"ჯაველინზე" უკეთესი - რას აძლევს ამერიკა უკრაინას, რუსული ტანკების ასაფეთქებლად... - კვირის პალიტრა

"ჯაველინზე" უკეთესი - რას აძლევს ამერიკა უკრაინას, რუსული ტანკების ასაფეთქებლად...

"ჯაველინზე" უკეთესი - რას აძლევს ამერიკა უკრაინას, რუსული ტანკების ასაფეთქებლად...

ნახევარი წლის წინ, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დროს, უკრაინის დამცველები ძალზე ეფექტიანად იყენებდნენ მანამდე ამერიკული მხარის მიერ დიდი რაოდენობით გადაცემულ, მესამე თაობის გადასატან მართვად ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს "ჯაველინებს".

"ჯაველინების" ზემოდან დარტყმამ იმ 978 რუსული ტანკიდან, რომელთა დაკარგვა 27 აგვისტოსთვის ფოტო-ვიდეო კადრებითაა დადასტურებული, რამდენიმე ასეული მაინც იმსხვერპლა (აღარაფერს ვამბობთ სხვა განადგურებულ რუსულ ჯავშანტექნიკაზე), რაც ერთი მხრივ დიდ დარტყმად იქცა რუსი ტანკისტების სულისკვეთებაზე, მეორე მხრივ კი, უკრაინელთა საბრძოლო ჟინი აამაღლა...

მაგრამ გავიდა დრო, კრემლში მიხვდნენ, რომ ბლიცკრიგით კიევს რამდენიმე დღეში ვერ დაიპყრობდნენ და თავისი საოკუპაციო ძალები გაიყვანეს უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილიდან - კიევის მისადგომებიდან, ჩერნიგოვიდან, სუმიდან, სადაც მეტი ტყის საფარი იყო, რაც მაქსიმალურ, 2,5 კმ-ზე მოქმედი "ჯაველინების" წარმატებით გამოყენებას უწყობდა ხელს...

ბრძოლებმა უკრაინის აღმოსავლეთში - დონბასში და სამხრეთში - ხერსონში გადაინაცვლა, სადაც ძირითად სტეპებია და ორიოდე კმ-ში "ჯაველინით" მიპარვა რუსულ ტანკებთან, როდესაც ტყის საფარში ვეღარ იმალები, ძალზე გართულდა.

საჭირო გახდა "ჯაველინზე" უფრო შორს მანძილზე მოქმედი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, რომელიც გარანტირებულად ააფეთქებდა რუსულ ტანკებს და სხვა ჯავშანტექნიკას.

პრინციპში, უკრაინის არმიას შეიარაღებაში აქვს სამამულო წარმოების ტანკსაწინააღმდეგო "სტუგნები", რომლიდანაც გაშვებული და ლაზერის სხივით მართვადი რაკეტა ტანკს ხუთი კმ-ის დაშორებითაც კი აფეთქებს, მაგრამ "სტუგნების" რაოდენობა შეზღუდულია, ახლების წარმოება კი ძალზე გაძნელებული.

ამიტომაც სრულიად ლოგიკურად მოჩანს, რომ ამერიკული სამხედრო დახმარების მორიგ ახალ პაკეტში განსაზღვრულია 1 500 ერთეული TOW-2 ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის მიწოდება უკრაინის არმიისთვის.

აშშ-ის არმიამ "ტოუ" -ს პირველი მოდელი შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1970 წელს მიიღო და შეიძლება ვინმეს ის ძალზე მოძველებულად მოეჩვენოს, და იფიქროს, რომ "ტოუს" პენტაგონი თავიდან იცილებს, მაგრამ ეს ასე არ არის.

"ტოუს" სხვადასხვა მოდიფიკაციები ჯერ კიდევ რჩება მსოფლიოს 47 ქვეყნის არმიების შეიარაღებაში და მათ ჩამოწერას არც არავინ უპირებს, რადგან ეს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსი დღესაც მაღალ საბრძოლო შესაძლებლობებს ინარჩუნებს, მათ შორის შედარებით თანამედროვე რუსული "ტ-90" ტიპის ტანკების წინააღმდეგაც, რაც არაერთხელ გამოჩნდა სირიაში.

1tou-1661591634.jpg
„ტოუ-2“-ის გამშვები დანადგარი საკმაოდ გაბარიტულია...

სულ დღემდე წარმოებულია 410 ათასზე მეტი "ტოუს" სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტა და რამდენიმე ათეული ათასი მისი გამშვები დანადგარი, რომელიც უნივერსალურია და შეიძლება დაიდგეს სამფეხაზე, დამონტაჟდეს პიკაპის ძარაზე, ჯავშანტექნიკაზე, კატარღაზე ან სულაც შვეულმფრენზე.

"ტოუ-2" მეორე თაობის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს განეკუთვნება და სტარტაღებული რაკეტა ნახევრადავტომატურ რეჟიმში სპეციალური სადენებით იმართება მაქსიმალურ-3,7 კმ მანძილამდე.

მესამე თაობის "ჯაველინს" მეორე თაობის "ტოუ-2" იმით ჩამორჩება, რომ "გაისროლე-დაივიწყეს" პრინციპით ვერ მოქმედებს ანუ მსროლელ-ოპერატორი იძულებულია მოწინააღმდეგის ტანკი ბოლომდე ჰქონდეს მიზანში ამოღებული, ეს კი არანაკლებ 15 წმ-ია, რაც შეიძლება საბედისწერო გახდეს მისთვის, თუკი მტერმა "ტოუს" რაკეტის სტარტი დააფიქსირა და გამოთვალა მსროლელ-ოპერატორის პოზიცია.

სამაგიეროდ "ტოუს" რაკეტა უფრო სწრაფია და უფრო ძლიერი კუმულაციური ქობინიც აქვს, ოღონდ ტანკს პირდაპირ ხვდება, თუმცა TOW-2В მოდიფიკაციაში რაკეტა ტანკის კოშკურის თავზე ფეთქდება და რაკეტაში გვერდულად დაყენებული ორი კუმულაციური ქობინი "დამრტყმელი ბირთვის" პრინციპით მოქმედებენ და "ჯაველინზე" უკეთესადაც კი აფეთქებენ ტანკს ზემოდან დარტყმით. პირველი ცივი ომის დროს "ტოუს" შექმნით ამერიკელები იმედოვნებდნენ შეეჩერებინათ საბჭოთა სატანკო არმადები, თუკი კრემლი დასავლეთ ევროპის დაპყრობას გაბედავდა.

მაშინ ბრეჟნევმა ეს ვერ გაბედა, სამაგიროდ პუტინმა სცადა ევროპის დაპყრობა უკრაინიდან დაეწყო და მის საბჭოთადროინდელ ტანკებს დამატებით მალე ამერიკული"ტოუ-2"- ებიც გაუნადგურებენ უკრაინელების ხელით...