როგორ გვეხმარებიან "ცეცხლისმკვლელი" და "საჰაერო ტრაქტორი" ბორჯომის ტყის ხანძრების ჩაქრობაში...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეებში ხანძრის კერების ბოლომდე ჩაქრობა ადგილობრივი რესურსის გამოყენებით ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა, ამიტომაც მეორე დღეა, დახმარების სახით, სამი ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავი ჩაერთო, რომლებიც თურქეთიდან გამოაგზავნეს.
ესენი არიან "ცეცხლისმკვლელი" და "საჰაერო ტრაქტორი" - სწორედ ასეთი უცნაური სახელები აქვთ მინიჭებული სპეციალიზირებულ ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავებს An-32P Firekiller-სა და Air Tractor AT-802AF-ს.
პირველი მათგანი უკრაინაში, ანტონოვის საავიაციო ფირმაში შექმნილი, კარგად ნაცნობი An-32 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის სპეციალიზირებულ ხანძარსაწინააღმდეგო მოდიფიკაციას წარმოადგენს.
ამ 27-ტონიან, ორძრავიან "ანტონოვს" შეუძლია ან 30-მდე მეხანძრე-პარაშუტისტის გადასხმა ძნელად მისადგომ ადგილას, სადაც ხანძრის კერა მძვინვარებს, ან კიდევ, ორი, სპეციალური რეზერვუარიდან (რომლებიც თვითმფრინავის მარცხენა და მარჯვენა ბორტებზეა დამატებით დამაგრებული), საერთო ჯამში, 8 ტონა მასის წყლის (ან ხანძარმქრობი სპეციალური სითხის) სწრაფი გადმოღვრა ხანძრის თავზე.
ამ დროს "ანტონოვის" მინიმალური სიჩქარე არანაკლებ 220-230 კმ/სთ უნდა იყოს, რაც ეკიპაჟისგან ხანძრის კერაზე საიუველირო დამიზნებას მოითხოვს, რაც არცთუ ადვილი საქმეა.
"ანტონოვის" ორივე რეზერვუარის ხელახლა შევსება უშუალოდ აეროდრომზე დაბრუნების შემდეგ ხდება, რითაც ის ჩამოუვარდება იმ ხანძარსაწინააღმდეგო ამფიბია-თვითმფრინავებს, რომლებიც წყლის მარაგს ტბაზე თუ ზღვაზე დაშვებისა და გლისადის პროცესში ივსებს.
მეორე ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავი, რომელიც ორი დღეა, ბორჯომის ცეცხლწაკიდებული ტყეების თავზე დაფრინავს, Air Tractor AT-802AF-ია.
მის ძირითად მოდიფიკაციას 30-წელზე მეტია იყენებენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესაწამლად, თუმცა, ასევე, ეფექტიანად გამოიყენება ხანძრის მცირე კერების ჩასაქრობადაც.
ამ "საჰაერო ტრაქტორის" ხანძარსაწინააღმდეგო ვარიანტში მეორე მფრინავის ადგილას დამატებით ავზი განათავსეს, რის შემდეგაც მას 3 ათასს ლიტრზე მეტი წყლის წაღება შეუძლია.
განსხვავებით "ცეცხლისმკვლელისგან", "საჰაერო ტრაქტორს" მინიმალური, 150 კმ/სთ სიჩქარით ფრენისასაც შეუძლია ხანძრის თავზე წყლის დაქცევა, რაც მფრინავს შედარებით უადვილებს დამიზნებას, თუმცა სახანძრო შვეულმფრენის სიზუსტეს მაინც ვერ შეედრება.
ინტერნეტრესურსის - Flightradar24 -ის თანახმად, სახანძრო თვითმფრინავების მოქმედების ტაქტიკა 24 და 25 აგვისტოს ასე გამოიყურება - ისინი დილით ფრინდებოდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, მიფრინავდნენ ბორჯომის მიმართულებით, დაახლოებით, სამი კმ-ის სიმაღლეზე და 300-მდე კმ/სთ სიჩქარით, ჩამოცლიდნენ წყალს ტყის ხანძრის თავზე და ეშვებოდნენ ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტში.
იმის გამო, რომ ერთძრავიანი და შვიდტონიანი "საჰაერო ტრაქტორის" სააეროდრომო მომსახურება საწვავისა და წყლის მარაგის შესავსებად ბევრად უფრო სწრაფად ხორციელდება, "ცეცხლისმკვლელ" "ანტონოვთან" შედარებით, "საჰაერო ტრაქტორს" კოპიტნარიდან ბორჯომის ტყის ხანძრამდე მისაფრენად, წყლის მარაგის დასაღვრელად და ისევ კოპიტნარში დასაბრუნებლად ანუ წინ და უკან, საერთო ჯამში, 170 კმ-მდე მანძილის დასაფარად, საშუალოდ ერთი საათი ჰყოფნიდა და რამდენიმე რეისს ასწრებდა.
აღსანიშნავია, რომ "საჰაერო ტრაქტორს" ასაფრენად 300-400 მ სიგრძის სწორი მინდორიც ჰყოფნის და თუკი ასეთი ადგილი უშუალოდ ბორჯომის ხეობაში, ტყის ხანძრების სიახლოვეს მოიძებნა, აღარ იქნება საჭირო 80 კმ-მდე დაშორებული კოპიტნარის აეროპორტიდან ფრენა, რაშიც დრო იკარგება...
ისე კი ამ შესაწამლი "მფრინავი ტრაქტორის" ბაზაზე შექმნილ მოიერიშე საბრძოლო თვითმფრინავს 4 ტონამდე საერთო მასის ბომბებისა და რაკეტების წაღება შეუძლია ანუ თითქმის იმდენივესი, რამდენიც ქართული რეაქტიული მოიერიშეს - "მიმინოს" საბრძოლო დატვირთვა შეადგენს...