯია, იარაღად გამოიყენოს შიმშილი და უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტოს. ამიტომ, მივესალმებით სტამბოლში ახლახან ხელმოწერილ შეთანხმებას და უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან პირველი გემების დაძვრას. ჩვენ ასევე მივესალმებით გაეროს გენერალური მდივნის როლს ამ პროცესში. ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით, რომ რუსეთმა ეს შეთანხმება სრულად შეასრულოს,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

შარლ მიშელმა ასევე დაგმო რუსეთის მიერ ზაპოროჟიის ატომური სადგურის მრავალჯერადი დაბომბვა და აღნიშნა, რომ მოსკოვის ნაბიჯების ატომური კატასტროფის რისკებს აჩენს.

IPN