ვადაგასული „უსაფრთხოების კონცეფცია“ - კვირის პალიტრა

ვადაგასული „უსაფრთხოების კონცეფცია“

უსაფრთხოების სპეციალისტებს არაერთხელ უთქვამთ, რომ უსაფრთხოების კონცეფცია­ დიდი ხანია არ განახლებულა. საფრთხეების შეფასების დოკუმენტის ღია ვარიანტი არ არსებობს და უცნობია, ხელისუფლება საფრთხედ რას თვლის. ამ საკითხმა განსაკუთრებული მნიშვნელობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიძინა. არაოფიციალურად გავრცელდა კიდეც ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას უსაფრთხოების კონცეფციის პროექტი აქვს შემუშავებული. თუმცა ამას ოფიციალურად არც ადასტურებენ, არც პროექტი გაუსაჯაროებიათ და არც დაუმტკიცებიათ... საქართველოს 2015 წლიდან აქვს კანონი "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ", რომელიც განსაზღვრავს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლურ დოკუმენტებს. შესაბამისად, გვაქვს აქტები, რომლებიც ეროვნულ დონეზეა მიღებული და ამტკიცებს მთავრობა. არსებობს უწყებრივი დოკუმენტებიც. პირველი დონის დოკუმენტია უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც 2005 წელს მიიღეს და განახლდა ერთხელ - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, 2011 წელს. ეროვნული დონის მეორე დოკუმენტია საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც სრულიად გასაიდუმლოებულია. მესამეა თემატური სტრატეგიები, რომლებიც წლების განმავლობაში არ განახლებულა, მხოლოდ მათი ნაწილი განახლდა... რა პრობლემებს უქმნის არსებული მდგომარეობა ქვეყნის უსაფრთხოებას, "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელს, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნოდარ ხარშილაძეს ვესაუბრეთ.

- უსაფრთხოების კონცეფცია­ ბოლოს 11 წლის წინ დამტკიცდა და მას შემდეგ არ განახლებულა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი მის, მინიმუმ, 5 წელში განახლებას­ ავალდებულებს მთავრობას. ამ კონცეფციას ვადა გასული აქვს და გამოდის, უსაფრთხოების კონცეფცია არა გვაქვს. იმ ვითარებაში, რაც მსოფლიოსა და რეგიონშია, როცა რუსეთ-უკრაინის ომია, ქვეყანას არა აქვს ყველაზე მთავარი დოკუმენტი.

- თქვენი აზრით, ხელისუფლება არ თვლის, რომ რაიმე საფრთხე არსებობს?

- ამას ორი მიზეზი აქვს: არაპროფესიონალიზმი და კომპეტენციის ნაკლებობა. არ იციან სისტემური მუშაობა, მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ხელისუფლებას­ ეს დოკუმენტი არ სჭირდება. ასეთი დოკუმენტი ნორმალურ ქვეყნებში ფუძემდებლური აქტია, ამით იმუშავებენ სხვადასხვა სტრატეგიას, ჩვენი ხელისუფლება კი ქვეყნისთვის­ გაცხადებული მიზნებით არ მუშაობს, მისი პრიორიტეტი რეჟიმის შენარჩუნებაა...

- არაოფიციალურად ითქვა, რომ უსაფ­რთხოების კონცეფციის პროექტი შეიმუშავეს. რატომ არ მიიღეს ეს პროექტი?

- მეათე წლისთავზე, წელს პირველად, როგორც იქნა, დაწერეს პროექტი. მე სამუშაო ჯგუფში ვარ და გავეცანი პროექტს, ძალიან ნორმალური სამუშაო ვერსიაა, მაგრამ გაჩერებულია. როგორც კი დამტკიცების პირველ ნაბიჯებზე გადავიდა, იმ წუთში მოკვდა ეს პროცესი, რადგან პოლიტიკური ნება არა აქვთ, რომ მიიღონ.

- ანუ არ ვიცით, ქვეყანას რა საფრთხეები ემუქრება?

- საფრთხეების შეფასების დოკუმენტი­ ცალკე არსებობს, თუმცა არავის უნახავს.­ ორი ვერსია უნდა გვქონდეს, ღია და დახურული. ამბობენ, რომ მხოლოდ დახურული­ ვერსიაა, მაგრამ ღია ვერსია, რომელიც საზოგადოებას გააცნობდა ძირითად­ საფრთხეებს, არა გვაქვს. სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშში კი არის საფრთხეების მოკლე მიმოხილვა და ჩანაწერიც, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხე ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ სუს-ს თავისი არსებობის პერიოდში, 2013 წლიდან დღემდე, არც ერთი ქვეყნის არც ერთი მოქალაქე არ დაუკავებია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის.

- იქნებ დააკავეს და არ ახმაურებენ?

- თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკაში ასე არ ხდება. ჩვენ ძალზე ცუდად დაფინანსებული და სუსტი სპეცსამსახური გვყავს. სომხეთის სპეცსამსახურებსაც კი უფრო მეტი ბიუჯეტი აქვთ, ვიდრე საქართველოს. ჩვენი სპეცსამსახურების დატვირთვის 90% აქტივისტებისა და სასულიერო პირების მოსმენები, დიპლომა­ტ­ების თვალთვალი­ და საარჩევნო სისტემაზე თვალყურია. მთელი რესურსი ამაზე მიდის.

- ასეთი დამოკიდებულების გამო ქვეყანას რა საშიშროება ემუქრება?

- მთავარი საფრთხე ის არის, რომ ჩვენ ძალიან დასუსტებული ვართ, სახელმწიფოს იმუნიტეტი აღარა აქვს და ნებისმიერი სუსტი კრიზისიც კი ძალიან გართულდება - ეს იქნება რუსეთის მოქალაქეების გამოსვლები და რაღაც არეულობა, თუ ფინანსური კრიზისი. მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუტი და რაც უნდა მოხდეს, ყველაფერს უმძიმესი შედეგი მოჰყვება.

რუსა მაჩაიძე