"ვინც "სიკვდილის ქრონიკას" აანო­ნსებს, მოსახლეობა მხარს რომ არ უჭერს, ეს არჩევნებშიც გამოჩნდა... ეს მუქარაც მარცხისთვისაა განწირული" - კვირის პალიტრა

"ვინც "სიკვდილის ქრონიკას" აანო­ნსებს, მოსახლეობა მხარს რომ არ უჭერს, ეს არჩევნებშიც გამოჩნდა... ეს მუქარაც მარცხისთვისაა განწირული"

რა ვისწავლეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში როგორც ქვეყანაში, ასევე მის გარეთ განვითარებული პროცესებით ქართველმა საზოგადოებამ, შეგვიძლია თუ არა პრიორიტეტების დასახვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ამ და სხვა თემებზე, ასევე შემოქმედებით სიახლეებზე პოეტი დათო მაღრაძე გვესაუბრა.

- ძალიან მალე ჩემი ორი წიგნი დღის სინათლეს იხილავს. ეს არის ლექსების წიგნი, რომელსაც "პოეტის ეპისტოლე" დავარქვი და გამომცემლობა "პალიტრა L"-ში დაიბეჭდება. ძალიან მახარებს, რომ წიგნის­ მხატვარია ჩემი ახლო მეგობარი და ნიჭიერი მხატვარი მამუკა მიქელაძე. ასე რომ, ქართველ მკითხველთან ხელახალ შეხვედრას ველოდები. მალე გამოვა ესეისტურ-პუბლიცისტური წიგნი, რომელშიც შევა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მოცემული ინტერვიუები და რამდენიმე ლიტერატურული წერილი, რომელსაც ასე დავარქვი: "მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად". ამ წიგნის ინიციატორი და რედაქტორია ჩემი მეგობარი, ჟურნალისტი გიორგი გორგოძე.

რაც შეეხება მსოფლიო პროცესებს, რომლის ნაწილიც არის საქართველო, საი­ნტერესოა, რა ვისწავლეთ დამოუკიდებ­ლობის მოპოვებიდან დღემდე. ჩვენი ცხოვრება ქარტეხილებით მიდის, უამრავი განსაცდელი გამოვიარეთ. არაერთხელ ვთქვი, როდესაც­ ინფორმაცია განათლებაში ვერ გადადის, ვერც ქარტეხილი გადადის­ გამოცდილებაში, რაც ერის განვითარებას აფერხებს. როდესაც კულტურული ხერხემალი სუსტია, ეს ერის განათლებასა­ და მის ცხოვრებაზე აისა­ხება, მაგრამ დღეს ქართველი საზოგადოება ილუზიებსა და მითებში­ ცხოვრებას გაემიჯნა. როდესაც­ დამოუკიდებლობა ახალი მოპოვებული გვქონდა, ხალხში­ მეტი ილუზია იყო, გამოუცდელობისა და სხვა ფაქტორების გამო მეტი ემოცია და ნაკლები - სიბ­რძნე. ამიტომაც დაგვემართა ის, რაც დაგვემართა. ამ 30 წლის განმავლობაში ბევრი ვიბრძო­ლეთ, წარმოუდგენლად ბევრი სისხლი, ომი და ტრაგედიები ვნახეთ და, ალბათ, ამის დამსახურებაა, რომ მოსახლეობის უმეტესობა პროცესებს გონივრულად აფასებს. ქართველმა კაცმა მშვიდობის ფასი მეტად გაიგო. ბოლო ათწლეულები სავსეა მიწა-წყლის დაკარგვით, ეროვნული თუ ცალკეული ადამიანური ტრაგიზმით, შიდა დაპირისპირებაც ვნახეთ, აფხაზეთისა და ცხინვალის ომში ლამის მთელი თაობა დაიკარგა. ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის სიკვდილი სტატისტიკა კი არა, ტრაგედიაა. სიკვდილი სიკვდილად და, თაობამ­ ჯანმრთელობა, მომავლის იმედი დაკარგა, რაც საქართველოსთანა პატარა ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასია. წლების განმავლობაში გაჭირვებაში, უშუქობაში ვიცხოვრეთ და ამ ყველაფრის ფონზე მშვიდობის ფასი კარგად გავიგეთ. ჯერ არაფერი დასრულებულა.სამწუხაროდ, უკრაინაში ომი გრძელდება, მაგრამ ბოლო გამოწვევა ქართველმა საზოგადოებამ შედარებით გონივრულად შეაფასა. შეუძლებელია უკრაინელი ხალხის მიმართ­ თანაგრძნობა არ გაგიჩნდეს, მაგრამ რაში შეგვიძლია შველა და რაში არა, ეს უნდა გავმიჯნოთ. თავგანწირვა ადამიანის უფლებაა, მაგრამ ქვეყნის, ნაციის გაწირვის უფლება განგებას არავისთვის მიუცია.

