ბორჯომის ხანძრების ჩაქრობა გართულდა... ხანძრებთან საბრძოლველად თურქეთიდან სამი თვითმფრინავი გამოფრინდა... - კვირის პალიტრა

ბორჯომის ხანძრების ჩაქრობა გართულდა... ხანძრებთან საბრძოლველად თურქეთიდან სამი თვითმფრინავი გამოფრინდა...

2022 წლის 19 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქვაბისხევი-ზორეთის რაიონში, მთის ფერდობებზე, ტყეში გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლიკვიდირება, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, პირიქით - ძლიერმა ქარმა, მაღალმა ტემპერატურამ და უნალექო ამინდმა ხანძრის ახალი კერები წარმოქმნა...

სიტუცია 24 აგვისტოსთვის ისე გართულდა, რომ შვეულმფრენებთან ერთად ხანძრის ჩასაქრობად თვითმფრინავები და თვით სახანძრო მატარებლის მობილიზებაც კი გახდა საჭირო.

3-xanzari-1661334375.jpg
სასაზღვრო პოლიციის მსუბუქი „ციყვი“ - AS350 B3 Ecureuil-იც ხანძრის ჩასაქრობადაა მობილიზებული...

ხანძრის ლიკვიდაციაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოთხი შვეულმფრენი (მათგან სამი - Mi-8MTV და ერთიც - AS350 B3 Ecureuil) მონაწილეობს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ხანძრის კერები ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებულია, ძნელად მისავალ ან, საერთოდ, მიუვალ მთის კალთებზე და მოიცავს 150 ჰექტარზე უფრო მეტ ფართობს, რაც ძალზე ართულებს ჰაერიდან მათ ჩაქრობას.

1-xanzari-1661340783.png
NASA FIRMS -ის თანამგზავრულ რუკაზე კარგად მოჩანს თუ ბოლო 24 საათში ხანძრის რამდენი კერა მძვინვარებს ბორჯომის მუნიცაპალიტეტის ტყეებში და რამდენად არიან ისინი ერთმანეთისგან დაშორებული.

NASA FIRMS-ის თანამგზავრულ რუკაზე კარგად მოჩანს, ბოლო 24 საათში თუ რამდენი ხანძრის კერა მძვინვარებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეებში და რამდენად არიან ისინი ერთმანეთისგან დაშორებული.

აქვე გთავაზობთ Google Earth-იდან „ამოჭრილ“ იმავე ადგილის თანამგზავრულ ფოტოს, რომ მკითხველს წარმოდგენა შეექმნას, თუ რამდენად ახლოს არის ხანძრის კერები ბორჯომი-ახალციხის საავტომობილო გზასთან და სარკინიგზო ხაზთან.

2-xanzari-1661334332.png
Google Earth-იდან „ამოჭრილი“ ხანძრის კერების იმავე კოორდინატების თანამგზავრული ფოტო

ეტყობა ამიტომაცაა, რომ რკინიგზის დეპარტამენტი სპეციალური სახანძრო მატარებლის გამოყენებასაც აპირებს ხანძართან ბრძოლაში.

საქართველოს მთავრობამ კი მეზობელი თურქეთიდან სამი სპეციალიზირებული, ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავი გამოითხოვა მესაზღვრეების ოთხი შვეულმფრენის დასახმარებლად.

ძალაუნებურად ხდება პარალელის გატარება 2017 წლის 20-27 აგვისტოს ხანძართან, რომელიც, ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფლების - წაღვერისა და დაბის მიმდებარედ ერთი კვირა მძვინვარებდა და მის ჩასაქრობად რამდენიმე ქვეყნის ხანძარსაწინააღმდეგო შვეულმფრენებისა და თვითმფრინავის მობილიზება გახდა საჭირო.

მაშინ ამ ბლოგის ავტორი ორი დღე ხანძრის კერების უშუალო სიახლოვეს იმყოფებოდა და თავად აკვირდებოდა სახანძრო ავიაციის მოქმედების ტაქტიკასა და მის ეფექტიანობას ჰაერიდან წყლის გამოყენებით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში.

