"დასავლეთმა ფსონი რუსეთის სახელმწიფოს დაშლაზე დადო..." - კვირის პალიტრა

"დასავლეთმა ფსონი რუსეთის სახელმწიფოს დაშლაზე დადო..."

24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ექვსი თვე, ანუ ნახევარი წელი შესრულდა პუტინის რეჟიმის უკრაინაში შეჭრიდან და ევროპის შუაგულში ომის გაჩაღებიდან. არავინ ელოდა, რომ უკრაინა ასეთ მედგარ წინააღმდეგობას გასწევდა და ამდენ ხანს გაუძლებდა მომხდურს. დღეს საომარი ვითარება ისეთია, უკვე დასავლეთშიც დაიჯერეს, რომ უკრაინას ამ ომის მოგება შეუძლია. სხვა შემთხვევაში ასეთ მასშტაბურ სამხედრო დახმარებას უკრაინას არ გაუწევდნენ. კრემლის მოლოდინი, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაემხობოდა არათუ არ გამართლდა, დღეს მომსწრე ვართ აქტიური საბრძოლო მოქმედებები უკრაინის თითქმის 2000 კმ-ზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე როგორ გრძელდება და სამწუხაროდ, დასასრული არ უჩანს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინა ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის ემზადება. ემზადება რუსეთიც. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობით, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა 137 000 სამხედრო მოსამსახურით იზრდება. სწორედ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან.

tvalchrelidze.jpg

- ჩემი აზრით, დასავლეთმა ფსონი დადო რუსეთის, როგორც ფედერალური სახელმწიფოს დაშლაზე. ომი გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი სრულად არ გამოიფიტება, სულ ცოტა, კიდევ ერთ წელიწადს. წინ გველის კიდევ ომის არაერთი ფაზა, მათ შორის შემოდგომაზე მოსალოდნელია ვითარების უფრო გამწვავება. ჯერ კიდევ მარტის დამდეგს ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, როგორც უნდა განვითარდეს საომარი მოქმედებები, უკრაინამ ეს ომი უკვე მოიგო-მეთქი... ახლაც ამ აზრზე ვარ. სამწუხაროდ, უკრაინას კვალავ მოუწევს დიდი მსხვერპლის გაღება, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის რუსეთის დამარცხება.

დასავლეთის მოქმედების პრინციპი მარტივია, რუსეთი სოციალურ-ეკონომიკურად უნდა გამოიფიტოს, როგორც ეს რეიგანმა გააკეთა, თუმცა მაშინ ეს უომრად მოხერხდა.

ხომ ხედავთ, მოსკოვს ფრონტზე როგორც ტექნოლოგიურად, ისე ცოცხალი ძალაც უჭირს, მაგრამ პუტინი მობილიზაციის გამოცხადებას ვერ ბედავს, რადგან ხვდება, რომ ეს შეიძლება სამოქალაქო ომის დასაწყისად იქცეს. რუსეთში უკვე დაიწყო გარკვეული პროცესები.კრემლის ცნობილი იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მკვლელობა შემთხვევითი დანაშაული არ არის. მომხდარი დიდი ბურუსით არის მოცული. რუსეთი კი ძალიან ცდილობს ეს უკრაინას დააბრალოს, მაგრამ აშკარად არ არის ასე მარტივად საქმე.

მოკლედ, რაღაც პროცესები რუსეთში უკვე დაიწყო და განვითარდება მით უფრო სწრაფად, რაც მეტად გაუჭირდება რუსეთს ეკონომიკურად. ფაქტობრივად, მალე კოლაფსია მოსალოდნელი. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ჯერ ნორმალური ვითარებაა, მაგრამ პროვინციებში უკვე გაჩნდა პრობლემები, რაც სულ უფრო და უფრო მასშტაბური გახდება.

- მობილიზაცია ახსენეთ და, როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, პუტინმა შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

- დარწმუნებული ვარ, ეს განპირობებულია იმ ზარალით, რაც ამ ომში რუსეთმა ნახა. მას გაუწყდა გამოცდილი და პროფესიონალი სამხედროების მნიშვნელოვანი ნაწილი. ვინ ჩაანაცვლებს მათ, ახალწვეულები, რომელთაც, ფაქტობრივად, არაფერი იციან? ეს საზარბაზნე ხორცია, ავტომატს რომ მისცემენ, ისიც საკითხავია, საით გაისვრიან. სასიკვდილოდ ჰყავს ეს ხალხი განწირული. კარგი სამხედროს მომზადებას 2 წელიწადი მაინც სჭირდება. დღეს უმნიშვნელოვანესია პროფესიული არმიის ყოლა, რუსეთი კი მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ტექნოლოგიებით ომობს, უკრაინა კი ზუსტი დამიზნებით ანადგურებს სამიზნეს დასავლური იარაღით ისე, რომ სამოქალაქო პირები არ დაშავდნენ.

