"ცხელ შემოდგომას" გვპირდებიან, საზოგადოება კი ამისთვის მზად არ არის“ - კვირის პალიტრა

"ცხელ შემოდგომას" გვპირდებიან, საზოგადოება კი ამისთვის მზად არ არის“

"ივანიშვილის ოთხეული", როგორც უკვე უწოდეს საზოგადოებაში, ანტიამერიკულ წერილს წერილზე აქვეყნებს, მმართველ პარტიას მთელი ძალისხმევა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ აქვს მიმართული, ამ დროს კი ოპოზიციას ისევ საზაფხულო არდადეგები აქვს. ერთადერთი ისაა ცნობილი, რომ ნაწილი შემოდგომაზე აქციებს აპირებს, მაგრამ როგორ, ესეც უცნობია. ოპოზიცია რამდენად ადეკვატურად იქცევა, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" პოლიტიკის ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ეს ოთხეული იბრძვის იმისთვის,­ რომ ამერიკის ელჩსა და ჩვენს მთავარ პარ­ტნიორზე მიიტანოს იერიში. ჩანს, ეს თემა "ოცნებაში" ნელ-ნელა იხარშებოდა და ახლა გადაწყვიტეს ასპარეზზე გამოტანა.­ ვფიქრობ, ერთი მხრივ, ეს არის კრემლისადმი­ ლოიალური დამოკიდებულება,­ მეორე მხრივ კი დასავლეთის პროვოცირება...­ შეიძლება ვივარაუდ­ოთ,­­ რომ ამით ანტიდასა­ვ­ლური ძალ­ების მობილიზება და ამ ნი­შის­ დაკავება სურთ. ამ ოთხეულიდან არც ერთი დამოუკიდებელი ფიგურა არ ყოფილა და მარტივი პარტიული სტრუქტურა აქვთ ჩაფიქრებული. თუ გახსოვთ­, თავიდან დაიწყო კიდეც საკრებულოებიდან ვიღაცების მათთან მობილიზება, მერე შეაჩერეს. ჩანს, ამას ისევ დაუბრუნდებიან იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება პროცესები 2024 წლის არჩევნე­ბამდე...

- ამის პარალელურად მმართველი პარტია არასამთავრობო სექტორს უტევს.

- საინტერესოდ თამაშდება აზრი, რომ ამერიკა მხარს უჭერს "ნაცმოძრაობას", მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შემდეგ ამერიკამაც და მთლიანად დასავლეთმაც განაცხადეს, რომ დარღვევები იყო, მაგრამ მაინც აღიარეს და მოწოდებები სწორედ ოპოზიციისკენ იყო, თავი დაენებებინათ პროტესტისთვის და პარლამენტში შესულიყვნენ. მიშელის დოკუმენტიც ამის გვირგვინი იყო, მაგრამ ხელისუფლება მაინც ასეთ პროპაგანდას ირჩევს, რომ ამერიკა "ნაცმოძრაობასთან" გააიგივოს. მმართველმა პარტიამ ერთდროულად დაიწყო შეტევა სამი მიმართულებით და მათ შორის ერთ-ერთია ანტიდასავლური ძალების გაძლიერება.­ ვგულისხმობ იმას, რომ ხელისუფლება თავად ცდილობს ასეთი­ ჯგუფების შექმნას და ამ მიმართულებით პროპაგანდას. მეორე - შეტევა მიდის არასამთავრობო სექტორზე და მესამე - მედიაზე. ხელისუფლებას არ უნდა არავინ, ვინც მათთან არ არის.

- ამ ყველაფრის შემდეგ ხელისუფლება როგორ მოახერხებს დასავლეთთან ურთიერთობას, ევროკავშირში გაწევრებისთვის ვალდებულებების შესრულებას და ა.შ..

- ჩვენ დასავლურ ინტეგრაციაზე მხოლოდ ვლაპარაკობთ და არც ერთ ხელისუ­ფლებას ამისთვის არაფერი გაუკეთებია.­ ის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გავაფორმეთ და გვაქვს უვიზო რეჟიმი, ფაქტობრივად, დეკორაციული ნაწილია. ქვეყანაში უპირველესად­ დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა ყალიბდებოდეს, ამას კი არც ერთი ხელისუფლება არ აკეთებდა. რაც შეეხება 12 პუნქტს, იქნება გარკვეული ნაწილი, რომელზეც ხელისუფლებას არ სჭირდება ოპოზიციური მანდატები, რაღაცას გააკეთებს და შედეგს მხოლოდ თავის თავზე მიითვლის. რაც არ აწყობს, იმის შეუსრულებლობას ოპოზიციას დააბრალებს. ამასობაში დრო გაიწელება და გადაიდება სტატუსის მიღება.­ საქართველოს შიდაპოლიტიკური ამბები რუსეთ-უკრაინის ომზეა მიბმული. დღეს ხელისუფლება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

- ოპოზიცია ასე რატომ იქცევა? მხოლოდ იმას ამბობენ, რომ აზრი არა აქვს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას...

