რა საერთოა იოსებ სტალინსა დ რეჯეფ ერდოღანს შორის? - კვირის პალიტრა

რა საერთოა იოსებ სტალინსა დ რეჯეფ ერდოღანს შორის?

რეჯეფ ერდოღანი 1954 წლის 26 თებერვალს დაიბადა, იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ და ერთი შეხედვით, რა საერთო უნდა იყოს მათ შორის? ძნელი სათქმელია წაკითხული აქვს, თუ არა ერდოღანს საბჭოთა დიქტატორის შრომები, თუმცა ფაქტია, რომ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ხშირად და წარმატებით იყენებს „სტალინურ მეთოდებს“.

თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის პოლიტიკური გზა მართლაც, რომ უნიკალურია: სტამბოლის მერობიდან - ციხეში; თანაც, აეკრძალა პოლიტიკურ საქმიანობა; შემდეგ სპეციალურად მისთვის შეცვალეს კანონი და 2003 წლის 14 მარტიდან - 2014 წლის 28 აგვისტომდე იკავებდა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის უმნიშვნელოვანეს პოსტს, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე ქვეყნის პრეზიდენტია. ამ პერიოდში უკვე თვითონ შეცვალა თურქეთის კონსტიტუცია და ქვეყანაში ფაქტობრივად საპრეზიდენტო მმართველობა დააწესა. „მოსრა“ შიდა ოპოზიცია და დიდი თავის ტკივილი გაუჩინა ობამას, ტრამპსა და ბაიდენს. რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინიც კი იძულებულია ანგარიში გაუწიოს თურქეთის პრეზიდენტის ღია და ფარულ ამბიციებს არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ, მთელ ახლო აღმოსავლეთში. რეჯეფ ერდოღანი რეალურად ოცი წელია მართავს თურქეთს და სინტერესოა როგორ ახერხებს ხელისუფლების შენარჩუნებას?

ჯერ ცოტა ისტორია გავიხსენოთ. XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში თურქეთის სათავეში მუსტაფა ქემალის, იგივე ათა-თურქის მოსვლის შემდეგ, ეს ქვეყანა ისლამურ სამყაროში ყველაზე განსხვავებულ პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გზას დაადგა. საერო ხელისუფლება ისლამურ წეს-კანონებს მაქსიმალურად გაემიჯნა და ორიენტაცია ჯერ “ბოლშევიკურ რუსეთზე”, შემდეგ კი გაცილებით ცივილურ ევროპასა და აშშ-ზე აიღო. ამ ურთულეს პროცესში გადამწყვეტი სიტყვა შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბსა და სპეცსამსახურებს ეკუთვნოდათ. მეორე მსოფლიო ომის დროს თურქეთის ხელმძღვანელობამ კვლავ გერმანიას დაუჭირა მხარი, რაც ამ ქვეყნების თანამშრომლობაზეც აისახა. იმ პერიოდში თურქეთის ტერიტორიაზე მრავალი საიდუმლო სასწავლო ბაზა მოქმედებდა, სადაც გერმანელი და თურქი ინსტრუქტორები ამზადებდნენ აგენტებს სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების ჩასატარებლად საბჭოთა კავშირის ზურგში, პირველ რიგში კი აზერბაიჯანში, საქართველოში, ყირიმსა და ჩრდილოეთ კავკასიაში.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, “ცივი ომის” პერიოდში თურქეთის, როგორც საბჭოთა კავშირის მეზობლად მდებარე ქვეყნის, გეოსტრატეგიული მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა. ამიტომაც, მიუხედავად იმისა რომ ვერანაირ სამხედრო-პოლიტიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, ყოველგვარი სირთულეების გარეშე თურქეთი (საბერძნეთთან ერთად) ნატო-ს წევრი გახდა. 1949 წელს აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (ცსს) სტამბოლში თავის წარმომადგენლობა გახსნა. ეს იყო ღია მინიშნება თურქეთის ხელისუფლების და მისი სპეცსამსახურების მომავალ სტრატეგიულ კურსზე. თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურების ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის მთავარი სამიზნე საბჭოთა კავშირის სამხრეთი საზღვრები, ყირიმი და შუა აზიის რესპუბლიკები გახდა. აგენტურულ ოპერაციებში ფართოდ იყვნენ ჩართული აზერბაიჯანული, სომხური და ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები, ასევე ყირიმელი თათრები. ბევრ მათგანს მიაჩნდა, რომ ამ გზით მტერს (ანუ საბჭოთა კავშირს) მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა და თავის ქვეყანას იმპერიის მარწუხებიდან დაიხსნიდა. თუმცა სტალინის მიერ საბჭოთა კავშირის გარშემო ჩამოშვებული “რკინის ფარდა” ადვილი შესაღწევი არ იყო.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ თურქეთის მთავარი პარტნიორები აშშ და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნები გახდნენ. 1950 წლიდან დაწყებული 2016 წლის ივლისამდე თურქეთის გენერალურმა შტაბმა ოთხი სამხედრო გადატრიალება მოახდინა - უკანასკნელი 1997 წელს. თუმცა უნდა ითქვას, რომ თურქეთის არმიას არასოდეს უცდია ქვეყანაში სამხედრო დიქტატურის დამყარება. არმია მაშინ ამბობდა გადამწყვეტ სიტყვას, როცა სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს საფრთხე ემუქრებოდა. ამ თვალსაზრისით არმია თურქეთში ყოველთვის პროგრესულ როლს ასრულებდა. თურქეთს ბოლო 30-40 წლის მანძილზე დიდი მიღწევები ჰქონდა, როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხრივ. 1980 წლიდან დაწყებული ეკონომიკური რეფორმები ამ ქვეყანაში მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებით ხორციელდებოდა. 1987 წელს თურქეთმა თხოვნით მიმართა ევროპის თანამეგობრობის ქვეყნებს სრულუფლებიან წევრად მიღებაზე, მაგრამ უარი მიიღო ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ეს “თხოვნა-უარის” პროცესი დღესაც გრძელდება.

