გაეროს ექსპერტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმეში უნდა ჩაერთოს, თბილისში 29 აგვისტოს ჩამოვა - კვირის პალიტრა

გაეროს ექსპერტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმეში უნდა ჩაერთოს, თბილისში 29 აგვისტოს ჩამოვა

გაეროს ექსპერტი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ცენტრ "ემპათიას" მოწვევით უნდა ჩაერთოს, თბილისში 29 აგვისტოს ჩამოვა. ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად გაეროს ექსპერტის დაგეგმილი ვიზიტისა, ჯერ კიდევ უცნობია, აღიარებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს მის სამუშაო ლიცენზიას.

ჯიშკარიანის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს და უწყებას მoუწოდებს, სასამართლო ექსპერტისათვის დროებითი ლიცენზიის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ხვალვე გასცეს.

"ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს 5 ექსპერტისათვის დროებითი ლიცენზიის მინიჭების თაობაზე 5 აგვისტოს და ასევე, 10 აგვისტოს მივმართეთ და სამწუხაროდ, დღემდე მათგან დამატებითი მოთხოვნების თაობაზე არაადეკვატურ წერილებს ვიღებთ. ცენტრმა "ემპათიამ“ გაეროს ექსპერტთან ასევე, სხვა ექსპერტებთან დაკავშირებით, ინფორმაცია დაწვრილებით მიაწოდა და ამის მიუხედავად, მე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსთან ადეკვატური კომუნიკაცია ვერ მოვახერხე.

რაც შეეხება გაეროს ექსპერტს - მინდა გითხრათ, რომ 29-ში ის აქ იქნება და ჩვენ კლინიკა "ვივა მედში“ ვიზიტს განვახორციელებთ და მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს, სასამართლო ექსპერტიზის მსვლელობისას ხელს ნუ გვიშლის და კეთილი ინებოს და სასამართლო ექსპერტისათვის დროებითი ლიცენზიის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ხვალვე გასცეს,“ - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

"ინტერპრესნიუსი"