"ხშირად მესიზმრება სოხუმი... მახსოვს, როცა რაღაცას რუსულად გკითხავდნენ და ქართულად პასუხობდი, ცოტა არ იყოს, ამრეზილად გიყურებდნენ, შიშიც კი იგრძნობოდა" - კვირის პალიტრა

"ხშირად მესიზმრება სოხუმი... მახსოვს, როცა რაღაცას რუსულად გკითხავდნენ და ქართულად პასუხობდი, ცოტა არ იყოს, ამრეზილად გიყურებდნენ, შიშიც კი იგრძნობოდა"

"საყრდენი, ალბათ, ისევ და ისევ, სიყვარულია, არაფერმა არ უნდა გაგაბოროტოს და წინ სიყვარული უნდა წამოსწიო! თუნდაც რუსთან, უკრაინელთან, ამერიკელთან, ჩინელთან და ასე შემდეგ... ვინც თავხედობს, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუნდაც ქართველი იყოს, ის ადამიანი ცუდად იქცევა და მის მიმართ აუცილებლად პროტესტი გამიჩნდება!" - მსახიობი ია შუღლიაშვილი "კვირის პალიტრასთან" ლეგენდარულ დედაზე, სოხუმში გატარებულ ბავშვობაზე, პანდემიის პერიოდზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და თავის შემოქმედებაზე ვრცლად გვესაუბრება...

- როგორც ვიცით, ინოლა გურგულიამ შვილებს და მომავალ თაობებს ანდერძი დაუტოვა: - "იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყოო!”... პირველი ავტორ-შემსრულებლის - ინოლა გურგულიას შემოქმედების მიმართ მუდამ დიდი ინტერესია, მათ შორის, ძალიან ახალგაზრდების მხრიდან... თქვენი გადმოსახედიდან, რა არის ამის მიზეზი?

- ალბათ ის, რომ ინოლა გურგულიას შემოქმედება ყველასთვის მისაწვდომი და მისაღებია. ბევრს უთქვამს, რომ ჰგონია, თითქოს სიმღერა პირადად მისთვის დაიწერა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერები ძალიან ადრე შეიქმნა, ნებისმიერი ადამიანისთვის ხელშესახებია. ამიტომაც, დღევანდელ ახალგაზრდებშიც პირადულ გრძნობებთან დაკავშირებას იწვევს.

6 აგვისტოს ინოლა გურგულიას ხსოვნის საღამო ჩატარდა. ძალიან კმაყოფილი იყო მსმენელიც და ჩვენც, კარგი საღამო გამოგვივიდა...

- დედა ათი წლის ასაკში დაკარგეთ... რამდენად ახერხებდა იგი ამდენად მნიშვნელოვანი შემოქმედების პარალელურად, დრო შვილებისთვის დაეთმო?

- დედა ყოველთვის საკმაოდ დაკავებული იყო... დღისით უცხო ენათა ინსტიტუტში ასწავლიდა, საღამოს აბიტურიენტებს შინ იღებდა, შემდეგ აუცილებლად ან ტელევიზიაში მიჰყავდათ, ან კონცერტზე, სტუმრად...

ხშირად მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შაბათ-კვირა მისთვის შვილების დღე იყო. ამ ორ დღეში ყველაფრის კომპენსაცია ხდებოდა. სხვა დღეებშიც, რამდენადაც უხერხდებოდა, ჩვენთან კონტაქტი სულ ჰქონდა და ამიტომაც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ძალიან ბევრი შეგრძნება მახსოვს დედასთან დაკავშირებით.

ზაფხული ძალიან მრავალფეროვანი გვქონდა: სანამ დედა და მამა მუშაობდნენ, ივნისის თვეში წყნეთის ბანაკში ვიყავით. ივლისში სოხუმში მივდიოდით და აგვისტოში სამეგრელოში - დედას დედულეთში...

gurguliashugliashvili-1661846247.jpg

- ბავშვობიდან, როგორი დაგრჩათ სოხუმი მეხსიერებაში?

- რა თქმა უნდა, სოხუმი ერთ-ერთი საოცარი ადგილია ჩემთვის, რომელიც ბავშვობასთან ასოცირდება... მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის წლებს ლაღად და ბედნიერად ვერ ვიხსენებ, მახსენდება, რომ უბედნიერესი პერიოდი იყო, როცა სოხუმში დედა, მამა, ყველა ერთად ვიყავით...

სოხუმი ულამაზესი და განსხვავებული ქალაქი იყო - მაგნოლიის ხეებით, ბუნებით, პორტით, იქაური სუნით და ქვაფენილებით, სადაც სულ ასკინკილით დავრბოდი... ძალიან ხშირად მესიზმრება იქაურობა.

თუმცა სოხუმის დღევანდელ ფოტოებს რომ ვხედავ, ვერ ვაიგივებ ჩემი ბავშვობისდროინდელ სოხუმთან. გადამწვარი და მიტოვებულივითაა იქაურობა.

