"სიცილით მოვკვდი, ამას რა დაძრავს-მეთქი, მაგრამ ჯერ ერთი "საჯილდაო ქვა" წამოვწიე, მერე მეორე, უფრო მოზრდილი, მეგობრები ტაშს მიკრავდნენ"... - კვირის პალიტრა

"სიცილით მოვკვდი, ამას რა დაძრავს-მეთქი, მაგრამ ჯერ ერთი "საჯილდაო ქვა" წამოვწიე, მერე მეორე, უფრო მოზრდილი, მეგობრები ტაშს მიკრავდნენ"...

იხილეთ დასაწყისი - სიზმრიდან გამოყოლილი სტრიქონები სასწრაფოდ ჩავიწერე და... უცებ დიდი ბესიკ ხარანაულის ნათქვამი გამახსენდა: წერისთვის მთავარია, რაც წამოგახტუნებსო...

უშგულის თემიდან კალას თემისკენ დავეშვით, წვიმა კი გზად მოგვყვებოდა. სვანეთის ლაგურკად წოდებული კალის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი საავტომობილო გზიდან სულ რაღაც კილომეტრ-ნახევარში იყო, მაგრამ ვიცოდით, საკმაოდ დაქანებული ტყის ფერდი უნდა აგვევლო, წვიმაში კი დამრეცზე სიარული სახიფათო იყო, შეიძლებოდა, ფეხი დაგვცურებოდა.

მოკლედ, დილემის წინაშე აღმოვჩნდით - ავსულიყავით თუ არა, მაგრამ ხმათა უმრავლესობით გარისკვა ვამჯობინეთ და... სასწაულიც მოხდა - წვიმა შეწყდა, ცა გაიხსნა და მზემაც იქაურობა ააკაშკაშა, ნაძვების ტოტებზე წვიმის წვეთები ბრილიანტის თვლებივით ბრწყინავდნენ. ვიცოდით, ტაძარი დაკეტილი იქნებოდა, ამიტომ სასწრაფოდ დავურეკეთ ეკლესიის მცველს და ვთხოვეთ მოსულიყო. თავიდან შეყოყმანდა, მაგ ადგილიდან შორს ვარო, მერე, საუბრისას აღმოვაჩინე, რომ ჩემი სვანი მეგობრისა და კოლეგის, წარმოშობით კალელი არმაზ ხარძიანის ნათესავი ყოფილა და, აბა, უარს როგორ გვეტყოდა. მოკლედ, უფალს მადლობა, რომ არც ჩვენ დავბრკოლდით, გამოიდარა კიდეც და მთის წვერიდან გადმომზირალი ულამაზესი ლაგურკის უნახავად არ გაგვიშვა.

ტყის საცალფეხო ბილიკს ყოჩაღად ავუყევით და ულამაზესი ნაძვნარით ვტკბებოდით, თან ვფრთხილობდით, ნაძვების მიწიდან ამოყრილ უზარმაზარ ფესვებზე ფეხი არ დაგვცურებოდა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ეს ნაძვნარი საღმრთოდ ითვლება და სვანი იქ წკეპლასაც არ მოჭრის.

22-5-1661632998.jpg
ლაგურკისკენ - ნაძვებზე წვიმის წვეთები ბრწყინავდნენ

33-3-1661633052.jpg
აი, ისიც - ლაგურკა და ჩვენი "სელფების დედოფალი" თამუნა

ტაძრის სიწმინდეების მცველმა ზაურ გულბანმა მაინც მოგვასწრო ტაძარში ასვლა და ვიდრე ყველამ არ მოვიყარეთ თავი, მოთმინებით დაგველოდა. ეზოშიც კი იგრძნობოდა ამ წმინდა ადგილის საოცარი ძალა და მადლი. იქვე დავინახეთ უზარმაზარი (თურმე, 96-კილოგრამიანი) ზარიც. ბატონმა ზაურმა ეკლესიის კარი გაგვიღო და იქაურობა დაგვათვალიერებინა.

კარგა ხანს ვიდექით მონუსხულები საკურთხევლის წინ, ქვის კვარცხლბეკზე ამაღლებულ, ოქროთი მოვარაყებულ და ვერცხლით მოჭედილ დიდ ჯვართან.

პატარა ტაძარში ძველი ჭედური ხატებიც იყო. იქვე, კედელზე შევნიშნეთ ჭედური ნიღაბიც, მსგავსი მანამდე არც მენახა.

4444-1661633100.jpg
კვარცხლბეკზე ამაღლებული ჯვარი

5-1661633342. ჭედური ნიღაბი.jpg
ჭედური ნიღაბი

ბატონი ზაურისგან შევიტყვეთ, რომ იფრაალის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატვიდან 16 წლის შემდეგ, იქაურობაც მეფის მხატვარ თევდორეს მოუხატავს 1112 წელს.