- გასულ კვირას ზაპოროჟიეს ატომური სადგური ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა - ელექტრომომარაგება არაერთხელ შეუწყდა მის ახლოს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო. მომხდარში რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ. უკრაინის სახელმწიფო ენერგოოპერატორ "ენერგოატომის" მტკიცებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის რისკი არსებობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა ელექტროსადგური არაერთხელ დაბომბეს. "პერიოდული დაბომბვის შედეგად დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა, არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქ­ტიური ნივთიერებების გაფრქვევის საშიშროება, მაღალია ხანძრის საშიშროებაც. ელექტროსადგური მუშაობს რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით", - ნათქვამია განცხადებაში. თქვენი აზრით, რამდენად დიდია ბირთვული კატასტროფის საფრთხე?

- ალბათ, კიშტიმის კატასტროფაზე არაფერი გსმენიათ. ეს მოხდა 1957 წლის სექტემბერში სამხრეთ ურალში მდებარე ქალაქ ჩელიაბინსკ-40-ში. ჩერნობილს ხშირად ახსენებენ, მაგრამ ამ უმძიმეს ავარიას - ნაკლებად, რადგან საბჭოთა კავშირში დამალეს. ეს ავარია რადიოაქტიური ნივთიერების გამოყოფის მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი იყო. აფეთქდა ატომური ნარჩენების მიწისქვეშა საცავი და უდიდესი ტერიტორია რადიოაქტიური ნაწილაკებით დაიფარა. დღემდეა ურალში ადგილები, სადაც უზარმაზარი ორთავა კურდღლები დარბიან. მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ კრემლი საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე არასდროს ფიქრობდა, სულერთია, რამდენი დაიღუპება. კიშტიმის კატასტროფისას არაფრად ჩააგდეს ადამიანების სიცოცხლე, მათ ისიც კი არ აუხსნეს, რა ხდებოდა, დროულად არაფერი შეატყობინეს. ვითომ დღესაც იმავეს რატომ არ გაიმეორებენ? მოკლედ, რუსეთისგან არაფერი გამიკვირდება. მიუხედავად იმისა, ზაპოროჟიეში ბირთვული კატასტროფა მნიშვნელოვნად დააზიანებს რუსეთსაც, მაინც არ გაჩერდებიან. დარწმუნებული ვარ, პუტინი ფიქრობს, ეს მოსკოვამდე არ მოაღწევსო.

ამიტომ არ გამოვრიცხავ არაფერს, თუმცა ითქვა ისიც, რომ შეთანხმდნენ და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში საერთაშორისო ატომური სააგენტოს დამკვირვებლებს შეუშვებენ. დიდი იმედი მაქვს, რომ მოხერხდება კატასტროფის თავიდან აცილება.

- გასული კვირა მძიმე იყო საქართველოსთვისაც - ბორჯომის ხეობაში უნიკალური ტყის მასივები მთელი კვირის განმავლობაში იწვოდა. ხანძარი ჩვენი ინტერვიუს ჩაწერისასაც არ იყო ჩამქრალი. მინდა გაგიზიაროთ გულისტკივილი იმის თაობაზე, რომ ასეთ რთულ დღეებშიც კი ვერ მოხერხდა ქვეყანაში კონსოლიდაცია და ერთობლივი ძალებით სტიქიასთან დაპირისპირება. მართალია, ამგვარ პროცესებში ხელისუფლების მოქმედება მთავარია, მაგრამ, დამეთანხმებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ბოლოს და ბოლოს, ოპოზიციას სტიქიასთან ბრძოლაში თავისი წვლილის შეტანა მეხანძრე-მაშველებისთვის ელემენტარული დახმარებით მაინც შეეძლო ხელისუფლების კრიტიკის ნაცვლად. არსებობს ღირებულებები, რომლებიც ყველასთვის საერთოა და რომელთა დასაცავად საზოგადოების ერთიანობა მნიშვნელოვანია.