უკრაინელი ხალხის მიმართ უკიდეგანო­ თანაგრძნობა გვაქვს, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებაზე ჩემი დამოკიდებულება მაქვს. თუმცა ახლა, როდესაც ამ ქვეყანას ასეთი­ განსაცდელი უდგას, ჩემი ემოციების ფრქვევა სწორად არ მიმაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებისგან არაერთი უსამართლო განცხადება მოვისმინეთ, ახლა საუკეთესო დრო არ არის ადეკვატური პასუხისთვის. ქართველმა ხალხმა საკმარისზე მეტად ნახა ომიც და სხვა უბედურებაც რუსეთისგან. მეოცე საუკუნის დამდეგს რუსეთის გადამდგარი მეფის ოჯახი ამოწყვიტეს, რომანოვების დინასტიას ვგულისხმობ - იმპერატორი, მისი ქალიშვილები და მცირეწლოვანი ვაჟი დახვრიტეს. როდესაც ლევ ტოლსტოიმ "ომი და მშვიდობა" დაწერა, ანალიტიკოსების ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ 30% იყო წერა-კითხვის მცოდნე, 70%-ს კი ელემენტარული განათლებაც არ ჰქონია. შემდეგ სამოქალაქო ომში ის 70% უმცირესობაში მყოფ განათლებულ ნაწილს მოერია. მათი დიდი ნაწილი სამოქალაქო ომში დაიღუპა, ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი გადაასახლეს, ნაწილმა კი ემიგრაციაში გაქცევით უშველა თავს. ეს ტრაგედია უკვალოდ არ ჩაივლიდა და მივიღეთ დღევანდელი რუსეთი - ისე განვითარდა რუსეთის­ სახელმწიფო, რომ ამ "ლოგიკურ შედეგამდე" მივიდა.­ არ ვიცი, რა ფორმით ცდილობს ის ჟინის მოკვლას, "საბჭოთა კავშირი 2" სურს თუ სხვა რამ, მაგრამ აშკარაა, დღევანდელი რუსეთი დასავლეთს, მთელ ცივილიზებულ სამყაროს ახალ პოლიტიკურ რეალობას სთავაზობს, მაგრამ ამერიკა და დასავლეთი ცდილობენ რუსეთს თავისი არ გაატანინონ. მსოფლიოში შექმნილი დაძაბულობა სადღაც აუცილებლად გაიბზარება, არ ვიცი, ეს სად მოხდება, ევროპაში, უკრაინაში, აშშ-ში თუ თავად რუსეთში. რაც შეეხება ევროპას და მისკენ საქართველოს სწრაფვას, კანდიდატის სტატუსის მოცემა გადადეს და პერსპექტივა მოგვცეს. ამ ორგანიზაციის შიდა სტრუქტურას არ ვიცნობ, მაგრამ ჩვენზე, ქართველ საზოგადოებაზე, მაქვს ჩემი აზრი. ისედაც ცხადია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ისტორიული წარსულით, მისწრაფებით, სახელოვნებო სამყაროს სულისკვეთებით, ყველაზე პროდასავლური, ევროპისკენ მიმართული სახელმწიფო ვართ. თუმცა ჩვენი საზოგადოება შიდა დაპირისპირებისთვის ხანდახან მიზეზებს ეძებს. მაგალითად, ქართველი ფსევდოლიბერალები ფსევდოპატრიოტებს ედავებიან, თან ერთსა და იმავე სურათს ხედავენ ევროპაში, ანუ ამ სივრცეს ერთნაირად ხედავენ. ორივეს