სიზმრიდან გამოყოლილი სტრიქონები სასწრაფოდ ჩავიწერე და... უცებ დიდი ბესიკ ხარანაულის ნათქვამი გამახსენდა: წერისთვის მთავარია, რაც წამოგახტუნებსო... - კვირის პალიტრა

სიზმრიდან გამოყოლილი სტრიქონები სასწრაფოდ ჩავიწერე და... უცებ დიდი ბესიკ ხარანაულის ნათქვამი გამახსენდა: წერისთვის მთავარია, რაც წამოგახტუნებსო...

იხილეთ დასაწყისი - უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმის მისტიკა

უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან რომ გამოვედით, გვარიანად დაღამებულიყო, დაღლილები ვიყავით და დასაძინებლად გავეშურეთ. არავისთვის გამიმხელია და მტკიცედ გადავწყვიტე: უთენია, ექვს საათზე უნდა გამეღვიძა (მობილურის მაღვიძარაც კი დავაყენე) და მარტო ავსულიყავი შხარა-ლამარიასთან მოსასიყვარულებლად. მერე კი მალე უნდა დავბრუნებულიყავი შინ, რადგან უკანა გზაზე წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის ნახვასაც ვაპირებდით, შემდეგ კი გეზი თბილისისკენ გვქონდა.

ჩემს ოთახელ გოგონებს მალე ჩაეძინათ, მე კი ძალიან აფორიაქებული ვიყავი. ვხვდებოდი, ჩემს ფიქრებს სწორედ შხარა-ლამარია რევდა. თვალი ვერ მოვხუჭე. მერე, როგორც ჩანს, მაინც ჩამთვლიმა და ლექსის სტრიქონებმა წამომაგდო ფეხზე - 6 საათიც არ იყო. თურმე, თავსხმა წვიმა მოსულიყო და მაღვიძარასაც კი დაასწრო ჩემი გაღვიძება. არც ჩემთვის ტრადიციულმა სვანურმა მუზამ დაახანა - სიზმრიდან გამოყოლილი ლექსის სტრიქონები სასწრაფოდ ჩავიწერე ფურცელზე... უცებ დიდი ბესიკ ხარანაული გამახსენდა და ერთ-ერთი საუბრისას ჩემთვის ნათქვამი: წერისთვის მთავარია, რაც წამოგახტუნებსო... ჰოდა, მაშინ ჩავწვდი ამ "წამოხტუნების" არსს...

ფანჯარასთან მივედი და ლამარიას ვეხვეწებოდი, წვიმას ცოტათი მაინც გადაეღო, ჩანაფიქრი რომ ამესრულებინა.

222-1661329447.jpg
წვიმიანი ლამარია

მერე აღარც წვიმის გადაღებას დაველოდე და სასწრაფოდ მოვემზადე. არც სახლში და არც ეზოში არავინ ჩანდა - მივხვდი, ჩვენებს კვლავ ეძინათ. ქურთუკში გავეხვიე, ეზოში გავედი და, ლამის, სირბილით ავუყევი ორღობეს. გამოვტყდები და, დიდად გულადი ვერ ვარ - წინა საღამოს ამ ორღობეში ძაღლები გვიყეფდნენ, მაგრამ ბევრნი ვიყავით და ნაკლებად მეშინოდა, მაგრამ ამჯერად გული ამოვარდნას მქონდა. ირგვლივ ადამიანის ჭაჭანებაც არ იყო, ყეფა კი აქა-იქ ისმოდა. ლამარიას გორაკის ძირში, ერთ-ერთ ეზოში, უცხოელი ტურისტები და ველოსიპედები შევნიშნე და... შვებით ამოვისუნთქე. მართალია, სხვა გზით წავიდნენ, მაგრამ ადამიანების დანახვამ გამაგულადა. ავირბინე აღმართი და შხარაც "შემომეგება"...