მოგეხსენებათ, სოხუმში კომპოზიტორთა სახლი იყო. ჩვენ იქ ვისვენებდით, რადგან მამა კომპოზიტორი იყო და მაშინ მათთვის საგზურებს გასცემდნენ... გარდა ამისა, სოხუმში ინოლას მამა ცხოვრობდა. პირველი სამი წელი ერთ ბებიას ჩემი ძმა მიჰყავდა დასასვენებლად და მე - სოხუმში მგზავნიდნენ. მართალია, სულ პატარაობიდან თითქმის არაფერი მახსოვს, მაგრამ იქ გადაღებული ფოტოები შემორჩენილი მაქვს.

- ამბობენ, რომ ათეული წლების წინაც სოხუმში რუსული ენა უფრო მისაღები იყო, ვიდრე - ქართული...

- დიახ, ნამდვილად ასე იყო და ეს ჩემი ბავშვობიდანაც მახსოვს... რაღაცას რუსულად გკითხავდნენ და ქართულად რომ პასუხობდი, ცოტა არ იყოს ამრეზილად გიყურებდნენ, შიშიც კი იგრძნობოდა.

კომპოზიტორთა სახლში სოხუმელი მომსახურე პერსონალი იყო სასადილოში, სართულებზე... არაჩვეულებრივი, სხვა კატეგორიის ხალხი იყო და მათგან იგივე დამოკიდებულება ქართულის მიმართ არ იყო, მაგრამ ჩვეულებრივ მოსახლეობაში ცოტა აგრესია ნამდვილად იგრძნობოდა...

მახსოვს, მამას სიგარეტი სთხოვეს, ქართულად უპასუხა, აი, ინებეთო და ისეთი პასუხი მიიღო, ცოტა სახეც შეეცვალა... მამას რომ ვკითხე, რატომ გაბრაზდა, სიგარეტი ხომ მიეცი-მეთქი, არაფერი, ახალგაზრდა იყოო... მაშინ მამაც ახალგაზრდა იყო. ჩემთვის არაფერი აუხსნია, ბავშვი ვიყავი და მაინც ვერ გავიგებდი.

ბავშვობის შემდეგაც სოხუმში ხშირად ჩავდიოდი. კომპოზიტორთა სახლი დიდხანს იყო, სანამ იქ სიარული არ აგვეკრძალა...

ბოლოს ბაბუას დაკრძალვაზე ვიყავი. ის სოხუმშია დაკრძალული და მის საფლავზე აფხაზეთის ომის მერე ვეღარ მივდივართ.

- თქვენი მოღვაწეობის შესახებ კარგად არის ცნობილი... რამდენად დატვირთული იყავით პანდემიის პერიოდში, თუ - იზოლაციამ შეგაჩერათ?

- პანდემიის პერიოდში უფრო მეტადაც ვიყავი დატვირთული... მარიამ ჯოლოგუას ბავშვთა და მოზარდთა თეატრ-სტუდიაში სიმღერას ვასწავლი, სადაც არ გავჩერებულვართ, ონლაინმეცადინეობა გვქონდა... ონლაინსპექტაკლებიც გავაკეთეთ და ამიტომ ზედმეტადაც ვიყავი დაკავებული. ადრე თუ ერთ ჯგუფთან მიწევდა გაკვეთილის ჩატარება, პანდემიის პირობებში უკვე ოთხ ჯგუფთან ვატარებდი. მერე ასეთ გრაფიკსაც შევეჩვიე.

თეატრი დაკეტილი იყო, მაგრამ გადაღებები მქონდა... მოკლემეტრაჟიანი ფილმები გადაიღეს. იმ პერიოდში დაიწყო ტელევიზიამ სერიალი "ქიმია", სადაც ვმონაწილეობდი...

iashugliashvili-40175-1661846321.jpg

- თემურ ჩხეიძესთან მოგიხდათ თანამშრომლობა...

- თემურ ჩხეიძე განსაკუთრებულად გამორჩეული ადამიანია ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომიწია მის, თუნდაც ერთ სპექტაკლში მონაწილეობა, რეპეტიციებზე დასწრება... ეს სპექტაკლი ბედნიერება იყო ჩემთვის! მისი წასვლა უდიდესი ტკივილია, რადგან ვფიქრობ, რომ იმ თეატრს, რომელიც მე მიყვარს, თემურ ჩხეიძე ქმნიდა და - დამთავრდა! არ ვიცი, რა იქნება, მომავალს იმედის თვალით უნდა ვუყუროთ, მაგრამ მგონია, რომ ისეთი სიღრმეები და სიბრძნეა მის ნებისმიერ ნამუშევარში, რომელიც ადამიანს ზრდის, აყალიბებს... ეს საყრდენი გამოგვეცალა.

