ცეცხლში გახვეული ხეობის ტრაგედია - კვირის პალიტრა

ცეცხლში გახვეული ხეობის ტრაგედია

ბორჯომის ხეობაში სამაშველო ოპერაცია შეუჩერებლად მიმდინარეობს, ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია. ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან, ტყეში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა და მალევე მოედო დიდ ტერიტორიას, ხეობას გაუყვა და გეზი ახალციხის სოფლებისკენ აიღო. ხანძრის ქრობაში, საქართველოს გარდა, თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებული 8-ტონიანი სახანძრო თვითმფრინავებიც მონაწილეობდა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესს, ქართან ერთად, კლდოვანი და მიუვალი რელიეფიც ართულებდა. არსებობდა ცეცხლის დასახლებულ პუნქტებში გავრცელების საფრთხე... ია ლომიძე, ახალდაბის მკვიდრი: "მერამდენე დღეა ხანძარი მძვინვარებს და სოცქსელ­ში ვხდები პოსტებს, ცეცხლი ჩემს სახლს მოადგა, დაკვამლიანებაა ისეთი, რომ ვერ ვსუნთქავო. შე მამაცხონებულო, ცეცხლი რომ შენს სახლს ეკიდება, ვის ელოდები?! მაღიზიანებს, კონდიციონერებთან წამოწოლილები რომ ლანძღავენ ადამიანებს, რომლებიც მშივრები, დაღლილები ებრძვიან სტიქიას... სხვათა შორის, აქაურები ამბობენ, სანამ ცეცხლი გაჩნდებოდა, მანამდე იქ სროლა ისმოდაო. ფიქრობენ, რომ დაუდევრობას მოჰყვა ცეცხლი. თვითონ ბორჯომელებიც სცოდავენ ხშირად - გაანადგურებენ ხეტყის მასივს და მერე ვითომ ცეცხლი გაჩნდა... შარშან 20-ლიტრიანი ბენზინის ბალონები აღმოაჩინეს მაშველებმა, ჩასაქრობად რომ ავიდნენ...რაც ხანძარი მძვინვარებს, ბორჯომისკენ უწყვეტ ნაკადად მიდიან პიკაპები. სამაშველო, სამხედრო, სასაზღვრო პოლიცია­ თავდაყირა დგას, საპასუხოდ კი იმ ბორჯომელებისგან, რომელთა დაუდევრობითაც ხანძრები ჩნდება, იღებენ ლანძღვას". რა პრევენციული ზომებია საჭირო და რა ტექნიკური საშუალებები გვჭირდება, რომ ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ცეცხლის მასობრივი გავრცელება თავიდან აიცილოთ, ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს მწვანეთა მოძრაობის "დედამიწის მეგობრები - საქართველოს" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე გვესაუბრება:

- კლიმატის ცვლილება იმ სტადიაშია, რომ დედამიწაზე უფრო მეტი ბუნებრივი კატასტოფა მოხდება, მათ შორის არის ტყის ხანძრებიც. ერთი თვის წინ ძლიერი ხანძარი იყო ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში, რაც მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია. ახლა საქართველოშიც მაღალი ტემპერატურაა, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის ხანძრების მიზეზი, ამას ერთვის უნალექობაც, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოში. აქ დიდი ხანია, არ უწვიმია. მოიმატა ტენიანობამაც, რაც იწვევს ჩახუთვას და აალების პროცესიც უფრო ადვილად ხდება, განსაკუთრებით - წიწვოვან ტყეებში, რადგან მათ აქვთ ეთერზეთები და აალება უფრო იოლია. პრობლემაა ადამიანის ფაქტორიც. ბევრი ტყეში ანთებს ცეცხლს, მერე კი არ აქრობს­ ისე, როგორც საჭიროა და ნაპერწკალი საკმარისია, რომ ხანძარი გაღვივდეს. პრობლემაა ნარჩენებიც, განსაკუთრებით შუშის, პლასტმასის ბოთლები. ამას ემატება ბრაკონიერობა. ტყისმჭრელები, ძირითადად, ხმარობენ ე.წ. დრუჟბას, რომელიც საწვავზე მუშაობს, საწვავის ბოთლებს კი იქვე ტოვებენ და ესეც ხდება ხანძრის მიზეზი. ახლა ცეცხლი მთელ ხეობას მიჰყვება. მიუდგომელი ტერიტორიაა და დახმარება ჰაერიდანაც საჭიროა. შემოსული არიან თურქული და აზერბაიჯანული ვერტმფრენები და ვფიქრობ, ისინი შეძლებენ ცეცხლის ჩაქრობას. მომავალში უნდა ველოდოთ როგორც ხანძრებს, ასევე წყალდიდობებს, მეწყერებს, ამიტომ ყველა მუნიციპალიტეტში უნდა იყოს შესაბამისი სამსახური, სატყეოს უნდა ჰყავდეს მომზადებული რაზმი, საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტს კი სპეციალური ქვედანაყოფი, რადგან ტყეში სხვანაირი მოქმედებაა საჭირო, იქ მაშველებს სხვაგვარი მეთოდებით მუშაობა უნდა შეეძლოთ.

