"ლიზ ტრასი მთელ მსოფლიოს სძულს?" - რას ფიქრობენ ბრიტანეთის შესაძლო პრემიერზე მსოფლიო ლიდერები - კვირის პალიტრა

"ლიზ ტრასი მთელ მსოფლიოს სძულს?" - რას ფიქრობენ ბრიტანეთის შესაძლო პრემიერზე მსოფლიო ლიდერები

"ვაშინგტონში და დასავლეთ ევროპის უმრავლეს ქვეყნებში სულ უფრო მტკიცდება სკეპტიციზმი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასის - ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის შესაძლო მოსვლაზე", - წერს აშშ-ის გაზეთ Politico-ს ევროპული გამოცემა (რედაქციის ოფისი ბელგიაში) სტატიაში სათაურით - "ლიზ ტრასი მთელ მსოფლიოს სძულს?" (ავტორები - ქრისტინა გალარდო და ლეონ კიევსკი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები თანდათანობით აცნობიერებენ ახალ რეალობას - ლიზ ტრასი, როგორც ჩანს, მალე გახდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. თუ რამე კატასტროფული არ მოხდება, ყოველი ახალი გამოკითხვა იმის მაუწყებელია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი დაუნინგ სტრიტის ათ ნომერში პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.

ერთი მხრივ, თუ სიმართლეს ვიტყვით, ბევრ ქვეყანას არ მოსწონს ის, რასაც ამჩნევს. მრავალრიცხოვანი საუბრები მაღალჩინოსან დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან იმას მოწმობს, რომ ლიზ ტრასი საერთაშორისო არენაზე მაინცდამაინც დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. როცა იგი პრემიერ-მინისტრი გახდება, ამ ფაქტს დიდი სკეპტიციზმით შეხვდებიან დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის - აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაშიც. ლიზ ტრასთან მკაცრი კითხვები აქვს ავსტრალიის ხელისუფლებას. ლიზ ტრასს ზიზღით უყურებენ მოსკოვსა და პეკინში.

მეორე მხრივ, ლიზ ტრასი საკმაოდ პოპულარულია აღმოსავლეთ ევროპისა და ინდოეთ-წყნარი ოკეანეების რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში.

ბრიუსელის პოზიცია ლიზ ტრასის მიმართ

ლიზ ტრასი არ მოსწონთ ევროკავშირშიც, რადგან მან ხელი შეუწყო ბრექსიტის პროცესს (ჯერ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მოწინააღმდეგე იყო, შემდეგ აქტიურად ჩაერთო და გასვლას მხარი დაუჭირა). ბრიუსელისა და ევროკავშირის რიგი ქვეყნების დედაქალაქებში იმედი იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი მეგობრულად განწყობილი მოსაუბრე იქნებოდა, ჯერ კიდევ გასულ გაზაფხულს დაკარგეს, როცა მან გამოაქვეყნა "ოქმი ჩრდილოეთ ირლანდიის შესახებ" (ბრექსიტთან დაკავშირებით), რაც, ფაქტობრივად, საერთაშორისო სამართლის დარღვევის ტოლფასია. პრაქტიკულად, არც ერთ დუბლინელ პოლიტიკოსს არ შეუძლია ლიზ ტრასის კეთილი სიტყვით მოხსენიება.

სამხრეთ ევროპის ქვეყნების ორმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა შეშფოთება გამოხატა ლიზ ტრასის "არანორმალური იმპულსიურობის" გამო საგარეო პოლიტიკაში, რასაც სიტუაციის გამწვავებაც კი შეუძლია.

ვაშინგტონი და კანბერა: ლიზ ტრასის პრემიერობა - უფრო "არა", ვიდრე "დიახ"

აშშ-ში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და, ზოგადად, დემოკრატები საკმაოდ განაწყენებულნი არიან ლიზ ტრასის დამოკიდებულებით ჩრდილოეთ ირლანდიის მიმართ. გავლენიანი დემოკრატების, მათ შორის - თვითონ ჯო ბაიდენისა და წარმომადგენლების პალატის სპიკერის - ნენსი პელოსის აზრით, ლიზ ტრასისეული "ოქმი" ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდი ძალისხმევით მოპოვებულ მშვიდობას დაარღვევს.

ავსტრალიის, რომელიც დიდ ბრიტანეთს გეოგრაფიულად ათი ათასობით კილომეტრით არის დაშორებული, მაგრამ, იმავდროულად, ლონდონთან მჭიდრო კავშირები აქვს (კანბერა "ბრიტანეთის თანამეგობრობის" წევრია), სათავეში ამჟამად ლეიბორისტული პარტიაა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე კი ბრიტანელი კონსერვატორების კანდიდატს ამრეზით უყურებს. მართალია, მას აშკარად არ გაუხმოვანებია თავისი ხედვა ბრიტანეთის მომავალი კოლეგის მიმართ, მაგრამ მისი თანაპარტიელების აზრით, ლიზ ტრასის პოზიცია წყნარი ოკეანის რეგიონის საკითხებში უგუნურია.

