"ჩვენი მთავარი საფრთხე სამხედრო ინტერვენცია კი არა, რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული ომია" - კვირის პალიტრა

"ჩვენი მთავარი საფრთხე სამხედრო ინტერვენცია კი არა, რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული ომია"

„ნამდვილად უნდა ველოდოთ შიდაარეულობებს, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის დაპირისპირებას, სახელმწიფოს წინააღმდეგ დესტაბილიზაციის მცდელობებსა და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას...“

ბოლო დროს აქტუალური გახდა მსჯელობა საკითხზე, არის თუ არა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრორუსი და გადაუხვია თუ არა "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს დეკლარირებულ პროდასავლურ კურსს. საკითხი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც საქართველოში "ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის" ყოფილმა დირექტორმა და გერმანიის მარშალის ფონდის "დემოკრატიის დაცვის ალიანსის" ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა განაცხადა: "საქართველოს მთავრობა გზაგასაყარზე დგას, სადაც უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის - ძალაუფლების შენარჩუნება და ბიძინა­ ივანიშვილის დაცვა, თუ დასავლური ორიენტაციის მიზნები და დემოკრატია. ორივეს გაკეთება არა მგონია შეეძლოთ". ლორა თორნტონის შეფასებით, ქვეყანაში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს და ისაუბრა "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატების განცხადებებზე, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის ელჩი ქვეყანას, საქართველოს მთავრობას პატივს არ სცემს და ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა სურს. "პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს აღმაშფოთებელია. ვფიქრობ, რომ ეს დამაზიანებელია საქართველოსთვის. ამერიკა კარგად იქნება, მაგრამ საქართველო - არა... გაუგებარია, რატომ უნდა გააკრიტიკო ისინი, ვისთან ყოფნასაც აპირებ. თუ შენი საგარეო პოლიტიკის მიზანია, იყო ნატოსა და ევროკავშირის წევრი, რატომ ჰკბენ იმავე ხელს, რომელიც გკვებავს?.. აკრიტიკებ (დასავლელ პარტნიორებს), ამბობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ვნებდა, როდესაც სინამდვილეში, ამერიკა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირეა და ამ ქვეყნისთვის გაცემული აქვს რესურსები, ყურადღება და მხარდაჭერა. როდესაც ასეთ მოკავშირეს საჯაროდ აკრიტიკებ, მე ვიწყებ ფიქრს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები იწყება". იწყება თუ არა რეალურად ცვლილებები ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რა სურს "ქართულ ოცნებას" - სტრატეგიული პარტნიორის შეცვლა და ოქროს ბალანსის დაცვა? შეცვლის თუ არა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი ქართული პოლიტიკის დღის წესრიგს, ამის შესახებ ანალიტიკოსი, რუსეთის სპეციალისტი­ გიორგი გობრონიძე გვესაუბრება.

- არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური კურსი პრორუსულია. ეს რომ ვთქვათ, სახეზე უნდა იყო კონკრეტული პოლიტიკური­ ხედვა, კონცეფცია და გეგმა. სამწუხაროდ, საგარეო პოლიტიკურ ნარატივებს­ მთლიანად ფარავს შიდაპოლიტიკური დაპირისპირება. ჩვენს ქვეყანას სერიოზული­ კონცეპტუალური პოლიტიკა არც გააჩნია. არც ის ვიცით, სად ვართ და არც ის ვიცით, სად მივდივართ. სიმართლე ვთქვათ, რუსეთისადმი ლოიალურ პოლიტიკას ვერ გავატარებთ, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, თუმცა თუ ვიტყვით, რომ საქართველო დასავლური კურსიდან უხვევს, იმიტომ, რომ შეფერხებულია ქვეყნის დემოკრატიზაცია, დიახ, ეს სიმართლე იქნება.

- თუ ძალიან მოვინდომებთ, რატომ ვერ გავატარებთ რუსეთისადმი ლოიალურ პოლიტიკას?

- იმიტომ, რომ რუსული საგარეო პოლიტიკა დღეს იმაზე გაცილებით ტოქსიკურია, ვიდრე ოდესმე. გარდა ამისა, რუსეთს უკვე ყველაფერი დავუთმეთ (გარდა სუვერენიტეტისა), რისი დათმობაც შეიძლებოდა, ამაზე მეტის დათმობა შეუძლებელია. საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი დეტერმინატი მოსკოვიდან მომდინარე საფრთხეებია და არ არსებობს ობიექტური საფუძველი იმისა, რომ ხვალ რუსეთი საფრთხის წყარო აღარ იქნება, თუ რაიმე დიდი კატასტროფა არ მოხდა რუსეთში. მე თუ მკითხავთ, ასეთი კატასტროფა უკვე ხდება. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ქართულ-რუსული ურთიერთობა მაინც ვერ დალაგდება. საამისოდ არც ერთი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განმსაზღვრელი არ არსებობს. ერთადერთი, რაც რუსულ-ქართულ ურთიერთობას დაალაგებს, ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებაა. - არის თუ არა რუსეთთან ე.წ. დაბალანსებული პოლიტიკის შედეგი ის, რომ საქართველოში დღეს ომი არ არის? - ომის თავიდან არიდებაზე საუბარი­ სპეკულაციაა. როგორ წარმოგიდგენიათ, მოსკოვს ახლა მეორე ფრონტის გახსნის საშუალება აქვს?! ნახეთ რა ხდება უკრაინის ფრონტზე, რუსეთი მარცხდება! ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა უკრაინის ფრონტიდან მოხსნას სამხედრო ძალა და ჩვენკენ გადმოისროლოს. ხომ ხედავთ, რომ რესურსი აღარ აქვს?! ომის თავიდან არიდებაზე საუბარი შიდა მოხმარებისთვის გათვლილი ნარატივია.