6-1661633147. ტაძრის ფერწერა.jpg
ტაძრის ფერწერა

ეკლესიაში XI-XII საუკუნეების წმინდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი ყოფილა დაცული, მაგრამ უმნიშვნელოვანესი შალიანის სანაწილე ხატია. თურმე, სვანები სიმართლის დასადგენად სწორედ ამ ხატზე იფიცებენ - მასზე დაუფიცებლად ამ მხარეში არც ერთი პოლიტიკური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღება. ეკლესიის აგებაც სწორედ სვან შალიანს უკავშირდება. ეს ამბავი ჩემს ერთ-ერთ წერილში უკვე მოგიყევით და კვირიკობის დღესასწაულს მივუძღვენი. შეგიძლიათ მოიძიოთ ჩემს ზურგჩანთაში და უეჭველად მიაკვლევთ.

იხილეთ - სვანეთის ლაგურკა

ტაძრის მოლოცვისა და დათვალიერების შემდეგ ეზოში გამოვედით. ბატონმა ზაურმა შორიდან დამანახვა ჩემი მეგობრის - არმაზ ხარძიანის სახლი. ვერ მოვითმინე, მაშინვე დავურეკე და ვახარე, შენს მშობლიურ კალაში ვარ, ლაგურკაზე-მეთქი. იმწამს დაჟინებით მომთხოვა, ეზოში დიდი ქვებია, "საჯილდაო ქვებს" უწოდებენ. ერთი ქვა მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი, დანარჩენი ორი - ქალებისთვის. ქალების ქვებიდან ერთ-ერთს მაინც შეეჭიდე და ეცადე, ასწიოო. დავეთანხმე და ჩვენს მასპინძელთან ერთად ეზოს მეორე მხარეს გავსწიე. ქვებს რომ შევხედე, სიცილით მოვკვდი, ამას რა დაძრავს-მეთქი, მაგრამ არმაზს როგორ გავაწბილებდი და... ახლაც არ მჯერა, ეს რომ შევძელი - ჯერ ერთი ქვა წამოვწიე, მერე მეორე, უფრო მოზრდილი "წამოვაყენე ფეხზე". ჩემი მეგობრები ტაშს მიკრავდნენ, მე კი გაოგნებული და ბედნიერი დავყურებდი ქვებს! მოიგვიანებით ვკითხე არმაზს, რატომ მომთხოვე ქვებთან შეჭიდება-მეთქი და მომაგება, - რაც ჩაიფიქრე, აგისრულდებაო. ქვასთან შეჭიდებისას ეს პირობა არ ვიცოდი, მაგრამ, მახსოვს, უნებლიეთ, რაღაც ჩავიფიქრე, ოღონდ დღემდე ვერ ვიხსენებ, რა... თუმცა ცუდს ხომ არაფერს ჩავიფიქრებდი? ასე რომ, იმედია, კარგად ამისრულდება.

irma-2-1661633388.jpg
მე - საჯილდაო ქვებს შეჭიდებული

8888-1661633423.jpg
ჩვენ და მურა - ლაგურკის ეზოში

ტაძრიდან ვიდრე ტყის ბილიკზე დავეშვებოდით, დიდი ნაგებობა შევნიშნეთ და მე, ზურამ, დათომ და ქრისტინემ (ყველაზე გვიან ავედით და აღმოჩნდა, რომ უკანაც ყველაზე გვიან ვბრუნდებოდით) იქაც შევიხედეთ. აშკარად სამზარეულო უნდა ყოფილიყო, უზარმაზარი ქვაბებითა და სამეურნეო ინვენტარით. ბევრი ვიოხუნჯეთ "ექსტრემალური იარაღებით", ლამის სკეჩები დავდგით და...

9999-1661633532.jpg
ზურა კვლავ მტარვალის როლში
1010-1661633573.jpg
დათო და ზურა - იარაღების "გამოცდა"
1111-2-1661633608.jpg
თუმცა მე და ქრისტინე შეშინებულებს არ ვგავართ

უარესი ექსტრემი კი, თურმე, წინ, დაშვებისას გველოდა... თხების არვეს სახით. ისე ჯგროდ მოუყვებოდნენ ბილიკს, გზის დათმობა ვცადე, უკან დავიხიე და ნაძვის ფესვებზე დავცურდი. ზურას და დათოს რომ არ ემარჯვათ, ალბათ, თხები გადამჯეგავდნენ კიდეც. ბიჭებმა არვე ზემოთ ადენეს, იქიდან კი ქრისტინეს ყვირილი შემოგვესმა და მურას ყეფა. ბიჭების მისვლამდე სწორედ მან მოიგერია თხები. როგორც იქნა, მშვიდობიანად ჩავაღწიეთ მანქანამდე და მესტიისკენ განვაგრძეთ გზა.

1212-1661633658.jpg
ჩვენი შემშინებელი არვე
1313-1661633687.jpg
ჩვენი ახდენილი ოცნება - სვანეთის სავანე

(გაგრძელება იქნება)

იხილეთ ვიდეო: „საჯილდაო ქვებიდან“ ჯერ ერთი წამოვწიე, მერე მეორე, უფრო მოზრდილი „წამოვაყენე ფეხზე“