ამონარიდი მაშინდელი, ცხელ გულზე დაწერილი სტატიიდან - “აგვისტოს მიწურულს ბორჯომის რაიონში ტყის ხანძრების ჩასაქრობად ავიაციის გამოყენებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერაცია ჩატარდა. საჰაერო-სახანძრო ოპერაციაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ორ Ми-8MT ტიპის შვეულმფრენთან ერთად, მონაწილეობდნენ აზერბაიჯანული Ка-32А, თურქული Ми-8MT და Ка-32А, ასევე, ბელარუსიდან გამოგზავნილი Ми - 26Т ტიპის შვეულმფრენი. თურქეთიდან, ასევე, ჩამოფრინდა CL-215 ტიპის ერთი სახანძრო თვითმფრინავიც. გარდა ამისა, აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარების ორი Ми-8MT ტიპის შვეულმფრენი რამდენიმე დღე ხანძრის კერების თავზე სიტუაციის საჰაერო მონიტორინგს ახორციელებდა.

ხანძრის კერების ავიაციის გამოყენებით ჩაქრობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ოპერატიულობას, სიზუსტესა და წყლის მოცულობას.

ყველა შვეულმფრენი იყენებდა ხანძარსაწინააღმდეგო კალათებს დაგუბებული მდინარის ან ტბის წყლით ასავსებად. Ми-8MT ტიპის შვეულმფრენებს ასეთი კალათებით, მაქსიმუმ, 3 ტონა წყლის აღება შეუძლიათ, Ка-32А უფრო მძლავრია და 5 ტონამდე წყალს იღებს, მსოფლიოში უდიდესი სერიული წარმოების შვეულმფრენ Ми - 26Т-ს კი კალათაში, დაახლოებით, 15 ტონა ეტევა, ხოლო ამფიბია-თვითმფრინავი CL-215 5 ტონა წყალს ტბაზე დაჯდომისას შეუჩერებლივ იღებს.

სიცხეში, თანაც ბორჯომის ხეობაში დაბალ სიმაღლეზე ფრენისას წყლის მაქსიმალური რაოდენობის აღებას ეკიპაჟები ვერ გარისკავდნენ ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამიტომაც კალათაში მაქსიმალურთან შედარებით 1 ტონით ნაკლებს იღებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ამცირებდა ხანძრის კერის თავზე ჩამოღვრილი წყლის მასის მოცულობას და, შესაბამისად, ცეცხლის ჩაქრობის შესაძლებლობას.

გარდა ამისა, მთის ციცაბო კალთაზე ხანძრის კერების ჩაქრობა ბევრად ძნელი და სახიფათოა, ვიდრე - ვაკეზე, რადგანაც იზრდება მთაზე საჰაერო ხრახნების წამოდების ალბათობა, ამიტომაც პილოტებს კალათის გახსნისა და წყლის მარაგის ჩამოცლისთანავე ენერგიული მანევრირება უწევდათ უსაფრთხო სიმაღლის ასაღებად, რაც როგორც ეკიპაჟის წევრების, ასევე, თავად შვეულმფრენების კონსტრუქციის მნიშვნელოვან გადატვირთვას იწვევდა. ჩემი დაკვირვებით, Ка-32А ტიპის შვეულმფრენი უფრო უკეთესი ჩანს მთებში ცეცხლის ჩასაქრობად, ვიდრე Ми-8MT და ეტყობა, ესეც არის მიზეზი იმისა, რომ მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყანა, კერძოდ, თურქეთი, ესპანეთი, პორტუგალია, შვეიცარია, იაპონია თუ სამხრეთი კორეა ხანძარსაწინააღმდეგოდ სწორედ ამ შვეულმფრენს ამჯობინებენ.

