რა ხდება უკრაინის სამხრეთში, მართლაც მოსალოდნელია თუ არა უკრაინის კონტრშეტევა? - კვირის პალიტრა

რა ხდება უკრაინის სამხრეთში, მართლაც მოსალოდნელია თუ არა უკრაინის კონტრშეტევა?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სის“ რუსულმა სამსახურმა (BBC russian) გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით - "უკრაინა, სამხრეთის ფრონტი: ურთიერთმუქარები და სავარაუდო შეცდომის მაღალი ფასი“, რომელშიც გაანალიზებულია სამხედრო სიტუაცია უკრაინის სამხრეთ ნაწილში - რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, სადაც, სავარაუდოდ, უახლოეს ხანში საომარი მოქმედებების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის შეიარაღებული ძალები გეგმაზომიერად ანგრევენ სარაკეტო დატყმებით მდინარე დნეპრის ორ ხიდს ხერსონის ოლქში, რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მიზანი ნათელია: უკრაინელებს სურთ, რომ რუსეთის არმიის ქვედანაყოფები, რომლებიც დნეპრის მარჯვენა ნაპირზე იმყოფებიან - ქალაქ ხერსონსა და მის შემოგარენში - მომარაგების გარეშე დატოვონ, რაც კატასტროფული იქნება ფრონტის ამ უბანზე საომარი მოქმედებების მკვეთრი გააქტიურების შემთხვევაში.

მაგრამ რუსული სარდლობის მხრიდან დნეპრის მარცხენა ნაპირისაკენ უკანდახევის რამე ნიშნები არ ჩანს. იყო მხოლოდ რამდენიმე გადაუმოწმებელი ინფორმაცია ცალკეული ქვედანაყოფების შტაბების ზურგში, ყირიმისაკენ გადანაცვლების შესახებ, მაგრამ რეალურად პირიქით ხდება - მიმდინარეობს რუსეთის არმიის ძალების კონცენტრაცია მათი დონბასიდან ხერსონისაკენ გადასროლით.

აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაპირისპირებულ მხარეებს შორის საარტილერიო დუელის გაძლიერება შეიმჩნევა, მაგრამ რამე მნიშვნელოვანი მცდელობა სერიოზული შეტევების მიზნით არ ყოფილა. ბოლო დღეების კიდევ ერთი რეალობა - გახშირდა აფეთქებები და ხანძრები ანექსირებულ ყირიმში, რომელიც ბოლო დრომდე მშვიდ და წყნარ ნავსაყუდელად იყო მიჩნეული და იქ ათასობით რუსი ტურისტი საზაფხულო შვებულებებს ატარებდა.

სამხრეთის ფრონტი: გეოგრაფია და ინფრასტრუქტურა

ხერსონიდან დონეცკამდე პირდაპირი გზით ფრონტის ხაზის სიგრძე, დაახლოებით, 400 კილომეტრს შეადგენს. ტერიტორია, ძირითადად, ვაკეა, სტეპის ზონა, ტყეების გარეშე. არსებობს ბუნებრივი ბარიერი - წყალუხვი მდინარე დნეპრის ქვემო წელი.

დნეპრის მარცხენა ნაპირის სამხრეთით მდებარე ტერიტორია რუსეთის ჯარებს აქვთ დაკავებული, თუმცა არმიის მოწინავე ქვედანაყოფებმა - ე.წ. ხერსონისა და კრივოი როგის დაჯგუფებებმა - შეძლეს და პლაცდარმები მდინარის მარჯვენა ნაპირზეც დაიკავეს, ქალაქ ხერსონის ჩათვლით. მათ მომარაგებას ორი ხიდი ემსახურება - "ანტონოვის“ საავტომობილო და სარკინიგზო. როგორც ამბობენ, ორივე საკმაოდაა დაზიანებული ამერიკული "ჰაიმერსების“ სარაკეტო დარტყმების შედეგად და ამიტომ მძიმე ტექნიკითა და საბრძოლო მასალებით სავსე ტრანსპორტის გადასასროლად არ გამოდგება.

თავდაცვის პრობლემები

თუ გავითვალისწინებთ, რომ ფრონტის ერთკილომეტრიანი მონაკვეთის შენარჩუნებას, დაახლოებით, ერთი ასეული სჭირდება, მაშინ ხერსონიდან დონეცკამდე გადაჭიმული ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად თითქმის 50 ათასი ჯარისკაცია საჭირო - თანაც ამაში მხოლოდ მოწინავე ქვედანაყოფები იგულისხმებიან.