- როგორც ხელისუფლებას არა აქვს ამომრჩევლებში საყრდენი, ასევე არა აქვს ოპოზიციას. ვფიქრობ, წლევანდელი ზამთარი გადამწყვეტი იქნება რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებში. ამიტომ­ ხელისუფლება­ ცდილობს დრო გაიყვანოს, ომის შიშითა და დასავლეთის შანტაჟირებით შეინარჩუ­ნოს ვითარება... თუ დააკვირდებით, პროპაგანდა დასავლეთს ომი უნდაო, ნელ-ნელა გავიდა ხელისუფლების პროპაგანდის არეალიდან და შემოვიდა ის, რომ დასავლეთსა და ამერიკას "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ. თუ ვინმეს არ აწყობს საქართველოში არასტაბილურობა, სწორედ დასავლეთია, რადგან საქართველო აზიასა და ევროპას შორის დერეფანია­. საზოგადოება ამას კარგად ხვდება და არ იმუშავა "დასავლეთს საქართველოში ომი უნდას" ძახილმა. ამას მხოლოდ ხელისუფლების კი არა, ოპოზიციის გასაგონადაც ვამბობ, რადგან "ცხელ შემოდგომას" გვპირდებიან, ამის საფუძველი კი არ არის, საზოგადოება ამისთვის მზად არ არის. "ცხელი შემოდგომა" გულისხმობს პროტესტის ტალღას, აქციებს... თუ სიტუაცია მოიტანს,­ ყბადაღებული "გავრილოვის ღამის" არ იყოს, ეს ისედაც მოხდება, მაგრამ თუ ამის ორგანიზებას აპირებ, უნდა იცოდე, რომ საამისო ბაზა არა გაქვს. ამასთან, ისეთი ლიდერები აანონსებენ "ცხელ შემოდგომას", დამოუკიდებლად ას კაცს რომ ვერ შეკრებენ რუსთაველზე.

- "ნაცმოძრაობაშიც" პრობლემები ჩანს. მართალია, არ აღიარებენ, მაგრამ ნაწილი სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვებაზეა ორიენტირებული, ნაწილი აქციებისკენ იხრება. რამდენად აქვს სააკაშვილის ფაქტორს გავლენა­ დღეს "ნაციონალებსა" და საერთოდ ოპოზიციაზე?

- ცხადია, "ნაცმოძრაობაში" გადაჯგუფება მიდის და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას იტყვის­ სააკაშვილი, რადგან ამ პარტიის ელექტორატი, ძირითადად, მისი ელექტორატია. ყველას უნდა სააკაშვილის დასაკუთრება,­ რათა ელექტორატის მხარდაჭერა ჰქონდეს, სააკაშვილი კი ხელისუფლებასთან ვაჭრობს და ჯერ ვერ გაურკვევია, უშვებენ თუ არა სამკურნალოდ. როგორც კი სააკაშვილის ბედი გადაწყდება, ყველაფერი გამოჩნდება­. არა მგონია, ამ ეტაპზე ხელისუფლებას უნდოდეს სააკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორება. მას ურჩევნია სააკაშვილის საფრთხობელად შეინარჩუნოს და ეს პირდაპირ ჩანს ოთხეულის წერილებში. ხელისუფლება შეეცდება 2024 წლამდე მაინც შეინარჩუნოს "ნაცმოძრაობა" როგორც არასტაბილურობის შემომტანი საფრთ­ხობელა. დანარჩენ ოპოზიციას სერიოზულად­ ვერც განვიხილავთ. ისინი უნდა მიხვდნენ, რომ სააკაშვილთან მიბმა მათთვის დამღუპველია.

- არჩევნებამდე 2 წელი დარჩა. ოპოზიცია კი მაინც ვადამდელ არჩევნებზე აპელირებს...

- ოპოზიციამ არ იცის, ამ ორი წლის განმავლობაში რა გააკეთოს, ამიტომ ლაპარაკობენ მუდმივად ვადამდელ არჩევნებზე, თორემ ამის არანაირი საბაბი ან საფუძველი­ არ არსებობს. ვფიქრობ, ყბადაღებული 12 პუნქტის შესრულებასაც საპროტესტო მუხტის შესაქმნელად იყენებენ, რომ შემდეგ ვადამდელ არჩევნებამდე მივიდნენ. ამას ხვდება საზოგადოება და ამიტომ არა აქვთ მხარდაჭერა.

რუსა მაჩაიძე