333-3-1661348448.jpg
ღრუბლებში გახვეული შხარა

444-3-1661348500.jpg
ჩემი გამგულადებელი ტურისტები

კარგა ხანს მონუსხულივით ვუყურებდი ღრუბლებში "გაბნეულ" შხარას მწვერვალებს. უცებ ჯიბე მოვიჩხრიკე და ხელთ მხოლოდ ფოტოაპარატი აღმომაჩნდა, მობილური კი შინ დამრჩენოდა. ცოტათი ვიდარდე, ჩვენები რომ ვერ შემნიშნავენ, შეეშინდებათ-მეთქი, მაგრამ... ხანგრძლივი ფოტოსესია მაინც მოვუწყვე შხარას, წვიმიან უშგულს, ველოსიპედებზე შემომსხდარ ტურისტებს, გარემოს და სელფებიც ბლომად გადავიღე...

555-2-1661348538.jpg
წვიმა, ქარი, შხარა და ჩვენ

666-1661348570.jpg
უშგულის ალიონი

უცებ ლამარიას ზარების ხმაც გავიგონე. დილის მოკლე ლოცვა წარმოვთქვი და სირბილით დავეშვი. ჩვენები ეზოში დამხვდნენ და ვიდრე ფოტოვიდეომასალა არ წარვუდგინე, არ მიჯერებდნენ, რომ ლამარიადან მოვდიოდი...

77-4-1661348651.jpg
ლამარიას ზარები

მერე ყველა ერთად ავედით შხარა-ლამარიასთან გამოსამშვიდობებლად. უამრავი ფოტო გადავიღეთ, ლამარიაც მოვილოცეთ და კვლავ თავსხმა წვიმაში დავეშვით დაბლა.

888-2-1661348684.jpg
"ხომ გეუბნებოდი, გაფრინდებიან-მეთქი!"

ჩვენს მანქანამდე სრულიად გალუმპულებმა მივაღწიეთ, ღამის თავსხმა და უშგულის ალიონი კი ზმანებასავით გამომყვა... რაღაც სხვა იყო... ასრულებული ოცნებისავით: უთენია რომ წამოგაგდებს ლოგინიდან და მყეფარე ძაღლებიან ორღობეს წვიმაში მარტოს გაგატარებს; აღმართს რომ აგარბენინებს; მთის წვერზე მარტოდ მყოფს, ლოცვას რომ გათქმევინებს, სიყვარულს აგახსნევინებს, სელფს გადაგაღებინებს და აქეთაც ლოცვა-კურთხევას გამოგატანს!

999-2-1661348723.jpg

სიყვარული წვიმაში

გავკადნიერდები და სანახევროდ სიზმრად დაწერილ საკუთარ ლექსად გეტყვით, რა იყო ჩემთვის ის ღამე, უშგული და შხარა:

შენი ხმა ჩამესმა და გამეღვიძა.

თავსხმა მოსულიყო მთაში.

ბინდი აიყარა და ჩემი სარკმლიდან

შენს ნაკვთებს დავეძებდი ცაში.

თვალი ვერსად მოგკარ და ამოგირბინე,

აისს რომ შევხვედროდით ერთად.

თითქოს, ცივი ჩანდი - თოვლიანი,

მოგიახლოვდი და - მზე ხარ!

ქარმა ყური მოჰკრა და ჩემი ბუტბუტი

სიტყვებად მოიტანა შენთან.

იცი, როგორ მივხვდი? - მე რომ გიღიმოდი,

შენ კოხტაობდი მზესთან...

მზით მიგვიღო სვანეთმა და უშგულმა და, წვიმა რომ გადმოგვაყარა, ვიფიქრეთ, ალბათ, გამოგვეტირა-თქო. მაგრამ არც წვიმით შეგვაფერხა, რადგან გზად კვლავ მზის სხივები მოგვაშველა და უშგულ-მესტიის შუა, მთის წვერიდან გადმომზირალი ულამაზესი ლაგურკის - კალის წმ. კვირიკესა და ივლიტას ტაძრის უნახავად არ გამოგვიშვა.

1000-1661348764.jpg
დამშვიდობება უშგულთან... შეხვედრამდე

(გაგრძელება იქნება)