XXI საუკუნის დასწყისიდან თურქი ფუნდამენტალისტები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ და ეკონომიკური წარმატებების კვალობაზე, თურქეთში კვლავ აღორძინდა “ოსმალეთის იმპერიის” აჩრდილი. “დასავლეთი” ცდილობს ფანატიზმის “გამაბრუებელი სურნელების” ნაცვლად, დასავლური პროგრესის ძნელი ბილიკით დააინტერესოს თურქეთი. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ რაც უფრო ხანგრძლივდება თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მით უფრო ძლიერდებიან ფუნდამეტალისტები.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთის გენერალიტეტი ტრადიციულად ყოველთვის ისლამური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგედ გამოდიოდა და მჭიდრო კავშირს ინარჩუნებდა ნატოსთან და აშშ-სთან. თურქეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა კი მნიშვნელოვნად შეცვალა პრიორიტეტები და პარტნიორებთან უკვე აშკარა დაპირისპირებასაც არ ერიდება.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 2014 წლის 10 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში პირველად გაიმარჯვა. 2018 წელს ვადამდელ არჩევნებზე ის კვლავ აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა ძალაუფლების შენარჩუნება და განმტკიცება საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის მიერ აპრობირებული მეთოდით მოახერხა: სპეცსამსახურების მეშვეობით აკონტროლე ყველა, თუ არ არის რეალური შეთქმულება - მოაწყე „მოდელირებული ამბოხი“, ხშირად გაიმეორე „1937 წელი“ და რაც მთავარია: რეპრესიები, რეპრესიები და კიდევ რეპრესიები.

2016 წლის 15 ივლისი ისტორიაში შევიდა, როგორც მსოფლიო გეოპოლიტიკურ “საჭადრაკო დაფაზე” ერდოღანის პოლიტიკური ფიგურის გაძლიერების თარიღი. თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით იმ დღეს, გამთენიისას თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო დანაყოფების სარდლობამ სახელმწიფო გადატრიალება სცადა, რაც აღკვეთილი იქნა. არშემდგარი პუტჩის ქრონოლოგია ამგვარია.

სამხელწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ პირველი განცხადება თურქეთის პრემიემა, ილდირიმმა 15 ივლისს, თურქეთის დროით 22 საათზე გააკეთა. საინტერესოა, რომ ამბოხებულებმა მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეს განცხადება, რომ ქვეყანაში ხელისუფლებას ისინი აკონტროლებდნენ. ზოგადად ყოველთვის პირიქით ხდება ხოლმე. თურქეთის სადაზვერვო სამსახურის (მილლი ისტიჰბარატ თესკილატი, შემოკლებით - მით) წარმომადგენლის შემდგომი მტკიცებით, მოსალოდნელი სამხედრო გადატრიალების შესახებ ინფორმაცია მათ ამბოხის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე ჰქონდათ, რის შესახებაც გაფრთხილებული იყო თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. ამის შემდეგაც გენერალური შტაბის უფროსმა ჰულუსი აკარმა მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო საფრენი აპარატებისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვისა და ფრენის აკრძალვის შესახებ. სამხედროებმა კი მიიღეს ბრძანება შეეჩერებინათ და შეემოწმებინათ ყველა სატრანსპორტო საშუალება.

ამბოხებულებმა 15 ივლისს გვიან ღამით გააკეთეს განცხადება, რომ ქვეყანაში ხელისუფლებას ისინი აკონტროლებდნენ. ამ დროისთვის სტამბოლის ორი ხიდი ამბოხებულებს ჰქონდათ ბლოკირებული. ამბოხებულებმა სტამბოლსა და ანკარაში რამდენიმე სამთავრობო შენობის დაკავება შეძლეს.

b3-1661506441.jpg
2016 წლის 15 ივლისი: სამხედრო ამბოხი, თუ საბაბი რეპრესიებითვის?

თუ თურქეთის გენერალურ შტაბს ამბოხის დაწყების შესახებ რამდენიმე საათით ადრე ჰქონდა ინფორმაცია, რატომ ვერ ან არ აღკვეთა „ამბოხებულთა“ გამოსვლები? შეკითხვები კიდევ ბევრია.

ერთ-ერთი ვერსიით ამბოხებულებს ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის ხელში ჩაგდებაც სურდათ, რომელიც სასტუმრო „მარმარისში“ ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა მან ამბოხებულთა იერიშამდე ტერიტორია 15 წუთით ადრე დატოვა. რამოდენიმე წუთში (?!) კი ერდოღანმა CNN-ის თურქეთის წარმომადგენლობას ტელეფონით ინტერვიუ მისცა და მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ და დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა. მალევე თურქეთის დიდი ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა არსებული ხელისუფლების მხარდასაჭერად. სამხედრო ამბოხი ჩაიშალა. ოფიციალური ინფორმაციით არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების დროს მშვიდობიანი მოქალექეებისა და აბოხებულების შეტაკებას 300-დე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათას ხუთასამდე ადამიანი კი დაიჭრა ან დაშავდა.

ხელისუფლების განცხადებით, სამხედრო გადატრიალება ორგანიზებული იყო ფეთჰულა გიულენის მიერ და უნდა განხორციელებულიყო თურქეთის არმიის მაღალი და საშუალო რგოლის ოფიცრების მიერ. თავად აშშ-ში მცხოვრებმა ფეთჰულა გიულენმა წარუმატებელი გადატრიალების შესახებ განაცხადა: ეს იყო „დადგმული გადატრიალება“ და ამ ფაქტს გამოყენებენ არმიასა და სახელმწიფო აპარატში რეპრესიებისთვისო.

b4-1661506489.jpg
ასე მიჰყავდათ სასამართლო პროცესზე „სამხედრო ამბოხის“ ორგანიზებაში ბრალდებულები

მართლაც ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების პირდაპირი მართვის განკარგულება გასცა. ამ დოკუმენტის თანახმად, თურქეთის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები გენერალური შტაბის ნაცვლად, ქვეყნის სამოქალაქო ხელისუფლებას - თავდაცვის სამინისტროს (რეალურად კი პრეზიდენტ ერდოღანსა და პრემიერ-მინისტრს ბინალი ილდიმირს) დაექვემდებარენ. ამ გადაწყვეტილებებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა ერდოღანის დიდი უნდობლობა და სიძულვილი ქვეყნის სამხედრო ელიტის მიმართ, რასაც თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი უკანასკნელი წლების მანძილზე არც მალავდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მართალია 16 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს ეროვნული დაზვერვის სამსახურმაც და შეიარაღებული ძალების გენშტაბმაც სისუსტე გამოიჩინეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა არც ერთი უწყების ხელმძღვანელი თანამდებობიდან არ გადადგება, რადგან, “არ შეიძლება ცხენის გამოცვლა მდინარეზე გადასვლის დროს“.