მიაჩნია, რომ თავისუფლება ყველაფრის უფლებას ნიშნავს, სიტყვის თავისუფლება კი - ცილისწამების უფლებას. მათ შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ ფსევდოლიბერალებს მოსწონთ ევროპა, ფსევდოპატრიოტებს კი აფრთხობთ. ეს უცოდინარობის გარდა, მისწრაფების ბრალიც არის. არც ერთი მხარე არ აკვირდება ევროპას, ყოველ შემთხვევაში, მათ საუბარსა და ნაწერებში ეს არ ჩანს. პოლიტიკას, კანონმორჩილებასა და სხვა ნორმებს რომ შევეშვათ­, ისინი არასდროს დაინტერესებულან ევროპაში­ სოფლის მეურნეობა, მეღვინეობა როგორ ვითარდება, ფერმერებს არასდროს გასაუბრებიან, რადგან ყველაზე­ მეტად მხოლოდ "ჯენდერ სტადი" (გენდერული კვლევები) აღელვებთ. შვეიცარიული ყველი კი მოსწონთ, მაგრამ იმაზე არ ფიქრობენ, როგორ შექმნეს, რომ მანამდე რთული გზა გაიარეს ყველაფერში, სოფლის მეურნეობა იქნება თუ სხვა რამ. მათ, ვინც ამ საქმით უნდა იყოს დაკავებული, შრომისთვის აღარ სცალიათ, სოციალურ ქსელში აქტიურობით არიან დაკავებული. არც იმით ინტერესდებიან, ევროპაში სოფლის მეურნეობის როგორი კულტურა არსებობს... თუმცა მათ ნაცვლად არ შემიძლია საუბარი, მე გეტყვით, თავად რატომ ვისწრაფვი ევროპისკენ, თუნდაც იმიტომ, რომ პოლიტიკოსებთან შედარებით ბევრად საინტერესო ხალხთან მაქვს ევროპაში ურთიერთობა, ვიდრე ევრობიუროკრატიაა. ევროპამ თავისი სულიერი მიღწევები და მონაპოვარი, აღორძინების ხანა, ყოველდღიური ყოფითი კულტურის ენაზე თარგმნა, რომელიც ჩანს სასამართლოში, საპარიკმახეროშიც, აუდიტორიასა და ნებისმიერ ადამიანურ ურთიერთობებში. ძალიან მინდა იგივე მოხდეს საქართველოში. ამიტომ მინდა ევროპასთან მეტი სიახლოვე. ამის გაკეთება ჩვენ ვერ შევძელით სხვადასხვა ფაქტორის გამო, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არა აქვს. ფაქტია, ნიკო ფიროსმანაშვილი ყოფითი კულტურის ენაზე ვერ ვთარგმნეთ. ვაჟა-ფშაველა გვყავს, რომელიც თავისი არსით, აზროვნების, გულის, გონების ყველა უჯრედით ევროპული ღირებულებებს იზიარებდა, ვერც დავით გურამიშვილი ვთარგმნეთ, ვერც ზაქარია ფალიაშვილი... საქართველოს კი არა, მსოფლიოს უამრავი ქვეყნის ისტორიაში შეიძლება ძალიან ცოტა იყოს ილია ჭავჭავაძისნაირი ადამიანები, რომელთაც სამშობლოდ განსხეულება შეუძლიათ. რატომ ვერ შევძელით, რომ საქართველოს შვილების სულიერი მიღწევები ყოფითი კულტურის ენაზე გვეთარგმნა? ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათ სულიერ მემკვიდრეებს არ ვგავართ. არც ვცდილობთ მათ დამსგავსებას.