ასევე გვჭირდება ისეთი თვითმფრინავი, როგორიც თურქეთიდან შემოვიდა. ხშირად სახანძრო მანქანებზე მეტად ავიაცია გვჭირდება, რადგან გზა ყველგან არ მიდის.

- ავიაციას მნიშვნელოვანი თანხა სჭირდება...­

- ამაზე თანხის დაზოგვა არ შეიძლება. ხანძრები გავლენას ახდენს ტურიზმზეც. არაერთი ტურისტი, რომელიც მიდიოდა ბორჯომის ხეობაში დასასვენებლად, იქ აღარ წავიდა. ხანძრებმა სოფლის მეურნეობის განვითარებაზეც მოახდინა გავლენა: მოსახლეობამ საძოვრებზე ვერ გაიყვანა საქონელი... დიდი ზიანი მოგვადგა, რომელიც ჯერ არ დაგვითვლია, თუმცა ისედაც ვიცით, რომ უმნიშვნელო არ იქნება...

- მომხდარის გამო ბევრი წუხდა, ბორჯომი ხომ საქართელოს ფილტვებიაო.

- მე ვიტყოდი, რომ საქართველო არის კავკასიის ფილტვები და ჩვენ მარტო ბორჯომზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენ გვაქვს რაჭა, ადიგენი... ვფიქრობ, ჩვენს ტყეებს აქვს უფრო დიდი დანიშნულება, ვიდრე ტყის ჭრით მოგებაა. მნიშვნელოვანია ნიადაგის დაცვა, კლიმატის შექმნა, კატასტროფული მოვლენების პრევენცია... ჩვენ არ ვართ ის ზონა, სადაც ხანძრები ხშირი იყო, მაგრამ დღეს კლიმატის ცვლილების ფონზე­ ვითარება მწვავდება, ამიტომ ამ სფეროში თანხების დაზოგვა არ შეიძლება. ამით მეტ ზიანს მივიღებთ.

მაშველები ცეცხლის ალყასა და ქვების წვიმაში...

მათთან საუბარი, ვინც ახლა სტიქიას ებრძვის, შეუძლებელია. ჩვენ დავუკავშირდით ერთ-ერთი მაშველის დას და პოლიციელის მეუღლეს. ისინი ახლა სტიქიას ებრძვან: მაშველი და: - ჩემს ძმას ფეხი დამწვარი აქვს რამდენიმე ადგილას. ქარი როცა ქრის და მაშველი ღრმად არის ტყეში შესული, უცებ შეიძლება ცეცხლის ალყაში მოექცეს. ჩემი ძმა ასეთ ალყას რამდენჯერმე გაუმკლავდა. გარდა ამისა, კლდესთან ახლოს იწვის ტყის მასივი, ქვებიც ცვივა და რამდენჯერმე ქვების წვიმაც გამოვიარეთ, მიწაზე გვძინავს, ფეხსაცმელს ვერ ვიხდით, იმიტომ, რომ ცეცხლი ისე სწრაფად ვრცელდება, შეიძლება ჩაცმა ვეღარ მოვასწროთო, მითხრა ჩემმა ძმამ....პოლიციელის მეუღლე: - ჩვენი პოლიციელები სამაშველო ღონისძიებებში საწყის ეტაპზევე ჩაერთვნენ, მაგრამ ამინდი რომ გაუარესდა, ქარმა დანაცრებული ცეცხლი გააღვივა და ახალციხის მიმართულებით გადაიტანა. რადგან კლდიანი ზონა იყო, ტექნიკა ვერ მივიდა. მერე მაშველებმა მძიმე ტექნიკა მიიყვანეს. ტრაქტორებს სახელდახელო გზა გაჰყავდათ, რომ სახანძრო მანქანები ცეცხლთან ახლოს მისულიყვნენ. მოსახლეობაც ეხმარებოდა მაშველებს. ცეცხლი თავიდან ფოთლოვან ტყეს მოედო, მერე გადავიდა წიწვოვანში, სადაც ადვილად გავრცელდა. დიდი ფართობია დამწვარი და ამ ფართობის მწვანე მასივად აღდგენას წლები დასჭირდება. რაც აქ ცხოველი ბინადრობდა - მგელი, დათვი, შველი, ირემი, დაიძვრება და, არავინ იცის, საით წავლენ, ამიტომ წვიმას ვნატრობთ, რომ სანამ ცეცხლს აქრობენ, ცხოველები უწყლოდ არ დაიხოცონ. ეს ადგილები ხომ წითელ წიგნში შეტანილ არაერთ სახეობას ინახავს...