თემურ ჩხეიძის არსებობა სისუფთავის იმედს იძლეოდა... არაფერს ისეთს არ შემოგთავაზებდა, დაეჭვებულიყავი, ცუდი ფიქრებისკენ წასულიყავი... ჭეშმარიტების და სისუფთავის გზით გატარებდა!

ზოგჯერ ვიღაცასთან მუშაობ და ეჭვი გიჩნდება, ვაიმე, ეს გამოვა თუ - არაო... იმდენად ღრმა, განათლებული და ნამდვილი ადამიანი იყო, არ შეიძლებოდა სცენაზე მას რაღაც განსაკუთრებული არ შეექმნა.

- რუსეთ-უკრაინის ომმა როგორ იმოქმედა თქვენზე... რუსეთში, უკრაინაში ნამყოფი ხართ?

- ისე მომიწია, რომ რუსეთში არ ვყოფილვარ. რუს ხალხთან მქონია შეხება, როგორც ხელოვანებთან, ასევე, სხვებთან...

უკრაინაში, ფესტივალზე ორჯერ ვიყავი, ერთხელ ჟიურის წევრად და ერთხელ - როგორც ფილმის მონაწილე... ახლა უფრო გამოჩნდა, მაგრამ მე მაშინაც ვამბობდი, რომ უკრაინელები ხისტად თამამი და ყოჩაღი ხალხია, ტკივილის და სიხარულის გადატანა გააზრებულად შეუძლიათ. რაც ჩვენ, ქართველებს გვახასიათებს, გადამეტებულად მგრძნობიარეები ვართ ტკივილშიც და სიხარულშიც, მათ ასე არ იციან. უბრალო ხალხია, მაგრამ - ნამდვილი.

რუსეთს ჰყოლია უნიჭიერესი ადამიანები და, ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ადამიანი არის ადამიანი! ყველა ქვეყანას ჰყავს მოღალატეც, კარგის შემქმნელიც... უბრალოდ, ახლა იმდენად ძნელ დროში მოგვიხდა ყოფნა, რაღაცები მაბნევს კიდეც. ვერ გაიგებ, სად უნდა წახვიდე, რა უნდა გააკეთო, წინ რა უნდა წამოსწიო, რას არ უნდა უღალატო შენს თავში...

ალბათ, ისევ და ისევ საყრდენი სიყვარულია, არაფერმა უნდა გაგაბოროტოს და წინ სიყვარული წამოსწიო! თუნდაც რუსთან, უკრაინელთან, ამერიკელთან, ჩინელთან და ასე შემდეგ... ვინც თავხედობს, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუნდაც ქართველი იყოს, ის ადამიანი ცუდად იქცევა და მის მიმართ აუცილებლად პროტესტი გამიჩნდება!

თუ არაფერს აშავებს, ცდილობს და მიაჩნია, რომ მორიდებულად იყოს, ასეთს რომ პური არ გაუწოდო და ცუდი ვეძახო, სწორი არ მგონია.

- თქვენი აზრით, როგორია დღეს საქართველოს კულტურის პოლიტიკა და რა შემოქმედებითი გეგმები გაქვთ?

- იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა, კულტურაც რაღაც სახით შეიცვალა. უფრო სანახაობითი და მრავალფეროვანი, ტექნიკური შესაძლებლობების გახდა. შეიძლება ამ ფეხის ხმას ჩვენც უნდა ავყვეთ...

შემოდგომაზე სპექტაკლს გამოვუშვებთ, რომლის თემაც ემიგრაციაა, რაც სოციუმთან და ადამიანის სულიერებასთან არის დაკავშირებული. ამ სახის სპექტაკლი უფრო მაინტერესებს, ვიდრე ტექნიკური მხრიდან აწყობილი. თუმცა, ალბათ, ისიც საინტერესოა და თუ შემომთავაზებენ, ვეცდები, ჩავერთო.

საქართველოდან ძალიან ბევრი ემიგრაციაში წავიდა, რაც ყველასთვის მტკივნეულია... ვერავის გაამტყუნებ, განსაკუთრებით, ახალგაზრდობას. ყველა რაღაც გზებს პოულობს ამ გაუგებარ ცხოვრებაში. ჰგონიათ, რომ იქ უფრო მეტს მიაღწევენ, ვიღაც აღწევს კიდეც, ვიღაც - ვერა... ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ვინც მიდის, თავის ძირს კარგავს. შიგნით კარგავს რაღაცას, თავისას და მსოფლიო მოქალაქე ხდება... მერე ეწყებათ ნოსტალგია, ჩემი საქართველოსთვის ამას და ამას ვაკეთებო... რასაკვირველია, რაღაცას აკეთებენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ სადღაც თავს იტყუებენ. თუმცა თავიანთი თავისთვის უკეთეს მომავალს იქმნიან.

(სპეციალურად საიტისთვის)