პეკინი: "ლიზ ტრასი - ბრიტანული იმპერიალიზმის თვალთმაქცი სახე"

რა თქმა უნდა, ლიზ ტრასი უკიდურესად ნეგატიურად არის განწყობილი ჩინეთისადმი. მან არა ერთხელ გააკრიტიკა თავისი კონკურენტი რიში სუნაკი, რომელიც პეკინთან მოლაპარაკების იდეას აყენებს ტაივანის საკითხზე. ლიზ ტრასი კი მომხრეა, ტაივანს სამხედრო დახმარება გაეწიოს და მსოფლიოში "პეკინის მავნე გავლენა" შეკავებული იქნას. თავის მხრივ, ჩინეთმა ბრიტანელი საგარეო საქმეთა მინისტრისა და [მომავალი] პრემიერ-მინისტრის განცხადებებს "ბრიტანული იმპერიალიზმის თვალთმაქცი სახე" უწოდა. პეკინი ამრეზით უყურებს ამერიკა-ბრიტანეთის ახლო ურთიერთობებსაც: "როგორც ჩანს, ბრიტანეთი აშშ-ის კოლონია გახდა", - აღნიშნა ამას წინათ ჩინური დიპლომატიის წარმომადგენელმა ვან ივეიმ კომპარტიის მთავარი ბეჭდვითი ორგანოს - "ჟენმინ ჟიბაოს" ინგლისურენოვან ვერსიაში - Global Times-ში.

მოსკოვი: ლიზ ტრასი - "სისხლისმსმელი ქალი"

რუსეთთან მიმართებით ლიზ ტრასის რიტორიკა ასევე მკაცრია - უფრო მკაცრი, ვიდრე - პეკინთან. მისმა "ქორულმა" პოზიციამ რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნების დამცინავი რეაქცია გამოიწვია. მოსკოვური დიპლომატიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ლიზ ტრასის მოქმედება უკიდურესად დესტრუქციულად შეაფასა, ხოლო თვითონ ბრიტანელ ქალბატონს "სისხლისმსმელი ადამიანი" უწოდა.

კრემლს დიდი სიამოვნება მიანიჭა ლიზ ტრასის გეოგრაფიულმა შეცდომამ, როდესაც ბრიტანელმა მინისტრმა მოსკოვში თავისი რუსი კოლეგის ეშმაკურად დასმულ კითხვას შეცდომით უპასუხა. ამან რუსულ მასმედიაში დამცინავი რეზონანსი გამოიწვია (ვორონეჟისა და ბელგოროდის უკრაინის შემადგენლობაში ყოფნის თაობაზე). რუსი პოლიტიკოსები ლიზ ტრასს "მკვეთრ რუსოფობად" მოიხსენიებენ, "რომელსაც რუსეთის განადგურება სურს".

კიევი: ლიზ ტრასი - "ბორის ჯონსონის კურსის გამგრძელებელი"

რა თქმა უნდა, ლიზ ტრასის ანტირუსულ პოზიციას უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის რიგი სახელმწიფოების, მაგალითად, ბალტიისპირა ქვეყნების ხელისუფლება, პოზიტიურად აფასებენ. კიეველ დიპლომატებს იმედი აქვთ, რომ თუ ლიზ ტრასი პრემიერ-მინისტრი გახდება, იგი ბორის ჯონსონის კურსს გააგრძელებს უკრაინის დახმარების საკითხში.

ერთ-ერთი ბალტიისპირა ქვეყნის დიპლომატის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის დახმარებაში ლიდერის მისია იკისრა და ამ საქმეში უდიდესი როლი შეასრულა (აშშ-ის შემდეგ). დიდი ალბათობით, ლიზ ტრასი, თავისი რწმენისა და იდეებიდან გამომდინარე, უკრაინას სამომავლოდაც მხარს დაუჭერს: "ჩვენ ამ მხრივ მისი თანამოაზრეები ვართ".

დელი: ლიზ ტრასი, როგორც "არასასურველი სტუმარი"

ლიზ ტრასის მიზანია, შექმნას თავისუფალი ქვეყნების ქსელი რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ, რათა დანარჩენი მსოფლიო მოსკოვსა და პეკინზე დამოკიდებული აღარ იყოს. ეს ყველაზე მეტად აზიისა და ინდოეთ-წყნარი ოკეანეების რეგიონს ეხება.

როგორც ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის - "ჩეთემ-ჰაუსის" (Chatham House) მეცნიერ-თანამშრომელი დევიდ ლოურენსი ამბობს, ზოგიერთი ბრიტანელი პოლიტიკოსი შიშობს, რომ ლიზ ტრასის პოლიტიკური ხედვები გლობალური გეოპოლიტიკის პოლარიზებას ახდენს და ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყანაში ავტორიტარიზმის გაძლიერებას: "ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა იაპონია და ავსტრალია, გარკვეული პრობლემატური საკითხების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის ბუნებრივი მოკავშირეები არიან, მაგრამ ისეთებს, როგორიც პაკისტანი, ინდოეთი და მალაიზიაა, ლონდონის მიმართ "სტუმართმოყვარე მასპინძლებად" ვერ ჩავთვლით, პოსტკოლონიალური პრეტენზიების გათვალისწინებით", - აღნიშნავს დევიდ ლოურენსი Politico-ს ჟურნალისტებთან საუბრისას. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