- რატომ, ისტორიის გააზრება არ გვინდა თუ არ შეგვიძლია?

- არ გვინდა. ყველა სიახლე, თუ ის საინტერესოა და სახელოვნებო სამყაროში ღირებულების მატარებელია, ძველის აღიარებით იწყება. საინტერესო სიახლეები­ ყოველთვის ძველის აღიარებას მოსდევს. თუ ის მართლაც ღირებულია, ახალს შეუერთდება. ძველი არასდროს ხუნდება და საუკუნიდან საუკუნეში მოჰყვება გენერაციებს. ასე რომ, ბევრი რამ გვაქვს გასააზრებელი და გადასაანალიზებელი.

- "ოცნებიდან" გასული ოთხეულის ამერიკის ელჩზე თავდასხმები რას ემსახურება?

- არ ვიცი, მაგრამ ამერიკა, როგორც სახელმწიფო, და მისი საზოგადოება ძალიან ძვირფასია ჩემთვის, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მთავარი მოკავშირეა. ამ ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. საქართველო-ამერიკის ჰარმონიული ურთიერთობა ჩემი ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტიად მიმაჩნია. ამერიკაში ორი წიგნი მაქვს გამოცემული ძალზე ავტორიტეტულ გამომცემლობაში "იშვიათი ფრინველი". ასევე მქონდა ბედნიერება შევხვედროდი ამერიკელ მკითხველს ნიუ-იორკში, ბროდვეიზე, "სტრანდ ბუქსთორიში". წიგნის პრეზენტაციაზე მოდერატორი ძალიან ცნობილი ლიტერატორი და კრიტიკოსი ტომ ტეიჩელსი იყო. ამერიკის სხვადასხვა ქალაქში ახალი შეხვედრებიც გვაქვს დაგეგმილი.

ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობა უფრო მტკიცეა, როდესაც იცი, რომ აშშ-სნაირი უძლიერესი სახელმწიფოა ჩვენი პარტნიორი. ამერიკისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც რეგიონში მკაფიოდ პროდასავლური ქვეყანა და ამ ურთიერთობას ორივე მხრიდან უნდა მოფრთხილება - როგორც ჩვენი, ასევე ამერიკული დიპლომატიური მისიის მხრიდან. რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ ის არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში ვერ მოვა, ამიტომ ბოროტ განზრახვას და რევოლუციურ სცენარს, რომელიც ისედაც ჩავარდნილია, თავი უნდა დაანებოს, ვინაიდან ქართველ ხალხში ამ სცენარს მხარდაჭერა არა აქვს. ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას ამის ილუზორული იმედი აქვს, მიზეზი ხელისუფლებასთან პოლემიკაში ჩართული აშშ-ის საელჩოა. როდესაც საელჩომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა, ამით დიპლომატიური სივრციდან გავიდა. ეს მაშინ, როცა ყველა საერთაშორისო მისიამ და დამკვირვებელმა ცნო და აღიარა, რაღაც დროის შემდეგ კი ამერიკის დიპლომატიურმა მისიამ ეჭვქვეშ დააყენა... რადიკალურ ოპოზიციას ამერიკის საელჩოსი ეიმედებოდა, რომ პოლიტიკურ წარმატებას არჩევნების გარეშე მიაღწევდა. მათი ერთადერთი ბედნიერება ხელისუფლებაში ყოფნაა, ვინაიდან პასუხისმგებლობის არავითარი განცდა არა აქვთ. ამიტომ მოგვიწოდებდნენ მათი წარმომადგენლები რუსეთთან ომისკენ, ვინაიდან მიწა-წყლის დაკარგვის შემთხვევაშიც არაფერი აქვთ სადარდებელი, ისე, როგორც 2008 წელს. ერთადერთი განსხვავება ის იქნება, რომ მაშინ "სარკოს" ყვიროდნენ, ახლა მაკრონია და "მაკროს" იყვირებენ... რაც შეეხება ომის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვა ქვეყნის სამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენთან არასამთავრობოს რატომ უწოდებენ, არ ვიცი, ისინი იმ ქვეყნის მთავრობას წარმოადგენენ, ვისგანაც ფინანსდებიან.

- შემოდგომაზე ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს გეგმავს.

- ვინც "სიკვდილის ქრონიკას" აანო­ნსებს, ამ მუქარის ავტორებს მოსახლეობა მხარს რომ არ უჭერს, ეს არჩევნებშიც გამოჩნდა და მათ უსუსურ აქციებზეც. ისიც მკაფიოდ გამოჩნდა, რომ მოსახლეობა ომში ჩართვას არ უჭერს მხარს. ამდენად, ეს მუქარაც მარცხისთვისაა განწირული.

არ ვიცი, ჩემი პოზიცია ამერიკის საელჩოსთვის რამეს ნიშნავს თუ არა, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ მათ ევალებათ კიდეც რადიკალურ ოპოზიციას აუხსნან - თუ მათ ხალხი არ აირჩევს, სხვა გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, არჩევნებში კი შანსი არა აქვთ. რამის გამკეთებლები რომ ყოფილიყვნენ, აქამდეც გააკეთებდნენ. უბრალოდ, არ მინდა აშშ-ის საელჩოს პოზიციამ საქართველოს მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვიოს. ეს ჩემთვის ისეთივე მიუღებელია, როგორც რევოლუციური სცენარი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გადარჩეს, ეს ორივე ქვეყნის ინტერესშია.