- ასეთი საფრთხე უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზეც არ იყო?

- პირველ ეტაპზე შესაძლოა მართლაც იყო, მაგრამ დღეს ეს გამორიცხულია. "ქართული ოცნების" ნარატივი, ჩვენ ბრძნული პოლიტიკით ომი ავირიდეთ თავიდანო, იგივეა, აცტეკების დროს ქურუმები რომ ატყუებდნენ ხალხს, მზის დაბნელება ავირიდეთ თავიდანო. იცოდნენ, მზე როდის გამოჩნდებოდა და ხალხს არწმუნებდნენ, რომ სასწაულის მომსწრენი გახდნენ. მეც შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ბრძნული გათვლებით ვიცი, რომ ორშაბათის შემდეგ სამშაბათი დადგება. რისთვის სჭირდება "ქართულ ოცნებას" ამაზე საუბარი?! რაღაცით ხომ უნდა გაამართლოს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის წევრი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო, რატომ გავხდით საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი და რატომ გვაქვს ამდენი პრობლემა. კონსპირაციებისა და სპეკულაციების ჭაობში ვცხოვრობთ. კონცეფციებზე, კვლევებსა და ინტელექტზე დაფუძნებული პოლიტიკის ნაცვლად, სპონტანური და სპეკულაციური პრაქტიკა გვაქვს. ქართული პოლიტიკა ძალიან ჰგავს პიარმესიჯებს. პოლიტიკოსები (მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციასაც ვგულისხმობ) ძირითადად იმაზე ფიქრობენ, თუ რა სახის მესიჯი იქნება მისაღები საზოგადოებისთვის. დარწმუნებული ვარ, სტატუსი რომ მიგვეღო, დღეს მმართველი გუნდი ასე აქტიურად არ ილაპარაკებდა "თავიდან არიდებულ ომზე". საქმეს რომ არ ან ვერ აკეთებენ, შემდეგ თავს იაფფასიანი სპეკულაციებით იმართლებენ. დღეს მცირე ეკონომიკური ზრდა რომ ფიქსირდება, ხომ არ გგონიათ, ეს მათი გაკეთებული საქმის შედეგია. არა, ეს არის რუსეთ-უკრაინის ომის ირიბი შედეგი - ამ ორი ქვეყნიდან, ვისაც ფული ჰქონდა, საქართველოში წამოვიდა. ამ ხალხმა შემოიტანა ფული, მაგრამ ახლა რა ხდება იმისთვის, რომ ამ შემოტანილი ფულის კაპიტალიზაცია მოხდეს, ჭარბი რესურსი სწორად გადანაწილდეს? არაფერი! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკვე მერამდენე წელია ბორჯომში ყოველ ზაფხულს ხანძარი ჩნდება და ყოველ ჯერზე თურქეთი გვეხმარება თვითმფრინავებით. რამდენიმე სამაშველო ვერტმფრენის შეძენაც კი ვერ მოუხერხებიათ, ვერანაირ კრიზისს ვერ მართავენ. ყველა მიმართულებით ჩავარდნა აქვთ და ამის პარალელურად ვისმენთ უაზრო ჰიპოთეზებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა და ფიქრობთ, რომ ამ პრობლემის მოგვარების ნაცვლად, კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას შეეცდებოდნენ მეორე ფრონტის გახსნით? ვის სჭირდებოდა ჩვენი ომში ჩართვა, რა ძლიერი არმია ჩვენ გვყავს, რა იმედით უნდა ეთხოვათ სამხედრო კონფლიქტში ჩართვა - ჩვენი დივიზიები გადალახავდნენ კავკასიონის ქედს და მოსკოვამდე ჩავიდოდნენ თუ რა? რატომ უნდა ეთქვა ასეთი სისულელე რომელიმე დასავლელ პოლიტიკოსს?!

- თუნდაც რუსეთის კიდევ უფრო მეტი დემონიზაციისთვის.

- რუსეთის დემონიზება ამაზე მეტად როგორღა უნდა მოხდეს?! მსოფლიომ უკვე გაიგო, რომ უმწეო ქალებსა და ბავშვებს ხოცავენ და აწამებენ.

