"რუსეთს ნამდვილად არ აქვს იმის თავი, რომ ჩვენთან ომი დაიწყოს, ამისთვის არც სცალია და არც არაფერში სჭირდება" - კვირის პალიტრა

"რუსეთს ნამდვილად არ აქვს იმის თავი, რომ ჩვენთან ომი დაიწყოს, ამისთვის არც სცალია და არც არაფერში სჭირდება"

რუსეთს ნამდვილად არ აქვს იმის თავი, რომ ჩვენთან ომი დაიწყოს, ამისთვის არც სცალია და არც არაფერში სჭირდება. ეს ჩვეულებრივი რუტინული განცხადებაა, რომელიც შეთანხმებულია მოსკოვთან, - ასე აფასებს საგარეო პოლიტიკის ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო "საგარეო საქმეთა მინისტრი" ახსარ ჯიოევის განცხადებას, რომლის თქმით, ნატო-ს სამხედრო წვრთნები, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად ტარდება, შეუძლებელია შეშფოთებას არ იწვევდეს.

შარაშენიძის შეფასებით, ჯიოევის განცხადებას ქვეყნის შიგნით გამოხმაურება არ უნდა მოჰყვეს და უნდა დავაიგნოროთ.

„ჯიოევი დაზომბებულია, რომ ნატო-ს წვრთნები საფრთხეა და რუსეთს სთხოვოს დახმარება. ჩვეულებრივი რუტინული განცხადებაა, სულ მსგავსი განცხადებები კეთდება, განსხვავებული კონტექსტია ის, რომ ომი მიმდინარეობს უკრაინაში და ჩნდება საფრთხე, რომ ჩვენთანაც დაიწყოს ომი რუსეთმა, თუმცა ამისთვის არ არის მზად არც მსოფლიო, არც პოლიტიკური თვალსაზრისით. თუ რუსეთი აპირებს ომის დაწყებას, ავრცელებენ პროპაგანდისტულ აზრს თავიანთ მოსახლეობაში, ახლა მსგავსი პროპაგანდა არ მიმდინარეობს, შესაბამისად, ომის ნიშნებიც არ ჩანს. ჩვენ „სამხრეთ ოსეთს“ არ ვაღიარებთ, შესაბამისად, ამ განცხადებას გამოხმაურება არ უნდა მოჰყვეს, ვფიქრობ, ეს უნდა დავაიგნოროთ“, - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

ცნობისთვის, „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ახსარ ჯიოევის განცხადებით, ნატო-ს სამხედრო წვრთნები, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად ტარდება, შეუძლებელია შეშფოთებას არ იწვევდეს და მიმდინარე პროცესებს „შეშფოთებით აკვირდებიან“. მისივე თქმით, საქართველოდან სამხედრო საფრთხის შემთხვევაში, "სამხრეთ ოსეთი" თავის სტრატეგიულ პარტნიორს მიმართავს.

„ჩვენ გვყავს პარტნიორი, მეგობარი - რუსეთი, რომელთანაც არის ორმხრივი შეთანხმებები ჩვენს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის შეიარაღებული ძალები იმყოფება ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ჯიოევმა.

IPN