თურქული ამფიბია-თვითმფრინავი CL-215-ისთვის წყლის ასაღებად თავდაპირველად ტაბაწყურის ტბა შეირჩა, მაგრამ ეკიპაჟმა ტყიბულის წყალსაცავი ამჯობინა, რამაც მისი გამოყენების ოპერატიულობა შეამცირა. ხეობაში მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამფიბია-თვითმფრინავის ეკიპაჟი დაბალ სიმაღლეზე ჩამოსვლას ერიდებოდა, ხოლო მაღლიდან გადმოღვრილი წყლის მასა ხშირად ჰაერში იფანტებოდა, ქარს მიჰქონდა და ხანძრის კერას ბევრს ვერაფერს აკლებდა.

ყველაზე შთამბეჭდავად უზარმაზარი Ми - 26Т მუშაობდა, როდესაც ეს "მფრინავი ძროხა" თითქმის 15 ტონა წყალს ასხამდა ცეცხლის კერას. თუმცა, უფრო პატარა შვეულმფრენებივით არ შეეძლო წყალი დაგუბებული მდინარე გუჯარეთისწყლიდან ამოეღო. ამიტომ ხაშურისკენ გაფრენა უწევდა, რაც ასევე ამცირებდა მისი გამოყენების ოპერატიულობას.

სამაგიეროდ, Ми-8MT-ებისა და Ка–31А-ების ეკიპაჟები საოცრებას ახდენდნენ - დილის 6 საათიდან დაღამებამდე შეუსვენებლივ მუშაობდნენ, მხოლოდ საწვავის შესავსებად თუ დასხდებოდნენ. ისინი ერთგვარი კარუსელის პრინციპით მოქმედებდნენ - ერთმანეთის მიყოლებით დაბალ სიმაღლეზე ეკიდებოდნენ გუჯარეთისწყალზე, ორიოდე წუთში ავსებდნენ კალათას და ენერგიული მანევრით შედიოდნენ ცეცხლის კერის თავზე. სოფელ დაბის ბოლოში, სადაც მთის ფერდობი რამდენიმე დღე იწვოდა, შვეულმფრენები ყოველ 5-7 წუთში ცლიდნენ წყლიან კალათებს.

მიუხედავად ავიაციის ინტენსიურად გამოყენებისა, როდესაც ხანძრის კერები წყლით დღეში ასჯერ მაინც "იბომბებოდა", ვერ მოხერხდა ხანძრის ყველა კერის ჩაქრობა, პირიქით, ბევრი კერა, რომლებიც ჩამქრალი ეგონათ, მეორე დღეს ისევ აგიზგიზდებოდა, რაც ძალზე კარგად მოჩანდა მძლავრ საარმიო ბინოკლში.

რა იყო ამის მიზეზი? უპირველესად, ქარი და მაღალი ტემპერატურა, რომელმაც ცხადყო, რომ მარტო ავიაციას არ შეუძლია ასეთი ხანძრის კერების სრული ლიკვიდაცია. ცეცხლის კერაზე შვეულმფრენის კალათიდან წყლის ჩამოცლისთანავე აუცილებლად იქვე ახლოს უნდა იყვნენ მეხანძრეები, რომლებიც შესუსტებულ ცეცხლს ნიჩბებით მიწას დააყრიან და გაღვივების საშუალებას არ მისცემენ.

გარდა ამისა, გამოჩნდა, რომ მხოლოდ წყალი ნაკლებად ეფექტიანია ასეთი ხანძრების ჩასაქრობად და კარგი იქნებოდა ქაფის შერევაც. მით უმეტეს, რომ ხანძარსაწინააღმდეგო საფრენ აპარატებში მონტაჟდება ქაფის წარმომქმნელი აპარატურა, რომელიც წყალს ერევა და ცეცხლის კერებს ესხმება.“

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეებში 2017 და 2022 წლების ხანძრების გაჩენის თარიღები საოცარი სიზუსტით ემთხვევა ერთმანეთს და არანაირად არ გვინდა დავიჯეროთ, რომ აქ რამენაირი კანონზომიერებაა, რომელიც ხანძრების ხელოვნურად გაჩენასთანაა დაკავშირებული, იქნება ეს უკანონოდ მოჭრილი ხეების გამო დანაშაულის დაფარვა თუ ერთგვარი „ეკოლოგიური დივერსია“ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურის შესრულებით...