- ჩვენ მოსმენილი გვაქვს უკრაინის­ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის­ საბჭოს მდივან ალექსეი დანილოვის განც­ხადება, რომელიც ამბობს, რომ როდესაც ომი დაიწყო, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებისთვის უნდა ებრძოლა.

- უკრაინის ინტერესებში შედის ერთადერთი რამ - დამარცხდეს რუსეთი და გათავისუფლდეს უკრაინის მიწები. ამ ქვეყნის ინტერესებში საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მაშინ იქნებოდა მნიშვნელოვანი, თუ თურქეთის მსგავსი­ არმია გვეყოლებოდა. უკრაინელმა პოლიტიკოსებმა ბევრი რამ თქვეს, თუნდაც მოლდაველებზე. ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენელმა შეიძლება ბევრი რამ თქვას. 2008 წლის ომის დროს ჩვენც ხომ ძალიან გვინდოდა ამერიკელებს როკის გვირაბი დაებომბათ?! ჩვენი ემოციები რატომ გვავიწყდება?! ჩვენ არ ვგრძნობდით თავს იმედგაცრუებულად, ამერიკელებმა წყალი და პამპერსები ჩამოგვიტანეს გემითო?! სინამდვილეში ის გემი მეექვსე ფლოტილიის ფლაგმანი იყო, რომელიც ბათუმიდან მოსკოვს მისწვდებოდა რაკეტებით. ჩვენ არც ეს გვეყო და არც ის, რომ ჩვენს აეროდრომებზე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ისხდნენ და რუსულ ავიაციას თბილისის დაბომბვის საშუალებას არ აძლევდნენ. ჩვენ თუ გვინდოდა მეტი მხარდაჭერა და დახმარება, რატომ გვგონია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ზეადამიანები არიან?! ცუდია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს სპონტანური და ემოციური განცხადებები ხელზე დაიხვია და შეეცადა დაეჭირა ნიშა, რომ თითქოს სამხედრო კონფლიქტი აგვარიდეს. თქვენ დაასახელეთ კონკრეტული უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელმაც ემოციურ ფონზე თქვა რაღაც. როდესაც მმართველი გუნდი ამბობს, დასავლეთი ომში ჩართვისკენ მოგვიწოდებდაო, დაასახელოს კონკრეტული ამერიკელი ან ევროპელი პოლიტიკოსი, რომელმაც საქართველოს ომში ჩართვა მოუწოდა! რატომ არ ასახელებენ?! იმიტომ, რომ არ არსებობს!

- მაგრამ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რუსები მიიჩნევდნენ, რომ უკვე მაინც დისკრედიტირებული იყვნენ და ქართველების პროვოკაციაზე წამოგებით ბარემ ამ ველსაც მოასუფთავებდნენ.

- რუსებს შეიძლება მართლაც ჰქონოდათ ასეთი ფიქრები, მაგრამ სამხედრო კონფლიქტი ხომ სამხედრო შესაძლებლობებით განისაზღვრება. ხომ ხედავთ, ჩვენზე მომართული სამხედრო ძალებიც კი უკრაინის ფრონტზე გადაისროლეს - ცხინვალიდან და აფხაზეთიდან გაიყვანეს ჯარი. სინამდვილეში, ჩვენი მთავარი პრობლემა და საფრთხე სამხედრო ინტერვენცია კი არა, რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული ომია. მოსკოვი ცდილობს აქ პოლიტიკური კრიზისის, დესტაბილიზაციის შექმნასა და პრორუსი ჯგუფების გააქტიურებას. დააკვირდით, ცოტა ხანში რუსული კლასტერები იმაზე მეტად თავზე ხელაღებულები გახდებიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან. იმიტომ, რომ მათ დასაკარგი აღარაფერი აქვთ. ნამდვილად უნდა ველოდოთ შიდაარეულობებს, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის დაპირისპირებას, სახელმწიფოს წინააღმდეგ დესტაბილიზაციის მცდელობებსა და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას.

- ასეთი რთული მოცემულობის ფონზე "ქართულ ოცნებას" დასავლეთთან დაპირისპირება ხელს რატომ უნდა აძლევდეს?

- "ქართულ ოცნებას" დასავლეთთან დაპირისპირება სინამდვილეში ხელს არ აძლევს, უბრალოდ, ამას ვერ ხვდება. როდესაც მიხვდება, ძალიან გვიანი იქნება. ძალიან დიდ რისკზე მიდიან, თვალსა და ხელს შუა კარგავენ საერთაშორისო მხარდაჭერას. არ არის საჭირო იმ კრიტიკული განცხადებების გაკეთება, რომელსაც ახლა "ქართული ოცნების" ლიდერები იმ ოთხეულთან ერთად აკეთებენ. ეს დიდი შეცდომაა! ცუდი ის არის, რომ მათი შეცდომები ჩვენ დაგვიჯდება ძალიან ძვირად!

ხათუნა ბახტურიძე