"როგორ შეუძლია ცივ ზამთარს უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტება" - რას წერს ამერიკული გამოცემა - კვირის პალიტრა

"როგორ შეუძლია ცივ ზამთარს უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტება" - რას წერს ამერიკული გამოცემა

აშშ-ის გაზეთ The Hill-ის 25 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "როგორ შეუძლია ცივ ზამთარს უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტება" (ავტორი - ჯოშუა ჰუმინსკი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივის როგორც სამხედრო-ეკონომიკური, ასევე - პოლიტიკური ასპექტები. ავტორი ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვას: როგორ შეიძლება ომის დასრულება, გაგრძელდება თუ არა დასავლეთის მხარდაჭერა ზამთრის პირობებში და, საერთოდ, ვის რომელი მხარის გამარჯვება ან დამარცხება აწყობს?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთიც და უკრაინაც - თავდამსხმელიც და თავდამცველიც - მძიმე დანაკარგებს განიცდიან. პირველმა საკუთარი თავი უფრო უარესად აჩვენა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ხოლო მეორემ, დასავლეთის დახმარების ფონზე, პირიქით, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. საერთოდ, დასავლურ დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კიევისთვის - როგორც თავდაცვისთვის, ასევე - სამომავლო პოტენციური კონტრშეტევისათვის და ის შეიძლება ერთგვარ ქვაკუთხედად იქცეს ქვეყნის გრძელვადიანი პერსპექტივისთვის.

შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში არც რუსეთს და არც უკრაინას არ აქვთ შესაძლებლობა ბრძოლის ველზე გადამწყვეტი გამარჯვების მიღწევის, ასევე, არ არსებობს საიმისო პირობები მოლაპარაკების დასაწყებად. ამრიგად, ყველაზე სავარაუდოა ასეთი შედეგი: საომარი მოქმედებები შეჩერდება, მაგრამ არ დასრულდება. ეს პრინციპული მომენტია: ჩვენ ძალიან ადვილად ვლაპარაკობთ "გამარჯვებაზე", "მოგებაზე" და ვერ ვაცნობიერებთ, რომ როგორც ოპერატიულ, ისე - სტრატეგიულ დონეზე ასეთი შედეგი ნაკლებად სავარაუდოა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ, მაგალითად, რუსეთი გადაწყვეტს, უფრო მეტი საშუალებები დახარჯოს და უფრო მეტი სისხლი დაღვაროს, რასაც მსხვერპლად უკრაინის დამოუკიდებლობა შეეწირება.

ოპერატიულ დონეზე მოსკოვი და კიევი ფსონს ერთმანეთის გამოფიტვაზე დებენ. ზამთრის დაწყებისას მოსალოდნელია, რომ მხარეები საბრძოლო მოქმედებებს გააგრძელებენ, მაგრამ თავდაცვითი პოზიციებით, იმავდროულად, განახორციელებენ გადაიარაღებასა და ძალების გადაჯგუფებას გაზაფხულზე ბრძოლების განახლების მიზნით. უეჭველია, ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა (იარაღის მიწოდებისა და დასავლეთის ერთიანობის პარალელურად) ჯარების პირადი შემადგენლობის საკითხი იქნება. უკრაინელი ჯარისკაცების ფრონტის ხაზიდან გაყვანა, მათი დასვენება, ინსტრუქტაჟი და ისევ ფრონტზე დაბრუნება დიდი საზრუნავი იქნება დიდი ბრიტანეთისა და იმ ქვეყნებისათვის, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს უკრაინისთვის ამგვარი დახმარების გაწევა. დასავლეთს შეუძლია კიევს დაეხმაროს, მაგრამ უკრაინელზე მეტად უკრაინელი ნამდვილად ვერ იქნება.

პოლიტიკურად და სტრატეგიულად პუტინის მოსკოვმა საეჭვოა, უარი თქვას თავის პოზიციაზე, რომ უკრაინა განუყოფლადაა დაკავშირებული რუსეთთან. თავის მხრივ, ასევე საეჭვოა, რომ უკრაინამ უარი განაცხადოს პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. როგორც ნათქვამია, რუსულ ნამგალს უკრაინული ქვა დახვდა.

ევროპელებისა და უკრაინის სხვა მოკავშირეების ერთიანობის შენარჩუნება არსებულ სიტუაციაში სულ უფრო ძნელი ხდება, ერთმანეთთან დაკავშირებული მთელი რიგი ფაქტორების გამო. ჯერ ერთი, რომ ყოველი მხარე საკუთარი თავისთვის დამაკმაყოფილებელ შედეგს თავისებურად განსაზღვრავს. აშშ და დიდი ბრიტანეთი მზად არიან კიევის თვალსაზრისს დაეთანხმნონ; ბალტიისპირეთის ქვეყნებისათვის, რომლებიც დიდი ხანია, შეშფოთებულნი არიან რუსეთის იმპერიული პოლიტიკის გამო, მისაღებია მხოლოდ მოსკოვის კატასტროფული დამარცხება; საფრანგეთს და გერმანიას, როგორც ჩანს, სიტუაციის სწრაფი მოგვარება მოლაპარაკების მაგიდასთან სურთ, მათ არ უნდათ, რომ რუსეთი ვლადიმერ პუტინის დამამცირებელ დამარცხებამდე მიიყვანონ;

და თუ ამას ევროპისათვის ზამთრის მოახლოებას დავამატებთ (მართალია, ჯერ ადრეა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია), ბევრი ევროპელი, ალბათ, რუსული გაზის იმპორტის დაბრუნებას მოითხოვს.