„ეს პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდება...“

კახა არცივაძე, ბიომრავალფეროვნების სახეობათა კონსერვაციის ცენტრ "ნაკრესის" გამგეობის წევრი: - მსოფლიოში სტატისტიკურად ტყის ხანძრების აბსოლუტური უმეტესობა, 80%-ზე მეტი, ადამიანის დაუდევრობით ან მიზანმიმართულად ჩნდება. სტატისტიკა მეტყველებს, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში ტყის ხანძრების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, სამწუხაროდ კლიმატის ცვლილების ზეგავლენით ასეთი მოვლენები გახშირდება. ისეთი ქვეყანისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც ქვეყნის ტერიტორიის 40% ტყეა და ძალიან რთული რელიეფია, ტყის ხანძრები შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს. თავისთავად ტყეების გადაწვა დიდი ზარალია, მაგრამ ამან შეიძლება სხვა პრობლემებიც გამოწვიოს, მაგალითად: მეწყრები, წყალმოვარდნები, წყლის მომარაგების პრობლემა და ა.შ.- ეს ყოველვე თავიდან როგორ ავიცილოთ?- ამისთვის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო. უპირველესად დასადგენია, რომელი ტერიტორიებია ყველაზე სახიფათო. რუკებზე უნდა აღინიშნოს სახიფათო უბნები და დაიგეგმოს პროფილაქტიკური ღონისძიებები. შეიძლება კონკრეტულ სეზონებზე მოსახლეობას აეკრძალოს ტყეში შესვლა, კოცონის ანთება. აუცილებელია პერსონალის მომზადებაც, რომელსაც ეცოდინება, როგორ მოიქცეს ტყის ხანძრის დროს. ტყის ხანძრის ლიკვიდაციისას არ შეიძლება მოხალისეების სპონტანურად ჩართვა, რადგან ამას სპეციალური მომზადება სჭრიდება. ჩვენი ლანდშაფტი ისეთია, რომ ავიაციის გარეშე არაფერი გამოვა. აუცილებელია შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელისუფლებასა და ამ საქმეზე პასუხისმგებელ პირებს დაეხმარება ექსტრემალურ სიტუაციაში. აუცილებელია გვქონდეს ვერტმფრენები. ამის გარდა, საჭიროა პილოტების მომზადება, რომლებმაც უნდა იცოდნენ ტყის ხანძრისას როგორ მოიქცნენ. 2017 წელს ვერტმფრენი წყლის აღებისას ჩამოვარდა... მოკლედ, მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო. საქართველოში ამ მიმართულებით ძვრები შეინიშნება, სამთავრობო დონეზეც გაიმართა დისკუსია, დადგენილებაც მიიღეს საშიში ზონების გამოყოფის შესახებ, მაგრამ... ამის იქით საქმე არ დაძრულა. ხანძრები დაიწყება - ატყდება ერთი ამბავი, გადაივლის ეს პერიოდი და მომავალ სეზონამდე აღარაფერს აკეთებენ, არადა, ეს პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდება.

ეროვნული სატყეო სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, მათ დაქვემდებარებულ ტყის ფონდში 2007-2021 წლებში ხანძრის 617 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ხანძარმა 7 244 ჰექტარი ტყე მოიცვა. ყველაზე მეტი შემთხვევა 2020 წელს არის აღრიცხული, ყველაზე დიდი ფართობი კი 2017 (1299.9 ჰა) და 2008 წლებში (1277.5 ჰა) დაიწვა. 2008 წელს სამცხე-ჯავახეთში - წაღვერში, ბორჯომსა და ჩარხისწყალთან 15 აგვისტო-8 სექტემბრის პერიოდში ხანძარმა 950 ჰექტარი ტყე გაანადგურა - ცეცხლი რუსულმა მხარემ გააჩინა