30 წლის შემდეგ აზერბაიჯანი ლაჩინის დერეფანს ტყვიის გაუსროლელად იბრუნებს... - კვირის პალიტრა

30 წლის შემდეგ აზერბაიჯანი ლაჩინის დერეფანს ტყვიის გაუსროლელად იბრუნებს...

სამი ათეული წლის წინ სომხეთის მოსახლეობაზე გახარებული სამხრეთ კავკასიაში, ეტყობა, არავინ იყო - 1992 წლის მაისში სომხურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა მოახერხეს აზერბაიჯანული ქალაქის - ლაჩინის აღება და სახმელეთო დერეფანი გაჭრეს უშუალოდ სომხეთიდან მთიანი ყარაბაღისკენ...

ლაჩინის დერეფნის ამოქმედებამ და უწყვეტი სატრანსპორტო კომუნიკაციის ამუშავებამ სომხეთის რესპუბლიკას საშუალება მისცა, მთიან ყარაბაღშიც სისტემატურად ეგზავნა სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო საჭურველი, რითაც მიაღწია სამხედრო წარმატებას და 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დადების შემდეგ, ერევანმა, ფაქტობრივად, სრული კონტროლი დაამყარა სტეფანაკერტსა და შუშაზე.

სომხეთზე ბევრად უფრო დიდი აზერბაიჯანისთვის ეს უდიდეს სამხედრო-პოლიტიკურ მარცხად და დიდ დამცირებად იქცა ათწლეულების მანძილზე, მანამ, სანამ 2020 წლის შემოდგომაზე ყარაბაღის ბოლო ომში დიდ წარმატებას არ მიაღწია და დაიწყო მანამდე სომხური მხარის მიერ დაკავებული აზერბაიჯანის შვიდი რაიონის ეტაპობრივი უკან დაბრუნება.

2-l-1661516113.jpg
ლაჩინს, მთებში მივარდნილ ამ პატარა ქალაქს, სომხებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, მთიან ყარაბაღში ტანკებით მისახმარებლად...

ქალაქ ლაჩინის დათმობა სომხებს გასაგები მიზეზების გამო არ სურდათ, რადგან ისინი კარგავდნენ პირდაპირ საავტომობილო გზას ყარაბაღთან და, პირველ რიგში, სტეფანაკერტთან, რომელსაც ბაქო ხანქენდს ეძახის.

პრეზიდენტ ალიევის განკარგულებით, აზერბაიჯანელმა ინჟინრებმა და მუშებმა მოკლე დროში 23 კმ სიგრძის ორზოლიანი ასფალტირებული გზა გაიყვანეს ქალაქ ლაჩინის შემოსავლელად და ეს გზა სომხებს გადაულოცეს - იარეთ ჯერ ისევ სტეფანაკერტისკენ, ოღონდ ლაჩინში არ გამოიაროთო - მოწოდებით. საგულისხმოა, რომ ამ გზის გამაგრძელებელი მონაკვეთის მშენებლობა უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ დაწყებულა...

3-l-1661516139.png

აზერბაიჯანელებმა სომხებს 22 კმ-იანი ახალი შემოვლითი გზა გაუყვანეს, ოღონდ ლაჩინზე აღარ გაიაროთო...

მცირე ისტორიული რაკურსი

ქალაქი ლაჩინი სომხეთის საზღვრიდან სულ ექვსიოდე კმ-ში მდებარეობს. მე-19 საუკუნეში იქ, ძირითადად, შიიტი ქურთები ცხოვრობდნენ, თუმცა 1992 წლისთვის, როდესაც ყარაბაღის პირველი ომი მიმდინარეობდა, ლაჩინის 8 ათასამდე მაცხოვრებლიდან 6 ათასზე მეტი აზერბაიჯანელი იყო.

ლაჩინის სომხების მიერ დაკავების შემდეგ აზერბაიჯანელებს სასწრაფოდ მოუწიათ თავის შველა, რადგან ქალაქში ძარცვა მიმდინარეობდა და აზერბაიჯანელების სახლებსაც წვავდნენ.

მას შემდეგ სომხეთი ცდილობდა, ლაჩინის რაიონში მასობრივად ჩაესახლებინა სომეხი ეროვნების სირიის მოქალაქეები.

26 აგვისტოს ქალაქ ლაჩინში აზერბაიჯანის დროშის ოფიციალურად დაბრუნებით, პრეზიდენტი ალიევი კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, მაგრამ ბაქოში შეჩერებას არ აპირებენ - რადგან ყარაბაღის ის დარჩენილი ნაწილი, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებენ, ალიევს დაწყნარების უფლებას არ აძლევს.

ასევე, აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად ძალზე მონდომებულია ზანგეზურის დერეფნის გახსნით, უშუალოდ სომხეთზე გავლით, რათა აზერბაიჯანი საავტომობილო გზით დაუკავშირდეს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას, რომელსაც, თავის მხრივ, ვიწრო სახმელეთო საზღვარი აქვს თურქეთთან...

ამ შემთხვევაში, თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რაც ძალიან არასახარბილო ფაქტი გახდება სომხეთისთვის, თუმცა საქართველოსაც ბევრ რამეზე მოუწევს დაფიქრება...