- აბსოლუტურად სწორად სვამთ საკითხს. მართლაც გაუგებარია ის ინერტულობა, რასაც ხშირად ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ იჩენს. გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ ბორჯომის ხეობაში იყო ასეთივე მასშტაბური ხანძარი და მაშინ გაცილებით მეტად იყო მობილიზებული ყველა. დღეს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა ორკებს დაემსგავსა, რაღაც ფსევდოსამყაროში ცხოვრობენ, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე გადამეტებული წარმოდგენებით. თანდათან ვრწმუნდები, რომ ქართველ პოლიტიკოსებს, არა აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში მყოფს თუ ოპოზიციონერს, წარმოდგენა არა აქვთ, რით ცხოვრობს ქართველი საზოგადოება, რა პრობლემები აქვს... ძირითადად, სისულელეების გამო კამათობენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენ სხვაგან ვცხოვრობთ, ხელისუფლება და ოპოზიცია კიდევ - სხვაგან.

ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ პოლიტიკური ელიტა ჩვენს ხარჯზე, ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით ცხოვრობს. ეს ხალხი ჩვენ დავიქირავეთ, ამიტომაც საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდნენ. ამის სანაცვლოდ ვხედავთ, როგორ იწყობენ ცხოვრებას და ხელისუფლებაში მოსულებს წასვლა აღარ უნდათ. იმის ნაცვლად, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პოლიტიკური ელიტა ახერხებდეს საერთო ენის გამონახვას და საზოგადოების კონსოლიდირებას, ყველაფერს აკეთებენ, რომ დაშალონ და დააქუცმაცონ. ხალხი ამას ხედავს და სრული უნდობლობა უჩნდება პოლიტიკური ელიტის მიმართ. შედეგად, მომავალ არჩევნებზე კიდევ უფრო ნაკლები ამომრჩეველი მივა. მაგათ მოსახლეობასთან შეხვედრა ასე წარმოუდგენიათ: ჩასვლა რეგიონში, მიტინგის გამართვა და 1-2 კაცისთვის ხელის ჩამორთმევა. ქართველ საზოგადოებას, მის სტრუქტურას, პრობლემებს, სულისკვეთებას სიღრმისეულად არავინ აქცევს ყურადღებას.

- სრულიად აუხსნელია ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკური კურსიც. ერთი მხრივ, აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ევროინტეგრაცია და მზად არიან შეასრულონ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, იმავდროულად კი მიზანმიმართულად ყველაფერს აკეთებენ, რომ უფრო გაღრმავდეს ნაპრალი ოპოზიციასა თუ არასამთავრობო სექტორთან, რათა ამ რეკომენდაციების შესასრულებლად თანხმობა ვერ შედგეს. ამასთან, "ქართული ოცნებიდან" ვითომ წამოსული ოთხი დეპუტატი ლამის ყოველდღიურად თავს ესხმის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ელჩს საქართველოში. რასთან გვაქვს საქმე?

- ისევ და ისევ საკუთარი ინტერესებით მოქმედებასთან, როდესაც ფიქრობ, რომ ამ ქვეყანაზე მხოლოდ შენ და შენი ნაბადი ხართ, ქვეყანა და მისი გრძელვადიანი ინტერესები კი, ბოდიში და, სულ ფეხზე გკიდია.

მახსოვს, 90-იან წლებში მაჟორიტარული წესით ერთი კაცი იყრიდა კენჭს სამეგრელოში, რომელმაც ამომრჩევლებთან შეხვედრისას თქვა, სხვა კანდიდატებიც მოვლენ და გეტყვიან, თუ ამირჩევთ, აუცილებლად კარგად იცხოვრებთო, რაც ტყუილია. აი, მე თუ ამირჩევთ, პატიოსნად გეუბნებით, რომ კარგად მე ვიცხოვრებო. სხვათა შორის, ის კაცი აირჩიეს გულწრფელობისთვის. დღეს ქართველი პოლიტიკოსები ფიქრობენ და სწორედ ასე იქცევიან, უბრალოდ, გულწრფელობა არ ჰყოფნით და ყოველი არჩევნების წინ ჩვენს მოტყუებას ცდილობენ.იმ ოთხ "გამოქცეულ" დეპუტატზე ლაპარაკიც არ მინდა. ნაწილობრივ ვიზიარებ აზრს, რომ მთავრობის გავლენით მოქმედებენ, მაგრამ ამასთანავე ვფიქრობ, რომ ცდილობენ "ალტინფოსა" და მსგავს ძალებს წაართვან ამომრჩეველი და მათი ნიშა დაიკავონ. საკითხავია, რას აკეთებს მთავრობა და რატომ უპირისპირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს? იმიტომ, რომ ყველა იმ რეკომენდაციის სიღრმისეულ შესრულებაში საფრთხეს ხედავენ. ფიქრობენ, რომ თუ მართლმსაჯულების ძირფესვიან რეფორმას გაატარებენ და საარჩევნო კანონმდებლობას შეცვლიან, მომდევნო არჩევნებში მათი გამარჯვება სათუო გახდება. ეტყობა ჰგონიათ, ამგვარი თამაშით ვინმეს შეაშინებენ და ამას თავიდან აიცილებენ. მინდა იცოდნენ, რომ ეს ყველა შემთხვევაში მოხდება, მარადიულად ვერ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას.

სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციებიც არასწორად იქცევიან. ვნახეთ, ამ "სამართლიანი არჩევნების" გამო როგორ შეფერხდა ის პროცესი, რაც 12 პუნქტის შესასრულებლად ვითომ წამოიწყეს, და ეს აწყობს ხელისუფლებას. არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ კრიტიკაზე კი არ უნდა გადადიოდნენ და პოლიტიკურ დღის წესრიგში ეწერებოდნენ, არამედ საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებდნენ და სიღრმისეული დისკუსიის წამოწყებას ცდილობდნენ.როდესაც ხელისუფლების კრიტიკას იწყებენ, ხელისუფლების წევრები მაშინვე ჩამოჰკიდებენ ხოლმე იარლიყს, რომ ისინი არიან "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტები და ამით მთავრდება ყველაფერი. "ქართულ ოცნებას" ხომ ნეობოლშევიკური სულისკვეთება აქვს, მიაჩნიათ, რომ ვინც მათთან არ არის, მათი მტერია. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ სწორედ ასე ფიქრობს საქართველოში პარტიების უმეტესობა.

მთელ პოლიტიკურ სისტემას სჭირდება გადასხვაფერება, ამას კი, ალბათ, თაობების შეცვლა დასჭირდება. სამწუხაროდ, განწირულები ვართ, რომ ასეთ პოლიტიკურ რეალობაში ვიცხოვროთ, როდესაც პოლიტიკური დებატები დადის ერთმანეთისთვის სულელის ძახილის დონეზე. ლანძღვა-გინების კორიანტელის მეტი არაფერი ისმის.

მხოლოდ ორი პოსტულატი გვესმის: ერთნი გაიძახიან, რომ ხელისუფლება პუტინის ხელის ბიჭია, ამის საპირისპიროდ კობახიძე და მისი მეგობრები ოპოზიციის წევრებს "ომის გამჩაღებლებს" ეძახიან და დამთავრდა... მეტი მნიშვნელოვანი საქმე თითქოს ქვეყანაში აღარ არის. ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება შინაარსისგან არის დაცლილი. ჩვენი პოლიტიკოსები პრიმიტიული ადამიანები არიან და მათი აზროვნების სფერო, რბილად რომ ვთქვათ, ერთობ შეზღუდულია.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, იმისთვის, რომ ქვეყანაში ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩნდეს, საზოგადოებაში უნდა იყოს ამის რესურსიო. რა უშლის ხელს ამ პროცესს, რატომ ვერ ხერხდება საზოგადოებაში ახალი ალტერნატივის აღმოცენება?

- ბევრი რამ, მაგრამ უმნიშვნელოვანესი პრობლემა თვითონ საზოგადოებაშია. სამწუხაროდ, ჩვენში კვლავაც ძალიან მოსწონთ, როდესაც ერთმანეთს აგინებენ და უპირისპირდებიან. ადვილად შეგვიძლია კონფლიქტების გაჩაღება და ერთმანეთის გამეტება. სულსწრაფობასთან ერთად, ეს ქართული ხასიათის ერთ-ერთი უარყოფითი თვისებაა.

გარდა ამისა, ვფიქრობ, ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც არასწორ სტრატეგიას ირჩევენ, როდესაც ეხმარებიან პარტიებს, რომელთაც მეტ-ნაკლებად რაღაც რეიტინგი აქვთ. მათ შეეძლოთ ხელი შეეწყოთ ახალი პოლიტიკოსებისა და ძალების გამოჩენისთვის, რათა 4-5 წელიწადში მნიშვნელოვანი ალტერნატივა გაჩენილიყო ქვეყანაში. იმათ, ვისაც დღეს ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ ელიტაში, არა აქვთ არსებითი ცვლილების მოხდენის შნო. თავის დროზე შანსი თითქოს ჰქონდა "ლელოს", რომელსაც აქვს ფინანსური და ადამიანური რესურსიც, მაგრამ საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის ზიზღმა ყველაფერი გადაწონა. მათ ახალი ალტერნატივა, ახალი ხედვა საზოგადოებას ვერ შესთავაზეს. კიდევ ერთი უდიდესი პრობლემაა იდეების არარსებობაა. ვერ გაჩნდნენ ლიდერები, ვინც ამ იდეების გენერირებით მოახერხებდა ნდობის დამსახურებას.