ვენეციის კომისია ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, "გადაუდებელ მოსაზრებას" აქვეყნებს - კვირის პალიტრა

ვენეციის კომისია ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, "გადაუდებელ მოსაზრებას" აქვეყნებს

ვენეციის კომისიამ დღეს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო და პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თავისი გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ „კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“.

აღნიშნულის თაობაზე ვენეციის კომისია მოსაზრებას "ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.

გარდა ამისა, ვენეციის კომისია "ტვიტერის" ანგარიშზე თან ურთავს, მოსაზრებას "საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში" 2021 წლის დეკემბრის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლის 17-18 ივნისით თარიღდება.

ვენეციის კომისია აღნიშნულ დოკუმენტში ეხება 2021 წლის 27 დეკემბერს, უმრავლესობის (ქართული ოცნების) ექვსი დეპუტატის მიერ წარდგენილ 2021 წლის ცვლილებებს, რომლებიც შემდეგ პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს დაჩქარებული წესით მიიღო.

კომისია ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ცვლილებები საპარლამენტო ვადის ბოლოს, საახალწლო არდადეგების წინ მიიღეს და მთელ საკანონმდებლო პროცესი მხოლოდ ოთხ დღეს გაგრძელდა.

"ოპოზიციისთვის, ისევე როგორც დაინტერესებული მხარეებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, 2021 წლის ცვლილებები სრულიად მოულოდნელი იყო”, - აღნიშნულია კომისიის დოკუმენტში.

"[საქართველოს] ხელისუფლებას, შეხვედრების დროს, ვენეციის კომისიის დელეგაციისთვის არ წარუდგენია დამაჯერებელი მიზეზები, რაც 2021 წლის ცვლილებები სწრაფ საკანონმდებლო პროცესს გაამართლებდა”, - ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ყველა თანამოსაუბრემ, რომელსაც ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვდა, გარდა სამთავრობო პარტიისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, აღნიშნეს, რომ კანონშემოქმედებითი პროცესი ზედმეტად სწრაფი იყო, აკლდა გამჭვირვალობა მისი მოტივებისა და მიზნების შესახებ და ჩატარდა ინკლუზიური და ეფექტური კონსულტაციების გარეშე.

„2021 წლის ცვლილებებს თან ახლდა ექვსგვერდიანი განმარტებითი ბარათი, რომელიც ძირითადად იმეორებს ცვლილებების შინაარსს და ასახავს ფორმალობებს. განმარტებითი ბარათი არ შეიცავს ცვლილებების არსებით დასაბუთებას, მათი დროის გაანგარიშების ან დაჩქარებული პროცედურით მიღების აუცილებლობის შესახებ“, - აღნიშნულია ვენეციის კომისიის დოკუმენტში.

ამასთან, კომისია დასძენს, რომ განმარტებითი ბარათი არ შეიცავს რაიმე ზემოქმედების შეფასებას მაგალითად, მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე დისციპლინური პროცედურებისა და სანქციების ეფექტურობის ან გავლენის შესახებ.

ვენეციის კომისიის განცხადებით, კანონშემოქმედება არის არა მხოლოდ პოლიტიკური ნების აქტი, არამედ ის რაციონალური განხორციელებაა.

"არსებითი დებატები შეუძლებელია თუ რეფორმის მიზეზები არ არის წამოყენებული. კანონპროექტის დაჩქარებული პროცედურებით წარდგენისა და მიღების ზღუდავს საჯარო და საპარლამენტო კონტროლს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო ივნისში დაადო.

ინფორმაციისთვის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები ხანგრძლივდება, ხოლო დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები, იზრდება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი. “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი რამდენიმე კვირის წინ დაუჭირა. კანონის პროექტი 78 ხმით, 11-წინააღმდეგ მიიღეს.

"ინტერპრესნიუსი"