მეორე მსოფლიო ომის სტანდარტების შესაბამისად, ამ ძალებით ასეთი ფრონტის დაცვა შეუძლებელია. მაგალითად, გერმანიის არმიის "ცენტრის“ დაჯგუფება, რომელიც 1944 წელს მსგავს ადგილებში იყო დისლოცირებული, სამ საერთო-საჯარისო არმიასა და უამრავ დამხმარე ქვედანაყოფს ითვლიდა ანუ თითქმის ნახევარ მილიონ სამხედრო მოსამსახურეს თავისი სამხედრო ტექნიკითა და აღჭურვილობით. რადგან წითელი არმიის შემადგენლობა ბევრად მეტი იყო, საბოლოო ჯამში, ვერმახტის "ცენტრის“ დაჯგუფება განადგურებული იქნა.

მაგრამ თანამედროვე ომები უკვე სხვანაირად მიმდინარეობს - გაუმჯობესებულია დაზვერვის საშუალებები, სამხედრო ტექნიკა... ასე რომ, აღარ არის აუცილებელი ფრონტის ხაზის ცალკეული მონაკვეთების დაცვა დიდი ძალების თავმოყრით. არსებობენ ისეთი ადგილები, ე.წ. ნაცრისფერი ზონები, რომლებიც არც ერთ მხარეს არ აქვს დაკავებული. შეიძლება გაჩნდეს მაცდური სურვილი მათზე შეტევისა, მაგრამ იმავწუთს მოიერიშე მხრის ქვედანაყოფები მტრის არტილერიით დაიბომბებიან. იქ, სადაც მოწინააღმდეგის დარტყმების განხორციელების ალბათობა დიდია, იქმნება გამაგრებული რაიონები, სადაც დამატებითი ძალები გროვდება.

მაგრამ სტეპში, როგორც ამბობენ ხოლმე, "ასი გზა არსებობს“ და თუ მტრის გარღვევის მცდელობა, თუნდაც მცირე ძალებით, მხედველობიდან გამოგრჩება, უბედურებას უნდა ელოდო. ამ დროს ორნაირი სცენარია მოსალოდნელი. პირველი - ერთი დაპირისპირებული მხარის ტანკები და ქვეითი ქვედანაყოფები, მობილური არტილერია მეორე მხარის წინააღმდეგობის კერებს გაანადგურებენ, ფლანგებს გაშლიან და თავდაცვის ხაზის დარღვევას დაიწყებენ, გაჩენილ ნარღვევში კი სხვა სამხედრო ნაწილები იხუვლებენ და ტაქტიკურ წარმატებას განავითარებენ. მეორე სცენარის მიხედვით, შემტევი მხარე შეიძლება ილუზიური წარმატების "ტყვეობაში მოექცეს“ და ხათაბალაში გაებას - თავისი საუკეთესო ძალები გარღვევის ადგილზე გადაისროლოს და ამ დროს მეორე მხრის მასობრივი სარაკეტო და საავიაციო დარტყმების ქვეშ მოექცეს.

სამხრეთი უკრაინა უკიდეგანო სტეპია, აქ ყოველი შეცდომა შეიძლება ძვირად დაუჯდეს როგორც უკრაინის, ასევე - რუსეთის არმიების სარდლობას.

კონტრშეტევების ალბათობა და სცენარები

დაახლოებით, გაზაფხულის შუა რიცხვებიდან, როცა ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ბლიცკრიგი უკრაინაში არ განხორციელდა, უკრაინულ სამხედროებში გაისმა დაპირება, რომ კიევი კონტრშეტევას გეგმავს სამხრეთში, ხერსონის მიმართულებით. სიტყვიერი მუქარები - ეს ზოგჯერ ცარიელი სიტყვებია, მაგრამ ხიდების დაბომბვა და, პარალელურად, ძალების კონცენტრირება უკვე უბრალო ქადილი არ არის.

რა სცენარები შეიძლება განვითარდეს უკრაინის სამხრეთში უახლოეს თვეებში (და შეიძლება კვირებშიც)?