გერმანია რუსეთს, ენერგეტიკული თვალსაზრისით, თითქმის ჩამოშორდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ეკონომიკური რეცესიისაკენ მიდის. მოითმენენ გერმანელები ასეთ ეკონომიკურ დარტყმას? ისინი ადრეც სკეპტიკურად უყურებდნენ უკრაინისადმი დასავლეთის დახმარებას და ახლა, როცა მათ დიდი პრობლემები გაუჩნდათ, ბერლინს შეუძლია კიევისათვის დახმარება აღარ გააგრძელოს.

იტალიაში სექტემბრის არჩევნების შედეგები შესაძლოა ევროპისათვის ცვლილებების მაუწყებელი აღმოჩნდეს.

თურქეთი, მიუხედავად რეჯეფ ერდოღანის ამასწინანდელი განცხადებისა - ყირიმი უკრაინას ეკუთვნისო, ცდილობს, თავი ნეიტრალურად წარმოადგინოს, ძალისხმევას მიმართავს პრობლემის დიპლომატიურად მოგვარებისთვის და რუსეთთან კავშირებს არ წყვეტს (სავარაუდოდ, ეხმარება კიდეც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში), თუმცა, იმავდროულად, კიევს იარაღს აწვდის.

აშშ-ის ადმინისტრაციას წინ კონგრესის შუალედური არჩევნები ელოდება, რომლის შედეგებს საკანონმდებლო ორგანოში ძალთა განლაგების შეცვლა შეუძლია: თუ უმრავლესობას სკეპტიკურად განწყობილი რესპუბლიკელები მოიპოვებენ, რომლებიც მაინცდამაინც თავს არ იკლავენ კიევის დასახმარებლად, არ არის გამორიცხული ამით მკაფიო მინიშნება მივიღოთ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც.

არანაკლები მნიშვნელობა აქვს კიდევ ერთ მომენტს: თუ კონფლიქტი ნამდვილად შეწყდება, მაგრამ არ დასრულდება, რამდენად მდგრადი და მტკიცე აღმოჩნდება დასავლური საზოგადოება? თუ ომი გაჭიანურებულ ხასიათს მიიღებს, გააგრძელებს თუ არა დასავლეთი უკრაინისათვის იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდებას? ევროპის რიგი ქვეყნების საშინაო-პოლიტიკური დინამიკის გათვალისწინებით, ერთიანობის დიდი ხნით შენარჩუნება ძალიან რთული იქნება.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ვლადიმერ პუტინს სწორედ ეს სურს - რაც შეიძლება დიდხანს გაჭიანურდეს კონფლიქტი, რაც შეიძლება დიდი ბზარი გააჩინოს უკრაინის მიმართ დასავლურ ერთიანობაში და ამით ისარგებლოს. რაც უფრო მეტ ხანს გაჭიანურდება საომარი დაპირისპირება, მით უფრო დიდი აღმოჩნდება პოლიტიკური და ეკონომიკური დანაკარგები დასავლეთისათვის და, შესაბამისად, უკრაინისათვის, რუსეთი კი, რომელიც მსგავს დანაკარგებს არად მიიჩნევს, ამით თავის მიზანს საბოლოოდ მაინც მიაღწევს.

ყველა შემთხვევაში, უკვე შეიმჩნევა ტენდენცია, რომლის საფუძველზე დისკუსიის დაწყება შეიძლება - რის მიღწევას ცდილობს დასავლეთი უკრაინისთვის და რა შეიძლება ჩაითვალოს მისაღებ შედეგად? ეს უკრაინის "გამარჯვების" საკითხი კი არ არის, არამედ ის, თუ როგორი შედეგი შეიძლება იყოს მისაღწევი კიევისა და დასავლეთისათვის სამხედრო თვალსაზრისით და როგორი - დასაშვები პოლიტიკურად. უსასრულო ომი დასავლურ მხარდაჭერას აშკარად შეასუსტებს, განსაკუთრებით იმ დროს, თუ ზეწოლის სხვა ფაქტორები გაჩნდება. იმისთვის, რომ უკრაინის მხარდამჭერ საკვანძო ქვეყნებში საზოგადოებრივი უკმაყოფილება თავიდან იქნეს აცილებული, ალბათ, პოლიტიკურ დონეზე გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია: ომი უკვე ნახევარი წელია, გრძელდება და ადამიანთა უმრავლესობა (პოლიტიკოსებისაც) მას უკვე მიეჩვია, ომი მათი ყურადღების ცენტრიდან თანდათან გადის. თუ საწყის წერტილად 2014 წელს ავიღებთ და თუ ომი 2023 წელს არ შეწყდება და გაგრძელდება, მზად იქნება თუ არა დასავლეთი უკრაინას მხარი კიდევ რვა წელი და მეტი ხანი დაუჭიროს?

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