პირიქით, თურქეთის უმაღლესი სამხედრო საბჭოს სხდომაზე ასამდე პირს გენერლისა და ადმირალის წოდება მიენიჭა. ამავე დროს, 20 გენერალსა და ადმირალს თანამდებობის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდა. ამის პარალელურად ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო: სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლებამ რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა. მათ შორის 100 მდე გენერალი და 1000 მდე სხვადასხვა წოდების ოფიცერი. გარდა ამისა, სამსახურიდან დაითხოვეს: საზღვაო ძალების 32 ადმირალი, 59 ოფიცერი, 63 უმცროსი ოფიცერი. ასევე, საჰაერო ძალების 30 გენერალი, 314 ოფიცერი და 117 რიგითი თანამშრომელი. რეპრესიები თურქეთის მასმედიასაც შეეხო და საგანგებო მდგომარეობის გამო 130-ზე მეტი მედიასაშუალება, მათ შორის: 45 გაზეთი, 29 გამომცემლობა, 15 ჟურნალი, 23 რადიოსადგური და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალება დაიხურა. ამგვარი რეპრესიები მომდევნო წლებშიც გრძელდებოდა. 2016 წლის ივლისის ბოლოს ერდოღანმა თურქეთის დაზვერვის სამსახურის მუშაობა ლაკონურად ამგვარად შეაფასა: “ეს იყო სრული ფიასკო!”. მისივე სიტყვებით დაზვერვამ არ გააფრთხილა თურქეთის სახელმწიფო სტრუქტურები სამხედრო ამბოხის დაწყების შესახებ. უფრო მეტიც, არც მას და არც პრემიერ-მინისტრ ილდირიმს არ ჰქონიათ ინფორმაცია სამხედრო ამბოხის დაწყების შესახებ. უფრო კურიოზულად და დაუჯერებლად ჟღერს პრეზიდენტ ერდოღანის სიტყვები იმის შესახებ, რომ სამხედრო ამბოხის ღამეს ტელეფონით ვერ დაუკავშირდა დაზვერვის უფროს ჰაკან ფიდანის. ყოველივე ამის შემდეგ გასაკვირი იყო, რომ 2016 წლის 9 აგვისტოს, „ამბოხიდან“ ოცდასამი დღის შემდეგ მოსკოვში ვიზიტის დროს ერდოღანს თან ახლდა თურქეთის სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჰაკან ფიდანი.

ამიტომაც ლოგიკური კითხვა ჩნდება: თურქეთში მით-ის შიშით და ნებართვის გარეშე “ჩიტიც კი ვერ დაფრინავს” და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა როგორ გამოეპარათ? სამხედროები ხომ ერდოღანის ხელისუფლების დროს მუდმივი ოპერატიულ-აგენტურული კონტროლის ქვეშ არიან?

მით-ის კრიტიკის მიუხედავად, ერდოღანმა შემდგომ განაცხადა: “დაზვერვის სამსახურების სისუსტე დაფიქსირდა საფრანგეთის, ბელგიის, გერმანიის და აშშ-ში მომხდარი ტერაქტების დროსაც და არც ამ ქვეყნებში გადაუყენებიათ თანამდებობებიდან დაზვერვის უფროსები“. თუმცა, როგორც ზემოთ დავინახეთ, მანამდე მისი შეფასებები დიამეტრულად საპირისპირო იყო. თუ დაზვერვის მოქმედებები “ფიასკო” იყო, მაშინ რატომ არ გაათავისუფლა ერდოღანმა დაზვერვის უფროსი ჰაკან ფიდანი თანამდებობიდან?

(პირველი ნაწილის დასასრული)