ა) სწრაფი გამარჯვების მცდელობა

რუსეთს შეუძლია პრევენტიული შეტევა განახორციელოს კახოვკის წყალსაცავის აღმოსავლეთი და დასავლეთი მხრიდან, მარცხნივ - ზაპოროჟიეს მიმართულებით და მარჯვნივ - კრივოი როგისა და ნიკოპოლისაკენ, ასევე, შეუძლია, გვერდი აუაროს ნიკოლაევს, ჩრდილოეთისაკენ გაიწიოს, ქალაქი ალყაში მოაქციოს და დაიკავოს. ასეთი ამბიციური გეგმის რეალიზებისათვის - ზაპოროჟიესა და კრივოი როგის დასაპყრობად - წინამძღვრები არ არსებობს, თუმცა რუსებს მაინც შეუძლიათ უკრაინელებს 100 კილომეტრით უკან დაახევინონ ნოვოკახოვკის ჰესიდან, უზრუნველყონ ხიდების დაცვა ისე, რომ მათ ამერიკული "ჰაიმარსების“ რაკეტები ვეღარ მიწვდებიან, ასევე, თავიდან აიცილებენ ხერსონისა და კრივოი როგის დაჯგუფების ბლოკადის საფრთხეს.

უკრაინას შეუძლია განახორციელოს როგორც "ყალბი“ და რუსების ყურადღების გადამტანი შეტევები, ასევე, მთავარი დარტყმებიც - მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირისაკენ გასაჭრელად. წარმატების შემთხვევაში, უკრაინის არმია ორად გაგლეჯს რუსეთის ჯარებს, მათ ალყაში მოაქცევს და რადგანაც დნეპრის ხიდები მწყობრიდან იქნებიან გამოყვანილნი, ხოლო დროებითი პონტონები და სხვა კომუნიკაციები უკრაინის არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოექცევა, ისინი განადგურდებიან.

ორივე გეგმის რეალიზება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მთავარ კითხვაზე პასუხი - აქვთ თუ არა რუსეთს და უკრაინას ძალები და საშუალებები მსხვილმასშტაბიანი შემტევი ოპერაციის განსახორციელებლად - ჯერჯერობით არ არსებობს.

რუსეთის სარდლობას ათასობით სამხედრო მოსამსახურე და მრავალი მძიმე ტექნიკა აქვს ხერსონთან გადასროლილი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის - ალექსი არესტოვიჩის შეფასებით, ხერსონთან თავმოყრილია რუსეთის არმიის, დაახლოებით, 30-მდე საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი ანუ 20 ათასამდე ჯარისკაცი. იმ შემთხვევაში, თუნდაც ეს რიცხვი სწორი არ იყოს (ცდომილებით ნაკლებობისკენ), მათი მიახლოებითი რაოდენობა მაინც დიდია, მით უმეტეს, რომ საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფები საბრძოლო ქვედანაყოფებს წარმოადგენენ, ზურგის ნაწილები მათგან ცალკე დგანან. მაგრამ საქმე მხოლოდ ეს არ არის.

პირველი - ფრონტზე უკრაინას ჯარისკაცი უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე - რუსეთს (მოსკოვს იურიდიულად მობილიზაცია არ გამოუცხადებია). რამდენად არიან ისინი მომზადებულნი, მოტივირებულნი და უზრუნველყოფილნი, ეს სხვა საკითხია და რომელიმე მხარეს - რუსეთისა და უკრაინის სარდლობას რომ ჰკითხო, ორივე განაცხადებს, რომ ისინი საუკეთესო მდგომარებაში არიან.

მეორე - შეტევისათვის საჭიროა ძალების ერთ მუშტში მოქცევა, მაგრამ თანამედროვე ომის დროს მოწინააღმდეგის შეუმჩნევლად ამას ვერ გააკეთებ - მტერი მოასწრებს მისთვის სუსტი მიმართულების გამაგრებას და შეუძლია, პრევენტიული დარტყმა განახორციელოს მოწინააღმდეგის იმ ძალებზე, რომლებიც კონტრშეტევისათვის ემზადებიან.

მესამე - მასშტაბური კონტრშეტევისათვის, რომელიც მოწინააღმდეგის ძალების ღრმა ტერიტორიულ გარღვევას ითვალისწინებს, ათეული კილომეტრებით, აუცილებელია ძალიან დიდი რაოდენობის ტექნიკის თავმოყრა: ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების, არტილერიის, ტანკებისა და ჯავშანმანქანების, ავიაციის, რადიოელექტრონული ბრძოლის და სხვა მრავლის. და ეს აუცილებელია არა მხოლოდ გქონდეს წინა ხაზზე, არამედ - ზურგში მათი რეზერვიც მომზადებული უნდა იყოს, გარდაუვალი დანაკარგების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, აუცილებელია ჯარების უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფაც საბრძოლო მასალებით და სხვა საშუალებებით. თუ სიტუაცია სწრაფად განვითარდება, რუსეთის არმია ცუდ დღეში აღმოჩნდება მდინარე დნეპრზე და ინგულეცზე არსებული ხიდების დაზიანების გამო.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მსხვილი საბრძოლო შემტევი ოპერაციების განხორციელების გამოცდილება არ აქვთ, რუსეთის თანამედროვე არმიას კი აქვს, თუმცა შედარებით სუსტი მოწინააღმდეგების - ჩეჩენი სეპარატისტების, საქართველოს არმიისა და სირიელი ისლამისტების მიმართ. ცნობილია, რომ შედარებით ძლიერ მოწინააღმდეგესთან შეტაკებისას - იგივე უკრაინის არმიასთან - რუსებმა მაინცდამაინც დიდი სამხედრო ხელოვნება ვერ გამოავლინეს.

გარდა ამისა, ორვე მხარე აცნობიერებს იმას, თუ რამდენად მაღალია შეცდომის ფასი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის განხორციელების დროს. სამხრეთ უკრაინის სტეპის პირობებში სამხრედრო სიტუაცია სწრაფად შეიძლება შეიცვალოს და თანაც - შეუქცევადად.

ბ) დაყოვნებული გამარჯვების მცდელობა

დაყოვნებული გამარჯვების მცდელობა ითვალისწინებს მოწინააღმდეგის თავდაცვაში ნელ შეღწევას, მის "გამოხვრას“, თუმცა ამ დროს პირველი სცენარის მიზნები იგივე რჩება - როგორც უკრაინის, ასევე - რუსეთის არმიისათვის.

ასეთი სცენარის სირთულე იმით გამოიხატება, რომ მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზის "გამოხვრა“ ომის დაწყებიდან თითქმის ნახევარი წლის შემდეგ ძალზე ძნელია და უდიდეს დანაკარგებთან არის დაკავშირებული. ორივე მხარემ მოასწრო კარგად გამაგრება და თავდაცვის ხაზისთვის აუცილებელი კომუნიკაციების მომზადება.

მოვლენების ამგვარი, ნელი განვითარება ხელს შეუწყობს რუსეთის არმიას ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში - იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსკოვი ვერ მოახერხებს პონტონების გადებას და ბორნების ამუშავებას დნეპრის მარჯვენა ნაპირისაკენ, მას მაინც ექნება შესაძლებლობა ხერსონის დაჯგუფების მოსამარაგებლად, საჰაერო გზით.

სამაგიეროდ, უკრაინის არმიას შესაძლებლობა ექნება, იმით იყოს დაკავებული, რაც მას ძალიან კარგად გამოსდის - დაბომბოს და ანადგუროს რუსეთის არმიის ზურგი და მომარაგების არხები.

დარტყმები ყირიმზე

ყირიმი უკრაინის სამხრეთში დისლოცირებული რუსეთის არმიის დაჯგუფების მთავარ მომმარაგებელ ბაზას წარმოადგენს. ანექსირებულ ნახევარკუნძულზე განლაგებული საბრძოლო მასალების საწყობების სიდიდეზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რაც ჯანკოიში მოხდა - უკრაინის მიერ დაბომბილი საწყობებში არსებული ჭურვების, ბომბებისა და ნაღმების აფეთქებების ხმა თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში ისმოდა.

საწყობების გარდა, ყირიმში დისლოცირებულია რუსეთის სამხედრო-საზღვაო და ავიაბაზების დიდი რაოდენობა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, შავი ზღვის ფლოტის ძალების ლომის წილი, რომლებიც ე.წ. სპეცოპერაციაში არიან ჩართულნი.

ჯერჯერობით არ არსებობს კიევისათვის ამერიკული შორი რაკეტების ATACMS-ების მიწოდების ოფიციალური დადასტურება, რომლებსაც ნახევარკუნძულის გადაფარვა, მის ყოველ კუთხემდე მიღწევა შეუძლიათ, მაგრამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენა ყირიმის ცაზე და მათ წინააღმდეგ რუსული საზენიტო არტილერიის მუშაობა უკვე რეგულარულად ხდება.

დასკვნა ბუნებრივია: უკრაინელები მსხვერპლად სწირავენ იაფ დრონებს იმისათვის, რომ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა შეამოწმონ და მისი ნაკლი გამოავლინონ. და, როგორც ჩანს, ტყუილუბრალოდ კი არა, არამედ - რაღაც მიზნით. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